რომანი და დეტექტივი

ანდერძი

№23

ავტორი: ნია დვალი 20:00 20.06

ანდერძი
დაკოპირებულია

– ორივე დაიხრჩობა. სწრაფი დინებაა და ღრმა... – შფოთავდა ნაპირთან შეგროვებული ხალხი, როდესაც ფართო ხიდიდან მოულოდნელად მანქანა გადავარდა. მძღოლები ჯებირებს მისცვივდნენ. სანამ არკვევდნენ, ზუსტად რა ადგილას გაუჩინარდა წყლის ქვეშ მანქანა, ახალგაზრდა, არც თუ კარგად ჩაცმული ვაჟი, დაუფიქრებლად გადაეშვა წყალში. ვერავინ მიხვდა, საიდან მოხვდა იმ ხიდზე, სადაც ფეხით მოსიარულეები თითქმის არასდროს დადიოდნენ.

ახალგაზრდა ვაჟი ზუსტად იმ ადგილას ჩახტა წყალში, სადაც მანქანა ბუყბუყით გაუჩინარდა. საკმაოდ კარგად ცურავდა და იოლად გააღო კარი. როდესაც დარწმუნდა, რომ მანქანაში მხოლოდ ერთი ადამიანი – ახალგაზრდა ქალი – იყო, მის გამოყვანას შეეცადა. უეცრად ახალგაზრდა ვაჟს ფეხი უსაფრთხოების ღვედში გაეხლართა და, როდესაც იმედი გადაეწურა, რომ ამ ხაფანგიდან თავს დაიძვრენდა, ღვედი თითქოს თავისით მოეშვა და ორივემ ამოყვინთა.

ხალხს უკვე გამოეძახა სასწრაფო დახმარება და ორივენი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ახალაგზრდა ვაჟს არანაირი დახმარების გაწევა არ ესაჭიროებოდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალს დახმარება ნამდვილად სჭირდებოდა, ის კვლავ უგონოდ იყო. ადგილზე პატრულის ეკიპაჟიც მივიდა. მანქანის სანომრე ნიშნით დაადგინეს მფლობელის მამის ნომერი, რომლიც საკმაოდ ცნობილი ბანკირი, ნოდარ რუხაძე აღმოჩნდა.

თუმცა ძალიან მადლიერი იყო მისი, ვინც ქალშვილი გადაურჩინა, ახალგაზრდა ვაჟი მაინც ამრეზით შეათვალიერა. ჩათვალა, რომ მათ წრეს არ ეკუთვნოდა, მაგრამ მადლობა საკმაოდ გულწრფელად გადაუხადა:

– მითხრეს, რომ თქვენ გადაარჩინეთ ჩემი ქალიშვილი და თქვენი ძალიან მადლიერი ვარ. ხომ არ დაშავდით?

– არა, არაფერი დამშავებია, გმადლობთ, – უპასუხა ვაჟმა.

– მაშინ აქ რატომ ზიხართ? – გაუკვირდა გადარჩენილი ახალგაზრდა ქალის მამას.

– ველოდები, გავიგო, როგორ იქნება...

– ეს თქვენ აღარ უნდა გაღელვებდეთ. მე კი მინდა, მადლიერება გამოვხატო, – ნოდარმა ჯიბიდან საფულე ამოიღო (თუმცა ბანკირი იყო, ნაღდი ფულიც უყვარდა და ყოველთვის თან ჰქონდა არც თუ მცირე თანხა), გადათვალა და გაუწოდა ქალიშვილის გადამრჩენელს, – აიღეთ, გამოგადგებათ.

ნოდარმა არ იცოდა, სხვანაირად როგორ გამოეხატა მადლიერება და გადაწყვიტა, რომ ფულის მიცემა ამ არც თუ ხეირიანად ჩაცმული ახალგაზრდისთვის კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. მაგრამ შეცდა. ახალგაზრდა ვაჟმა გაიცინა:

– ფული არაფერს ნიშნავს, მე ვაპირებ, ცოლად მოვიყვანო თქვენი ქალიშვილი.

– ბატონო?! – ბანკირი ამას არ ელოდა. ამიტომ თავს ვერ მოერია და ახალგაზრდა ვაჟს საყელოში სწვდა:

– თავი ვინ გგონია, ნაბიჭვარო?! როგორ მოგივიდა თავში ეს აზრი?! იცი, ვინ ვარ?! გაგანადგურებ, გაგაქრობ!

ახალგაზრდა ვაჟს სახიდან ღიმილი არ მოსცილებია. ნოდარ რუხაძეს ხელი გააშვებინა საყელოდან და ღიმილითვე გაეცალა. სამედიცინო პერსონალი ვერ მიხვდა, რა მოხდა, ჩათვალეს, რომ პაციენტის მამა შეუძლოდ გახდა, იმიტომ რომ ნოდარს სახე ერთიანად წამოუჭარხლდა:

– ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავთ, – მიმართა მას ექთანმა და მასთან მივიდა.

– არ ვღელავ.

– ღელავთ, ამიტომ ეს დალიეთ, დაგამშვიდებთ, – და პლასტმასის ჭიქა გაუწოდა. ნოდარს წამალზე უარი არ უთქვამს და წამლის გემომაც კი ერთგვარად დაამშვიდა. დიდი ხანია, საკმაოდ მძიმედ იყო ავად, მაგრამ ყველას უმალავდა, ვინაიდან მკურნალობას აზრი არ ჰქონდა და არანაკლებ საწვალებელი იქნებოდა, ვიდრე თავად ავადმყოფობა, რასაც ნერვიულობა ამძაფრებდა, ამიტომ ცდილობდა, არ ენერვიულა, მაგრამ დღეს არ გამოუვიდა.

ნოდარ რუხაძე შეეჩვია აზრს, რომ მალე აღარ იქნებოდა და იმდენად გაუშინაურდა სიკვდილის სუნთქვას, რომლსაც ყოველწამს გრძნობდა, რომ აღარც კი ეშინოდა. ერთადერთი, რისც ეშინოდა, ქალშვილის მარტო დატოვება იყო. აფიქრებდა, როგორ გააგრძელებდა მარინა ცხოვრებას მარტო, მის გარეშე. ამიტომაც ვერ შეიკავა თავი, როდესაც იმ თავხედმა მდაბიომ მოურიდებლად უთხრა ის, რაც უთხრა. ნოდარი ყოველთვის შიშობდა. რომ მარინას ვიღაც ტვინს აურევდა, რომ როგორმე მისი ბიზნესი ჩაეგდო ხელში. მას მარინასთვის საქმრო შეგულებული ჰყავდა – ირაკლი. მისივე საქმიანი პარტნიორის ვაჟიშვილი. ყოველმხრივ მოსაწონი ქმარი მარინასთვის: კარგად აღზრდილი, კარგი ოჯახიდან, კარგი განათლებითა და პერსპექტივით. რაც მთავარია, ირაკლი თავადაც იყო მონდომებული, რომ მარინას ქმარი გამხდარიყო და მისი მშობლებიც დაინტერესებული იყვნენ ნოდართან დანათესავებით, მაგრამ აი, მარინას კი თავისი გეგმები ჰქონდა და ამ გეგმებში ირაკლის ცოლობა არ შედიოდა.

– მარიკუნა, ნახე, რა კარგი ბიჭია ირაკლი, მშვენიერი ქმარი დადგება მისგან, – შეაპარა ერთ დღესაც ქალშვილს ნოდარმა.

– რას ამბობ. მამა?! ირაკლის ვიცნობ და ვიცი, რომ მე ნამდვილად არ ვაინტერესებ.

– გეჩვენება, დარწმუნებული ვარ, შეყვარებულია შენზე და უნდა, რომ დაქორწინდეთ, – გაუღიმა ნოდარმა ქალიშვილს.

– გამორიცხე, ცოლად არ გავყვები. – ცივად მოჭრა მარინამ.

– რატომ? – გაუკვირდა ნოდარს.

– იმიტომ რომ არ მიყვარს. იმედი მაქვს, არ აპირებ, ძალით გამათხოვო. ზრდასრული ადამიანი ვარ და დამოუკიდებლად შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება, – შვილი კატეგორიული იყო. ამიტომ ნოდარს ქალშვილისთვის იმ დღეს აღარაფერი უთქვამს, იმ იმედით, რომ მოახერხებდა მარინასა და ირაკლის დაქორწინებას.

ნოდარმა მაშინვე დაივიწყა, რაც კლინიკაში მოისმინა მისი ქალიშვილის გადამრჩენლისგან, მაგრამ თავად გადამრჩენელს არაფერი დავიწყებია. ნიკოლოზმა მაინც მოახერხა მარინას ნახვა მის გაწერამდე. თანაც, თავისი გადამრჩენლის გაცნობა მარინასაც უნდოდა. ნიკოლოზს შორიდან არ მოუვლია სათქმელისთვის. მარინამ რომ მადლობის გადახდა დაასრულა, ვაჟმა პირდაპირ უთხრა:

– მინდა, ცოლად მოგიყვანოთ, – მარინამ გაოცებისგან პირი დააღო, იმიტომ რომ ყველაფერს მოელოდა, იმას გარდა, რომ უცნობი ადამიანი ცოლობას სთხოვდა. რადგან მარინა საკმაოდ გონიერი და რაციონალური ადამიანი იყო, დაფიქრდა და ახალგაზრდა ვაჟს თანხმობაც უთხრა, ვინაიდან მიხვდა, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ირაკლის ცოლობის პერსპექტივიდან თავის დასახსნელად და მამამისის გასაჩუმებლად.

„ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მიხვდეს, რომ პატარა აღარ ვარ და ვერ მაიძულებს, გავაკეთო ის, რაც არ მინდა?! – ეუბნებოდა მარინა საკუთარ თავს, – აი, გავყვები ცოლად ნიკას და მამაც მიხვდება, რომ არ იყო მართალი. მერე კი გავეყრები და ეგ იქნება“, – დააწყო გეგმები მარინამ და არც ნიკოლოზს დაუმალა თავისი ზრახვები.

– იმედია, არ გეწყინება. თანახმა ვარ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ახლა სულზე მისწრებაა. ოღონდ გაფრთხილებ, ფორმალურად ვიქნებით ცოლ-ქმარი.

– კარგი, როგორც იტყვი, – ღიმილით დაეთანხმა ნიკოლოზი აწ უკვე თავის მომავალ ცოლს.

– ცუდი ბიჭი არ ხარ, უბრალოდ, მე შენ არ მიყვარხარ, არც კი გიცნობ ხეირიანად, მაგრამ დავქორწინდებით, მთავარია, მამაჩემმა დაიჯეროს. იქნებ მერე მოგვეწონოს კიდეც ერთმანეთი, – მაინც სცადა მარინამ, რომ ნიკოლოზს გული არ სტკენოდა. მაგრამ ნიკოლოზს, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, გულისტკენის მაგვარი არც არაფერი ეტყობოდა.

– აი, ნახავ, როდესაც გამიცნობ, გადაიფიქრებ გაყრას.

ამის გაგონებაზე მარინას გულიანად გაეცინა და ნიკოლოზიც აიყოლია.

რაკი ერთმანეთთან ყველა საკითხი შეათანხმეს, მარინამ გადაწყვიტა, ეს ამბავი თავად ეთქვა მამამისისთვის:

– მამა, ხომ გინდოდა, რომ გავთხოვილიყავი?! ჰოდა, შევასრულე შენი თხოვნა, ნიკოლოზს მივყვები ცოლად. კმაყოფილი ხარ?

– არა, შენ ამას არ გააკეთებ! – გააპროტესტა ნოდარმა.

– უკვე გავაკეთეთ, – გაუღიმა მარინამ მამამისს და ნოდარი გაჩუმდა, ვინაიდან იცოდა, რომ მისი ქალიშვილი ჯიუტი და თავნება იყო.

– კარგი, მაგრამ საქორწინო ხელშეკრულება მაინც გააფორმეთ, – სთხოვა მამამისმა: ეს სურვილი მაინც შემისრულე.

მარინა შეყოყმანდა, მაგრამ მამამისს დათანხმდა, ვინაიდან იცოდა, რომ ნოდარ რუხაძისთვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, მისი ბიზნესი სხვის ხელში არ აღმოჩენილიყო. ნოდარს ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა ეთქვა ეს სიახლე თავისი პარტნიორისთვის, რომელთან ერთადაც შვილების დაქორწინებაზეც არაერთხელ უსაუბრია და სამომავლო ბიზნესგეგმებზეც.

– ბოლოს და ბოლოს პარტნიორობა ისედაც შეგვიძლია, შვილების დაქორწინების გარეშეც, – ფიქრობდა ნოდარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი პარტნიორები სხვაგვარად ფიქრობდნენ და, ფაქტობრივად, გაწყვიტეს ყოველგვარი ურთიერთობა ნოდართან.

ნოდარს ბევრი არ უფიქრია, ისევ თავის ნაცნობ მკითხავს მიაკითხა. ციცინო ჩვეულებრივი მკითხავი არ იყო, არც არაჩვეულებრივი, არამედ უცნაური. ახერხებდა, შეეთავსებინა მკითხაობა და ფსიქოთერაპია. არაერთხელ დახმარებია ნოდარს რჩევებით და არც ამჯერად გაუცრუა იმედები.

– მე მგონია, რომ არაფერი გაქვს სანერვიულო. უბრალოდ, დათანხმდი. ასე ჯობია, დამიჯერე, წინაღმდეგობას თუ დაინახავს, ჯინაზე უფრო დაგიპირისპირდება, ამიტომ მიჰყევი და ნახავ, რომ მარინა თავისი ნებით დაგიბრუნდება.

ნოდარმა რჩევა გაითვალისწინა და ქალიშვილს თანხმობა განუცხადა. მარინას იმ ახირებასაც დასთანხმდა, რომ უბრალოდ, მოაწერდნენ ხელს ყოველგვარი წვეულების გარეშე. ასეც მოიქცნენ და მარინა და ნიკოლოზი ნოდარის მიერ ქალიშვილისთვის რამდენიმე წლის წინ ნაყიდსა და სრულად მოწყობილ აპარტამენტებში გადავიდნენ საცხოვრებლად. მარინას ერთადერთხელ გაჰკრა თავში ეჭვმა, რომ თავის ქმარს, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ფორმალური იყო, ფაქტობრივად, არც კი იცნობდა. არც მისი ოჯახის შესახებ იცოდა არაფერი.

„მანიაკი რომ იყოს?“ – გაიფიქრა უნებურად და თავადვე გაიცინა.

საბედნიეროდ, ნიკოლოზი მანიაკი არ აღმოჩნდა. საკმაოდ კომფორტული ადამიანი იყო, მუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება წმინდა წყლის ფორმალობა გახლდათ. დღის განმავლობაში ისინი ერთობ ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ხოლო ღამით თავ-თავიანთ ოთახებში განმარტოვდებოდნენ ხოლმე. მარინამ შეამჩნია, რომ ნიკოლოზი საკმაოდ განათლებულიც იყო და კარგად აღზრდილიც და თუმცა აინტერესებდა, მაინც არ აძლევდა თავს უფლებას, ეკითხა მისი ოჯახისა და მშობლების შესახებ. ასე იყო თუ ისე, ისინი, უბრალოდ, დამეგობრდნენ... ასე გავიდა ერთი თვე და მოულოდნელად ნოდარის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ექიმები მარინას დამამაშვიდებელს ვერაფერს ეუბნებოდნენ: მკურნალობა უკვე შეუძლებელი იყო და სულ მალე მარინას მამა გარდაიცვალა. ნიკოლოზი მის გვერდით იყო და ამხნევებდა. ბურანში გავიდა 9 დღე...

– მამაჩემი აღარ არის, ამიტომ აღარავისთვის სჭირდება იმის მტკიცება, რომ დამოუკიდებელი ვარ, აღარავინ გამათხოვებს მასზე, ვისზე დაქორწინებაც არ მინდა, მე შევიტან განცხადებას, რომ მალე გაგვყარონ, – არ დაუმალა მარინამ თავის ფიქტიურ ქმარს გადაწყვეტილება. ნიკოლოზმა თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად:

– როგორც იტყვი, იქნებ კიდევ გეფიქრა ცოტა ხანს... მაგრამ, იცოდე, თუ დაგჭირდები, შენ გვერდით ვარ, – მან თავისი ნივთები ჩანთაში ჩააწყო და კარი გაიხურა. მარინა მარტო დარჩა მამამისის უზარმაზარ კერძო სახლში და მის კაბინეტში შევიდა. ქარალდებს ათვალიერებდა და უეცრად წერილს წააწყდა. მამამისი დედამისს სწერდა. მარინამ წერილი ერთხანს ხელებში ატრიალა, ვერ გადაეწყვიტა, წაეკითხა თუ არა, ბოლოს, მაინც გაშალა და სინდისი დაიმშვიდა: რაღა აზრი აქვს, არც ერთი არ არის ცოცხალი. ესე იგი, შეიძლება უკვე წაკითხვა.

„იცი, რომ ძალიან მიყვარხარ, ჩემი ცხოვრების აზრი ხარ და მთავარი ადამიანი, ამიტომ არ შემიძლია ამ საიდუმლოს ზიდვა. უნდა გაგიმხილო. პირისპირ თქმას ვერ შევძლებ, ამიტომ წერილს გწერ. ეს მე დაგწამე ცილი ლევან ხარაძესთან, იმიტომ რომ ვერ დავუშვებდი, რომ მას გაჰყოლოდი ცოლად. მან კი დაიჯერა და მიგატოვა. სხვათა შორის, მალევე დაქორწინდა და უფრო ადრე ეყოლა ვაჟიშვილი, ვიდრე მე და შენ შეგვეძინა მარინა. მასთან არ იქნებოდი ბედნიერი, ჩვენ კი უბედნიერესი ოჯახი გვაქვს და მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ თავი უბედნიერეს ქალად იგრძნო...“ – მარინამ გაოცებისგან პირი დააღო. ხარაძე, ნიკოლოზიც ხომ ხარაძეა?! არა, შეუძლებელია ასეთი დამთხვევა. მარინა ტელეფონს დასწვდა, მაგრამ გადაიფიქრა დარეკვა ან კი რა უნდა ეთქვა ნიკოლოზისთვის?! რომ ეთქვა, რას შეცვლიდა?! მთელი ღამე თეთრად გაათენა, შემდეგ კი მიხვდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს მისი მშობლების ცხოვრება იყო და მას ჩარევის ან განკითხვის უფლება არ ჰქონდა.

დადგა ანდერძის წაკითხვის დღეც. ნოტარიუსი მარინას სახლში ეწვია და აღმოჩნდა, რომ მთავარი სიურპრიზი წინ ელოდა: ნოდარმა თავისი ქონების ნახევარი დაუტოვა ხარაძეების საქველმოქმედო ფონდს, მეორე ნახევარი კი – თავის ქალიშვილს. ნოტარიუსმა მარინას გაოცება შეატყო, რაც იმედგაცრუებას მიაწერა, ამიტომ მისი დამშვიდება სცადა: ნიკოლოზი ხომ თქვენი მეუღლეა. ასე რომ, არაფერია საგანგაშო. ფული მაინც ოჯახში რჩება.

– და სად არის ეს ფონდი? – იკითხა მარინამ. ნოტარიუსს გაუკვირდა, მაგრამ მისამართი უთხრა. მარინა ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და გულზე ერთგვარად მოეშვა, რომ გაყრის განცხადება არ ჰქონდა შეტანილი. ცდილობდა, მომხდარი გაეანალიზებინა: „მამაჩემმა იცოდა, ვინ იყო ნიკა?! წარმოუდგენელია და მე არ მითხრა?! ნიკამ იცოდა?!“ – მარინას ამ კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა, ამიტომ ბევრი არც უფიქრია, ნიკას დაურეკა:

– მოხვალ? – ჰკითხა მისალმებისა და შესავლის გარეშე.

– გინდა, რომ მოვიდე? ანდერძის გამო? – პირდაპირ ჰკითხა ნიკოლოზმა.

– არა, შენ მინდა, მოხვიდე. შენ იცოდი?

– არ ვიცოდი, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე გავიგე მეც და მამაშენმაც მაშინ გაიგო. მე შენ პირველად მაშინ გნახე, სკოლაში რომ სწავლობდი და შემიყვარდი. იმ დღესაც, ალბათ, რაღაც ზეძალების ჩარევით აღმოვჩნდი იმ ხიდთან. ჩემი ტანსაცმელი უპოვარს მივეცი და მე მისი ტანსაცმელი მეცვა. შენი მანქანა ვიცანი. უნდა დამიჯერო. მე მართლა არაფერი ვიცოდი ანდერძის შესახებ...

– მჯერა. მოდი, გელოდები, – უთხრა მარინამ და ტელეფონი გათიშა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა