აბები
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.07
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #28 (1228)
– რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო საეჭვო გახდება ამ საქმის გახსნა. ამიტომ ხვალვე ვიწყებ მოქმედებას, – მითხრა კოტემ, როდესაც პოლიციის უფროსს ტელეფონი გაუთიშა და დაამატა, – მოქმედების გეგმაც მზად მაქვს.
– გამაცანი. გისმენ, – ვუთხარი კოტეს.
– ძალიან მარტივი სქემაა, მაგრამ, ძალა უნდა გამოვიყენოთ. ასეა საჭირო, სხვაგვარად არ გამოვა. და კანონი უნდა დავარღვიო. თუმცა, ფეხებზე მკიდია.
– დავარღვიოთ. – დავამატე მე, – და ახლა რას ვაკეთებთ?
– მოკლედ, ჩვენს უბანში რომ სკვერია, იქ ნარკომანები იკრიბებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შხამი ერთ-ერთ მათგანს უნდა აეღო და თითქმის დარწმუნებული ვარ, ვიცი, ვის. ერთი ნაბიჭვარია, „კროტიკოს“, ანუ „თხუნელას“ ეძახიან. ერთი ორჯერ ჩვენს სადარბაზოსთან მოვკარი თვალი. იმ დღესაც დავლანდე, როცა კოტიკო მანქანაში ჩავსვით, კორპუსთან იდგა და გვიყურებდა. ამ „კროტიკოს“ გავიტაცებ. ნატოს ძმის სარდაფში ჩავათრევ, ლოტკინზე და მისგან გავალ სხვებზე.
– შენი რძლის ძმის, ხომ?
– ჰო. ის ახლა გერმანიაშია წასული სასწავლებლად და სახლი ცარიელია.
– როდის გავიტაცოთ ის ნაბიჭვარი.
– შენ ჯერ არ ხარ საჭირო. ამ საქმეს მე თვითონ გავაკეთებ და თუ დამჭირდი, გეტყვი. ჩემს კოტიკოს მიმიხედე!
– მარტო არ გაგიჭირდება? რაც არ უნდა იყოს, ახალგაზრდაა.
– ასეთებს ერთ ბატალიონს წავათრევ. დარდი ნუ გაქვს, სუფთად ვიმოქმედებ, – მითხრა კოტემ და წავიდა.
„კროტიკო“ ოცდაათიოდე წლის, „ნასროკალი“ ბიჭი იყო. უბანში ხმა ჰქონდა გაგდებული, რომ ქურდობას აპირებდა. თუმცა, მისგან ქურდი ისე დადგებოდა, როგორც ვირთხისგან ლომი. მანქანა ჰყავდა და უბანში „დვიჟენიობდა“. დაფაციფუცობდა და პირტიტველა, გამოუცდელ, უტვინო ბავშვებს „აბოლებდა“. ღამით კოტე მას სადარბაზოში ჩაუსაფრდა. ლიფტთან მითიშა, უზარმაზარ ჯვალოს ტომარაში ჩატენა, ბუჩქებში დამალული მანქანის საბარგულში ჩააგდო და ლოტკინისკენ დაიძრა. სარდაფში რომ ჩაათრია, ტანსაცმელი გახადა და ტრუსიკის ამარა დატოვა. ჯიბეებში ორი აბი „ექსტაზი“, მობილური ტელეფონი და საფულე აღმოუჩინა. არც კი გაუკოჭავს, გრძნობაზე მოიყვანა და მიაჩერდა.
– ჩემი დედა... ეს რა პონტია?!. ბიძაჩემო, რა ხდება? – წაიბლატავა „კროტიკომ“.
– აბა, შე ნაბიჭვარო, ამოკაკლე ყველაფერი! ვის მოაქვს ეს შხამი? – კბილებში გამოცრა კოტემ.
ტრუსისამარა „კროტიკო“ მისკენ გაქანდა დასარტყმელად. კოტემ მას მუშტი დაახვედრა შუბლში. შემდეგ ყელში ხელი წაუჭირა, ააფართხალა და უთხრა:
– პასუხი გამეცი, თორემ ჰაერში მოგახრჩობ, შე ნაბიჭვარო!
შემდეგ იატაკზე დააგდო და დააჩერდა.
„კროტიკომ“ კიდევ ერთხელ სცადა თავის დაძვრენა. კოტეს ქურდებით აშინებდა და ემუქრებოდა, მაგრამ კიდევ ორჯერ რომ მიიღო მუშტი ყბაში და ოთხი კბილი ფესვიანად ამოუვარდა, დანებდა და ყველაფერი დაფქვა. დაასახელა უბნის ყველა ის ნარკომანი, ვინც ნარკოტიკს ტელეფონის მეშვეობით ყიდულობდა. სქემა მარტივი იყო, როგორც ვვარაუდობდით, ისეთი: კონკრეტულ პიროვნებას ანგარიშზე ფულს ურიცხავდნენ. შემდეგ ის ურეკავდა მყიდველს და ნარკოტიკის ადგილსამყოფელს უხსნიდა. კოტემ სწორად გამოიცნო, სწორედ „კროტიკოსთვის“ იყო განკუთვნილი ის „ექსტაზი“, რომელიც სადარბაზოში, ელექტრომრიცხველების კარადის ნიშში იყო დამალული. სწორედ იქ იპოვა პატარა კოტიკომ და ჩაკბიჩა. „კროტიკომ“ ბარიგების ვინაობა და ტელეფონის ნომრებიც დაუსახელა კოტეს. ანგარიშის ნომერიც უთხრა და ბოლოს დაამატა, რომ თურქეთში მყოფი ორი ქურდისთვის ის „ობშჩიაკს“ აგროვებდა და სტამბოლში უგზავნიდა. მაძალებდნენ ის ბოზებიო, – ასე მოიხსენია „კროტიკომ“ ქურდები, რაც მისი, ქურდის ტიტულის მაძიებლის, კარიერის დასასრული იყო. კოტეს ყველაფერი ეს მობილურზე ჰქონდა ჩაწერილი და შეინახა. შემდეგ „კროტიკო“ მაგრად გაკოჭა, ძელზე მიაბა და პირში ალიკაპი ამოსდო. წასვლის წინ კი უთხრა:
– ილოცე, შე ნაბიჭვარო, რომ ჩემი შვილიშვილი ცოცხალი გადარჩეს, თორემ საშინელი წამებით მოგკლავ.
მეორე დღეს კოტემ რუსი ცოლ-ქმარი, ვინმე ვანია და ტანია მოიხელთა. ისინი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ქირაობდნენ ბინას და ნარკოტიკული აბებით ვაჭრობდნენ. ქალი, უბრალოდ, ძელზე მიაბა და არ უძალადია. ვანია კი „კროტიკოსავით“ ტრუსისამარა დატოვა და მხოლოდ ერთი მუშტით დააფქვევინა ყველაფერი. ვანიამ ის ნარკოდილერი დაასახელა, ვინც ბარიგებს გასაყიდად ნარკოტიკს აძლევდა. ისიც რუსი აღმოჩნდა, სახელად – პეტია. მას თბილისში საკუთარი სახლი ჰქონდა ნაყიდი და ცოლთან ერთად ცხოვრობდა. პეტიას კოტე სახლში დაადგა და უამრავი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინა. ყველაფერი ეს მობილურით გადაიღო და მათი წარმომავლობის შესახებ ჰკითხა. პეტიამ კი მიუგო:
– ეს რომ ვთქვა, მომკლავენ და არც თქვენ გაცოცხლებენ.
– მაშინ, ჯერ შენს ცოლს დავწვავ ცოცხლად, შემდეგ კი შენ, – მშვიდად უპასუხა კოტემ.
პეტიამ ტვირთის გადამზიდავი კომპანიის ერთ-ერთ ქართველ ხელმძღვანელზე მიუთითა და დაამატა:
– ძალიან საშიში ადამიანია. დიდი კავშირები აქვს როგორც რუსეთში, ასევე აქ. მისი მოხელთება შეუძლებელია. გირჩევთ, შეეშვათ ამ საქმეს. ფული აიღოთ და წახვიდეთ.
– იმ კაცთან შეხვედრის დრო და ადგილი – სწრაფად! – კბილებში გამოცრა კოტემ.
– შეეშვით ამ საქმეს, – გაიმეორა პეტიამ და დაამატა, – ფული აიღეთ, ასი ათასი დოლარია და წადით.
მას შემდეგ, როცა კოტემ პეტიას ყელში ხელი წაუჭირა, აახროტინა და ძირს დააგდო, პეტიამ ამოილუღლუღა:
– დღეს. საღამოს 10 საათზე უნდა მოვიდეს ფულის წასაღებად... აქ.
კოტემ პეტია გაკოჭა. პირი ამოუვსო, რომ არ ეყვირა. მის ცოლსაც ასე მოექცა და სტუმრებს დაელოდა. საღამოს 9 საათი იქნებოდა, ვიზიტორები ერთ საათში უნდა მოსულიყვნენ.
დრო ძალიან ნელა გადიოდა და როგორც იქნა, ათი საათიც შესრულდა, მაგრამ ვიზიტორები ჯერ კიდევ არ ჩანდნენ. თერთმეტის თხუთმეტი წუთი სრულდებოდა, რომ პეტიას ეზოში შავი, ახალთახალი „ჯიპი“ შესრიალდა. კოტემ პისტოლეტი შეაყენა. პირველ სართულზე ჩავიდა და ახალმოსულებს კართან ჩაუსაფრდა. ორნი იყვნენ. ისინი მხიარულად საუბრობდნენ ერთმანეთში და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა ელოდათ. როგორც კი ჰოლში ორიოდე ნაბიჯი შედგეს, კოტემ მათ პისტოლეტი მიუშვირა და მტკიცედ უთხრა:
– ხელები მაღლა და არ გაინძრეთ, თორემ გაუფრთხილებლად დაგაჭედებთ კეფაში ტყვიას!
ვიზიტორები გაქვავდნენ. კოტემ ისინი იატაკზე დააწვინა და გაჩხრიკა. ორივეს პისტოლეტები აართვა და უთხრა:
– შეგიძლიათ, ადგეთ. აბა, ერთი ვნახოთ, ვინ ხართ.
მაღალი გადამზიდავი კომპანიის ხელძღვანელი აღმოჩნდა, რომელიც ცინიკურად უმზერდა პისტოლეტმომარჯვებულ კოტეს. მეორეს რომ შეხედა, კოტეს სახეზე განცვიფრება გამოესახა, რადგან ის სწორედ იმ უბნის პოლიციის უფროსი იყო, სადაც დანაშაული მოხდა და გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებდა და სავარაუდოდ, არც აპირებდა.
კოტეს დანახვაზე პოლიციის უფროსიც შეცბა, თუმცა, თავი მოთოკა და კოტეს უთხრა:
– გამარჯობა, ბატონო კოტე. აქ რას აკეთებთ, რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
– წინ იარეთ, თქვე ნაბიჭვრებო და ზედმეტი მოძრაობა არ გაბედოთ, თორემ აქვე ღორებივით დაგყრით! – კბილებში გამოცრა კოტემ და ვიზიტორები წინ გაირეკა.
მეორე სართულზე რომ ავიდნენ, უფლება მისცა, დამსხდარიყვნენ და უთხრა:
– ნარკოფულების წასაღებად მოხვედით აქ, ასი ათასი დოლარი გინდათ, ხომ?
პოლიციის უფროსი ხმას არ იღებდა. მეორემ კი კოტეს უთხრა:
– ბატონო კოტე, მერწმუნეთ, ძალიან ვწუხვართ თქვენი შვილიშვილის გამო და ყველაფერი კეთდება ბოროტმოქმედთა დასაკავებლად და დასასჯელად.
– კრინტი! ხმა! აქ მე მყავხართ მთავარი ბოროტმოქმედები.
– ჩვენ? – ყალბად გაიოცა პოლიციის უფროსმა.
– ჰო, თქვენ, თქვე ნაძირლებო! განა ნარკოფულის წასაღებად არ ხართ აქ? – ზიზღით თქვა კოტემ.
ლაპარაკში კვლავ მეორე ჩაერთო და კოტეს უთხრა:
– ბატონო კოტე, ამ ფულს თქვენ გითმობთ. თანაც, კაცურ სიტყვას გაძლევთ, რომ თქვენს საყვარელ შვილიშვილს საზღვარგარეთის საუკეთესო კლინიკაში გადავიყვანთ. ჩვენი ხარჯებით ვუმკურნალებთ და ფეხზე დავაყენებთ.
– ხმა ჩაიწყვიტე, შე ნაძირალავ, თორემ ახლავე ცოცხლად დაგწვავ! – უღრიალა მოთმინებიდან გამოსულმა კოტემ. შემდეგ მე დამირეკა და მითხრა:
– ორი ნაბიჭვარი მყავს წამოსათრევი, უფრო სწორად, ოთხი და მოდი, მომეხმარე.
ნახევარი საათის შემდეგ მითითებულ მისამართზე მივედი. პოლიციის უფროსი და მეორე საიმედოდ გავკოჭე. კოტეს კი ისინი მიზანში ჰყავდა ამოღებული, რომ ზედმეტი მოძრაობა არ გაეკეთებინათ.
– აბა, წავედით, – თქვა კოტემ და გაკოჭილებს კარისკენ მიუთითა.
– სად მიგყავართ, – იკითხა მეორემ.
– სარდაფში. ცოცხლად უნდა ამოგალპოთ და თქვენი კვალი გავაქროთ ამ სამყაროდან! – უთხრა კოტემ.
ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა. დავხედე და ჩემი თანაშემწე მორიგე ექიმი მირეკავდა. ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო. ვიფიქრე, კოტიკოს ხომ არაფერი დაემართა-მეთქი. თითი კანკალით გადავუსვი ეკრანს და ვუპასუხე:
– გისმენ.
– ბატონო ვანო, კოტიკომ თვალები გაახილა, კომიდან გამოვიდა და ჭამაც მოითხოვა, – მომესმა ჩემი თანაშემწის ხმა.
– ახლავე მოვდივარ! – ვთქვი მე და ტელეფონი გავთიშე.
კოტე ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე. იფიქრა, ბავშვს ხომ არაფერი დაემართაო და იარაღი გაკოჭილებისკენ მიმართა და მკითხა:
– ცუდი ამბავია?
რომ მეთქვა, ცუდია-მეთქი, კოტე სასხლეტს დაუშვებდა და ოთხივეს ადგილზევე დახოცავდა. მე გავუღიმე და ვუთხარი:
– კოტიკო კომიდან გამოვიდა და ჭამა მოითხოვა. წამო, წავედით!
– მატყუებ, რომ ეს ნაბიჭვრები არ დავხოცო? – მითხრა გაფითრებულმა კოტემ.
მე ჩემს თანაშემწეს დავურეკე, ტელეფონი ხმამაღალზე ჩავრთე და თანაშემწეს ვუთხარი:
– წეღან რაც მითხარი, ხმამაღლა გაიმეორე, კარგად ვერ გავიგონე.
– კოტიკო კომიდან გამოვიდა და ჭამს. გასაგებია? – თქვა თანაშემწემ.
– კი. კარგი, მალე მოვალთ, – ვთქვი და ტელეფონი გავთიშე, თან კოტეს შევხედე.
კოტეს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. შემდეგ შევტრიალდით და პეტიას სახლიდან სასწრაფოდ გავედით. გაკოჭილები კი ოთახში დავტოვეთ.
ორი კვირის შემდეგ პატარა კოტიკო კლინიკიდან საღსალამათი გავწერეთ. მანამდე კი სარდაფიდან „კროტიკო“, ვანია და ტანია კინწისკვრით გამოვყარეთ. მას შემდეგ სკვერში ნარკომანების ბირჟა გაუქმდა. პოლიციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გადამზიდავი კომპანიის უფროსი კი თავის კაბინეტში შუბლგახვრეტილი იპოვეს და ექსპერტიზის დასკვნაში თვითმკვლელობა ჩაწერეს. პეტიამ სახლი გაყიდა და რუსეთში დაბრუნდა. პატარა კოტიკო კი პირველ კლასში წავიდა და მას ბაბუა ატარებდა, თან მაგრად ჰქონდა მისთვის ხელი ჩაჭიდული, რომ აბების ისტორია შემთხვევით აღარ განმეორებულიყო.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან