რომანი და დეტექტივი

ალისფერი კვალი

№30

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 07.08, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

 

 

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #27-29(1125)

გრეგსონმა და ლესტრეიდმა ერთიმეორეს გადახედეს. მაგრამ ჰოლმსმა მაშინვე მოხსნა პირსახოცი, რითაც ჰოუპს ფეხები ჰქონდა შეკრული. იშვიათად მინახავს ასეთი მაგარი აღნაგობის კაცი. მის მუქ, მზით გარუჯულ სახეზე სიმტკიცე და ენერგია იხატებოდა.

– თუ პოლიციის უფროსის ადგილი თავისუფალია, თქვენ უნდა მოგცენ, – თქვა და დაუფარავი აღტაცებით შეხედა ჩემს მეგობარს, – მარჯვედ კი დამიჭირეთ.

– მისტერ ჯეფერსონ ჰოუპ, ხომ არ ისურვებთ რაიმეს თქმას?

– ბევრი რამ მინდა ვთქვა, – ნელა დაიწყო პატიმარმა, – მინდა, ყველაფერი გიამბოთ, რაც კი ამ საქმესთან არის დაკავშირებული. შეიძლება, ჩემი გასამართლება არ მოგიხდეთ. ნუ მიყურებთ ასე შეშინებულები. თვითმკვლელობას არ ვაპირებ. თქვენ ექიმი ხართ?

– დიახ, ექიმი ვარ.

– მაშინ მომადეთ აქ ხელი, – მითხრა ღიმილით და მკერდი მიჩვენა.

ხელი რომ მკერდზე მივადე, ისეთი არაჩვეულებრივი ხმაური და მომძლავრებული პულსაცია ვიგრძენი, მომეჩვენა, თითქოს მკერდი ისე უცახცახებდა და ერყეოდა, როგორც მყიფე შენობა, რომლის შიგნითაც ძლიერი ძრავა მუშაობს.

– თქვენ აორტის გაგანიერება გაქვთ! – შევძახე მე.

– დიახ, ექიმები ამბობენ, რამდენიმე დღის სიცოცხლე დაგრჩენიაო. ეს დავიმსახურე უჭმელობითა და გადაღლილობით, მლაშე ტბის მთებში რომ ვცხოვრობდი. ახლა ჩემი საქმე გავაკეთე და სულერთია, როდის მოვკვდები. მინდა, ჩემი წარსული მოგითხროთ. არ მსურს ისე მომიგონონ, როგორც ჩვეულებრივი მკვლელი.

– როგორ ფიქრობთ, ექიმო, პატიმარს მართლაც საფრთხე ემუქრება? – მომმართა ლესტრეიდმა.

– უეჭველად.

– ამ შემთხვევაში, ჩვენი ვალია, მართლმსაჯულების ინტერესებისთვის მოვისმინოთ მისი ჩვენება, – თქვა ინსპექტორმა, – შეგიძლიათ, სერ, მოგვცეთ ჩვენება.

– სამარის პირას ვდგავარ და რისთვის უნდა ვიცრუო? რატომ მძულდა ის კაცი? იმიტომ, რომ ორი ადამიანის – მამისა და მისი ასულის სიკვდილის მიზეზი იყო. რისთვისაც საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი. სასამართლოს გზით ვერაფერს გავხდებოდი. გადავწყვიტე, თვითონ გავმხდარიყავი მათი მოსამართლე და განაჩენის აღმსრულებელი.

ქალიშვილი, რომელიც ახლა მოვიხსენიე, ამ ოცი წლის წინათ ჩემი დანიშნული იყო. იგი ძალით მიათხოვეს დრებერს და ქალი სასოწარკვეთილებას გადაჰყვა. მე მიცვალებულს თითიდან წავაძვრე საქორწინო ბეჭედი და ფიცი მივეცი, რომ სიკვდილის წუთებში დრებერი ჩასაქრობად გამზადებული მზერით ამ ბეჭედს შეხედავდა.

ის მდიდარი იყო, მე – ღარიბი, ჯიბეში გახვრეტილი გროში არ მებადა. რაიმე საქმისთვის უნდა მომეკიდა ხელი, სამგზავრო კებთა ოფისს მივმართე და ადგილიც მივიღე. ჩვეულებრივ, ცოტა მრჩებოდა, მაგრამ როგორღაც იოლად გავდიოდი.

წვერი მოვუშვი და აღარ მეშინოდა, რომ მიცნობდნენ. ვზვერავდი და ხელსაყრელ შემთხვევას ვუცდიდი. საითაც უნდა წასულიყვნენ, კვალდაკვალ მივყვებოდი, ხან ჩემი კებით, ხან ფეხით. დავლანდე, რომ მის კართან კები გაჩერდა. მაშინვე გამოიტანეს რაღაც ბარგი, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ დრებერი და სტანგერსონი გამოვიდნენ. კები დაიძრა.

დადგა წუთი, რასაც ასე დიდხანს ველოდი. შურისძიება მხოლოდ მაშინ გვანიჭებს კმაყოფილებას, როდესაც მჩაგვრელს რჩება დრო, შეიგნოს, ვინ მიაყენა დარტყმა და რისთვის უწია აღსასრულმა. წინასწარვე მოვიფიქრე, როგორ ამეხსნა მტრისთვის, რომ იგი ძველი ცოდვისთვის ისჯებოდა. რამდენიმე დღის წინ რომელიღაც ბატონი ბრიქსტონროუდის რაიონში სახლებს ათვალიერებდა და ჩემს ეტლში გასაღები დაკარგა. იმავე საღამოს გამოვეცხადე და პატრონს გასაღები დავუბრუნე, მაგრამ დაბრუნებამდე მოვასწარი და მეორე, სწორედ იმდაგვარი გასაღები გავაკეთებინე. ამის წყალობით ახლა უზარმაზარ ქალაქში მეგულებოდა კუთხე, სადაც შემეძლო, დაუბრკოლებლად ამესრულებინა მოფიქრებული საქმე. ჩემ წინაშე რთული ამოცანა იდგა – დრებერი ამ სახლში უნდა შემეტყუებინა.

ვაგზლიდან დრებერი ფეხით წავიდა და დასალევად ორ ადგილას შეუხვია. ერთგან მთელი ნახევარი საათი დარჩა და უკან ძლიერ შეზარხოშებული გამობრუნდა, ფეხზე ძლივს იდგა. ჩემ გვერდით მდგარი ეტლი დაიქირავა. მე კუდში გავყევი.

რამდენიმე ქუჩაც მოვიტოვეთ უკან და პანსიონთან აღმოვჩნდით. მე ასიოდე იარდზე გავჩერდი. ეტლიდან გადმოვიდა თუ არა, მეეტლეს ანგარიში გაუსწორა და გაუშვა. თვითონ კი შენობაში შევიდა. მე ვიცდიდი.

მეოთხედი საათი ვუცადე, თუ მეტი არა. უეცრად სახლში ისეთი ხმაური ატყდა, თითქოს ჩხუბი გაიმართაო. ერთი წუთის შემდეგ კარი გაიღო და ზღურბლზე ორი მამაკაცი გამოჩნდა: ერთი დრებერი იყო, მეორე – ახალგაზრდა კაცი, რომელიც უწინ არასოდეს მენახა. იმ ყმაწვილს საყელოში ჩაევლო ხელი დრებერისთვის და ისე ეჭირა. კიბის ბოლო საფეხურს რომ მიაღწიეს, ისეთი პანღური ამოჰკრა, რომ დრებერი შუა ქუჩაში გაიშხლართა. „ძაღლო! – უყვიროდა ახალგაზრდა კაცი და ჯოხს უქნევდა, – მე შენ გასწავლი, როგორ უნდა წესიერ ქალიშვილებზე ატორღიალება! ყმაწვილი ისეთი აღელვებული იყო, რომ დრებერს, ალბათ, კომბლით სცემდა, ის არამზადა თავქუდმოგლეჯილი რომ არ გაქცეულიყო. ჩემი კები შენიშნა, მიმიხმო, შიგ ჩახტა და მიყვირა, სასტუმრო „ჰოლიდეიში“ წამიყვანეო.

სიხარულისგან გული ისე გაშმაგებით ამიძგერდა, რომ შემეშინდა, ამ გადამწყვეტ ჟამს აორტამ ცუდი ოინი არ მომიწყოს-მეთქი. მაგრამ დრებერი დამეხმარა ჩემი ამოცანის შესრულებაში. ისევ მოისურვა დალევა, ლუდხანასთან მისვლა და მოცდა მიბრძანა. იქ დარჩა ლუდხანის დაკეტვამდე და ისე გაილეშა, რომ სავსებით ჩემს ხელთ იყო.

ამერიკაში ხეტიალის წლებში ერთხანს იორლკოლეჯში ლაბორატორიის დამლაგებლად ვმუშაობდი. ერთხელ პროფესორი სტუდენტებს შხამებზე უკითხავდა ლექციას და უჩვენა სამხრეთამერიკული შხამისგან მის მიერ მიღებული ალკალოიდი, რასაც ისრების მოსაწამლავად ხმარობენ. ეს იყო ძლიერმოქმედი შხამი, რომლის უმცირესი დოზაც კი საკმარისია, რომ ელვისებური სიკვდილი გამოიწვიოს. ამ ალკალოიდისგან დავამზადე პატარა აბები, რომლებიც წყალში იოლად იხსნებოდა. ყოველი ასეთი აბი ჩავდე კოლოფში მეორე ასეთივე სახის აბთან ერთად, რაც შხამს არ შეიცავდა. ჩემი აბები მომაკვდინებელი იყო, ოღონდ ბევრად უფრო უხმაურო, ვიდრე, მაგალითად, დამბაჩის ტყვია.

ავდრიანი ღამე იდგა, ქარი ქროდა და კოკისპირულად წვიმდა. მე თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მაგრამ ხელები მიკანკალებდა, საფეთქლებში კი სისხლი მაწვებოდა. მეჩვენებოდა, რომ სიბნელიდან ლუსი მიღიმოდა – ჩემი საცოლე.

კების სარკმელში შევიხედე, დრებერი გალეშილი ეგდო, მოკრუნჩხულიყო და ეძინა, მკლავში ხელი ვტაცე და ვუთხარი: „გადმოსვლის დროა!“

დრებერს, ალბათ, ეგონა, სასტუმროსთან მივედითო, რადგან ბაღის გზას უსიტყვოდ დაადგა. მივყევი და თან ხელით ვაკავებდი, ოთახში შევიყვანე და ანთებული სანთელი სახესთან მივიტანე და ვუთხარი:

– აბა, თუ მიცნობ, ვინ ვარ.

ამღვრეული, მთვრალი კაცის თვალებით მომაშტერდა. შემდეგ სახე ელდამ დაუმუნჯა. მიცნო. მკვდრისფერი დაედო, უკან დაიხია. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა, ყოველთვის ვიცოდი, რომ შურისძიება ტკბილი იქნებოდა,

– ძაღლო! – შევძახე, – ყოველთვის ხელიდან მისხლტებოდი. ერთ-ერთი ჩვენგანი ხვალ დღის სინათლეს ვეღარ იხილავს.

– რას ფიქრობ ახლა ლუსიზე? – შევძახე ყვირილით, კარი ჩავკეტე და თვალწინ გასაღები დავუტრიალე, – შურისძიებამ დაიგვიანა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ხომ წამოგეწია.

– მომკლავ? – მკითხა ენის ბორძიკით.

– როდის ლაპარაკობენ მკვლელობაზე, როცა საქმე ცოფიან ძაღლს ეხება? – განა შენ შეიცოდე საბრალო ლუსი, როცა მოკლული მამის გვამს მოაგლიჯე და შენს წყეულ ჰარამხანაში წაათრიე? შენ დაამსხვრიე ქალის უმანკო გული, – შევძახე მე და კოლოფი გავუწოდე, – უზენაესმა გაგვასამართლოს. აირჩიე ერთ-ერთი აბი და გადაყლაპე. ერთში სიკვდილია, მეორეში სიცოცხლე. დარჩენილს მე ავიღებ. ვნახოთ, არსებობს თუ არა ქვეყნად სამართალი.

დანა ვიშიშვლე, ყელთან მივუტანე და ასე მეჭირა, ვიდრე ჩემი ბრძანება არ შეასრულა. შემდეგ მეც გადავყლაპე ჩემი აბი. მთელი ერთი წუთი, თუ მეტი არა, ასე უსიტყვოდ შევცქეროდით ერთმანეთს და ვცდილობდით, გაგვეგო, რომელს მოგველოდა სიკვდილი. არასოდეს დამავიწყდება მისი სახის გამომეტყველება, როცა ტკივილის პირველმა შემოტევებმა აგრძნობინა, რომ მის სხეულში შხამია. მე ვიცინოდი და განწირულის თვალწინ ლუსის საქორწინო ბეჭედს ვათამაშებდი.

ტკივილის კრუნჩხვამ სახის ნაკვთები დაუმახინჯა, ხელი წინ გამოიშვირა, წაბარბაცდა და ხრინწიანი შეძახილით იატაკზე გაიშხლართა. ჩექმის წვერით გადავაბრუნე და გულზე ხელი დავადე, გული აღარ უცემდა. კაცი გათავებული იყო.

ცხვირიდან სისხლი მდიოდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. არ ვიცი, საიდან მომივიდა აზრი, რომ კედელზე ჩემივე სისხლით წამეწერა – „შურისძიება“. იქნებ პოლიციისთვის კვალის აბნევა მინდოდა. შემდეგ ჩემს კებთან დავბრუნდი და აღმოვაჩინე, ლუსის ბეჭედი თან არ მქონდა. თითქოს მეხი დამეცა, რადგან ეს იყო მისი ერთადერთი სახსოვარი. გავიფიქრე, ბეჭედი, ალბათ, მაშინ დავკარგე, როცა დრებერის გვამთან დავიხარე-მეთქი, მზად ვიყავი, გამებედა რაც გნებავთ, ოღონდ კი ბეჭედი დამებრუნებინა. სახლთან რომ დავბრუნდი, პირდაპირ პოლიციელის ხელში აღმოვჩნდი. იგი ბაღიდან გამოვიდა, და ეჭვი რომ არ აღმეძრა, თავი გალეშილად მოვაჩვენე.

აი, მთელი ჩემი ისტორია, ჯენტლმენებო. შეგიძლიათ მკვლელად ჩამთვალოთ, მე კი ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების ისეთივე მსახური ვარ, როგორიც თქვენ.

დასასრული

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი