აისბერგი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.12, 2024 წელი

„სროკზე“ შეგნებულად წავედი. ეს კი იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი მისია შემესრულებინა. მისია კი შურისძიება იყო.
ჩემი უფროსი ძმა, ზურიკო მესხი, იურიდიულზე დაუსწრებლად სწავლობდა, პარალელურად კი, მილიციაში მუშაობდა. იმ ავბედით ღამეს ზურიკო სოლოლაკში მორიგეობდა. კიროვის ქუჩაზე რომ დიდი აფთიაქი იყო, ვიღაცამ მისი ვიტრინა გატეხა და შიგნით შეიჭრა. ეს ვიღაცა ვორონცოველი „ტრაწია“ აღმოჩნდა. მორფინისტი, კრიმინალი, მოძალადე და ყველაფერზე ხელის მომწერი. „ტრაწია“„ლომკაში“ იყო და მორფს ეძებდა. ზურიკოს მოთხოვნას არ დაემორჩილა და უზარმაზარი ხანჯლით ჩემს ძმას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მორფი გაიტაცა და გაიქცა. ზურიკო კი მძიმედ დაჭრილი მიატოვა. ექიმებმა თქვეს, დროზე რომ მოეყვანათ, გადავარჩენდითო. ზურიკო 48 საათის შემდეგ რეანიმაციაში გარდაიცვალა. გათიშული იყო. მხოლოდ სიკვდილის წინ მოვიდა გონზე. ჩემი ხელი გულზე მიიდო და მითხრა: ზალიკო, აბა, შენ იცი. კარგი ადამიანი გამოდი და ნუ გაბოროტდებიო. ამ სიტყვების შემდეგ დალია სული და ჩემი ხელი გულზე მიდებული დარჩა. ზურიკო სულ რაღაც 23 წლის იყო. მე კი სწორედ იმ დღეს გავხდი 18 წლის.
მე და ჩემს ძმას მშობლები გეოლოგიური ექსპედიციის დროს ურალის მთებში დაგვეღუპნენ. მაშინ 10 წლის ვიყავი, ზურიკო კი – 15-ის. მარტონი დავრჩით და ზურიკომ გამზარდა. თვალის ჩინივით მიფრთხილდებოდა და ცივ ნიავსაც არ მაკარებდა. ძმა რომ დამეღუპა, გეოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და ვაპირებდი, მშობლების პროფესიას დავუფლებოდი. თუმცა, ამ უბედურების შემდეგ რა მეგეოლოგებოდა, შურისძიების წყურვილს ვყავდი შეპყრობილი და „ტრაწიას“ მოხელთებაზე ვფიქრობდი. მით უმეტეს, რომ ის ნაძირალა მხოლოდ 15 წლით ჩასვეს ციხეში და მხოლოდ და მხოლოდ იმან იხსნა დახვრეტისგან, რომ ზურიკო ადგილზე არ დაღუპულა. შევიტყვე, რომ „ტრაწია“ ორთაჭალის ციხეში იჯდა, მაგრამ მითხრეს, რომ მას სულ მალე კრიტში გადაიყვანდნენ. ბავშვობის მეგობარი მყავდა – კარლო ღლონტი, რომელსაც „კარლიკას“ სახელიდან გამომდინარე ვეძახდით. ისე კი სიმაღლეში 2 მეტრს აღწევდა და კარლიკობის არაფერი ეტყობოდა. კარლოს უფროსი ძმა ციხეში, მომარაგებაში მუშაობდა და მას გამოჰქონდა იქიდან ამბები. მას პავლე ერქვა, კარგად ვიცნობდი. სწორედ მან მითხრა:
– „ტრაწია“ დიდი ნაძირალაა. რომ იტყვიან, „გნიდა ბესპრეძელშიკია“ ყველასთან, ვისთანაც გასდის. იცის, ვის როგორ მიუდგეს. ამჟამად ქურდების საკანშია მოკალათებული. ბიძაშვილი ჰყავს ქურდი – „კოპიტა“ და ის მფარველობს. თუმცა, მალე, ალბათ, „კრიტში“ გადაიყვანენ და იქ, მინიმუმ, ხუთი წელი იჯდება.
„ტრაწიას“ შესახებ ინფორმაციებს იმიტომ ვაგროვებდი, რომ შემუშავებული გეგმით მემოქმედა – ციხეში უნდა მოვხვედრილიყავი. „ტრაწია“ იქ მომეხელთებინა და მომეკლა. იმ ნაძირლის მოკვლას კი მოგუდვით ვაპირებდი. ძიუდოში ვვარჯიშობდი და საკმაოდ კარგი მოჭიდავე ვიყავი.
პავლიკამ მირჩია:
– ზალიკო, წვრილმან ხულიგნობაზე შეიძლება, პირობითი მოგცენ და ციხეში ვერ მოხვდე, ამიტომ უფრო სერიოზული რამ უნდა ჩაიდინო.
– მაინც, რა, კაცს ხომ არ მოვკლავ? – მხრები ავიჩეჩე მე.
– არა, რა მკვლელობა. საკმარისია, ვინმეს ხელი ან ფეხი მოტეხო ან, თუნდაც, მსუბუქად შეურყიო ტვინი, რომ ორ წლამდე მუხლია.
– უდანაშაულოს ხომ არ დავბრიდავ.
– რათა უდანაშაულოს. საკმარისია 3-4 საათი გაატასავო თბილისში, რომ შესაბამის ვარიანტს იპოვი.
ერთი სიტყვით, პავლიკას რჩევამ გაჭრა. მუშთაიდის ბაღთან ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთ ლამაზ გოგონას ავიწროებდა და ჩავერიე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ-ერთს მარჯვენა ხელი მოვტეხე და ტვინიც შევურყიე. მეორეს კი კბილები დავაყრევინე და ცხვირი გავუტეხე.
ჩემდა სამწუხაროდ, ახლომახლო მილიცია არ ჭაჭანებდა. გოგონამ ხელი მომკიდა და მითხრა:
– ჩქარა, გავიქცეთ, თორემ მილიცია თუ მოვიდა, დაგიჭერენ!
გოგონას ხომ არ ვეტყოდი, რომ სწორედ დაჭერა მინდოდა და ვუთხარი.
– ისედაც დავაზარალე და რამე არ დაემართოთ. მოდი, დახმარება აღმოვუჩინოთ.
– ნუ გეშინია, არაფერი მოუვათ. ამას ხელი აქვს მოტეხილი და შეიძლება, ტვინის შერყევა ჰქონდეს, ეს უფრო მსუბუქადაა დაშავებული. წამო, გავიქცეთ.
– საიდან იცით?
– სამედიცინოზე ვსწავლობ.
– სასწრაფოში მაინც დავრეკოთ.
იქვე ტელეფონის ჯიხური იდგა და გოგონამ სასწრაფოში დარეკა. ამ დროს მილიციის საპატრულო მანქანა გაჩერდა. მეც ეგ მინდოდა და მიზანს მივაღწიე. იქვე, პლეხანოვის მილიციაში მიგვიყვანეს. დაზარალებულებმა ხელი დამადეს და მიზანსაც მივაღწიე. ერთ-ერთი დაზარალებულის მამა პლეხანოველი მილიციელი აღმოჩნდა და ღამით რომ საკანში გამომკეტეს, ხუთ კოლეგასთან ერთად შემომეჭრა და ისე მცემეს, რომ მთელი შიგნეულობა მტკიოდა. თუმცა, არც სახეზე და არც სხეულზე არაფერი მაჩნდა. გოგონა კი, ვისაც გამოვესარჩლე, 18 წლის ნატო კოსტავა იყო და სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსზე სწავლობდა. ტანადი, პირმშვენიერი გოგონა იყო. ჩემს ორივე სასამართლო სხდომას დაესწრო და ძალიან აქტიურობდა. სამ-ნახევარი წლის მოცემა უნდოდათ, მაგრამ იმდენი ქნა, რომ ორი წელი ჩამომაკლეს და ციხეში 18 თვით გამიშვეს. სანამ სასამართლოდან ციხეში გადამიყვანდნენ, ნატომ ბადრაგს ფული გადაუხადა და ჩემთან 5 წუთით შემოუშვეს. გოგონა ჩამეხუტა, ატირდა და მითხრა:
– ზალიკო, მაპატიე, ჩემი გულისთვის დაგიჭირეს. ყველაფერი ჩემი ბრალია. უნდა გავქცეულიყავით. ასეთი ნაძირლები არ იმსახურებენ დახმარებას.
– მომავალი ექიმი ხარ. ჰიპოკრატეს ფიცი უნდა დადო და ასეთი აზრები თავიდან ამოიგდე. წელიწად-ნახევარი მალე გაივლის და გნახავ.
– ზალიკო, მაპატიე, შევეცდები, რომ პაემანზე ხშირად შემოვიდე და არ მიგატოვებ.
– არაა საჭირო. წერილები მომწერე.
ამასობაში 5 წუთი გავიდა და ბადრაგმა ნატოს დაუძახა. გოგონა კი მომეკრა, მხურვალედ მაკოცა და მითხრა:
– მიყვარხარ, ზალიკო. ნახვამდის. მალე გნახავ...
შოკირებული დავრჩი და ნატო ძალიან შემეცოდა. უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ დიდ „სროკზე“ უნდა წავსულიყავი და ნატოს გაუბედურება ნამდვილად არ მინდოდა.
ციხეში რომ შემასახლეს, „ტრაწია“ უკვე კრიტში იყო გადაყვანილი და იქ მოხვედრა თითქმის შეუძლებელი იყო. გამოსავალი ისევ პავლიკამ შემომთავაზა. მან მითხრა:
– აბსლუგაში თუ იმუშავებ, მაშინ კრიტშიც გექნება დოსტუპი და ამგვარად შეძლებ „ტრაწიას“ მოხელთებას.
– მომსახურე პერსონალში ხომ? – დავაზუსტე მე.
– ჰო, აბსლუგაში: მართალია, ეს მთლად კარგ საქციელად არ ითვლება, მაგრამ სხვა გზა არაა.
– რას მიზამენ რო?
– პატიმრები ამრეზით შემოგხედავენ და შეიძლება, აბუჩად აგიგდონ.
– ერთი გაბედონ! მე ჩემი მიზანი მაქვს და მივაღწევ, – მტკიცედ ვთქვი და იმავე დღეს მოვთხოვე „აბსლუგაში“ გადასვლა.
თანამესაკნეებმა რომ ეს გაიგეს, მაინდამაინც მწვავე რეაქცია არ გამოუხატავთ. ერთი კი მითხრეს, რად გინდოდა, ისეთი რა საჭიროებააო. მე კი მშვიდად განვუმარტე, – საქმეს სჭირდება-მეთქი.
„აბსლუგაში“ მესამე თვეზე გადავედი და ამ ხნის განმავლობაში ნატო თითქმის ყოველდღე მიგზავნიდა „გრევებს“. ექვსჯერ კი პაემანზე იყო. მე ვუშლიდი პაემანზე შემოსვლას, თუმცა ძალიან მსიამოვნებდა. ვთხოვდი, „გრევების“ შემოგზავნა მაინც შეეზღუდა, თუმცა ის კვლავ განაგრძობდა ამის კეთებას. ექვსი თვე რომ შესრულდა და „სროკიდან“ გამოსვლამდე ერთი წელი იყო დარჩენილი, პავლიკა სასადილოში მოვიდა და მითხრა:
– ხვალ კრიტში დაარიგებ საჭმელს და ეს შანსი უნდა გამოიყენო, – შემდეგ საკნის ნომერი მითხრა, სადაც „ტრაწია“ იჯდა და დააყოლა, – აი, ეს შტირი გამომართვი და ამით იმოქმედე.
– კარგი. მადლობა!
– ზალიკო, იცოდე, ჩემი სახელი არ წამოგაცდენინოს ვინმემ, თორემ დავიღუპები.
– ნუ გეშინია, პავლიკ. მთავარია, საქმე შევასრულო და შტირზე ვიტყვი, რომ სასადილოში ვიპოვე.
– აბა, შენ იცი! წარმატებას გისურვებ. წინასწარ მოემზადე, რომ დიდი ტანჯვა-წამება გელოდება, – მითხრა პავლიკამ და წავიდა.
მთელი ღამე არ მძინებია და მოუთმენლად ველოდებოდი „ტრაწიასთან“ შეხვედრას. დრო ნელა გადიოდა. როგორც იქნა, კრიტში წასვლის დროც დადგა. შტირი გორგოლაჭიან ეტლში დავმალე, რომელზეც საკვები ელაგა და ბადრაგის თანხლებით „კრიტისკენ“ გავემართე. „კრიტის“ კორპუსში მიწისქვეშა გვირაბით გადავედით. შესაბამის სართულზე რომ მოვხვდი და საჭირო საკანს მივუახლოვდი, გულისცემა ძალიან ამიჩქარდა. ნებისყოფა მოვიკრიბე, „კარმუშკა“ გავაღე და დავიძახე:
– „ტრაწია“ რომელია? შენთან ქსივაა.
იმ ნაძირალას მხოლოდ ახლობლები მიმართავდნენ მეტსახელით. ჩემს დაძახებაზე კი გაცეცხლდა და იღრიალა:
– შენი დედაც... ენას ამოგგლეჯ!
– შენი დედაც და შენი ცოლიც, „ტრაწია“... – შეგნებულად გავამწვავე და დავამატე, – ამ ქსივას უკან წავიღებ და გამომგზავნს ვეტყვი, „ტრაწიამ“ არ გამომართვა-მეთქი.
„ტრაწიას“ მესამედ ხსენებაზე ადრესატი გაგიჟდა. „კარმუშკასთან“ მოიჭრა, რომ დავენახე და ლანძღვა-გინება გაეგრძელებინა, მაგრამ გრძელი შტირი ბოლომდე შევარჭვე მარჯვენა თვალში.
მან საშინლად დაიღრიალა და იქვე განუტევა სული.
– ეს – შენ ზურიკოს მკვლელობისთვის, შე ნაბოზარო! – ვთქვი და კედელს ავეკარი.
ბადრაგის ოთხი თანამშრომელი ფრთხილად მოიწევდა ჩემკენ. ისინი გაოცებული და შეშინებული მიყურებდნენ. მე კი მშვიდად ვუთხარი:
– ნუ გეშინიათ, თქვენ არაფერს გერჩით. ეს ნაბოზარი უკვე გავისტუმრე ჯოჯოხეთში.
ხელბორკილებს რომ მადებდნენ, ბადრაგები გაოცებული მიყურებდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მიჩურჩულა:
– ყოჩაღ, ღირსი იყო ეგ შაკალი! მაგრად დადექი. ძალიან დიდი პრესი გელოდება ადმინისტრაციისა და პატიმრებისგანო.
რა თქმა უნდა, პავლიკას სახელი არ მიხსენებია და დიდად არც ჩამძიებიან. ჩემს ჩვენებაში კი სრული სიმართლე დავწერე, ანუ ის, რომ „სროკზე“ იმიტომ წავედი, რომ ზურიკოს გამო შური მეძია-მეთქი.
ბადრაგის გაფრთხილების მიუხედავად, ადმინისტრაციის მხრიდან პრესი ის იყო, რომ ერთადგილიან საკანში გადამიყვანეს და სანამ სასამართლო არ დასრულდა, იქ გამომამწყვდიეს. სასამართლოზე კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს და მოსამართლემ 5 წლით კრიტი მომისაჯა. ბოლო სხდომას ნატოც ესწრებოდა. მან 300 მანეთი გადაუხადა ბადრაგს, რომ 5 წუთით შემოეშვათ ჩემთან. ეს კი იმ პერიოდში, ანუ მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში უზარმაზარი ფული იყო. ნატო დინჯად შემოვიდა უმაღლესი სასამართლოს სარდაფში განლაგებულ საკანში. კარი მიხურა და წინ ხელის გაწვდენაზე დამიდგა. ერთხანს ნაღვლიანი თვალებით მიყურა და მერე მითხრა:
– ესე იგი, ეს ყველაფერი წინასწარ გქონდა განზრახული და შურისძიების გამო გააკეთე?
– კი. მასეა. მაპატიე, ნატო!
– მე შენ მიყვარხარ და ცამეტი წელი მალე გაივლის და დაგელოდები. ასიც რომ იყოს, მაინც დაგელოდები.
– ნატო, ძვირფასო, არ დამელოდო. ჩემ მიმართ არანაირი ვალდებულება არ გაქვს. კარგი, პატრიოსანი კაცი იპოვე და გათხოვდი.
– შენ მეტი არავინ მინდა. ძალიან, ძალიან მიყვარხარ!
მიუხედავად იმისა, რომ ნატო მეც უკვე ძალიან მიყვარდა, მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე და ვუთხარი:
– მე კი არ მიყვარხარ! შენ მხოლოდ საქმისთვის მჭირდებოდი და გამოგიყენე. ახლა კი აქედან წადი. არც წერილი მომწერო, მაინც არ გიპასუხებ და საერთოდ დაივიწყე ჩემი სახელი.
– ვიცი, რატომაც იქცევი ასე. დაგელოდები და მხოლოდ იმას გთხოვ, რომ ფრთხილად იყავი. ძალიან ახალგაზრდები ვართ და ციხიდან რომ გამოხვალ, დავქორწინდებით.
ნატოს სიტყვებმა თვალები ამიცრემლა და აღარაფერი მითქვამს. გოგონამ კი გამიღიმა. მომიახლოვდა, მაკოცა და მითხრა:
– შეხვედრამდე, ზალიკო! დარწმუნებული ვარ, რომ დროზე ადრე გაგათავისუფლებენ. თუ არა და მაინც დაგელოდები. თავს გაუფრთხილდი!
ნატო წავიდა. მე კი კრიტში წამიყვანეს და განსაკუთრებული სტატუსის მქონე პატიმრებთან შემასახლეს. იქ კი, თურმე, მელოდნენ. განსაკუთრებით კი – კანონიერი ქურდი, „ტრაწიას“ ბიძაშვილი „კოპიტა“. მე სწორედ მის საკანში მოვხვდი და როგორც კი შევედი, ზიზღით შემომხედა და მითხრა:.
– მოდი აქ!
მივედი. მან კი მკითხა:
– შენ მოკალი ჩემი ბიძაშვილი?
– „ტრაწია“ თქვენი ბიძაშვილი იყო?
– შე ნაბიჭვარო, „ტრაწია“ კი არა, სერგო.
– თქვენს სტატუსს ვცემ პატივს და ამიტომ არ გპასუხობთ თქვენივე ლექსიკონით. მე შური ვიძიე, მან ჩემი უფროსი ძმა მოკლა და ამიტომ.
– ძაღლი დაბრიდა!
– ძაღლი და ნაძირალა თქვენი ბიძაშვილი იყო. ზურიკო კი – ჩემი უფროსი ძმა, მილიციაში მუშაობდა, – მშვიდად ვუთხარი „კოპიტას“.
კანონიერ ქურდს თვალები აენთო. ჩემზე ხელის აღმართვა მოინდომა და ნარიდან წამოდგა. მე მტკიცედ ვიდექი და მხოლოდ და მხოლოდ მოგერიებას ვაპირებდი. ვიცოდი, რომ ქურდისთვის ხელის დარტყმა, ფაქტობრივად, სიკვდილის ტოლფასი იყო. ყოველ შემთხვევაში, ნახევარ სიცოცხლეს მაინც წამართმევდნენ. „კოპიტას“ დარტყმა უნდოდა, მაგრამ მოქნეული ხელი ჭაღარათმიანმა პატიმარმა დაუჭირა:
– დატორმუზდი, კოპიტ! არ იცი, რომ ტუფტაზე ხელის დარტყმა ბესპრიძელობაა? ქურდი ხარ თუ მოძალადე ლოხი?
აშკარა იყო, რომ ჭაღარათმიანი პატიმარი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რადგან კოლეგას ასე მოექცა. იმაში, რომ ჭაღარა ქურდი იყო, ეჭვი არ მეპარებოდა.
– შავგოგიაჯან, ამან ჩემი ბიძაშვილი, სერგო მოკლა. თვალებში შტირი გაუყარა.
– ვიცნობდი, მაგ შენს „ტრაწიას“, „კოპიტ“ და მაინცდამაინც კარგად ვერ ხასიათდებოდა. ბესპრეძელშჩიკი იყო და არასწორად იქცეოდა. შენი იმედით ხომ არა?
– არა, რა ჩემი იმედით, გოგიაჯან. ხმებს უვრცელებდნენ საცოდავ სერგოს.
– მე კი ვიცი, რომ ქმრის წინ ქალი იხმარა და ეს ამბავი ჩაფარცხეს. მაყუთი გადაუხდია ძაღლებისთვის და მისი ქმარი გააჩუმეს. რა, ტყუილია?
– ის ქალი ჩათლახი იყო, გოგიაჯან.
– კარგია, რომ არ უარყოფ. მეძავი იყო თუ ქალწული, „ტრაწიას“ საქციელი იყო არასწორი და წესით, საქათმეში უნდა ჩაესვათ. ის კი ამ საქმიდან გამოძვრა.
– გოგიაჯან, საწყალი სერგო ზოგჯერ ამეტებდა, მაგრამ საცოდავს ისეთი „ლომკა“ ჰქონდა, რომ ჭკუა-გონებას აკარგვინებდა. ის მილიციელიც ამიტომ შემოაკვდა.
– ლომკის დროს რომ კაცი უკანალიდან იხმარონ, გამართლებაა?
– არა, რას ამბობ, გოგიაჯან.
– ჰოდა, არც ასეთ საქციელს აქვს გამართლება. მოკლა ერთია, თანაც „ლომკის“, მორფინისტობის გამო. ამ ბიჭმაც შური იძია და თავისი ქნა. შენ კი თავი დაანებე ამ ბიჭს. არასწორი საქციელია მისთვის ხელის დარტყმა და პასუხის მოთხოვნა, ყოველ შემთხვევაში, იმის გამო, რაშიც შენ ბრალს სდებ. თუ რამეში ჩაიჭრება, პასუხის მოთხოვნას ყოველთვის მოვასწრებთ. ახლა კი ამ ბიჭს ჩემთან გვერდით მოვათავსებ, რომ აქაურობას მიეჩვიოს.
– მანდ ხომ მე ვწევარ, გოგიაჯან? – გაიკვირვა „კოპიტამ“.
– არა უშავს. ცოტა ქვევით ჩაიწიე და ეს ბიჭი აქ მოვიდეს, – თქვა გოგიამ.
„კოპიტამ“, კანონიერმა ქურდმა, რომელიც ჩემს სასტიკ ეგზეკუციას გეგმავდა, თავისი ადგილი დამითმო. როგორც ჩანდა, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ავტორიტეტის მფარველობის ქვეშ აღმოვჩნდი.
„შავი გოგია“ გოგი ქურხული იყო, შუახნის ჭაღარათმიანი, ძალიან ცნობილი ავტორიტეტი. მას მთელ საბჭოთა კავშირში იცნობდნენ და თვით „ვასია ბრილიანტი“, ვასილ ბაბუშკინიც ძალიან აფასებდა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან