რომანი და დეტექტივი

აისბერგი

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.12, 2024 წელი

რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #49 (1249)

იმ საღამომ, შეიძლება ითქვას, უხმოდ ჩაიარა. „შავგოგიას“ ჩემთვის სიტყვაც არ უთქვამს და მეორე და მესამე პირში ლაპარაკობდა და მე მაგონებდა. ვივახშმეთ და დავიძინეთ. საკანში თორმეტი პატიმარი ვიყავით. მე მხოლოდ ერთი ნაჭერი შავი პური შევაყოლე ჩაის და „ატბოის“ მერე დავწექი. თუმცა, დიდხანს არ დამეძინა და მხოლოდ გამთენიისას ჩავთვლიმე.

მეორე დღეს „კრიტში“ „პრაგულკაზე“ გაგვიყვანეს. 10–10 პატიმარი გავყავდით. „შავგოგიამ“ ისე ქნა, რომ ჩემთან ერთად მოუწია სასეირნოდ გასვლა. საამისოდ ერთი საათი იყო გამოყოფილი. ის ეზოს კიდეში ჩამოჯდა და ხელით მიხმო. რომ მივედი, ხელითვე მანიშნა, დაჯექიო. გვერდით მივუჯექი. მან ხელი გამომიწოდა და რომ ჩამოვართვი, მითხრა:

– გოგი ქურხული.

– ზაალ მესხი, – მივუგე შავგოგიას.

– ზედგამოჭრილი ნოდარ მესხი ხარ. ძალიან ჰგავხარ მამაშენს.

– თქვენ მამაჩემს იცნობდით?

„შავგოგიას“ ჩაეცინა და მითხრა:

– მე და ნოდიკო ბავშვობის ძმაკაცები ვიყავით. თორმეტი წელიწადი ერთ კლასში ვსწავლობდით და ცხონებული ლიაც ჩვენი კლასელი იყო.

– დედაჩემი?

– ჰო. ცხონებული ლია ულამაზესი გოგო იყო, მთელ თბილისს უყვარდა. მან კი ნოდიკო აირჩია. მათ ხომ პირველი კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი. „შავგოგია“ ნოდიკომ შემარქვა ბავშვობაში, შავგვრემანი ვიყავი და იმიტომ.

თვალები ამიცრემლდა და გოგი ქურხულს ვუთხარი:

– ახლა უკვე გასაგებია, თუ რატომ გამიწიეთ მფარველობა, გოგი ძია. თქვენ რომ არა, ალბათ, ახლა საავადმყოფოში ვიწვებოდი.

– კი. ნახევარ სიცოცხლეს წაგართმევდნენ ეს შაკლები, მაგრამ ამიერიდან აქ ფეხებს ვერავინ მოგჭამს. „კოპიტა“ თავის ბიძაშვილ „ტრაწიაზე“ უარესი ნაძირალაა. უბრალოდ, უფრო მეტად თავშეკავებული. თანაც ქურდია. შენ გგონია, დაგივიწყებს ამ ამბავს? უბრალოდ, გულში ჩაიმარხა და შესაფერის დროს ელოდება. ჩემთან ერთად ხელს ვერ გახლებს. მანამდე კი, სანამ აქედან გავალ სამი წელი დამრჩა, რაიმეს მოვიფიქრებ. შენც გამოიწრთობი და ნურაფრის გეშინია.

– არ მეშინია, ძია გოგი.

„შავგოგიამ“ შემართვალიერა და მითხრა:

– არც უნდა გეშინოდეს ნოდიკო მესხის შვილს. ახლა რამდენიმე რჩევას მოგცემ და დაიმახსოვრე: ბევრი არ ილაპარაკო და მეტწილად მოისმინე. . უკითხავად შენი აზრების გამოთქმას მოერიდე და მაშინაც კი, თუ შეგეკითხებიან, გამოზომილი პასუხი გაეცი. არაფერი მოიტყუო. არ ითამაშო! არავის დაენაძლევო. ნურც შენ იხუმრებ და ნურც სხვის ხუმრობაზე გაიცინებ. სერიოზული და დინჯი იყავი, გასაგებია?

– გასაგებია, ძია გოგი.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ჯერჯერობით კმარა და შემდგომ კი დრო გვიჩვენებს.

იმ დღიდან მოყოლებული ერთხელაც არ დამირღვევია „შავგოგიას“ შეგონება და ისე ვიქცეოდი, როგორც მან მასწავლა. ამასობაში ორი წელიწადი გავიდა და ერთ დღეს, ისევ „პრაგულკაზე“, „შავგოგიამ“ გვერდით მომისვა და მითხრა.:

– ზალიკო, რასაც ახლა გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე და გაიაზრე. არ შეიმჩნიო გაკვირვება, არც სხვა გრძნობა გამოხატო. გასაგებია?

– დიახ, გასაგებია, ძია გოგი.

– მოკლედ, ასეა: მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი ქურდი ვარ, რაც მხოლოდ ჩემი გარეგნული სახეა, სინამდვილეში ღრმად კონსპირირებული არალეგალური ქართული პატრიოტული ორგანიზაციის წევრი ვარ. ასეთივე იყვნენ ნოდიკო და ლიაც. ჩვენს ორგანიზაციაში ბევრი წევრია და მათ სხვადასხვა სფეროში წამყვანი ადგილები უკავიათ როგორც ადგილობრივ, ასევე საკავშირო სტრუქტურებში. მამაშენი ნოდიკო ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ჩვენ ყველა ის სტრუქტურა გვაქვს, რაც სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. ჯარი, პოლიცია, უშიშროება და ასე შემდეგ. საჭირო დროს ეს სახელმწიფო სახელმწიფოში ლეგალურად დაიწყებს ფუნქციონირებას. ჩვენ, აგრეთვე, გვაქვს შესაბამისი რეკვიზიტებიც, იქნება ეს იარაღი თუ სხვა ტექნიკა. მათ შორის გვაქვს ეროვნული ბანკიც. უფრო სწორად, საცავი, სადაც კაპიტალი ინახება როგორც ოქროსა და ძვირფასი ლითონების სახით, ასევე ფული, რომელიც ცოცხლად ტრიალებს სხვადასხვა არალეგალურ ბიზნესში აქ – საბჭოთა კავშირში და იქ – უცხოეთში. შენ ჩვენს ორგანიზაციაში მამაშენის ადგილი უნდა დაიკავო. შენი მშობლების დაღუპვის შემდეგ ისედაც უნდა მოგვეძებნეთ შენ და შენი ძმა და თვით განგებამ მომავლინა შენი თავი აქ. მართალია, ცუდმა ამბავმა მოგიყვანა, მაგრამ ეს ღმერთის ნება იყო. ორი წელიწადი გაკვირდებოდი და ახლა დადგა ამის გამხელის დრო. გაიგე?

– გავიგე, ძია გოგი, მაგრამ ჩემი ჩართვა თქვენს ორგანიზაციაში როგორ უნდა მოხდეს?

– ჯერ ერთი, ჩვენს ორგანიზაციაში უკვე ჩართული ხარ. ჩართული ხარ, რადგან ამ საიდუმლოს ფლობ.

– გასაგებია, მაგრამ მე კიდევ 11 წელი უნდა ვიჯდე ციხეში.

– არანაირი 11 წელი. აქედან, მაქსიმუმ, სამ თვეში გაიქცევი და დანარჩენს იქ გეტყვიან, სადაც მიხვალ.

– გასაგებია, ძია გოგი, – ვუთხარი „შავგოგიას“.

გოგი ქურხულის ნათქვამმა ლამის შოკში ჩამაგდო. მართალია, ვცდილობდი, გარეგნულად არაფერი შემტყობოდა, მაგრამ, რომ იტყვიან, – შინაგანად ვდუღდი.

და, მართლაც, 3 თვის შემდეგ ერთ საღამოს გოგი ქურხულმა „პრაგულკის“ დროს კვლავ გვერდით მომისვა და მითხრა:

– ამაღამ აქედან გახვალ. ციხიდან ნადზორის ფორმაში გადაცმულს გაგიყვანენ. მოემზადე! საკნიდან ვითომ დაკითხვაზე დაგიძახებენ.

– გასაგებია, ძია გოგი. თქვენ?

– რა მე?

– თქვენ ხომ სულ რაღაც 9 თვე დაგრჩათ და ალბათ, შემდეგ შემოგვიერთდებით, ხომ?

– მე ყოველთვის შემოერთებული ვარ და ჩემს ფუნქციას ვასრულებ აქ თუ გარეთ. ხოლო, რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, ალბათ, არასოდეს მოგვიწევს.

– სამწუხაროა.

– და კიდევ ერთი. შენი მშობლები ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი არ ყოფილან, ისინი მოკლეს.

– მოკლეს?

– ჰო, მოკლეს. დამშვიდდი.

– ვინ, რატომ?

– შენებმა ურალში ძვირფასი საბადო აღმოაჩინეს და არ განუცხადებიათ. თუმცა, იქიდან ალმასებს იღებდნენ და საცავში ინახავდნენ. იმ დღესაც ძალიან დიდი კუში მოჰქონდათ და საცავში უნდა დაებინავებინათ. თუმცა, ორივე ტრაგიკულად დაღუპული, კლდიდან გადავარდნილი აღმოაჩინეს. ვიღაცამ გადმოაგდო.

– ვინ, არ იცით?

– იმან, ვინც ის ალმასები გაიტაცა.

– იცით მკვლელის ვინაობა?

– მათი მიგნება და ჩვენი კუთვნილი განძის დაბრუნება შენ მოგიწევს. ერთი სიტყვით, ყველაფერს აგიხსნიან.

– გასაგებია, – ვთქვი მე და რამდენიმე საათის შემდეგ „კრიტიდან“ „ნადზორის“ ფორმაში გამოწყობილი გამოვედი. ორთაჭალის ავტოვაგზლის ტერიტორიაზე კი „ჟიგული“ დამხვდა და კახეთის მიმართულებით გავემართეთ.

გზაში რამდენიმე „გაის“ რეიდი გავიარეთ – მათ ფული გადავუხადეთ და პანკისის ხეობაში მშვიდობიანად ჩავედით. პანკისელი ქისტის, შამილის სახლში დავბინავდი და იქ სამი დღე დავრჩით. შემდგომ კი მასპინძელმა ჩეჩენეთ-ინგუშეთში გადამიყვანა და გროზნოს მახლობლად, ერთ-ერთი სოფლის მკვიდრთან, საიდთან დავბინავდი. იქ მე დიდი მოწიწებით მექცეოდნენ. ქალის ნასახიც კი არსად ჭაჭანებდა და ორიოდე კაცი მიწევდა მასპინძლობას. ერთ დღეს კი იქ ათლეტური აღნაგობის მამაკაცი მოვიდა და მითხრა:

– გამარჯობა, ზაალ! მე რევაზი ვარ.

– გაგიმარჯოს, რევაზ!

– ეს ჩვენი საიმედო ადგილია და ეს ხალხი კი – ჩვენი ძმადნაფიცები. თუმცა არ იციან, რას ვსაქმიანობთ. თქვენზე იციან, რომ ციხიდან გამოიქეცით. მკვლელობისთვის იხდიდით სასჯელს და თქვენი ძმის სისხლი აიღეთ. ერთი სიტყვით, სიმართლე მოვუყევით. აქ გარკვეულ დროს დაყოფთ. საჭირო რომ იქნება, მოგაკითხავთ და გეგმას გაგაცნობთ.

რეზო დილით წავიდა. იქ მე სამი კვირა დავყავი. ამასობაში წვერ-ულვაში გამეზარდა და გაფრთხილებული ვიყავი, რომ არ გამეპარსა. შემდგომ კვლავ რევაზი მეახლა და ჯერ კახეთში გადავედით, იქიდან კი მთიანეთში ავედით და ერთ-ერთ მონასტერში მივედით. წინამძღვარს გრიგოლი ერქვა. მან შემათვალიერა და მითხრა:

– ზედგამოჭრილი ნოდიკო ხარ, მამაშენი. აქ შენ მორჩილის სტატუსით იქნები. ვერც ვერავინ გიცნობს და არც არავინ შეგაწუხებს. ხოლო დრო გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

გრიგოლიც ჩვენი ორგანიზაციის წევრი იყო. მან საქმის კურსში ჩამაყენა. გამაცნო სტრუქტურები და მითხრა:

– საბჭოთა კავშირი მალე დაიშლება. როგორც კი ეს მოხდება, რუსეთში გაემგზავრები და შენს ძირითად საქმიანობას იქ შეუდგები.

სულ რაღაც 8 თვეში აღსრულდა გრიგოლის სიტყვები და რუსეთში, ციმბირში გავემგზავრე. ურალსკთან ახლოს დავბინავდით, იმ დაბაში, სადაც ჩემმა მშობლებმა ძვირფასი საბადო აღმოაჩინეს. ვახტანგ გეგეჭკორიც იქ გავიცანი, რომელმაც მითხრა:

– ძალიან ჰგავხარ მამაშენს. ზედგამოჭრილი ნოდიკო ხარ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით და შენი დედ-მამა იმ დროს დაიღუპნენ, როცა მე საქმეებზე საქართველოში ვიყავი. თავდაპირველად ყველას უბედური შემთხვევა გვეგონა. თუმცა, შემდგომ ყველაფერი გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა.

– რას გულისხმობთ.

– მკვლელებს მივაგენით და სავარაუდოდ, ალმასებიც მათ აქვთ.

– მერე?

– მერე ის, რომ შენ გელოდებით. შენვე უნდა აღასრული სამართალი და ალმასებიც უკან დააბრუნო. გასაგებია?

ერთი სიტყვით, ვახტანგ გეგეჭკორი ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მეთაური იყო. მათ საკმაო ძალები გააჩნდათ მკვლელების დასასჯელად და ალმასების დასაბრუნებლად. მე კი იმისთვის ვიყავი საჭირო, რომ სისხლით შევკვროდი მათ... ასეც მოხდა. ვინმე ზაიკინები საკუთარი ხელით დავხოცე, მანამდე კი ალმასების საიდუმლო საცავი გავახსნევინე და ჩვენი კუთვნილი განძი წამოვიღე. გეგეჭკორთან რომ მივიტანე, მან მითხრა:

– ყოჩაღ! ახლა შენ ბოლომდე ჩვენიანი ხარ.

მეორე დღეს ვახტანგ გეგეჭოკორმა „მრგვალი მაგიდა“ შეკრიბა და ჩვენი ორგანიზაციის სტრუქტურის ხელმძღვანელები გამაცნო. რბილად რომ ვთქვა, გაოცებული ვიყავი. ამ ხალხში ბევრი ნაცნობი სახე იყო. ისეთებიც, რომლებსაც არაეროვნული ადამიანის იმიჯი ჰქონდა და სამშობლოს მოღალატეებად იყვნენ შერაცხილები. ერთ-ერთმა ასეთმა, პირობითად მას ნოე ვუწოდოთ, გვერდით გამიხმო და მითხრა:

– გაოცებული ხართ, ხომ, ბატონო ზაალ, აქაური შემადგენლობით?

– სიმართლე გითხრათ, დიახ.

– ასეა, შვილო. ჩვენ მძიმე ჯვრის ტარების ბედნიერება გვარგუნა განგებამ. მე მოღალატეს მიწოდებენ, თუმცა, ჯობია, ასეთი სახელი მქონდეს, ვიდრე გავიშიფრო.

– შინაგანად როგორ გრძნობთ თავს ასეთ პირობებში?

– სიმტკიცე უნდა გამოიჩინო და მართალია, მტკივნეულია, მაგრამ გაუძლებ.

– ძნელია.

– გეთანხმები. ძალიან ძნელია. მაგრამ სამშობლოსა და მშობელი ხალხისთვის ყველაფერს უნდა გაუძლო.

სპეციალურად ჩემთვის შემდგარი „მრგვალი მაგიდა“ გამთენიისას დაიშალა და ჩვენი ორგანიზაციის წევრები სხვადასხვა რეგიონში წავიდ-წამოვიდნენ. გეგეჭკორს ვუთხარი:

– რბილად რომ ვთქვა, გაოცებული ვარ.

– არა უშავს. მიეჩვევი. ერთი სიტყვით, პოსტი ჩაბარებული გაქვს. საცავის განმკარგავი ხარ და აბა, შენ იცი, როგორ გაუძღვები საქმეს.

მოკლედ, „ობშჩიაკი“ ჩამაბარეს და ის საიდუმლო ადგილიც მაჩვენეს, სადაც ეროვნული ქართული სახელმწიფოს ოქროს ფონდი ინახებოდა. წესდების მიხედვით, ეს სიმდიდრე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა გამოყენებულიყო, როცა ერისა და ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგებოდა. საამისოდ სპეციალური წესდება იყო შემუშავებული, რომელიც საფუძვლიანად შევისწავლე. საიდუმლო საცავიდან ციმბირში რომ დავბრუნდი, გეგეჭკორმა მკითხა:

– რას იტყვი?

– სეზამის საგანძური და ფარიას განძი ბავშვობაა ჩვენს ზაგაჟნიკთან შედარებით.

– გეთანხმები. ღმერთმა არ ქნას, რომ მისი გახსნა და გამოყენება ოდესმე საჭირო გახდეს.

– იმედია, რომ ასე იქნება.

– ესე იგი, გაოცებული ხარ. მაგრამ, შენი გაოცება ამაზე არ სრულდება.

– კიდევ რამეა?

– გეგეჭკორს გაეცინა და კარისკენ გაიხედა, რომელიც გაიღო და ოთახში ნატო კოსტავა შემოვიდა. გოგონა ასმაგად გალამაზებულიყო. დინჯი ნაბიჯით მომიახლოვდა და მითხრა:

– გამარჯობა, ზალიკო. როგორ ხარ?

აქ უკვე მე ვეღარ შევიკავე თავი. ნატო ჩავიხუტე და ვამბობდი:

– ნატო, საყვარელო, როგორ მომენატრე, როგორ ხარ? აქ როგორ მომაგენი?

– შენ კი ეუბნებოდი, კარგი კაცი მოძებნე და გათხოვდიო, – თქვა ვახტანგმა და ნატოს თვალი ჩაუკრა. შემდეგ დაამატა, – მე გავალ. საქმეები მაქვს. თქვენ კი არ მოიწყინოთ...

რა თქმა უნდა, მე და ნატო ძალიან მალე დავქორწინდით და ახლა ბევრი შვილი და შვილიშვილები გვყავს. მე კი დღემდე ორგანიზაციაში ვარ. სხვაგვარად არც იქნება. ორგანიზაციიდან ცოცხალი ვერავინ წავა და ამის სურვილი არც არავის გასჩენია მისი არსებობის განმავლობაში. ჩვენი ორგანიზაციის წევრთა არც თუ ისე მცირე რაოდენობა ცოცხალი აღარაა, ასაკმა თავისი ქნა. თუმცა მათ საკუთარი ეროვნული კვალი დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი მოღალატის, ერის ჯალათის სინონიმია. ძველი წევრები ახლებმა ჩაანაცვლეს და ისინი პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. სამწუხაროდ, არც ვახტანგ გეგეჭკორია ცოცხალი და მის ადგილს მე ვიკავებ. სად ვარ და ოფიციალურად რას ვსაქმიანობ, ამაზე არ ვსაუბრობ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენ აისბერგის დაფარული მხარე ვართ და ეროვნულ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენთან დატაკებას არავის ვურჩევთ. და თუკი მაინც გაკადნიერდება ვინმე და ამას განიზრახავს, სასტიკად დაილეწება.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნია-რომანი
მხსნელი დიაგნოზი

20:00 20.12, 2024 წელი

რომანი-ლაშაური
აისბერგი

20:00 14.12, 2024 წელი

რომანი ნია
პატიების ძალა

20:00 13.12, 2024 წელი

რომანი
ორმაგი აფერა

20:00 07.12, 2024 წელი

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა