რომანი და დეტექტივი

აფერა ბრილიანტებით

№52

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 03.01, 2021 წელი

აფერა ბრილიანტებით
დაკოპირებულია
  •  ელისონ მეისი 

  ედი ტომპსონი  თავისი ახალი მანქანით აღტაცებული იყო. ფული ერთ-ერთ საგაზეთო კონკურსში მოიგო. ასეთ მანქანას მისი შემოსავლების პატრონი კიდევ დიდხანს ვერ იყიდდა. უკვე ოთხი დღე იყო, რაც ეს მანქანა ჰყავდა და ახლა აპირებდა პირველად ქალაქგარეთ გასეირნებას. შობის წინა დღე იყო. მშვენიერი ამინდი გამოვიდა. ტომპსონს ყველაფერი ხელს უწყობდა. 

თავდაპირველად ქალაქიდან გამოსვლა ცოტა გაუჭირდა, რამდენიმე მძღოლმა გალანძღა კიდეც, ისე დაბნეული მართავდა ავტომობილს. თუმცა ახლა უკვე ტრასაზე მიჰქროდა. ლანჩისთვის ძველ სასტუმროში გაჩერდა, შემდეგ კიდევ ერთხელ შეისვენა, ჩაი დალია და მერე უკან, ლონდონისკენ გამობრუნდა.

უკვე ბნელოდა. კაცი თავის ახალ „სიყვარულს“ ანთებული ფარებით მიაქროლებდა. რვა საათისთვის ჰინდჰედს გასცდა და დევიდ-ლანჩ-ბოულის ბორცვებთან გაჩერდა. ორი დღის წინ მოსულ თოვლს მთვარე ანათებდა. გადმოვიდა და გზის პირას დადგა. დაბლა, სითეთრეში მიმზიდველად ეშვებოდა ბილიკი. ცდუნებას აჰყვა და მომდევნო ნახევარი საათი მოჯადოებულივით დაეხეტებოდა ბორცვებზე. ასეთ რამეს ადრე ვერც წარმოიდგენდა და ეს ყველაფერი მისი ახალი „სიყვარულის“ დამსახურება იყო, რომელიც ზევით, ერთგულად ელოდებოდა.

ბოლოს, როგორც იქნა, გზაზე ამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ხელი „ბარდაჩოკში“ შეყო, სადაც თბილი შარფი შეინახა, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა. ედი ტომპსონმა ხელი უფრო ღრმად შეყო და... ერთბაშად თავბრუსხვევა იგრძნო... ნივთი, რომელიც აკანკალებულ ხელში ეჭირა, მთვარის შუქზე ცისარტყელას ფერებად აკიაფდა – ეს ბრილიანტის კოლიე იყო. მისი ღირებულება რამდენიმე ათასი ფუნტი იქნებოდა, მაგრამ ვინ ჩადო ის მის „ბარდაჩოკში“? როდესაც ქალაქიდან გამოვიდა, იქ ის ნაღდად არ იდო. ალბათ, მაშინ ჩადეს, როდესაც სეირნობდა, მაგრამ რისთვის? იქნებ კოლიეს პატრონს შეეშალა? ან... ან, მოპარულია?!

უცებ ედი ტომპსონს გონება გაუნათდა და შეამცივნა. ეს მისი მანქანა არ იყო. რა თქმა უნდა, მას ძალიან ჰგავდა. იმავე ფერის იყო, მაგრამ სხვა ბევრი წვრილმანით მიხვდა, რომ ეს ნამდვილად არ იყო მისი მანქანა. ეტყობოდა, რომ მანქანა ახალიც არ იყო... მაშინვე მოაბრუნა. გაახსენდა, რომ მის მანქანასთან, შორიახლოს, კიდევ იდგა სხვა მანქანა. თუმცა, მაშინ ყურადღება არ მიუქცევია. ალბათ, სეირნობიდან უკან სხვა ბილიკით დაბრუნდა და იმ ბილიკმა კი, სხვა მანქანასთან მიიყვანა. ათ წუთში ადგილზე იყო, მაგრამ იქ არანაირი მანქანა აღარ იდგა. როგორც ჩანს, მანქანის პატრონსაც შეეშალა და მისი ავტოთი გაემგზავრა.

რა უნდა ექნა? პოლიციაში წასულიყო? კოლიე გადაეცა და ეთქვა, რომ შეცდომით სხვის მანქანაში ჩაჯდა? თან, პრობლემა ისიც იყო, რომ საკუთარი მანქანის ნომერიც არ ახსოვდა. ისეთი საზიზღარი ნომერი მისცეს, ვერაფრით დაიმახსოვრა. ხომ დასცინებდნენ. იდიოტად გამოჩნდებოდა. იქ, სადაც ბრილიანტები იპოვა, კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა – ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც ფანქრით რაღაც იყო დაწერილი. გაშალა და ფარების შუქზე წაიკითხა: „ათ საათზე შემხვდები, გრინში, სალტერზ-ლეინის კუთხეში“.

დაფიქრდა და გრინში გამგზავრება გადაწყვიტა, რომ იმ ადამიანს შეხვედროდა, რომელმაც ეს წერილი დაწერა, ყველაფერს აუხსნიდა, ბრილიანტებს დაუბრუნებდა და თავის საკუთარ ახალ მანქანას უკან მოითხოვდა. ეს უკეთესი იქნებოდა, ვიდრე პოლიციაში იდიოტის როლის თამაში. როდესაც წერილში მითითებულ ადგილს მიუახლოვდა, მოულოდნელად, სიბნელეში მის წინ ვიღაცის ფიგურა აღიმართა.
– როგორც იქნა! – გაიგონა ქალის ხმა, – კაცი მარტო სასიკვდილოდ თუ გაგაგზავნის, ჯერალდ! ამ სიტყვებით ქალი მანქანის შუქზე გამოვიდა და კაცს სული შეეხუთა... ეს ყველაზე მშვენიერი ქმნილება იყო, მათ შორის, რომელიც მას აქამდე ენახა. უცებ ქალი შეკრთა.
– შენ ჯერალდი არ ხარ! – წამოიძახა მან.
– არა, – სასწრაფოდ უპასუხა კაცმა, – ყველაფერი უნდა აგიხსნათ, – მან მანქანიდან ბრილიანტის კოლიე ამოიღო და ქალს გაუწოდა, – მე ედი ტომპსონი მქვია.
მეტი ვერაფრის თქმა მოასწრო, ქალმა შეჰყვირა და ტაში შემოჰკრა:
– რა თქმა უნდა, ედი! ისე მიხარია...არადა, იმ იდიოტმა ჯიმიმ ტელეფონში მითხრა, რომ ჯერალდს გამოგზავნიდა. ძალიან მინდოდა შენი ნახვა. ბოლოს ხომ ერთმანეთი მაშინ ვნახეთ, როდესაც სულ რაღაც ექვსი წლის ვიყავი. ესე იგი, კოლიე შენ გაქვს, ანუ, ყველაფერი რიგზეა. ჯიბეში შეინახე. თორემ შეიძლება, რომელიმე პოლიციელმა შემთხვევით დაინახოს. როგორ ცივა... მოდი, წავიდეთ. კაცმა თითქოს სიზმარშიაო, ისე გამოაღო კარი და ქალი მანქანაში ჩასვა. მას არავითარი გეგმა არ ჰქონდა. მთლიანად განგების ნებას მიენდო. ქალი მალე გაიგებდა, რომ იგი მისი ნაცნობი ედი არ იყო. მაგრამ მანამდე, დაე, თამაში გაგრძელებულიყო.
– როგორაა ჯიმი? – ჰკითხა ქალმა, – ალბათ, ძალიან გაუსივდა.
– ო, ჯიმი კარგადაა, – უთხრა ედიმ.
– შენთვის იოლია ამის თქმა, მაგრამ, ალბათ, არცთუ სასიამოვნოა, როდესაც მყესი გაქვს დაჭიმული. შენთვის არაფერი მოუყოლია?
– არა, არაფერი. იქნებ შენ ამიხსნა.
– ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ქალის კაბაში გამოწყობილი ჯიმი მთავარი შესასვლელიდან შევიდა. მე ფანჯარასთან მივიპარე. დავინახე, როგორ ამოიღო აგნეს ლორელის მოახლემ კაბა და სამკაულები, მაგრამ ამ დროს ქვემოდან რაღაც ყვირილი მოისმა. შუშხუნა აინთო და ყველა ცეცხლის ჩასაქრობად გავარდა. მე კი ფანჯარაში გადავძვერი, კოლიე უცებ ავიღე და წამებში გარეთ ვიყავი, შემდეგ გზაზე გამოვედი, რომელიც პანჩ-ბოუნის უკან ჩადის. კოლიე და წერილი „ბარდაჩოკში“ ჩავდე, შემდეგ კი ლუიზასთან ოტელში დავბრუნდი. ალიბი გარანტირებული მაქვს. ის ვერც მიხვდა, რომ გასული ვიყავი.
– ჯიმის რაღა მოუვიდა?
– ჯიმიმ ქვედაბოლოზე ფეხი დაიდგა, წაიქცა და მყესი დაეჭიმა. მათ იგი მანქანაში ჩასვეს და ლორელის მძღოლმა სახლში წაიყვანა. წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა მძღოლს შემთხვევით „ბარდაჩოკში“ შეხედვა რომ მოენდომებინა?
ედი ტომპსონისთვის მეტ-ნაკლებად ყველაფერი გასაგები გახდა. მძღოლის თანდასწრებით ჯიმი „ბარდაჩოკში“ ვერ შეიხედავდა, თუმცა სავსებით გასაგებია, რომ მოგვიანებით, მეორე უცნობი, ჯერალდი ამას აუცილებლად გააკეთებდა და იქ მხოლოდ მის შარფს იპოვიდა.

ქალმა იგი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბ „რისტონში“ მიიყვანა. პატარა მაგიდასთან კოქტეილს წრუპავდნენ. მოულოდნელად ქალი წამოდგა.
– ვიცეკვოთ. მან კოლიე გამოართვა და ედის გასაკვირად, ყელზე გაიკეთა. შემდეგ კი მომხიბვლელად გაუღიმა. ედი მშვენივრად ცეკვავდა. ღმერთო, რა საღამო იყო! ისინი ცეკვავდნენ და „რისტონში“ ჯერ ასეთი არაფერი ენახათ. ბოლოს დასხდნენ, ქალს ხანში შესული ჯენტლმენი მიუახლოვდა და მიმართა:
– ლედი ნორინ, თქვენ როგორც ყოველთვის, შესანიშნავად ცეკვავთ. კაპიტანი ფოლიოტი აქაა?
– ჯიმის ფეხი გადაუბრუნდა და ახლა კოჭი სტკივა. ჯერ ვერ გეტყვით, ეს როგორ დაემართა. ქალმა გაიცინა, ადგა და დარბაზის ცენტრისკენ გაემართა. კაცი უკან გაჰყვა, უკვე თავბრუ ეხვეოდა. ახლა მან სასურველი ქალის სახელი იცოდა: ნორინ ელიოტი, ცნობილი ლედი ნორინი, რომლის შესახებაც ინგლისის მაღალ საზოგადოებაში ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ. ეგრეთ წოდებული, „ოქროს ახალგაზრდების“ ლიდერი. სულ ახლახან მისი და კაპიტან ჯეიმს ფოლიოტის ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს. ედი ტომპსონი ვერაფრით ხვდებოდა, ასეთ ხალხს კოლიეს მოპარვა რაში დასჭირდა.
– ეს ყველაფერი რა საჭიროა, ნორინ? – თქვა მან, – მომიყევი, რა ხდება?
– ვფიქრობ, შენთვის ეს რთულად გასაგები იქნება, – ქალმა გაიღიმა, – ყოველდღე ერთი და იგივე ხდება. რა თქმა უნდა, „იპოვე განძის“ თამაში საინტერესოა, მაგრამ ესეც გბეზრდება... ნამდვილი „ქურდობა და ძარცვა“ – ეს ჩემი იდეა იყო. ორმოცდაათ ფუნტს ჩამოდიხარ, შემდეგ კენჭისყრა იწყება. ეს მესამე „ქურდობაა“. ჯიმის და მე აგნეს ლორელის „გაძარცვა“ გვერგო. თამაშის წესები იცი? „ქურდობა და ძარცვა“ კენჭისყრიდან სამ დღეში უნდა ჩაიდინო და მოპარული, სულ ცოტა, ერთი საათის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილზე უნდა გამოაჩინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასი ფუნტით დაგაჯარიმებენ. ჯიმის არ გაუმართლა და ფეხი იტკინა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია, ჩვენ ბანკს მოვხსნით.
– მესმის, – თქვა ედიმ და შვებით ამოისუნთქა, – მესმის.
ნორინმა ბრილიანტები მოიხსნა. და გაუწოდა, შემინახეო. გარეთ ასე ვერ გავიდოდა და ქუჩაში გამოვიდნენ. როგორც კი კუთხეს მიუახლოვდნენ, მათ წინ მანქანა გაჩერდა და იქიდან ახალგაზრდა კაცი გადმოხტა.
– მადლობა ღმერთს, ნორინ, როგორც იქნა, გიპოვე! – წამოიძახა მან, – ეშმაკმა დალახვროს, ეს სულელი ჯიმი. სხვის მანქანაში ჩაჯდა. ერთმა ღმერთმა იცის, ახლა ბრილიანტები სადაა. ნორინმა მას გაკვირვებულმა შეხედა:
– რას გულისხმობ? მე ბრილიანტები მივიღე და ახლა ისინი ედის აქვს, – და მან ედი ტომპსონზე მიანიშნა.
„თუ ვინმე გაიჭედა, ეს მე ვარ, – გაიფიქრა ედიმ, – ეს, ალბათ, ჯერალდია“.
ახალგაზრდა კაცი მას დააკვირდა.
– ეს რას ნიშნავს? – ბრაზით წარმოსთქვა მან, – ედი ხომ შოტლანდიაშია.
– ო! – წამოიძახა ქალმა და ახალგაზრდა კაცს მიაშტერდა. იგი ხან წითლდებოდა, ხან ფითრდებოდა, – ვინ ხარ სინამდვილეში?
ედი ტომპსონს რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ სიტუაცია შეეფასებინა. ქალის თვალებში შიში გაკრთა ან, შეიძლება, აღფრთოვანება. რამე უნდა აეხსნა? არა, ასეთი ბანალური ვერ იქნებოდა! თამაში ბოლომდე უნდა მიეყვანა.
– მადლობა უნდა გითხრათ, მის ნორინ, მშვენიერი საღამოსთვის, – წარმოსთქვა მან. შემდეგ სწრაფად შეხედა მანქანას, საიდანაც ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. ეს მისი მანქანა იყო! ერთი ნახტომი და უკვე მანქანაში იჯდა. მანქანა წინ გავარდა და მოსახვევში ბორბლების ხრჭიალით გაუჩინარდა. ჯერალდი დამბლადაცემულივით გახევებულიყო.
პირველად ქალი გამოერკვა:
– მანქანის ნომერი მაინც თუ იცი?
– ერთხელ შევხედე, მაგრამ ისეთი საზიზღარი ნომერი აქვს, ვერ დავიმახსოვრე.
– ჰოდა, დაემშვიდობე ბრილიანტებს. კოლიე მას ჯიბეში ედო, სულელო...
თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი