რომანი და დეტექტივი

არალეგალი

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.04

რომანი
დაკოპირებულია

არალეგალურ დაზვერვაში ლამის სკოლის მერხიდან მოვხვდი. საშუალო სკოლაც დავამთავრე და უმაღლესი სასწავლებელიც. სკოლის მერხი კი იმიტომ ვახსენე, რომ მეცხრე კლასიდან „კაგებეს“ ყურადღების ცენტრში მოვექეცი და საბჭოთა უშიშროება წლების განმავლობაში მაკვირდებოდა. თხუთმეტი წლისა ქართული და რუსული ენების გარდა, კიდევ სამ ენას – გერმანულს, ფრანგულსა და ინგლისურს ვფლობდი. გერმანული ენა ბაბუამ მასწავლა. ის დიდი სამამულო ომის დროს სამხედრო კონტრდაზვერვაში – „სმერშში“, მსახურობდა თარჯიმნად. თადარიგში კი პოლკოვნიკის ჩინით გავიდა. ფრანგული ენა დედაჩემისგან ვისწავლე. დედა ფრანგულის ლექტორი იყო და ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნეოდა ქვეყანაში. ინგლისური ენა კი ძია ნიკოსგან შევისწავლე. ის ჩვენი კარის მეზობელი იყო. სინამდვილეში მას ნიკოლას ჰამილტონი ერქვა. წარმოშობით კი ირლანდიელი ამერიკელი იყო. 1919 წელს ძია ნიკო ამერიკის საექსპედიციო კორპუსში მსახურობდა, რომელმაც საბჭოთა შორეული აღმოსავლეთის ოკუპაცია მოახდინა, თუმცა ნიკოლას ჰამილტონი ბოლშევიკებმა ტყვედ აიყვანეს. ძია ნიკო ასე გვიამბობდა ამ ისტორიას:

– ცხრამეტი წლის ავანტურისტი ახალგაზრდა ვიყავი. სათავგადასავლო რომანებით გატაცებამ და დაუდეგარმა ირლანდიულმა სისხლმა თავისი გააკეთა და ამერიკის არმიაში მოხალისედ ჩავეწერე. ჩემს გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ამერიკულმა პროპაგანდამაც შეასრულა. ფერადი სამხედრო პლაკატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობასა და საინტერესო თავგადასავლებს გვპირდებოდა. თუმცა, იქ არ ეწერა, რომ ეს მოგზაურობები ომები იყო. ომში კი ადამიანები უნდა მოკლა და შეიძლება, შენც მოგკლან. რომ იტყვიან, ასეთი „ბაგაჟით“ გავყავი თავი ამ ავანტიურაში. ჩემთან ერთად ჩემნაირი თავქარიანები მსახურობდნენ. ზოგიერთი – ჩემზე უარესიც კი იყვნენ.

შევდგი თუ არა ფეხი სამხედრო ყაზარმაში, სულ სხვა რეალობას შევეჩეხე. სწორედ რომ, შევეჩეხე. სადღა იყო ის, თითქმის ტურისტული საკრუიზო პლაკატები. ისინი მხოლოდ ჩემნაირი გამოუცდელი ახალგაზრდების სატყუარად შექმნეს. რეალურად კი იქ სამხედრო რეჟიმი და მკაცრი „სალდაფონური“ სიტუაცია იყო, რასაც ანტიბოლშევიკური ისტერია ერთვოდა თან. მსგავსი პლაკატები ყველა შენობის კედლებზე ათეულობით იყო გაკრული. სხვადასხვა ტექსტით აჭრელებულებს ერთი შინაარსი ჰქონდათ. ის ასე ჟღერდა: სისხლისმსმელ ბოლშევიკ რუსებს მთელი მსოფლიოს დაპყრობა, ამერიკის განადგურება სურთ და ჩვენი წმინდა მისიაა მათი გაწყვეტა. ეს ეშმაკურად შედგენილი პლაკატები ამერიკის შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოსთან აიგივებდა, ბოლშევიზმს მსოფლიო ჭირად აცხადებდა და „წმინდა მისიის“ ეგიდით გვარწმუნებდა, რომ ამერიკას უფლება ჰქონდა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გადაესროლა თავისი არმია და ბოლშევიზმისგან გაეთავისუფლებინა. სამხედრო საქმის შესწავლასთან ერთად, იმდენივე დრო ეთმობოდა პოლიტიკურ მეცადინეობებს. სინამდვილეში ეს იყო იმ პროპაგანდისტური პლაკატების გამდიდრებული ვარიანტი. გამოცდილი ლექტორები თანამიმდევრულად გვხვევდნენ ანტიბოლშევიკურ-ანტირუსულ ბურუსში. ძალიან დახვეწილად გვიხატავდნენ მტრის ხატს და ვერ ვხვდებოდით, რომ სულ მალე „წმინდა მისიის“ შესასრულებლად უცხო ქვეყანაში საზარბაზნე ხორცი უნდა გავმხდარიყავით... ექვსი თვის შემდეგ გემებში ჩაგვსხეს და „წმინდა მისიის“ შესასრულებლად შორეულ აღმოსავლეთში გადაგვსხეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ რუს ბოლშევიკებსაც ჰქონდათ წმიდა მისია – თავიანთი მიწა-წყლის დაცვა. ეს კი მათ ჩვენზე ბევრად უკეთესად გამოსდიოდათ. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, თავგანწირვით იბრძოდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. ჩვენი უმრავლესობა კი ბრძოლებში დაიღუპა. მცირე ნაწილი ტყვედ ჩავარდა და სწორედ იმ მეორე კატეგორიაში მოვყევი. ერთ-ერთი ბოლო ბრძოლის დროს რუსებმა ჩვენს გამაგრებულ სიმაღლეზე იერიში მიიტანეს. მე აფეთქების ტალღამ მიმანარცხა კედელს და გონება დავკარგე. ცნობიერება რომ დამიბრუნდა და თვალი გავახილე, ჩემ წინ მდგომი ტყავისლაბადიანი, მკაცრი გამომეტყველების მამაკაცი დავინახე. ის კაცი კომისარი ალექსანდრე ბელობოროდოვი აღმოჩნდა. მას რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის განადგურებაში ჰქონდა გასვრილი ხელები. მას ჩემი დახვრეტაც უნდოდა. იმ პერიოდში ინგლისურის გარდა სხვა ენებს არ ვფლობდი. მაგრამ თითოეული იქ მყოფის ყოველ სიტყვას ვიმახსოვრებდი. წლების შემდეგ, როდესაც რუსულ-საბჭოთა საპყრობილეებში რუსულ ენას დავეუფლე, ზუსტად აღვიდგინე ის საუბრები.

ბელობოროდოვმა ერთ-ერთ თავის ხელქვეითს უთხრა: ეზოში გაათრიეთ ეს ღორი, პირადად დავხვრეტო... ორმა შეიარაღებულმა ჯარისკაცმა ეზოში გამათრიეს და წითლად შეღებილ კედელთან მიმაყენეს. სინამდვილეში ის კედელი თეთრი იყო და სისხლს გაეწითლებინა. სწორედ იქ ხვრეტდნენ ადამიანებს. ბელობოროდოვი ხუთიოდე მეტრში დამიდგა წინ, „მაუზერი“ დამიმიზნა და სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა თითი, რომ ამ დროს ეზოში ათიოდე კბილებამდე შეიარაღებული ცხენოსანი შემოვიდა. მათ ახოვანი, გრძელწვერა, გრძელთმიანი მამაკაცი მოუძღოდა ეტყობოდა, რომ მეთაური იყო. გრძელთმიანმა ბედაურიდან ჩამოუსვლელად იხმო ბელობოროდოვი და უთხრა:

– კომისარო, ბოლშევიკურმა შტაბმა ჩემი რაზმი თქვენს მხარეში გადმოისროლა. თქვენ დაგევალათ ჩვენი განთავსება განსაკუთრებულ განკარგულებამდე. დანარჩენებიც მალე მოვლენ და ყაზარმა გამოგვიყავით.

– რამდენ მებრძოლზე?

– სამასზე?

– აი, იქ განგათავსებთ, – ხელი აღმოსავლეთით მდებარე შენობისკენ გაიშვირა კომისარმა და დაამატა, – ადგილობრივი გენერალ - გუბერნატორის ყოფილი რეზიდენციაა.

კომისარი კვლავ ჩემკენ შემობრუნდა და „მაუზერი“ მომიშვირა. ახოვანმა მამაკაცმა კი ჰკითხა:

– ეს ვინაა და რატომ ხვრეტთ, კომისარო?

ახოვანი მამაკაცი ცხენიდან მოხდენილად ჩამოხტა. ბელობოროდოვთან მივიდა და უთხრა:

– კომისარო, საგანგებო ბრძანებით, ტყვეების გაუსამართლებლად დახვრეტა სასტიკად აიკრძალა. ნუთუ არ გსმენიათ?

– ყურის მოკვრით, – ცალყბად მიუგო კომისარმა. „მაუზერი“ დამიმიზნა და თითი სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა, მაგრამ, ახოვანმა მრისხანედ უთხრა:

– ბელობოროდოვ, იარაღი დაუშვი და ტყვეს ბრძანებისამებრ მოეპყარი!

– პაპავ, შენს მებრძოლებზე იუფროსე, ჩემზე კი ძალაუფლება არ გაგაჩნია.

– კომისარო! მეტს აღარ გაგიმეორებ. ტყვეს ხელი არ ახლო, დაუყოვნებლივ შეასრულე ლინინის განკარგულება...

– თორემ?

– თორემ, აი ამ კედელს მიესხმევა შენი ინდაურის ტვინი, – თქვა ახოვანმა და ბელობოროდოვს „კარაბინი“ მიუშვირა.

კომისარი გაფითრდა, „მაუზერი“ კაბურაში დააბრუნა და თავის ხელქვეითებს უბრძანა, რომ სარდაფში გამოვემწყვდიეთ. ახოვანმა კი კომისარს უთხრა.

– შენს ხელქვეითებს უბრძანე, რომ ეს კედელი კირით შეათეთრონ. ერთი სისხლის წვეთიც არ დარჩეს ზედ. ჩემს ბიჭებს ნუ გაახელებ ამ სურათით, თორემ შეიძლება, თქვენც კი დაგერიოთ.

ამის თქმა იყო და ეზოში სამასიოდე კბილებამდე შეიარაღებული მეომარი ყიჟინით შემოჭენდა. კომისარი შეხტა. მე სარდაფში გამომაწყვდიეს. ჯარისკაცებმა კი სისხლიანი კედელი საგულდაგულოდ გარეცხეს და კირის ხუთი ფენა გადაუსვეს. ახოვანი, გრძელწვერა, გრძელთმიანი ვაჟკაცი ქართველი ნესტორ კალანდარიშვილი აღმოჩნდა. მას „ციმბირელ პაპას“ ეძახდნენ და პირველად სწორედ მან მიხსნა სიკვდილისგან. და საერთოდ, ქართველებს ძალიან დადებითი როლი გაქვთ შესრულებული ჩემს ცხოვრებაში...

ძია ნიკომ ტყვეობიდან პატიმრობაში გადაინაცვლა და 1919-1925 წლებში ლენინგრადისა და მოსკოვის „ჩეკას“ საპყრობილეებში გაატარა. 1925 წელს ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და „ჩეკას“ საგანგებო საიდუმლო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლობა შესთავაზეს. იქ ნიკოლას ჰამილტონმა 12 წელი იმუშავა. 1937 წელს კი ისევ დააპატიმრეს და 25 წელი მიუსაჯეს. თუმცა 1942 წელს საჯარიმო ბატალიონში ჩარიცხეს და ფრონტზე გაგზავნეს. სტალინგრადში ძია ნიკო დაიჭრა და სიკვდილისგან ის 22 წლის სანიტარმა გოგონამ, ციალა ლაღიძემ იხსნა. სწორედ მასზე დაქორწინდა 45 წლის ნიკოლას ჰამილტონი. თავისზე 20 წლით ახალგაზრდა მეუღლემ მას ორი ვაჟი – თორნიკე და ცოტნე გაუჩინა. ციალა ლაღიძე ჩვენი კარის მეზობელი იყო. ნიკოლასი მის ოჯახს ჩაესიძა. თორნიკე და ცოტნე კი, მართალია, ჩემზე 6-6 წლით უმცროსები იყვნენ (ისინი ტყუპები იყვნენ) და ასაკით ჩემთან მეგობრობა უფრო შეეფერებოდათ, მაგრამ მე ნიკოლას ჰამილტონს დავუმეგობრდი და მხოლოდ მე ვეძახდი მას ძია ნიკოს. სხვები კი მას – ბატონ ნიკოლასს უწოდებდნენ.

როგორც შემდეგ შევიტყვე, ძია ნიკო ჩემი არაოფიციალური კურატორი ყოფილა და უშიშროების მითითებით მოქმედებდა. სწორი ნათქვამია, ყოფილი „კაკებეშნიკები“ არ არსებობენო. მართალია, ნიკოლას ჰამილტონი საბჭოთა ხელისუფლებისგან საკმაოდ დატანჯული ადამიანი იყო, მაგრამ 12 წელიწადი საიდუმლო სკოლაში მომავალ მზვერავ-არალეგალებს ამზადებდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უშიშროების სისტემასთან მას მხოლოდ სიკვდილი თუ დააშორებდა. ძია ნიკო კი ჯანმრთელი, ენერგიული და რაც მთავარია, მცოდნე ადამიანი იყო. უშიშროების დავალებებს ასრულებდა, „კაგებესგან“ პენსიას იღებდა და სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო. სწორედ ნიკოლას ჰამილტონმა დაწერა ჩემზე დასკვნა და ამან კი გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. როგორც კი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე 1962 წელს მალევე, „კაგებე“ დამიკავშირდა და უშიშროების კომიტეტის სპეციალურ სკოლაში სწავლა შემომთავაზეს.

– იქ რა უნდა გავაკეთო? – ვკითხე შუახნის მამაკაცს რომელსაც „კაგებეს“ კონსპირაციულ ბინაში შევხვდი.

– უნდა ისწავლო, – მოკლედ მომიჭრა მან.

– რა უნდა ვისწავლო?

– ყველაფერი ის, რასაც ჩვეულებრივ საბჭოთა სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ ასწავლიან.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩამიტარეს. დამადებინეს გაუთქმელობის ხელწერილი და ერთი თვის შემდეგ მოსკოვში გავემგზავრე. ოფიციალური ვერსიით, მე უმაღლესი საინჟინრო სკოლის ასპირანტურაში ვაგრძელებდი სწავლას. სინამდვილეში კი საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის უმაღლეს სკოლასთან არსებულ აგენტ-არალეგალთა საგანგებო-საიდუმლო სასწავლებელში ჩავირიცხე.

ვინაა აგენტი-არალეგალი?.. პირველ რიგში, ისაა ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაშია გაგზავნილი სამუშაოდ. მისი მოვალეობაა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა იმ ქვეყნის სპეცსამსახურისთვის, რომელმაც ის სამუშაოდ გაგზავნა მრავალწლიანი მივლინებით. ზოგჯერ კი ეს მივლინება მთელი მისი ცხოვრება გრძელდება...

პირველივე გაკვეთილზე ლექტორმა სწორედ ეს კითხვა დაგვისვა:

– აბა, ვინ მეტყვის ვინაა აგენტი არალეგალი. მიპასუხეთ, რაც შეიძლება, მოკლედ და არსებითად.

ერთ-ერთმა კურსანტმა მოითხოვა სიტყვა და თქვა: აგენტ არალეგალს უცხოეთში ორმაგი ცხოვრობა აქვს. მოიპოვებს საიდუმლო ინფორმაციებს და მათ სამშობლოში გადასცემს.

ლექტორს ასეთ პასუხზე გაეღიმა. თავი გააქნია და მოპასუხეს უთხრა:

– უცხოეთში ცხოვრება, საიდუმლო ინფორმაციების მოპოვება და ცენტრში გადაცემა სწორია, რაც შეეხება ორმაგ ცხოვრებას, ეს საბედისწერო შეცდომაა. აგენტ არალეგალს ერთი ცხოვრება აქვს და ძველი ცხოვრება უნდა დაივიწყოს. როგორც კი ორმაგად ცხოვრებას დაიწყებს, უმალვე გაიშიფრება. მას აუცილებლად გამოააშკარავებს კონტრდაზვერვა. ასე რომ, თქვენი ცხოვრება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს იმ ქვეყანას, სადაც გაგამწესებენ და ეკუთვნოდეს იმ სამსახურს, რომელსაც ემსახურებით. ესაა აგენტ-არალეგალს მუშაობის ქვაკუთხედი და კარგად დაიმახსოვრეთ. ასევე, ამოიგდეთ თავიდან სამშობლო, ოჯახი, ნათესავები და მსგავსი სენტიმენტები. სამშობლო და საახლობლო-სანათესაოა იქ, სადაც რეალურად იქნებით და იმუშავებთ. გასაგებია?

მოპასუხემ ლექტორს ჰკითხა:

– ესე იგი, ჩვენი წარსული ცხოვრება და მასთან დაკავშირებული ემოციები სამუდამოდ უნდა წავიშალოთ მეხსიერებიდან?

– ყოველ შემთხვევაში, იმ დროით მაინც, სანამ იქ იმუშავებთ. თქვენ ისე უნდა მოერგოთ თქვენთვის შერჩეულ ლეგენდას, როგორც ეს ცნობილი ისტორია მოგვითხრობს. აბა, ყურადღებით მომისმინეთ, დიდი ხნის წინ ინგლისის სამეფო თეატრში შექსპირის ოტელო თამაშდებოდა, როდესაც ფინალურ სცენაში ოტელომ დეზდემონა დაახრჩო, ერთ-ერთმა მაყურებელმა რევოლვერი ამოიღო და ოტელოს როლის შემსრულებელი მსახიობი სცენაზე მოკლა. ცოტა ხანში კი, როცა გააცნობიერა, თუ რა ჩაიდინა, თავი მოიკლა. მალევე მსახიობსა და მაყურებელს ძეგლები დაუდგეს, როგორც საუკეთესო მსახიობსა და მაყურებელს. ეს თვალსაჩინოებისთვის მოგიყევით. ძეგლებს კი, ალბათ, არ დაგიდგამენ. თქვენი პროფესიის ადამიანები უხილავი ფრონტის მებრძოლები არიან და ფართოდ არ აფიშირდებიან. ჩუმად და ნაყოფიერად მუშაობენ. კაცობრიობისთვის დიდი სარგებელი მოაქვთ და მათი საგმირო საქმეების ამსახველი ისტორიები ზესაიდუმლო არქივებშია შენახული.

– გამოდის, რომ ჩვენი სწავლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება წარსულის დავიწყებაა?

– მოდი, ასე განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები – ახალი როლის მორგება და ამ წამიდან მხოლოდ და მხოლოდ უცხოურ ენაზე ისწავლით, იმეტყველებთ და აუცილებლად გაითვალისწინებთ ყველა იმ შესწორებას, რაზეც თქვენი ინსტრუქტორები მიგითითებენ, – თქვა ლექტორმა და ისეთი სუფთა ინგლისურით განაგრძო საუბარი, რომ იფიქრებდით, ამ ადამიანს, ინგლისურის გარდა, ერთი სიტყვაც არასდროს წარმოუთქვამს სხვა ენაზეო. არადა ლექტორი რუსული ენის გარდა, კიდევ რვა ენაზე სუფთად ლაპარაკობდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი