რომანი და დეტექტივი

აღსარება

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.04

აღსარება
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #12 (1265)

ჩემი სიდედრის დაჟინება, რატომღაც არ მესიამოვნა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ლალის დეიდა დიპლომატზე იყო გათხოვილი და სულ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. იმ მომენტისთვის კი ისინი მოსკოვში იყვნენ რამდენიმე დღით. რა გაეწყობოდა, თვითმფრინავის ბილეთები შემდეგი დღისთვის, პირველივე რეისზე შევუკვეთეთ. მეორე დღეს კი ლალის დეიდასთან წავედით სტუმრად. თოვდა. ყინავდა და ძალიან ვფრთხილობდით. ლალის ხელს არ ვუშვებდი, რომ ყინულზე ფეხი არ დაცურებოდა და არ წაქცეულიყო. დაახლოებით, დღის 2 საათი სრულდებოდა, როდესაც ტორტების მაღაზიაში შევედით. არ გვინდოდა ოჯახში ხელცარიელი მივსულიყავით, გადავწყვიტეთ, ტორტი გვეყიდა და მიგვეტანა. უზარმაზარი რიგი იდგა და დაახლოებით, ერთი საათი ველოდეთ, სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა. ჩვენ წინ რომ ერთი ადამიანი დარჩა, ლალიმ მითხრა:

– ტაქსის გავაჩერებ და მანქანაში დაგელოდები.

– მოიცადე, ერთად გავიდეთ, – ვუთხარი ლალის, რომელიც უკვე გასასვლელისკენ მიდიოდა და ჩემი სიტყვები ვერ გაიგო. ამ დროს ტორტების გამყიდველმა მკითხა, რომელი ტორტი გინდათო. მე მივუთითე, რომელიც მინდოდა. მან კი ყუთი მოამზადა ტორტის ჩასადებად.

– ოცი მანეთი, – მითხრა გამყიდველმა და ტორტი დახლზე დადო.

ხელი საფულისკენ წავიღე, მაგრამ ამოღება ვერ მოვასწარი, რომ ქუჩიდან ქალების კივილის ხმა გავიგონე და შურდულივით გავვარდი გარეთ. ორი ხანში შესული ქალი კი განწირულად კიოდა, იქვე რამდენიმე მოქალაქე იყო შეკრებილი, ისინი ვიღაცას დაჰყურებდნენ. ყინულიან მიწაზე ჩემი ლალი გაუნძრევლად იწვა. მარჯვენა საფეთქლიდან სისხლის მსხვილი კოლტი ჰქონდა და სახეზე ღიმილი შეჰყინვოდა. ამ სურათის ხილვამ ადგილზე გამაქვავა. ლალის შეძრწუნებული მივშტერებოდი და ბოლომდე ვერ გამეცნობიერებინა, რა მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა გამომძიებელს უთხრეს, ტორტების მაღაზიიდან გამოსულ ლალის ვიღაც ახალგაზრდა დასხმია თავს. ლალისთვის ჩანთა გამოუტაცია, რომელიც მხარზე ჰქონდა გადაკიდებული და გაქცეულა. ლალი კი დავარდნილა, საფეთქელი დაურტყამს და შემდეგ, რაც მოხდა, უკვე ვთქვი...

რას ვიფიქრებდი, თუ ბედისწერა ასე სასტიკად მომექცეოდა. მეტიც, ლალის ასეთმა ტრაგიკულმა დაღუპვამ სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ჩემი და მისი მშობლების სიცოცხლეები შეიწირა. არადა, ოთხივე საკმაოდ ახალგაზრდები იყვნენ. მაგრამ ამ უბედურებას ვერ გაუძლეს. ალბათ, მეც მათ მივყვებოდი, მაგრამ შურისძიების სურვილმა გადამარჩინა. იმედი მქონდა, რომ ლალის მკვლელს დააპატიმრებდნენ და გაასამართლებდნენ. მე კი მას სასამართლოზე მოვკლავდი. ამ იმედში გავიდა ორი წელიწადი. ხშირად ვურეკავდი ამ საქმის გამომძიებელს და ოპერატიული სამსახურის უფროსს, მაგრამ წინსვლა არ იყო და ყოველგვარი იმედი გადამეწურა. სრულიად მარტო ვიყავი დარჩენილი. და მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც, 30 წლის ვიყავი, საშინლად დავჩაჩანაკდი. წვერს არ ვიპარსავდი. ბევრს ვეწეოდი. ხელ-პირსაც კი არ ვიბანდი და რაც მთავარია, გავლოთდი. ყოველდღე ვსვამდი. გამოფხიზლება არ მინდოდა. სამსახურს თავი დავანებე და ფული რომ გამომელია, ოჯახიდან ნივთების გატანა დავიწყე. ყველაფერს ჩალის ფასად ვვყიდდი და ოჯახის თითქმის ყველა რელიკვია გავანიავე. ჩემი ასეთი ყოფის მესამე თვე იყო. თბილისში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იდგა და ქუჩებში ხალხი ლამის პერანგებით დადიოდა. უთენია გამეღვიძა. თავი საშინლად მტკიოდა და რა თქმა უნდა, დალევის სურვილი მკლავდა. ძლივს წამოვწიე თავი და იქაურობა იმ იმედით შევათვალიერე, რომ ასი გრამი არაყი მაინც მეპოვა, თუმცა უშედეგოდ. არადა არც ფული მქონდა. თავი თუჯივით დამმძიმებოდა. მაგრამ დალევის სურვილმა წამომაყენა და კომოდის უჯრიდან, სადაც ძვირფასეულობის ყუთი იყო შენახული, რაღაც ნივთი ავიღე და გასაყიდად გავაქანე. ნივთი მაგრად მქონდა ხელში ჩაბღუჯული და რაც შემეძლო, სწრაფად მივდიოდი. გზადაგზა ნაცნობები მხვდებოდნენ. თვალს მარიდებდნენ, ხელის ჩამორთმევაზე რომ არაფერი ვთქვა, გამარჯობასაც არავინ მეუბნებოდა. არადა იყო დრო, როცა თითოეულ მათგანს ჩემ გვერდით გავლა დიდ პატივად მიაჩნდათ, მაგრამ ბედისწერამ ეს სურათი რადიკალურად შეცვალა. როგორც იქნა, მივაღწიე ანტიკვარულ მაღაზიას, სადაც ნივთებს ვაბარებდი ხოლმე და ნაცნობ გამყიდველს მივადექი.

– ო, დიტო-ჯან, დიტო-ჯან, მოხვედი? – მითხრა აფერისტმა ჩარჩმა და დაამატა, – აბა, რა ბარახლო მომიტანე დღეს?

– აი, ეს, – გავშალე ხელისგული და გასაყიდი ნივთი, რომლისთვისაც არც კი დამეხედა, ვანახვე.

– ჰა, ჰა, ორმოცდაათი მანეთი თუ გაქაჩოს და ისიც შენი ხათრით, – მითხრა ჩარჩმა. უმალვე გამომართვა და ჯიბიდან სასწრაფოდ დააძრო ტკიცინა ორმოცდაათმანეთიანი და გამომიწოდა.

უკიდურესად დაკნინკებისა და გონებადაბინდულობის მიუხედავად, რატომღაც უცებ გონება გამინათდა... ჩარჩს, რომელსაც თითქმის მთელი ჩემი ოჯახის ძვირფასეულობა მივყიდე, 20 მანეთზე მეტი არასდროს მოუცია, 50 მანეთი კი უზარმაზარ ქონებად მომეჩვენა და ვუთხარი:

– ვაზგენ, ერთი წუთით, მანახვე ეს ნივთი.

ჩარჩმა უხალისოდ გაშალა ხელი და რომ დავხედე, გავშრი... ჩარჩის ხელის გულზე ლალის ნათლობის ჯვარი ბრწყინავდა. ოცდაათგრამიანი ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული ჯვარი სამოცდაათგრამიან ბაჯაღლო ოქროს ძეწკვზე ეკიდე. შუაში კი ოთხივე კუთხეში მოზრდილი ლალის თვლები კიაფობდნენ. ჩემი ლალის ნათლიამ ეს ჯვარი სპეციალურად დაამზადებინა ერთ ცნობილ იუველირს და ამ საქმეში 2 ათასი მანეთი გადაუხადა. თავად ჯვარი კი, მინიმუმ, 25 ათასი მანეთი ღირდა. ალბათ, წამის მეათესედში გაირბინა ჩემს გონებაში ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ. თვალებიდან ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები. ჯვარს ხელი დავტაცე. მუშტში ჩავბღუჯე და მაღაზიიდან სწრაფად გავედი. ნაბიჯს ავუჩქარე. ავტირდი და სად მივდიოდი, არც კი ვიცოდი. დალევის სურვილი სრულიად გამიქრა და მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ტრაგიკულ ბედისწერაზე ვფიქრობდი, რამაც აქამდე მიმიყვანა...

მეტროს ბაქანზე რომ ჩავედი, იმდენი ხალხი დამხვდა, რომ ტევა არ იყო. ისინი ერთმანეთს ეკვროდნენ. მე რომ დამინახეს, სასწრაფოდ გაიწ-გამოიწივნენ, რომ არავის შევხებოდი. „ძალიან კარგი. მეც სწორედ ეს მინდა, რომ გასაქანებელი სივრცე მქონდეს“, – გავიფიქრე გუნებაში და მატარებლის გამოსვლას დაველოდე. საათს შევხედე: მეტროს ვაგონების გამოჩენას 2 წუთი აკლდა და ზუსტად ამდენი დრო მქონდა დარჩენილი სიცოცხლის დასასრულებლად. სულ რაღაც 13 წამი რომ დარჩა, ბნელი გვირაბი განათდა და დიდი სისწრაფით მომავალი მატარებლის რახარუხი მომესმა. ორიოდე ნაბიჯით უკან დავიხიე, ერთხელ პირჯვარი გადავიწარე, შემდეგ ხელში ჩაბღუჯულ ჯვარს ვეამბორე და ისევ ხელი მოვუჭირე. დაძენძილ ქურთუკში ხელის ძლიერი ჩავლება ვიგრძენი, უკან გავიხედე და ანაფორიან ახალგაზრდა კაცს მოვკარი თვალი, რომელიც მიღიმოდა. შემდგომ კი ხელი გამომიწოდა და მითხრა:

– წამოდი, შვილო, შენთან სალაპარაკო მაქვს.

ჩემი მხსნელი ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახური მამა ბასილი აღმოჩნდა. მან ტაქსით წამიყვანა თავის სახლში. ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა და მითხრა:

– მადლობა უფალს, რომ არ გაგწირა და ჯოჯოხეთისგან გიხსნა. თვითმკვლელობა მომაკვდინებელი ცოდვაა და საშინლად დაიტანჯებოდი.

– მადლობა თქვენ, მამაო. თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.

– ცდები, შვილო, ცდები მადლობა უფალს, რომ ასე მოაწყო და ცოცხალი გადარჩი.

როგორც შევიტყვე, მამა ბასილი, თურმე, მეტროსთან თავის მრევლს უნდა შეხვედროდა, რომელსაც მანქანით უნდა მიეკითხა მისთვის და თავისი ახალი სახლის საკურთხებლად წაეყვანა. იმ კაცს გზაში მანქანა გაფუჭებია, თანაც ისეთ უდაბურ ადგილზე, სადაც კანტიკუნტად მოძრაობდა ტრანსპორტი და მამა ბასილი კი მეტროთი დიდუბეში უნდა წასულიყო, რომ ავტოსადგურიდან იმ კაცის სახლში სამარშრუტო მიკროავტობუსით გამგზავრებულიყო. ერთი სიტყვით, ჩემი ბედისწერა ამგვარად დატრიალდა და მხსნელად მამა ბასილი მომივლინა.

მამა ბასილი არა მარტო ჩემი სიცოცხლის, არამედ სულის მხსნელიც აღმოჩნდა. მან დამაბრუნა ცხოვრებაში. დამაწყებინა სასულიერო მსახურება და 35 წლის რომ გავხდი, რეკომენდაცია გამიწია და მღვდლად მაკურთხეს. თავდაპირველად რიგით მღვდლად ვმსახუროდი ტაძარში, რომელსაც ის წინამძღოლობდა. შემდგომ კი მისი ადგილი დავიკავე, რადგან მამა ბასილი ციმბირის ერთ-ერთ მიყრუებულ მამათა მონასტერში გაემგზავრა, რომელიც შუა ტაიგაში მდებარეობდა. ის სამუდამოდ იქ დამკვიდრებას აპირებდა. მინდოდა, მას გავყოლოდი, მაგრამ უარი მითხრა და დამმოძღვრა:

– დიმიტრი, შენთვის ჯერ ადრეა მონასტრული ცხოვრება. გამოცდილება მიიღე, ღირსეული წინამძღოლობა გასწიე და ღმერთი თავად გიჩვენებს გზას.

მონასტრის წინამძღოლობა საკმაოდ რთული საქმე იყო, მაგრამ ყოველნაირად ვცდილობდი, ღირსეულად გამერთმია თავი ამ მისიისთვის. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მრევლი კიდევ უფრო გაიზარდა და საკმაოდ შორს გავითქვით კეთილი სახელი. ადამიანები სხვა რეგიონებიდანაც კი მოდიოდნენ და ჩვენი მრევლი ხდებოდნენ. ერთ საღამოს ხალხით გადაჭედილ ტაძარში ორმოციოდე წლის უცნობ მამაკაცს შევავლე თვალი. მან ბოლომდე მოიცადა. სრულად დაესწრო წირვას. დამელოდა, სანამ ბოლო ადამიანს გავისტუმრებდი და ჩემთან მოვიდა.

– მამაო, შეიძლება, დაგელაპარაკოთ? – მკითხა უცნობმა.

მიუხედავად იმისა, რომ ლამის 2 საათი იყო და ფეხზე ძლივს ვიდექი, ვუპასუხე:

– დიახ, ბრძანეთ. გისმენთ.

– მამაო, გუშინწინ დავბრუნდი თბილისში. მანამდე კი, მცირედი პაუზებით, 15 წელიწადი პატიმრობაში გავატარე და აღსარება მინდა, ჩაგაბაროთ.

– ბრძანეთ. გისმენთ!

– თუ შეიძლება, ხვალ მოვალ. საკმაოდ დაღლილი ჩანხართ. მეც მინდა, ყველაფერი კარგად გავიხსენო.

– კეთილი. მაშინ ხვალ დილის 8 საათზე მობრძანდით ტაძარში და დილის ლოცვის დაწყებამდე მოგისმენთ.

უცნობი მამაკაცი ზუსტად დანიშნულ დროს მოვიდა. მას მურმანი ერქვა და აღსარება დაიწყო. როგორც მისი მონათხრობიდან დავადგინე, ის იყო „მელკი ჟულიკი“, ანუ წვრილფეხა ბოროტმოქმედი, რაიმე სერიოზული კრიმინალური პროფესიის გარეშე. ექვსი ნასამართლობა ჰქონდა სხვადასხვა წვრილმანი დანაშაულებების გამო. ხან მაღაზიიდან იპარავდა სხვადასხვა ნივთსა და პროდუქტებს, ხან ბაზარში ქურდობდა, ზამთარში კი მოქალაქეებს ძვირფასი ნუტრიის ბეწვის ქუდს სტაცებდა და გარბოდა. ზოგჯერ სადგურზე მგზავრს ჩემოდანს მოჰპარავდა, ერთი სიტყვით, ასეთებს „შავ სამყაროში“ არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნდათ და ალმაცერად უყურებდნენ. ორმოცი წუთი გაუჩერებლად ილაპარაკა და პაუზა გააკეთა. ოც წუთში დილის ლოცვა უნდა დამეწყო. მრევლს თითქმის აევსო ტაძარი და ჯერ კიდევ მოდიოდნენ. ვიფიქრე, დაასრულა-მეთქი და უკვე ცოდვების მიტევებას ვაპირებდი, მაგრამ მითხრა:

– კიდევ ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, რომელიც მძიმე ტვირთად მაწევს სულსა და გულზე.

– ბრძანეთ!

მურმანმა ისტორიის მოყოლა დაიწყო და მითხრა, რომ ერთხელ, მოსკოვში, ძალიან ცივ ზამთარში ვიღაც ახალგაზრდა ქალს ჩანთა გამოსტაცა და გაიქცა. ქალი კი ყინულზე დაეცა. მეორე დღეს კი შეუტყვია, რომ იმ ქალს საფეთქელი დაურტყამს და ადგილზევე გარდაცვლილა. თავდაპირველად ვერც კი გავიაზრე მისი მონათხრობი. მაგრამ უცებ, თავში დამარტყა საშინელმა აზრმა და თვალწინ ჩემი ლალი წარმომიდგა. რამდენიმე კითხვა დავუსვი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აღსარებას მაბარებდა ჩემი ცოლისა და მომავალი შვილის მკვლელი, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება დამინგრია. წამართვა ყველაზე ძვირფასი რამ – ბედნიერება, რომელშიც გაერთიანებული იყო მთელი ჩემი ოჯახი, ჩემი ღირსება და რაც მთავარია, ჩემი უახლოესი ადამიანების სიცოცხლე. უცებ მომინდა, რომ ამ არარაობას ყელში ვწდომოდი და იქვე მომეხრჩო, მაგრამ თავი შევიკავე და ვუთხარი:

– შენი ზიარება ხვალისთვის გადავდოთ. მანამდე კი ლოცვები წაიკითხე. დილით კი, 8 საათზე აქ მოდი და გაზიარებ.

მურმანი წავიდა. მე კი დილის ლოცვის დაწყება მიჭირდა, მაგრამ თავს ვძლიე. თუმცა, ძალიან დაძაბული ვიყავი და რიტუალი რის ვაი-ვაგლახით ჩავამთავრე. შემდგომ კი მრევლს ბოდიში მოვუხადე. ვუთხარი, რომ სასწრაფო საქმეზე მიმეჩქარებოდა და საზიარებლად მეორე დღისთვის დავიბარე.

ტაძრიდან სახლში წავედი. საწოლზე წამოვწექი და თავიდან ბოლომდე გავაანალიზე მურმანის მონათხრობი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწორედ ის იყო ჩემი ლალის მკვლელი და შურისძიებაზე დავიწყე ფიქრი. ეს არაკაცი უნდა გამენადგურებინა და საგულდაგულოდ ვარჩევდი მკვლელობის იარაღს. ქრისტიანული წესით, უნდა მიმეტევებინა, მაგრამ ამის გაკეთება ჩემს ძალებს აღემატებოდა. პანაღეა მოვიხსენი და ყველანაირი სამღვდელო სამოსიც კი გავიხადე. მთელი ღამე თეთრად გავათენე და 8 საათზე უკვე ტაძარში ვიყავი. მურმანი იქ დამხვდა და ვუთხარი:

– სასაფლაოზე წამომყევი და იქ გაზიარებ... საფლავსაც ვაკურთხებ.

– კარგი, მამაო, – მითხრა მურმანმა და ლალის საფლავზე წავედით.

საფლავი ვაკურთხე, შემდეგ მაგიდაზე ორი ჭიქა დავდგი და წითელი ღვინით შევავსე. ერთი ჭიქა მოწამლული იყო. მეორე კი – სუფთა. რომელი რომელი იყო, არ ვიცოდი ან მე მოვიწამლებოდი ან ის არაკაცი. ერთი სიტყვით ბედისწერას მივენდე. საწამლავი ხუთი წუთის შემდეგ იწყებდა მოქმედებას და უმალვე კლავდა.

– აიღე ნებისმიერი და შესვი, – ვუთხარი მურმანს.

მან ერთი ჭიქა ასწია და ღვინო ბოლომდე შესვა. იგივე გავაკეთე მეც. სანამ სასიკვდილო კრუნჩხვა დაეწყებოდა, ერთ-ერთ ჩვენგანს და შეიძლებოდა, ეს მე ვყოფილიყავი, სიტყვის თქმა უნდა მომესწრო. მურმანს მწველი მზერა მივაპყარი და ვუთხარი:

– ამ საფლავში განისვენებს ჩემი ცოლი, ქალი, რომელიც შენ ვერაგულად მოკალი მოსკოვში და წყეულიმც იყავ სამარადჟამოდ და ჯოჯოხეთში იწვოდე უკუნითი უკუნისამდე!

ამ სიტყვების გაგონებაზე მურმანს თვალები აენთო. წამოდგა, ჩემკენ წამოიწია, მაგრამ საწამლავმა იმოქმედა, იქვე დატრიალდა, სასაფლაოს ღობეს გადაევლო და მიწაზე უსულოდ დავარდა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა