რომანი და დეტექტივი

ალისფერი კვალი

№27

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 17.07, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

(იბეჭდება შემოკლებით)

შერლოკ ჰოლმსს საუზმეზე შევუსწარი. უცებ ზარის ხმამაღალი წკრიალი მოგვესმა. ამას მოჰყვა ხმადაბალი ლაპარაკი შემოსასვლელ კართან და მძიმე ნაბიჯების ხმა კიბეზე.

– პაკეტია მისტერ შერლოკ ჰოლმსის სახელზე, – თქვა შიკრიკმა და ოთახში შემოვიდა. ჰოლმსმა წერილი გამოართვა და გადმომიგდო.

– ხმამაღლა ხომ ვერ წამიკითხავთ?

აი, წერილი, რომელიც ჰოლმსს წავუკითხე:

„ძვირფასო მისტერ შერლოკ ჰოლმს! ამ ღამეს ლაურისტონგარდენზე, ბრიქსტონროუდის ¹3 სახლში საშინელი ამბავი მოხდა. პოლიციელმა ღამის ორ საათზე, ერთ მიტოვებულ სახლში შუქი შენიშნა და რაკი იგი უკაცური იყო, დაეჭვდა, კარი ღია დახვდა და პირველსავე, სრულიად ცარიელ ოთახში კარგად ჩაცმული მამაკაცის გვამს წააწყდა, რომლის ჯიბეშიც აღმოჩნდა სადარბაზო ბარათი:

„ენოქ ჯ. დრებერი, კლივლენდი, ოჰაიო, აშშ“.

ძარცვის კვალი არ ჩანს. სიკვდილის მიზეზიც აუხსნელია. ოთახში არის სისხლის კვალი, მაგრამ გვამზე ჭრილობა არა ჩანს. გაუგებარია, რანაირად მოხვდა კაცი ცარიელ სახლში. ძალიან უცნაური საქმეა. თუ დღის თორმეტამდე რომელსამე დროს მობრძანდებით, მითითებულ მისამართზე მნახავთ.

თქვენი ერთგული ტობიას გრეგსონი.“

– გრეგსონი სკოტლენდ-იარდელი აგენტებიდან ყველაზე მარჯვე და მოსაზრებული კაცია, – შენიშნა ჰოლმსმა, – ის და ლესტრეიდი სხვებს სჯობიან.

– წუთის დაკარგვაც არ შეიძლება! – შევძახე, – გნებავთ, ჩავალ და კებს დავუძახებ.

ერთი წუთის შემდეგ ეტლში ვისხედით და ბრიქსტონროუდისკენ გიჟური სიჩქარით მივეშურებოდით.

ლაურისტონგარდენზე მდებარე ¹3 სახლი პირქუში და ავბედითი იერით გამოირჩეოდა, ეს იყო ერთ-ერთი იმ ოთხი სახლიდან, გზის შორიახლო რომ იდგა. ამ ოთხიდან ორში ჩასახლებული იყვნენ, ორი უკაცური გახლდათ. ყოველ სახლს ქუჩის მხრიდან პატარა ბაღი ეკრა. ბაღებში გალეული ბუჩქები მიმოფანტულიყო და მათზე ვიწრო გზა გადიოდა. ბაღს გარშემო ევლებოდა სამი ფუტის სიმაღლის აგურის ზღუდე, რომელსაც ზემოთ ხის ღობე გასდევდა. მეგონა, ჰოლმსი მაშინვე შევარდებოდა სახლში და მონდომებით შეუდგებოდა საიდუმლოებით მოცული შემთხვევის გამოკვლევას. მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! უდარდელი კაცის იერით მოჰყვა ქვაფენილზე ბოლთის ცემას. მიწას თვალს არ აცილებდა. ორჯერ შეჩერდა და შევამჩნიე, კმაყოფილებით გაიღიმა. სველ თიხნარში აშკარად ჩანდა ნაფეხურები, მაგრამ პოლიციელებს უკვე დაეტკეპნათ გზა და იმედი აღარ მქონდა, რომ ჰოლმსი რაიმეს აღმოაჩენდა.

ჰოლმსი სახლში გრეგსონის თანხლებით შევიდა. გრეგსონის სახეზე უკიდურესი გაოცება აღბეჭდილიყო.

პატარა მტვრიანი ფიცრული დერეფანი სამზარეულოში გადიოდა. დერეფანს ორი კარი ჰქონდა. ერთ-ერთი კარი, აშკარა იყო, ამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში არავის გაეღო. მეორე კარი იმ სამზარეულოში გადიოდა, სადაც უცნაური ამბავი მოხდა. ჰოლმსი ოთახში შევიდა და მეც უკან მივყევი.

დიდი, კვადრატული ფორმის ოთახი კიდევ უფრო მოზრდილი ჩანდა იმის გამო, რომ შიგ ავეჯი არ იდგა. კედლებზე მდარე და ჭყეტელა შპალერი გაეკრათ, ალაგ-ალაგ სინესტეს გამოეჟონა და თეთრი ქაღალდი ლაქებით აეჭრელებინა. ზოგან კი ჩამოგლეჯილი შპალერი ზოლებივით ეკიდა, ქვეშ კი მოყვითალო ბათქაში ჩანდა. კარის პირდაპირ ჩინებული ბუხარი იყო, რომელსაც წინა ნაწილს თეთრი, ხელოვნური მარმარილოს ფილა უმშვენებდა. ფილის კიდეზე ცვილის წითელი სანთლის ნამწვავი იყო მიკრული. მქრქალი შუქი აღწევდა ერთადერთ ჭუჭყიან ფანჯარაში და ყველა საგანს რუხად ბურავდა. ირგვლივ ყველაფერი მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული.

ჩემი ყურადღება იატაკზე დაგდებულმა გვამმა მიიპყრო. ეს იყო ასე, ორმოცდასამი-ორმოცდაოთხი წლის მამაკაცი, საშუალო ტანისა, ფართო მხარბეჭიანი, შავი ხუჭუჭა თმა ჰქონდა და აჯაგრული პატარა წვერი. სქელი მაუდის სერთუკი და ჟილეტი ეცვა, ღია ფერის შარვალი, თოვლივით ქათქათა სამაჯეები და სუფთა საყელო მოუჩანდა: კარგად გაწმენდილი ახალი ცილინდრი მის გვერდით იდო იატაკზე. ხელები გაშლილი დარჩენოდა, თითები – ერთმანეთზე მიდებული: ფეხი ფეხზე გადადებული გეგონებოდათ. სიკვდილის წინ მის გაქვავებულ სახეზე შიშის ზარი აღბეჭდილიყო და ისეთი სიძულვილი, როგორიც მანამდე არასოდეს შემენიშნა. ჯერ არასოდეს მომჩვენებია სიკვდილი ეგზომ ზარდამცემი სახით, როგორც აქ, ამ ბნელ, ჭუჭყიან ოთახში ვნახე, საიდანაც ფანჯრები ლონდონის გარეუბნის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გადიოდა.

შერლოკ ჰოლმსი გვამს მიუახლოვდა, დაიჩოქა და დათვალიერებას შეუდგა.

– დარწმუნებული ხართ, რომ ჭრილობა არა აქვს? – იკითხა და მაძებრებს სისხლის ლაქებზე მიუთითა.

– უეჭველად! – ერთხმად მიუგო ორივემ.

– მაშინ ეს სისხლი მეორე პირისაა, ალბათ მკვლელისა, თუ ეს მკვლელობა იყო.

ჰოლმსის წვრილი თითები ხან აქ გაიელვებდა, ხან იქ – ჩქმეტდა, აჭერდა, ხსნიდა, იკვლევდა, ამავე დროს კი მისი თვალები იმ განურჩეველ გამომეტყველებას ინარჩუნებდა, რაც ადრე შევნიშნე. ბოლოს ჰოლმსმა მიცვალებულის ტუჩები დაყნოსა და მისი ფეხსაცმლის ძირები გასინჯა.

– სრულიად არ დაგიძრავთ ადგილიდან? – ჰკითხა მოულოდნელად მან მაძებრებს.

– გასინჯვისას დავძარით.

– ახლა შეგიძლიათ, საცხედრეში გადაასვენოთ. მეტს ვეღარაფერს გავიგებთ.

გვამს რომ სწევდნენ, ბეჭედი დავარდა და იატაკზე გაგორდა. ლესტრეიდმა ბეჭედს ხელი სტაცა და დააშტერდა.

– აქ ქალი ყოფილა! – შესძახა მაძებარმა, – ეს ქალის ნიშნობის ბეჭედია!

მან ბეჭედი ხელისგულზე დაიდო. ყველანი გარს შემოვეხვიეთ ლესტრეიდს. საეჭვო არ იყო, რომ ეს პრიალა ოქროს ბეჭედი ქალს ეკუთვნოდა.

– ეს ბეჭედი საქმეს ართულებს, – თქვა გრეგსონმა, – ამბავი კი უამისოდაც საკმაოდ დახლართულია!

– თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს, პირიქით, ამარტივებს საქმეს? – შენიშნა ჰოლმსმა, – რა ნახეთ ჯიბეებში?

– ყველაფერი აქაა თავმოყრილი, – თქვა გრეგსონმა და ჰოლმსი წინკარში შეიყვანა, – ოქროს საათი ¹97163, ლონდონური, ბეროს ფირმისა; ოქროს ძეწკვი, ძალიან მძიმე და მსხვილი; მასონთა ნიშნიანი ოქროს ბეჭედი; ბულდოგისთავიანი ოქროს ქინძისთავი, რომელსაც თვალები ლალისა აქვს; ტყავის საფულე სადარბაზო ბარათებით „ენოქ დ. დრებერი, კლივლენდი“, რაც შეესაბამება თეთრეულის ნიშანს „ე. დ. დ“. დიდი ქისა არ ჩანს, მაგრამ ჯიბეში ფული აქვს – შვიდი გირვანქა და ცამეტი შილინგი; ბოკაჩოს „დეკამერონი“, ჯიბის ფორმატით გამოცემული, რომლის სატიტულო ფურცელზე ჯოზეფ სტანგერსონის სახელი აწერია; ორი წერილი, ერთი ე. დ. დრებერის, მეორე კი – ჯოზეფ სტანგერსონის სახელზე.

– რა მისამართით?

– ამერიკენექსჩეინჯ სტრენდი, მოკითხვამდე. ორივე წერილი ჰიიონის სახომალდო საზოგადოებიდანაა და ლივერპულიდან მიმავალი ხომალდების რეისს უკავშირდება. აშკარაა, ეს უბედური კაცი ნიუ-იორკში დაბრუნებას აპირებდა.

– სტანგერსონზე ცნობები მიიღეთ?

– ეს მაშინვე გავაკეთე, სერ, – უთხრა გრეგსონმა, – განცხადებები დავგზავნე ყველა გაზეთში და ერთი ჩემი აგენტთაგანი გავუშვი ამერიკენექსჩეინჯში, მაგრამ ჯერ არ დაბრუნებულა.

შერლოკ ჰოლმსმა გაიცინა და რაღაცის თქმა დააპირა, რომ ამ დროს ოთახში დარჩენილი ლესტრეიდი წინკარში გამოჩნდა. კმაყოფილი ჩანდა და ხელებს იფშვნეტდა.

– მისტერ გრეგსონ, – მიმართა კოლეგას, – ეს-ეს არის, უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება აღმოვაჩინე, რაც შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ კედლების გულმოდგინე კვლევა არ ჩამეტარებინა.

პატარა კაცუნას თვალები ისე უციმციმებდა, ეგზალტაციას ძლივს იკავებდა.

– შემოდით აქ! – თქვა და უკან შევარდა, – დადექით აქ!

ასანთი ჩექმაზე გაჰკრა, აანთო და კედელთან მიიტანა.

– ერთი შეხედეთ! ადრე ვამბობდი, ალაგ-ალაგ შპალერი კედელს მოსცილებია-მეთქი. ოთახის ამ კუთხეში შპალერის მოზრდილი ნაწილი მოგლეჯილი იყო და ყვითელი ბათქაშის კვადრატი ჩანდა. ცარიელ ადგილზე წითელი, სისხლისფერი ასოებით ეწერა ერთი სიტყვა: rache.

– რას იტყვით ამაზე? – შესძახა მაძებარმა, – ეს ოთახის ყველაზე ბნელი კუთხეა

და ფიქრად არავის მოსვლია აქ შემოხედვა. მკვლელმა ეს სიტყვა თავისი სისხლით დაწერა. შეხედეთ, წარწერის ქვეშ გუბეა. ეს, ყოველ შემთხვევაში, აქარწყლებს თვითმკვლელობის ვარაუდს. რატომ შეარჩია წარწერისთვის სწორედ ეს კუთხე? მოგახსენებთ, ხედავთ სანთელს ბუხარზე? იმ დროს ეს სანთელი ანთებული იყო და სწორედ ეს კუთხე იყო ყველაზე უკეთ განათებული. დამწერს უნდოდა გამოეყვანა ქალის სახელი rache, მაგრამ მკვლელს წერაში ხელი შეუშალეს. დაიმახსოვრეთ, როცა ამ საქმეს შუქი მოეფინება, აღმოჩნდება, რომ მასში გარეულია ვიღაც ქალი, სახელად რაშელი... ტყუილად იცინით, მისტერ შერლოკ ჰოლმს. თქვენ ძალიან გამჭრიახი გონების პატრონი ხართ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ მოხუცები იშვიათად ცდებიან.

– გთხოვთ მაპატიოთ, – თქვა შერლოკ ჰოლმსმა, რომელმაც თავისი თავშეუკავებელი სიცილით ეს პატარა კაცუნა წონასწორობიდან გამოიყვანა, – თქვენ, რა თქმა უნდა, აქ მყოფთა შორის პირველმა აღმოაჩინეთ და სწორად შენიშნეთ, რომ წარწერა ამ საიდუმლოებით მოცული ამბის მეორე მონაწილემ გააკეთა. ჯერ კიდევ არ მქონია დრო ოთახის შესასწავლად, მაგრამ, თქვენი ნებართვით, ამ საქმეს ახლა შევუდგები.

ჰოლმსმა ჯიბიდან ამოიღო რულეტი და გამადიდებელი შუშა. ამ ორი ხელსაწყოთი შეიარაღებული უხმაუროდ დადიოდა ოთახში. დროდადრო შეჩერდებოდა და დაიჩოქებდა ხოლმე. ერთხელ პირქვეც კი დაწვა იატაკზე. თავისი საქმიანობით გართულმა, მგონი, კიდევაც დაივიწყა ჩვენი არსებობა და განუწყვეტლივ რაღაცას ბუტბუტებდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი