რომანი და დეტექტივი

აღსარება

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.04

აღსარება
დაკოპირებულია

ჩემი ბიოგრაფია სავსეა ხიფათითა და მოულოდნელობებით. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჩემ მიერ განვლილ გზაზე. ვაანალიზებ, ვცდილობ, ყველა დეტალში ღრმად გავერკვე. ბევრ რამეს ვნანობ, ზოგიერთსაც დადებითად ვაფასებ. საბოლოო ჯამში კი, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ეს იყო ჩემი ბედისწერა. ბედისწერის შეცვლა კი შეუძლებელია. ზოგიერთს შესაძლოა, ფატალისტი ვეგონო, მაგრამ ასე არაა. ფატალისტები, ძირითადად, პასიური ადამიანები არიან. მე კი, პირიქით, ყოველთვის აქტიური ვიყავი. ყურები არასდროს ჩამომიყრია. ყოველთვის ვცდილობდი, ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა – როგორც ჩემი, ასევე სხვისიც. თუმცა, ბედისწერა მაინც თავისას შვრებოდა როგორც ჩემ მიმართ, ასევე სხვების მიმართაც.

ბედისწერის პირველი დარტყმა ჩვიდმეტი წლისამ მივიღე. სკოლის დამთავრებას აღვნიშნავდით. ბანკეტის საღამო იყო და თანაკლასელები ვმხიარულობდით. საგანგებოდ შეკერილ კაბებსა და კოსტიუმებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები ლამაზები ვიყავით. განსაკუთრებით მე და ლალი გამოვირჩეოდით. ლალი ჩემი შეყვარებული იყო. ნული კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი. ყველა გვეუბნებოდა, ლამაზი და ძალიან შესაფერისი წყვილი ხართო. დაქორწინებას ვაპირებდით და ეს მთელმა სკოლამ იცოდა. არც ჩვენი მშობლები იყვნენ წინააღმდეგნი. თუმცა მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ქორწინება არ გვეჩქარა, არ გავპარულიყავით. მაქსიმუმ ერთი წელიწადი მოგვეცადა. უმაღლესში ჩაგვებარებინა. ხოლო პირველ კურსს რომ დავხურავდით, ქორწილსაც გადაგვიხდიდნენ და ზღაპრულ საქორწინო მოგზაურობაშიც გაგვიშვებდნენ. გაპარვას არც ვაპირებდით და ველოდით იმ შეპირებული ერთი წლის გასვლას. უკვე მეჯვარეებიც გვყავდა შერჩეული. ორივე ჩვენი თანაკლასელი იყო: ლალის საუკეთესო მეგობარი თინა და ჩემი საუკეთესო მეგობარი კაკო. ისინიც, როგორც მე და ლალი, შეყვარებულები იყვნენ და მალევე აპირებდნენ დაქორწინებას, უფრო მალე, ვიდრე მე და ლალი. თანაც, ჩვენგან განსხვავებით, გაპარვა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ორივე წინასწარ შეგვითანხმდა, რომ წყნეთში, ჩვენი ოჯახის აგარაკზე გავატარებინებდით თაფლობას.

– წყნეთში, აგარაკზე ხომ გაგვამწესებთ? – მკითხა კაკომ, როდესაც გაპარვის გადაწყვეტილება მიიღეს.

– რაზეა ბაზარი, – მხრები ავიჩეჩე.

ლალიმ კი უთხრა:

– ბიჭო, არ ჯობია, რომ ჩვენსავით მოითმინოთ. შემდეგ კი ორი ქორწილი ერთად გადავიხადოთ და საქორწინო მოგზაურობაშიც ერთად გავემგზავროთ?

– მეც ასე ვფიქრობ, – დავამატე მე.

– არა, ბავშვებო, არა! – ლაპარაკში თინა ჩაერთო და დაამატა, – ეს უკვე მყარად გვაქვს გადაწყვეტილი და არაფერი შეიცვლება.

თინას ამ ფრაზამ დამარწმუნა, რომ გაპარვის იდეა მას ეკუთვნოდა. თინიკო საკმაოდ ძლიერი ხასიათის და პრინციპული გოგონა იყო და რაც მთავარია, უზომოდ უყვარდა კაკო. ზედმეტადაც კი, რომ იტყვიან, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მას. გვერდითაც კი არ ახედებდა თავის რჩეულს. ხოლო, თუკი რომელიმე გოგონა გაუღიმებდა ან უარესიც, კაკოსთან საუბრის გაბმას გაბედავდა, თინიკო ისე შეუბღვერდა, „გაკადნიერებულს“, რომ ყოველგვარი ურთიერთობის სურვილს ჩანასახშივე ჩაუკლავდა. თინა ძალიან ლამაზი, ტანადი გოგონა იყო, მაგრამ მისი ეს თვისებები მის მშვენიერებასა და ხიბლს ძალიან აკნინებდა. ყველამ, განსაკუთრებით კი, ქალთა სქესმა, კარგად უწყოდა, რომ თინასთან ხუმრობა ცეცხლთან თამაში იყო და კეთროვანივით გაურბოდნენ მასთან კონფლიქტს. კაკოს გამო თინიკო სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა თავის ღვიძლ ბიძაშვილს, მამამისის ძმის შვილს, ჩვენსავე თანატოლ გოგონას. უკვე სკოლას ვამთავრებდით. თინას დაბადების დღე იყო. მან მთელი კლასი დაგვპატიჟა ასევე, თავისი ნათესავებიც. ერთი სიტყვით, ძალიან მხიარული ახალგაზრდული კამპანია შევიკრიბეთ და, როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, უზომოდ ვმხიარულობდით. ვმღეროდით, ვცეკვავდით. კაკოსთან, რა თქმა უნდა, მხოლოდ თინიკო ცეკვავდა. საღამო ცუდს არაფერს მოასწავებდა. მაგრამ... თინას ღვიძლი ბიძაშვილი გოგონა, რომელთან ერთადაც თინა იყო გაზრდილი, კაკოსთან მივიდა და სთხოვა, მასთან ერთად ეცეკვა... რაც ამას მოჰყვა, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო. თინამ არც აცია, არც აცხელა და თავისი ბიძაშვილი სასტიკად სცემა, ისე, რომ საბრალო გოგოს ტვინი შეერყა. მათი მამები კი – ღვიძლი ძმები სამუდამოდ დაემდურნენ ერთმანეთს. აი, ასეთი გოგონა იყო თინა. კაკო მას მანიაკალურად უყვარდა. მისი დაკარგვის ეშინოდა და ამიტომ იქცეოდა ასე. არადა, სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის იყო.

თინას ფრაზამ – უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიაო, წერტილი დაუსვა ჩვენს თხოვნას მოცდის თაობაზე და გაპარვის თარიღზე დავიწყეთ ბჭობა. ინიციატივა აქაც თინას ეკუთვნოდა და თქვა: ბანკეტიდან გავიპარებითო... გეგმა ასეთი იყო: სასკოლო ბანკეტს ბავშვების დედები ესწრებოდნენ, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ თავიანთ ქალიშვილებს. იქ იმყოფებოდა თინას დედაც. ამიტომ გაპარვის წინ ლალის „გული უნდა წასვლოდა“, რომ დედების ყურადღება მასზე გადასულიყო. თინას ამით უნდა ესარგებლა და გამოპარულიყო. ქვევით კი მას კაკო დახვდებოდა მამამისის მანქანით, რომელიც უნდა მოეპარა და წყნეთის აგარაკზე ასულიყო. მე აგარაკზე უნდა დავხვედროდი მათ და დამებინავებინა. შემდგომ კი კაკოს მანქანით უკან, ბანკეტზე დავბრუნებულიყავი. მანქანა კი ასიოდე მეტრში დამეტოვებინა. ყველაფერი წუთებში გვქონდა გათვლილი. თანაც, ჩვენი ბანკეტი ბაგებში, წყნეთიდან ახლოს იმართებოდა და მთელ ამ ოპერაციას დიდი დრო არ სჭირდებოდა. მოკლედ, დაახლოებით, 2 საათზე მე ბანკეტიდან გავიპარე და წყნეთში ავედი. მალე კაკოს მანქანაც გამოჩნდა. ჭიშკართან რომ მოვიდა, შევნიშნე, იქ თინა არ იმყოფებოდა. კაკომ ფანჯარა ჩამოსწია, ხელით მიმიხმო და მითხრა:

– ჩაჯექი!

კაკოს გვერდით მოვთავსდი და ვკითხე:

– თინიკო სადაა, მოხდა რამე?

– კი.

– რა მოხდა.

– შენთან სალაპარაკო მაქვს.

– გისმენ.

– კარგად მისმენ? – უცნაური ტონით მკითხა კაკომ.

– კი.

– ჰოდა, თუ კარგად მისმენ გაიგე, რომ გაპარვა ჩაიშალა, – თქვა კაკომ. საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი დაამატა, – და, საერთოდ, ჩემი და თინას ქორწინება ჩაიშალა.

– რატომ, რა მოხდა?

– არ მიყვარს. მასთან ცხოვრება არ მინდა. ყელში ამომივიდა მისი გამოხტომები. მოკლედ, ეს საქმე არ გამოვა.

– რა ბუზმა გიკბინა?

– სიყვარულის ბუზმა.

კაკო ძალიან არეული იყო. თანაც, სუნით ვიგრძენი, რომ პლანი ჰქონდა მოწეული და საკმაოდ აღზნებულ-გაბრუებული იყო. სხვა ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, ვუთხარი:

– მოდი, ახლა სახლში შევიდეთ და შენ დაიძინე, მოდუნდი, დამშვიდდი...

– შენ კი თინიკოს ამომიყვან, ხომ? – სიტყვა გამაწყვეტინა კაკომ.

მე მართლა ვაპირებდი თინას ამოყვანას. კაკო მართალი იყო. თუმცა, საპირისპირო ვუთხარი:.

– არ ვაპირებ. შენ გვერდით ვიქნები. უბრალოდ, დაიძინე.

– რა დროს ძილია. აღარ ვარ კაცი სიყვარულისგან ვიწვი და ვიდაგები.

– ვერაფერს ვხვდები. რა სიყვარულისგან? ახლა არ თქვი, თინიკო არ მიყვარსო?

– თინიკოს დედაც... – შეიგინა კაკომ და დაამატა, – სხვა მიყვარს.

– ვინ სხვა?

– სხვა.

– სახელი არ აქვს იმ სხვას?

– აქვს.

– თქვი, ვინ სხვა რა ჰქვია. ვიცნობ?

– ლალი.

– ვინ ლალი?

– შენი ლალი, შენი საცოლე.

ამ სიტყვებმა ჯერ გამაქვავა, შემდგომ მომინდა, კაკო სასტიკად მეცემა. თუმცა, თავი მოვთოკე და ვუთხარი:

– სრულ ჭკვაზე რომ არ ხარ, გეტყობა, მაგრამ ასე რამ გადაგრია?

– სიყვარულმა. ლალის სიყვარულმა. ბავშვობიდან მიყვარს და მაგის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია.

– ახლა აქედან გაქრი და არასდროს დამენახვო, თორემ ძვლებში გადაგამტვრევ! არაკაცი ყოფილხარ. გველი უბეში! – ვუთხარი კაკოს და შევტრიალდი, რომ მანქანიდან გადავსულიყავი. ამ დროს კეფაში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და გონება დავკარგე.

თვალი რომ გავახილე, რეანიმაციაში ვიწექი და დედაჩემის ხმა მომესმა:

– ექიმო, ექიმო, გონებაზე მოვიდა!

როგორც შევიტყვე, თურმე, წყნეთის ხევში მიპოვა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც სოკოს შესაგროვებლად წასულა ტყეში და ხევს რომ ჩაჰყოლია, ლოდებს შორის გაჭედილი ვყოფილვარ. სწორედ იმ ლოდებს გადავურჩენივარ სიკვდილს, თორემ, რომ არ გავჭედილიყავი, უზარმაზარი სიმაღლიდან წვეტიან ქვებზე დავენარცხებოდი და ვერაფერი მიხსნიდა სიკვდილისგან. მოტეხილი მქონდა მარჯვენა ხელ-ფეხი. მძიმე ფორმის ტვინის შერყევა მქონდა და ოთხი დღე გათიშული ვყოფილვარ. რა ძნელი მისახვედრი იყო, რომ ეს ყველაფერი კაკოს ნამოქმედარი იყო... თუმცა, დაკითხვაზე მისულ გამომძიებელს მოვუყევი, რომ თითქოს ბუნდოვნად მახსოვდა, ვიღაცებმა სიგარეტი მთხოვეს და რომ არ აღმომაჩნდა, ამიშარდნენ. ჩხუბი ატყდა და გავითიშე. ეს ისეთი ჩვეულებრივი რამ იყო, რომ ჩემს მონათხრობში ეჭვი არავის შეუტანია. მე კი ერთი სული მქონდა, მალე დავმდგარიყავი ფეხზე, კაკო პირისპირ მენახა და მისთვის პასუხი მომეთხოვა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. საავადმყოფოდან ჩემი გამოწერის წინა ღამეს კაკომ თავისი სახლის სარდაფში თავი ჩამოიხრჩო. მოხდა უარესიც – კაკოს ამქვეყნიდან წასვლას თინიკომ ვერ გაუძლო – წნევის დამწევი წამლებით მოიწამლა თავი და კაკოს უკან გაჰყვა. კაკოსგან განსხვავებით, გოგონამ ბარათი დატოვა, რომელშიც ეწერა: „ჩემს ამქვეყნად ყოფნას არანაირი აზრი აღარ აქვს, აღარ მყავს ჩემი კაკო და მასთან მივდივარ სამუდამოდ“. თინიკოს სიკვდილის მიზეზი აშკარა იყო, კაკოს თვითმკვლელობა კი „პლანის“ გადაჭარბებული რაოდენობით რეგულარულად მოხმარებას დააბრალეს, რაც სრული აბსურდი იყო. თუმცა გაკვეთისას კაკოს ორგანიზმში მოსაწევის კვალი აღმოაჩინეს და როგორც ეტყობა, მან სუიციდის წინ მოსწია. კაკოს თვითმკვლელობის ნამდვილი მიზეზი მეტ-ნაკლებად მე ვიცოდი და როგორც ეტყობა, ჩემი არშემდგარი მეჯვარე შურისძიების შიშმა დათრგუნა. ალბათ, სინდისმაც შეაწუხა. ამხელა წნეხს ვეღარ გაუძლო და თავი ჩამოიკიდა. ყოველივე ეს რომ გავიაზრე, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვინანე, რომ კაკო არ ჩავუშვი. გამომძიებლისთვის სიმართლე რომ მეთქვა, მაშინ კაკოს ციხეში ჩასვამდნენ და ცოცხალი დარჩებოდა. ერთი სიტყვით, კაკოს სიკვდილში ნაწილობრივ საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი და ეს იყო ჩემთვის პირველი დიდი დარტყმა ცხოვრებაში.

წყნეთის ინციდენტის ამბავი არავისთვის მომიყოლია. მათ შორის არც ლალისთვის და მხოლოდ მე ვიცოდი სრული სიმართლე. კაკოს საქციელის მიუხედავად, მის სიკვდილს განვიცდიდი, რომ არაფერი ვთქვა თინიკოზე. ლალი კი განადგურებული იყო და ამ ამბის მონელება უჭირდა. თუმცა, ნათქვამია, დრო ყველაფრის მკურნალია (მე არ ვეთანხმები ამ აზრს) და ერთი წელი რომ გავიდა, მე და ლალი დავქორწინდით. შემდეგ, მართლაც რომ, ზღაპრულ საქორწინო მოგზაურობაში გავემგზავრეთ ხმელთაშუა ზღვაში, თბომავალ „შოთა რუსთაველით“ ერთი თვით და თბილისში უბედნიერესები დავბრუნდით. სანიმუშო ოჯახი გვქონდა. ერთმანეთი უზომოდ გვიყვარდა, მაგრამ სრული ბედნიერებისთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გვაკლდა – შვილი არ გვიჩნდებოდა. გამოკვლევები ჩავიტარეთ და აღმოჩნდა, რომ პრობლემები ლალის ჰქონდა.

– არ ინერვიულოთ, ეს განაჩენი არაა. მოსკოვში ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიებია დანერგილი და იმ კლინიკაში უნდა მიხვიდეთ სამკურნალოდ, – დაგვაიმედა ცნობილმა პროფესორმა და მიმართვა გამოგვიწერა.

მოსკოვში გავემგზავრეთ. ლალიმ ერთთვიანი სამკურნალო კურსი გაიარა და თბილისში დავბრუნდით. გამომგზავრების წინ კლინიკის მთავარმა ექიმმა ლალის დარიგებები მისცა და უთხრა:

– ზუსტად ისე უნდა მოიქცე, როგორც დანიშნულებაში დაგიწერე. ექვს თვეში კვლავ გელოდებით. გაგსინჯავ. შესაბამისი მკურნალობის მეორე ეტაპს ჩაიტარებ და ყველაფერი რიგზე იქნებაო.

უკვე 28-28 წლისები ვიყავით. ოჯახი10 წლის შექმნილი გვქონდა. ყველაფერს ისე ვასრულებდით, როგორც ექიმმა დანიშნა და ექვსი თვის შემდეგ ისევ ჩავედით მოსკოვში. იანვრის მიწურული იყო. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ძლიერი ყინვა იდგა. ქუჩები მოლიპული იყო და გადაადგილება ძალიან ჭირდა. კლინიკაში მივედით. ექიმმა ლალი გასინჯა. მეც იქ ვიმყოფებოდი. თითოეულ დეტალს ვაკვირდებოდი და შევამჩნიე, თუ როგორ გაუბრწყინდა ექიმს თვალები. მან მე ეშმაკურად შემომხედა და თვალი ჩამიკრა. ლალის უთხრა, ჩაიცვიო. შემდგომ ორივეს მოგვმართა, დაბრძანდითო და საზეიმოდ გამოგვიცხადა:

– გილოცავთ, ახალგაზრდებო! მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მშობლები გახდებით. ნაყოფი თვე-ნახევრისაა. ასე რომ, მკურნალობის მეორე ეტაპი აღარაა საჭირო.

ექიმს დიდი მადლობა გადავუხადეთ, საკმაო თანხაც ვაჩუქეთ და სასტუმრო „როსიაში“ დავბრუნდით, სადაც ვცხოვრობდით. უმალვე თბილისში დავრეკეთ და ეს სასიხარულო ამბავი, პირველ რიგში, ჩემს მშობლებს შევატყობინეთ. კინაღამ გადაირივნენ სიხარულისგან. მამაჩემმა კი მითხრა:

– გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო! მოუთმენლად გელოდებით. ორი საკოლექციო „ნაპოლეონი“ რომ მაქვს, ერთს მაშინ გავხსნი, რომ ჩამოხვალთ. მეორეს კი შენი ვაჟკაცი რომ დაიბადება – მაშინ.

– რა იცი, რომ ბიჭია? – ვკითხე მამას.

– რა ცოდნა უნდა, ბიჭო, ამას. ჩვენს გვარში პირველი ყოველთვის ბიჭი იბადება და არც შენ იქნები გამონაკლისი.

– ჯანმრთელი დაიბადოს და გოგო იყოს, – ჩაერთო დედაჩემი.

მამამ კი შეუღრინა:

– გაჩუმდი, ქალო! გოგო შემდეგი იქნება. პირველი კი აუცილებლად ბიჭი უნდა იყოს, თანაც, ჩემი სეხნია.

– აბა, რა, – დავუდასტურე მამას.

– მოკლედ, გელოდებით. მალე ჩამოდით. ხვალვე გადმოფრინდით, შვილებო, – გვითხრა დედაჩემმა და დავემშვიდობეთ.

– ახლა ჩემებს ვახაროთ, – მთხოვა ლალიმ და მის მშობლებს დავურეკეთ.

ლალის მშობლებსაც ძალიან გაუხარდათ. დიდხანს ველაპარაკეთ და ვუთხარით, რომ თბილისში მეორე დღეს ვბრუნდებოდით.

– დედიკო, დედიკო, ძალიან გთხოვ, დეიდაშენს ესტუმრე. რაც გათხოვდი, იმის მერე არ გინახავს. ძალიან გაუხარდება თქვენი სტუმრობა და ზეგ ჩამოდით. ხვალ კი მასთან მიდით.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა