არალეგალი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.03

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #1-8 (1261)
ჩემი და ელენეს ურთიერთობა, როგორც უკვე ვთქვი, აფიშირებული არ გვქონდა და ჩემს კურატორს ეს ამიტომ გამოეპარა. კოტე გამოცდილი კი იყო, მაგრამ, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მხოლოდ ზოგადად „მიმოში“ ჩემს ყოფნაზე იყო კონცენტრირებული.
მელოტმა ენა მოიკვნიტა, რადგან კოტეს კურატორობა საიდუმლო ინფორმაცია იყო და მე ის უბრალო მეკავშირე უნდა მგონებოდა. სინამდვილეში კი კოტე „კაგებეს“ პოლკოვნიკი იყო. უწყების სპეციალური საგარეო-სადაზვერვო ოპერაციებს კურირებდა და სახელმწიფო-სტრატეგიული დონის საიდუმლოებებს ფლობდა.
მელოტმა პაუზა გააკეთა და მითხრა:
– ხელმძღვანელობას დაველაპარაკებით და ვფიქრობ, რაიმეს მოვახერხებთ.
ერთი სიტყვით მე და ელენე ლუბიანკაზე, „კაგებეს“ შტაბ-ბინაში დაგვიბარეს და ჩემს მეუღლეს გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს. შემდგომ კი აუხსნეს, რომ მე უნდა მესწავლა და გაგებით მოკიდებოდა ამ ამბავს. ელენემ ყურადღებით მოისმინა ყველაფერი. სიტყვიერი თანხმობაც დაამატა წერილობითს და წამოვედით.
– საყვარელო, რას წარმოვიდგენდი, თუ ასეთი საპასუხისმგებლო საქმე გქონდა დავალებული.
– მეც ერთი კვირის წინ შევიტყვე.
– ალბათ, იმ დღეს, რომ დამირეკე და მითხარი, ერთი საათის გვიან მოვალო.
– კი.
– ცოტა არ იყოს, დაბნეული კი იყავი.
– ჰო. მართალი ხარ. ტყუილი რომ გითხარი ამხანაგის კომაზე, ვნანობდი.
– ეგ არაფერი. მთავარია, ურთიერთობებში არ მოვატყუოთ ერთმანეთი.
– დანიშნულ დროს სწავლა დავიწყე და სამი წლის განმავლობაში უამრავი რამ ვისწავლე. განსაკუთრებული აქცენტი კი იმ ქვეყნის შესწავლაზე იყო გაკეთებული, სადაც მე შემდგომ გამამწესეს. თუმცა, ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. ისიც კი არ ვიცოდი, რომ უკვე „პეგეუს“ შტატში ვირიცხებოდი.
მე და ელენეს გოგონა შეგვეძინა, რომელსაც ნატუკას ვეძახდით და „კაგებეს“ სკოლა რომ დავამთავრე, ნატუკა ორი წლის იყო და სპეციალურ ბაგაში დაგვყავდა. ბოლო გამოცდა რომ ჩავაბარე, სკოლის დირექტორმა დამიბარა. „მიმოსა“ და „კაგებეს“ უმაღლესი სკოლის დიპლომები მაჩვენა და მითხრა:.
– ჩვენი სკოლის დიპლომი ლუბიანკაზე გაიგზავნება და შენს სეიფში შეინახავენ. „მიმოს“ დიპლომი კი შეგიძლია, სახლში შეინახო. გილოცავ ჩვენი სკოლის წარმატებით დასრულებას. დანიშნულებას ერთ კვირაში მიიღებ და მანამდე კი შეგიძლია, ოჯახთან იყო.
სკოლის დირექტორს გამოვემშვიდობე და მოსკოვში დავბრუნდი. ის ერთი კვირა ძალიან ბედნიერად გავატარე ცოლ-შვილთან ერთად. დანიშნულ დროს კი ლუბიანკაზე მივედი და გენერალმა მითხრა:
– ახლავე უნდა გაემგზავრო. სპეციალური მანქანა წაგიყვანს. მეუღლეს კი აქედან დაურეკე და უთხარი, რომ სასწრაფოდ მივლინებაში გაგზავნიან.
ელენეს დავურეკე და რაც გენერალმა მითხრა, ის ვუთხარი.
– მალე ჩამოხვალ? – მკითხა ელენემ.
– ზუსტად არ ვიცი. როგორც საქმე მოითხოვს.
– კარგი, საყვარელო. თავს გაუფრთხილდი. მე და ნატუკას ძალიან გვიყვარხარ!
– მეც ძალიან მიყვარხართ! ნახვამდის! – ვთქვი და ტელეფონი გავთიშე.
ერთი საათის შემდეგ სპეციალურმა თვითმფრინავმა ლენინგრადში ჩამიყვანა. იქ სამი დღე დავყავი და ჩემი მომავალი სამუშაოს შესახებ დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი ჩამიტარეს. პირველად მაშინ შევიტყვე, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში არალეგალური სადაზვერვო ოპერაციისთვის მამზადებდნენ და 24 საათში უკვე საქმეში ჩავერთვებოდი. აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ იქ მრავალი წლის განმავლობაში მომიწევდა მუშაობა. ინსტრუქტორმა მითხრა:
– იქ, მაქსიმუმ, ერთი წელი გაჩერდე, რადგან შენს მისიას მეტი დრო არ სჭირდება. შემდგომ კი მოსკოვში დაბრუნდები და ცენტრალურ ოფისში იმუშავებ. შენს მეუღლეს ჩვენ შევატყობინებთ. ყველაფრით გვერდში დავუდგებით და მათ არაფერი გაუჭირდებათ.
– არ მესიამოვნა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. „კაგებეს“ ლეიტენანტი ვიყავი, 25 წლის ასაკის და უფლება არ მქონდა პრეტენზია გამომეთქვა.
ლენინგრადიდან ფინეთში არალეგალურად გადამიყვანეს. იქიდან კი – დანიშნულ ქვეყანაში და მუშაობას შევუდექი.
აბორიგენობის ტესტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და არავის იოტისოდენა ეჭვიც არ შეჰპარვია ჩემში. ფინანსურ-სამხედრო უწყებაში მუშაობა რიგით თანამშრომლად დაივიწყე. „კაგებეს“ გეგმით, ამ უწყებაში იყო თავმოყრილი უაღრესად საიდუმლო ინფორმაციები და სწორედ იქიდან უნდა გავსულიყავით იმ სტრატეგიულ ინფორმაციებზე, რაც საბჭოთა კავშირისთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო. ადგილობრივი საბჭოთა სადაზვერვო ქსელი გულდასმით მქონდა შესწავლილი. დამუშავებული იყო სხვადასხვა ვარიანტები როგორც არდგილობრივი უშიშროების სამსახურისთვის თვალის ასახვევად, ასევე ის შემთხვევაც, თუკი გავიშიფრებოდი და ექსტრემალურად მომიწევდა უკან დაბრუნება. ჩემ შესახებ ცენტრის, ლუბიანკის გარდა, მხოლოდ მარტამ იცოდა. ეს 35 წლის ქალი სუპერმარკეტის მენეჯერი იყო და ჩემ მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს მისი მეშვეობით ვგზავნიდი მოსკოვში. მარტასგანვე ვიგებდი ახალი დავალებების შინაარსს და ჩემი ცოლ-შვილის ამბებსაც. ასე გაიარა ცხრა თვემ. ერთ დღეს მარტა სასწრაფოდ დამიკავშირდა და ადგილი და დრო მამცნო, სადაც საღამოს უნდა მივსულიყავი. პარასკევი იყო. მომდევნო ორ დღეს ვისვენებდი და მძიმე, დამქანცველი სამუშაო კვირის შემდეგ ორდღიანი სარეაბილიტაციო დასვენება მქონდა დაგეგმილი.
მარტას მიერ მითითებული ადგილი პორტში, პატარა გემზე იყო. საჭირო კაცს რომ შევხვდი, მან მითხრა:.
– სამ საათში მითითებულ კვადრატს მივაღწევთ. იქიდან კი თვითმფრინავით მოსკოვში ჩაფრინდებით.
– მოსკოვში? – გავოცდი მე. მაგრამ არაფერი მიკითხავს და არც მას უთქვამს რაიმე.
სულ მალე უკვე ლუბიანკაზე, გენერლის კაბინეტში ვიჯექი. მას დაღვრემილი სახე ჰქონდა და მითხრა:
– პავლე, გამაგრდი! შენთვის ცუდი ამბავი მაქვს.
– რა ამბავი, ამხანაგო გენერალო?
– შენი ცოლ-შვილი დაიღუპა.
თავზარი დამეცა. გენერალს მაგიდაზე არყის გახსნილი ბოთლი და ორი ჭიქა 250-გრამიანი, თლილი ჭიქები ედგა. ორივე ჭიქა ბოლომდე ავავსე. ჯერ ერთი დავლიე, შემდგომ მეორე და მხოლოდ ამის შემდეგ ვიკითხე:
– რა მოხდა?
– სოჭში მიფრინავდნენ დასასვენებლად. თვითმფრინავმა კატასტროფა განიხცადა და შიგ მსხდომნი, ყველანი დაიღუპნენ, სულ 120 ადამიანი. დისპეტჩერის შეცდომა იყო. ის უკვე დაპატიმრებულია და ალბათ, სიკვდილით დასჯიან. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მოსაზრებით, ამ შემთხვევას არ ვახმოვანებთ, უკვე ლაპარაკობენ ამის შესახებ. გამაგრდი, პავლე, გამაგრდი! ხვალ შენს ცოლ-შვილს დაკრძალავენ და ამიტომ ჩამოგიყვანეთ აქ. მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ თუ უკან დაბრუნება ვერ მოახერხე, შეგიძლია აქ იმუშაო. ან, სულაც, პენსიაზე გახვიდე. ჩვენ კი მხარდაჭერას არ მოგაკლებთ.
ჩემი დანახშირებული ცოლ-შვილი, რომ იტყვიან, საიდუმლოდ დავკრძალეთ. მე და სამი ჩემი კოლეგა, მათ შორის, კოტეც, ესწრებოდა. მან გვერდით გამიხმო და მითხრა:
– პავლე, ერთი რჩევა მინდა, მოგცე და ყურადღებით მომისმინე. ამ უბედურებას უკვე ვეღარაფერს უშველი. ძალები მოიკრიბე. უკან დაბრუნდი და მუშაობა განაგრძე. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.
კოტეს დავუჯერე. უკან დავბრუნდი და მუშაობა განვაგრძე. თავიდან ძალიან გამიჭირდა. იმას არ ვამბობ, რომ ელენე და ნატუკა დავივიწყე, მაგრამ მერე ნელ-ნელა ჩავდექი ჩვეულ ფორმაში. ამასობაში 5 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ქალს არ გავკარებივარ. ისევე, როგორც მუშაობის დაწყების პერიოდში. მაშინ ელენეზე ვფიქრობდი და ერთი სული მქონდა ჩემს მეუღლეს შევხვედროდი. შემდგომ კი სიყვარულის გრძნობა იმდენად დამეთრგუნა, რომ მხოლოდ საქმეზე ვიყავი გადართული.
მარტა უფრო და უფრო ხშირად მაწვდიდა ინფორმაციებს ცენტრიდან. იქიდან კი მხოლოდ მადლობებს მიგზავნიდნენ. ერთ დღეს მარტას პირადად შევხვდი სკვერში და მან მითხრა:
– ცენტრიდან შენთან მოკრძალებული თხოვნა აქვთ.
– თხოვნა თუ დავალება?
– დავალება, ოღონდ თხოვნის სახით.
– გისმენ.
– ლოლიტას ხომ იცნობ?
– დირექტორის ქალიშვილს?
– კი.
– მერე?
– მასთან სასიყვარულო კავშირი უნდა გააბა, რაც უმაღლეს ეშელონში დაწინაურებაში დაგეხმარება.
– აუცილებელია ამის გაკეთება?
– ეს მხოლოდ თხოვნაა და შეგიძლია, უარი თქვა.
უარი არ მითქვამს და ლოლიტას დავუახლოვდი და შემდეგ დავქორწინდით. კარგი გოგონა იყო, თუმცა ელენესთან ახლოც ვერ მოვიდოდა. თან, ერთი ნაკლი ჰქონდა – უშვილო იყო და ამას ძალიან განიცდიდა. ჩვენი უწყების დირექტორმა კი მალევე საკუთარ მოადგილედ გამამწესა და მოსკოვში ზესტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციებს ვაგზავნიდი. ამის გამო, სულ რაღაც, ერთი წლის განმავლობაში მაიორის რიგგარეშე ჩინი მივიღე და ორი ორდენი.
ნათქვამია – უბედურ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო და მეც ასე დამემართა: ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ლოლიტა ავარიაში დაიღუპა. ვერ ვიტყვი, რომ წინა ტრაგედიასავით განვიცადე, მაგრამ თავს უბედურად ვგრძნობდი და კვლავ განვერიდე ქალებს. ამასობაში კიდევ ერთი წელი გავიდა. ერთ დღეს ჩემი ვილის კარზე კაკუნი გაისმა. კვირა იყო და ვისვენებდი. რომ გავაღე, ზღურბლზე გრძელთმიანი, წვერულვაშიანი, მაგრამ კარგად ჩაცმული და ქუდჩამოფხატული ადამიანი იდგა.:
– გისმენთ, – ვუთხარი ადგილობრივ ენაზე.
– შემომიშვებ? – მომესმა კოტეს ნაცნობი ქართული და შემოვიდა.
– კოტე, თქვენ?
– მე.
– მოხდა რამე?
– მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ ამეწყო ეს საუბარი. მით უმეტეს, მკვდარს. მკვდრები კი, როგორც ცნობილია, არ ლაპარაკობენ.
– აღარ იტყვი, რა მოხდა?
– საკუთარი დაღუპვის ინსცენირება მოვაწყვე, გამოვიქეცი და ჩემზე ნადირობა შეწყდა. ახლა კი აქ ვარ და უნდა დაგელაპარაკო.
– რა მოხდა, რატომ გამოიქეცით?
– ალბათ, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და ბევრი ცოდვა მადევს კისერზე, მაგრამ, რაც ბოლოს დამავალეს, ყველა ზღვარს გადასცდა.
– მაინც, რა?
– როგორც ყოველთვის, თურმე, ეს ოპერაციაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისთვის იყო აუცილებელი. არც მეტი, არც ნაკლები, ერთ-ერთ აღმოსავლურ ქვეყანაში ისრაელის ელჩის ოჯახის ამოწყვეტა უნდა დამეგეგმა და ჩემი ჯგუფის წევრებს შეესრულებინათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პალესტინელებს დაბრალდებოდათ და არაბ-ისრაელური სამშვიდობო პროცესი ჩაიშლებოდა. მეტიც, ისრაელი შეუტევდა მათ და ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდებოდა.
– მერე?
– რა მერე? ყველაფერი „მოსადს“ შევატყობინე და სიტუაცია განეიტრალდა და სამიზნეებიც ცოცხლები დარჩნენ. სწორედ „მოსადმა“ მომიწყო ქვეყნიდან გამოქცევა. ფულიც მომცეს და თავისუფალი სინდისითა და თანაც, მდიდარი აქ ვარ. ჩემი სიკვდილიც ებრაელებმა გაითამაშეს.
– ჩემთან რატომ მოხვედი. არ გეშინია, რომ უკან დაგაბრუნებ, სადაც აგაორთქლებენ.
– სულაც არა.
– რატომ?
– ისეთ რამეს გეტყვი, რომ ჩემზე მეტად შენ შეგზიზღდება ჩვენი პატრონები.
– თქვი.
– შენი ცოლ-შვილი ცოცხლები არიან. რუსეთის პროვინციაში ცხოვრობენ და ასე იციან, რომ სპეცოპერაციის დროს დაიღუპე და ოკეანეში ჩავარდი.
– აბა, თვითმფრინავის კატასტროფა და ას ოცი დაღუპულიო?
– ასეთი ხმები გაავრცელეს. მე შენ გეტყვი და ვინმე შეამოწმედბდა?
– ეს იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ლოლიტაზე მექორწინა, დავწინაურებულიყავი და სტრატეგიული ინფორმაციები მეგზავნა მოსკოვში?
– სწორედაც რომ.
– ცოლ-შვილი როგორ დავიბრუნო?
– „მოსადი“ დაგეხმარება და ნებისმიერ ადგილზე უვნებლად მოგიყვანენ.
– სამაგიეროდ რას მომთხოვენ?
– ყველა იმ ინფორმაციის გადაცემას, რასაც ფლობ ამ ქვეყანაზე. პლუს საბჭოთა სადაზვერვო ქსელის გაშიფვრაზეც. თუმცა შეგიძლია, ჩამიშვა და მოსკოვში დამაბრუნონ, რათა ამაორთქლონ.
– შემახვედრე „მოსადის“ კაცთან და მოვურიგდები.
„მოსადის“ თანამშრომელი, თურმე, გარეთ გველოდებოდა. შევთანხმდით, რომ როგორც კი ელენესა და ნატუკას მოიყვანდნენ, ყველაფერს გავუშიფრავდი. ერთ კვირაში ყველაფერი ორმხრივად მოგვარდა და ახლა ცოლ-შვილთან ერთად ისრაელში უსაფრთხოდ ვცხოვრობ. მართალია, კვლავ არალეგალურ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ძველ ყოფას ახალი ბევრად სჯობს.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან