რომანი და დეტექტივი

აბები

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.07

აბები
დაკოპირებულია

ამ საქმეში მაშინ ჩავერთე, როდესაც კოტე ჩიქოვანმა დამირეკა და მითხრა:

– ვანიკო, სად ხარ?

ჩემს ოჯახთან ერთად, მცხეთაში მივდიოდი – ჩემი სიძის დაბადების დღე იყო და ფაცხაში უნდა გვექეიფა. მე საჭესთან ვიჯექი და სიძის ძმაკაცები მიმყავდა. ჩემი სიძე, ქალიშვილი, ჩემი ძმა და შვილიშვილი კი სიძის მანქანაში ისხდნენ და უკან მოგვყვებოდნენ. ჩვეულებისამებრ, დინჯ და გაწონასწორებულ კოტეს შეშლილის ხმა ჰქონდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ რაღაც საშინელება მოხდა და ვკითხე:

– რა ხდება, მშვიდობა არაა?

– ჩქარა მოდი! ჩემი კოტიკო კვდება. ნარკოაბით მოიწამლა. ღუდუშაურში მიგვყავს.

კოტიკო, კოტეს 5 წლის შვილიშვილია. თანაც, ჩემი ნათლული და ეს რომ გავიგე, კინაღამ საჭე გამექცა. მანქანა გზის პირას გავაჩერე და მგზავრებს ვუთხარი:

– ჩადით. ბოდიში, მაგრამ თბილისში უნდა დავბრუნდე სასწრაფოდ.

ბიჭები სასწრაფოდ ჩავიდნენ. მე კი მანქანა შევატრიალე, ადგილს მოვწყვიტე და შურდულივით ჩავუქროლე ჩემს სიძეს, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა და განცვიფრებული მიყურებდა.

კლინიკაში ძალიან სწრაფად მივედი. მანქანა ისე მივაგდე, რომ არც კი ჩამიკეტავს. გადმოვედი თუ არა, კოტემაც უკან მომაყენა მანქანა. გადმოხტა და თავის ვაჟს, ზურიკოს გაუღო კარი, რომელსაც ხელში პატარა კოტიკო ეჭირა. გაფითრებული ბავშვი, ფაქტობრივად, უსულოდ იწვა მამის ხელებზე. სახესა და სხეულზე კი წითელი ლაქები ჰქონდა, რაც ძლიერი ინტოქსიკაციის უტყუარი ნიშანი იყო. პულსი თითქმის არ ესინჯებოდა და როცა თვალის უპეები ავუწიე, დავინახე, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი უქრებოდა. ასეთ დროს გადარჩენის შანსი მინიმალურია და ყველაფერს წამები წყვეტენ. ზურაბს ბავშვი გამოვართვი, მისაღებისკენ გავიქეცი და კოტეს მივაძახე:

– უნდა ვიჩქაროთ, წამომყევით!

კოტეს ცოლმა, ნათელამ და რძალმა ჩემი სიტყვები კატასტროფად აღიქვეს, რაც ძალიან ახლოს იყოს სიმართლესთან. ამიტომ მოთქმას მოჰვნენ და თავში ხელებს იცემდნენ, თან უკან მოგვდევდნენ.

მისაღებში ისარივით შევიჭერი და მორიგეს ვუთხარი:

– სასწრაფოდ რეანიმაცია გაამზადონ! 5 წლის ბავშვის ძლიერი ინტოქსიკაციაა. ჩქარა, ლიფტი!

სატვირთო ლიფტში ყველანი ერთად შევცვივდით და სხვა დროს შეუვალ ლიფტიორ-სანიტარს არც კი უცდია ჩემი თანმხლებებისთვის ეთქვა, არ შეიძლებაო. მე ტოქსიკოლოგიის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი და მიუხედავად უმკაცრესი შინაგანაწესისა, ყველანი განყოფილებაში შემომყვნენ. რეანიმაცია უკვე მზად იყო. მთელი მედპერსონალი ფეხზე იდგა და მელოდებოდნენ. ხალათიც კი არ ჩამიცვამს. ჩემი ნათლული სარეანიმაციო პალატაში შევიყვანე, საწოლზე დავაწვინე და ჩემს ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამოცდილ კოლეგებთან ერთად გადაუდებელ მანიპულაციებს შევუდექი. კოტე და მისი ოჯახი დერეფანში იდგნენ. პატარა კოტიკოს ორჯერ გაუჩერდა გული და ორჯერვე დიდი წვალებით ავუმუშავეთ. მდგომარეობა კი გავაუმჯობესეთ, მაგრამ ბავშვის მდგომარეობა მაინც ძალიან კრიტიკული იყო და შესაძლოა, ლეტალური შედეგი ყოველ წუთს დამდგარიყო. ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ ბავშვს ხელოვნური სუნთქვა ჩავურთეთ და ჩემს თანაშემწეს ვუთხარი:

– ნოდარ, აქ დარჩი და ბავშვს თვალი არ მოაცილო. გავალ და ბავშვის ოჯახის წევრებს დაველაპარაკები. თუ ოდნავი გაუარესება შენიშნე, ეგრევე დამიძახე!

– გასაგებია, ბატონო ვანო, – თავი დამიქნია ნოდარმა და დაამატა, – მაგრამ, თქვენც ხომ იცით, უმძიმესი მდგომარეობაა და ორი-სამი პროცენტია გადარჩენის შანსი...

მეც კარგად ვიცოდი, რომ ნოდარი მართალს ამბობდა და ვუთხარი:

– ჰოდა, ამ ორ-სამ პროცენტს უნდა ჩავეჭიდოთ. გავუფრთხილდეთ და გავზარდოთ, რომ ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინოთ. მიდი, მიხედე, შენი იმედი მაქვს!

ნოდარი კოტიკოსკენ შეტრიალდა, მე კი დერეფანში გავედი და მომლოდინეებს თავით ვანიშნე, გამომყევით-მეთქი. კიბესთან მივედით სიგარეტს მოვუკიდე. მოვქაჩე და ვთქვი:

– სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა. ბავშვი კომაშია და უახლოესი 24 საათის განმავლობაში ველოდები რისკის დაკლებას. ანალიზები ტოქსიკურ ლაბორატორიაშია გაგზავნილი და მალე გვეცოდინება, თუ რა ნივთიერებამ მოწამლა კოტიკო. ამას რომ დავადგენთ, უკვე აბსოლუტურად ზუსტად განვსაზღვრავთ, როგორ ვუმკურნალოთ.

სიტყვა არ მქონდა დასრულებული, რომ კოტემ ჯიბიდან ფოლგაში შეხვეული ვარდისფერი აბი ამოიღო. მიჩვენა და მითხრა:

– აი, ესაა ის საწამლავი, რაც კოტიკომ დალია.

აბს მეხუთედი ნაწილი ჰქონდა მოკბეჩილი და როგორც კი დავხედე, ეგრევე ვიცანი, ეგრეთ წოდებული, „ექსტაზი“ იყო. ძალიან ძლიერი, სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელიც ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და ჩემს პრაქტიკაში პაციენტების არაერთი ლეტალური შემთხვევა მქონია. კოტეს აბი გამოვართვი და სარეანიმაციო პალატაში შევბრუნდი. შემდეგ ერთ-ერთი ჩემი ახალგაზრდა კოლეგა მოვიხმე. აბს ძალიან მცირე ნაწილი ჩამოვტეხე, პატარა ბოთლში ჩავაგდე, მივეცი და ვუთხარი:

– ბავშვს, აი, ეს შხამი აქვს მიღებული. ლუგერის ლაბორატორიაში გაფრინდი, ოთარს უთხარი, რომ ახლავე ჩაუტაროს ზუსტი ანალიზი. დაელოდე და შემადგენლობის პასუხი მომიტანე. აი, ჩემი მანქანის გასაღები. მიდი, სწრაფად იმოქმედე, მაგრამ, ფრთხილად.

ჩემს ახალგაზრდა კოლეგას მანქანის გასაღები მივეცი და ის ისარივით გავარდა დანიშნულების ადგილზე. მე კი „ექსტაზის“ დარჩენილი ნაწილი ჯიბეში ჩავიდე. კოტესთან დავბრუნდი და ვთქვი:

– „ექსტაზი“ აქვს მიღებული და კიდევ კარგი, რომ მეტი არ ჩაკბიჩა, თორემ ახლა ცოცხალი არ იქნებოდა. ჩემი კოლეგა გავუში „ლუგერში“ და 2-3 საათში ზუსტი პასუხით დაბრუნდება და უფრო ეფექტური მკურნალობის საშუალება გვექნება. დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება! ახლა კი მომიყევით, რაც იცით. დაახლოებით, რომელ საათზე და როგორ მოხდა ეს.

კოტემ რძალს უთხრა:

– ნატო, მოუყევი ვანიკოს ყველაფერი, მშვიდად და არაფერი გამოგეპაროს.

კოტიკოს დედამ ცრემლები შეიმშრალა. ამოიხვნეშა და თქვა:

– ზუსტად შუადღე იყო. ტელევიზორში თორმეტსაათიანი „ახალი ამბები“ დაიწყო. კოტიკოსთვის სადილი მქონდა გამზადებული. ეზოში თამაშობდა და დავუძახე, ამოდი-მეთქი. თან, ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ შემოვიდა სადარბაზოში. შემდეგ კი სამზარეულოში შევბრუნდი. ფეხით ამოსვლა უყვარს და მეექვსე სართულზე საკმაოდ სწრაფად ამოდის ხოლმე. პირველის ათი წუთი იყო, როცა საათს შევხედე და რომ არ ამოვიდა, ვიფიქრე, – ალბათ, უკან გაბრუნდა, შეიძლება, რაღაც დარჩა-მეთქი. ფანჯარაში გასახედად წავედი და ამ დროს მეზობელი ბიჭის, 12 წლის თოკას ყვირილი გავიგონე, – დეიდა ნატო, ჩქარა ჩამოდით, კოტიკო სადარბაზოში გდიაო... მამა და დედა მაღაზიაში იყვნენ გასულები. სახლში ზურა იყო. მე კარისკენ გავვარდი და ზურას მივაძაზე, ჩქარა, ჩქარა, კოტიკომ რაღაც დაიშავა-მეთქი. ვიფიქრე, ალბათ, კიბეზე დაგორდა-მეთქი. მოკლედ, რომ ჩავედით, ბავშვი მრიცხველების კარადასთან ეგდო. იქვე ნაღებინები იყო და ეს აბი შემდეგ იპოვა მამამ... იქვე.

საუბარში კოტე ჩაერთო და განაგრძო:

– მე და ნათელა იმ დროს შევედით, როცა ზურა და ნატო ბავშვს დასტრიალებდნენ თავზე და მის მოსულიერებას ცდილობდნენ. ნაღებინები რომ ვნახე, ვივარაუდე, რომ ბავშვმა რაღაც შეჭამა და მოიწამლა. აბიც მე ვიპოვე და ყავისფერი კანფეტის ქაღალდიც, რომელშიც ეს შხამი იყო შეხვეული. შემდეგ ბავშვი მანქანაში ჩავსვით და შენკენ გამოვექანეთ. დანარჩენი კი შენ იცი.

საათს დავხედე. ოთხი საათი სრულდებოდა და ვთქვი:

– ესე იგი, ბავშვმა „ექსტაზი“ დაახლოებით, თორმეტ საათზე ჩაკბიჩა. ანუ ოთხი საათის წინ. ძალიან ოპერატიულად იმოქმედეთ. ახლა კი ასე უნდა ვქნათ, – მიმღებში ბავშვის გატარების დრო არ იყო. ასეთ მომენტში პოლიციას იძახებენ. ეს აუცილებელია. მე ახლა პატრულში დავრეკავ. რომ მოვლენ, ყველაფერს ავუხსნი დაწვრილებით. თქვენც და იმ ბავშვსაც, ვინც კოტიკო ნახა, ჩვენებებს ჩამოგართმევენ, საქმე აღიძრება და გამოძიებას დაიწყებენ, როგორ მოხვდა ეს შხამი ბავშვის ხელში. ნივთმტკიცებად კი ამ აბს დავურთავთ.

კოტემ ჯიბიდან ყავისფერი კანფეტის ქაღალდი ამოიღო, მომაწოდა და მითხრა:

– აი, ესეც შევინახე. დიდი ალბათობით, ეს შხამი ამაში იყო გახვეული.

პატრული გამოძახებიდან 15 წუთის შემდეგ მოვიდა. მანამდე კი მე და კოტე ვსაუბრობდით:

– როგორც ჩანს, ეს შხამი სადარბაზოში იყო დამალული და ვიღაცას უნდა წაეღო. ზურიკომ ის იპოვა, კანფეტი ეგონა, ჩაკბიჩა და ასეთ დღეში ჩავარდა, – ვუთხარი მე.

– კი. თავს დავდებ, რომ მასე იყო. ახლა ასე ყიდიან ნარკოტიკებს, რომ პოლიციამ ბარიგას ვერ ჩაავლოს. გამყიდველს ფულს ურიცხავენ ანგარიშზე. ის კი წინასწარ შერჩეულ ადგილზე დებს შხამს, შემდეგ მყიდველს ურეკავს და უხსნის ნარკოტიკის ადგილმდებარეობას. მარტივი სქემაა, ფაქტობრივად, უსაფრთხო და გამიყდველის პოვნაც ძალიან რთულია და მყიდველისაც.

– მოკლედ, საშინელებაა და ნუთუ ბოლო არ უნდა მოეღოს ამ უბედურებას? – ვთქვი მე და დავამატე, – კვირა ისე არ გაივლის, რომ სინთეტიკური ნარკოტიკამიღებული ახალგაზრდა არ დაიღუპოს. ხოლო ამ შხამისგან მოწამლულები კი თითქმის ყოველდღე შემოჰყავთ.

პოლიციელებს ზუსტად მოვუყევით ყველაფერი, „ექსტაზის“ აბის ნატეხი და კანფეტის ქაღალდიც წარვუდგინეთ. მათ კი კოტეს საცხოვრებელი რაიონის პოლიციაში დარეკეს და დეტექტივ-გამომძიებელი გამოიძახეს. ოთხნი მოვიდნენ – სამი ოპერი და ერთი დეტექტივ-გამომძიებელი. ოთხივე ახალგაზრდა იყო. დაახლოებით, 26-28 წლის მამაკაცები. დიდი ჭკუა-გონებითა და გამოცდილებით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ, რომ ეშმაკები იყვნენ, თანაც ცდილობდნენ, ისეთად მოეჩვენებინათ თავი, როგორებიც აშკარად არ იყვნენ. ჩვენი მონათხრობები რომ მოისმინეს, შემოგვთავაზეს, განყოფილებაში წავყოლოდით საბუთების გასაფორმებლად.

– არა, ბატონო პოლიციელებო, – მტკიცე უარი ვთქვი და დავამატე, – ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. სანამ უკეთესი დინმიკა არ იქნება, აქედან ფეხს ვერ მოვიცვლი. მე მოგვიანებით მოგცემთ ჩვენებას.

კოტეს მეუღლემ, შვილმა და რძალმაც უარი განაცხადეს კლინიკიდან წასვლაზე. კოტემ კი უთხრა:

– მე წამოგყვებით. ყველაფერი კანონის მიხედვით გავაფორმოთ და საქმეს, აი, ეს შხამიც დავურთოთ.

პოლიციის რაიონულ განყოფილებაში კოტეს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. თუმცა, „ექსტაზის“ პაკეტი დალუქეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. კოტეს ჩვენებაც ჩაიწერეს და პოლიციის უფროსმა მას უთხრა:

– თავისუფალი ბრძანდებით! გამოძიება დაწყებულია და თუ კიდევ დაგვჭირდებით, დაგიკავშირდებით. შედეგებს კი შეგატყობინებთ.

კოტე ამ სიტყვებმა გააკვირვა და პოლიციის უფროსს უთხრა:

– თუ გამოძიებაა დაწყებული, მაშინ შემთხვევის ადგილია დასათვალიერებელი. რას ელოდებით, წავიდეთ. თანაც მთავარი მოწმეც გამოსაკითხია. 12 წლის თოკა, ჩემი მეზობელი, სწორედ მან აღმოაჩინა ჩემი შვილიშვილი.

პოლიციის უფროსს არ ეპიტნავა კოტეს დაჟინება, მაგრამ შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მაინც გაგზავნა. თოკაც დაჰკითხეს მშობლების თანდასწრებით და კვლავ პოლიციაში წავიდდნენ. კოტე კი საავადმყოფოში დაბრუნდა და მითხრა:

– ესენი არაფრის მაქნისები არ არიან და მგონი, მე მომიწევს ამ საქმეზე მუშაობა.

– ჩვენ, ჩვენ მოგვიწევს, – დავამატე მე და კოტეს მადლიერების ნიშნად გაეღიმა და მხარზე ხელი დამკრა.

***

მე და კოტემ 40 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. სამხედრო დაზვერვის სპეციალური სკოლის კურსანტები ვიყავით და ჩვენი პირველი შეხვედრაც იქ მოხდა. ასეთ სკოლებში ქართველებს იშვიათად იღებდნენ. ძირითადად, იქ რუსი ეროვნების ადამიანები სწავლობდნენ. ეს სპეცსამსახურების ელიტა იყო და ქართველებს არ გვენდობოდნენ. ძალიან გამორჩეული უნარ-ჩვევები უნდა გქონოდა და რუსებზე ათი თავით მაღლა უნდა მდგარიყავი, რომ იქ მიეღეთ. და ერთბაშად ორი ქართველი რომ მიგვიღეს, ყველას ძალიან უკვირდა. თავდაპირველად მე და კოტემ საერთო მომზადება გავიარეთ, რაც ურთულესი კურსი იყო. შემდგომ მე სამედიცინო პროფილზე გადამიყვანეს და ტოქსიკოლოგი გავხდი. კოტემ კი სადაზვერვო-დივერსიული პროფილით განაგრძო სწავლა. იმ პერიოდში ჩვენი გზები გაიყო და მე მოსკოვში სპეციალურ კლინიკაში დავიწყე სამსახური. კოტე კი სპეცოპერაციების განყოფილებაში მოხვდა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლი იყო. ორი წლის შემდეგ მოსკოვში ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს და მას შემდეგ კავშირი არ გაგვიწყვეტია. მართალია, სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებული, მაგრამ მაინც ერთ უწყებაში ვმუშაობდით. ორივე მოსკოვში ვცხოვრობდით და ორიათასიან წლებში ერთად დავბრუნდით სამშობლოში. აქ უკვე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ოჯახებით ვიკრიბებოდით და დღე არ გავიდოდა, რომ ტელეფონით არ მოგვეკითხა ერთმანეთი. იმ საშინელ დღესაც კოტესთვის უნდა დამერეკა, ფაცხაში რომ მივდიოდი და სუფრასთან დამეძახა. მაგრამ სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები. მართალია, კოტეს ძველი სამსახურიდან სამხედრო პენსია ჰქონდა დანიშნული, მაგრამ ის ჯან-ღონით სავსე იყო და სრულიად უფასოდ ავარჯიშებდა მოზარდებს ხელჩართულ ბრძოლაში. იმავდროულად, მემუარებს წერდა. აგრეთვე, მას ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა ტელევიზიაში, როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსს. ყველაზე დიდი საქმე კი მისთვის პატარა კოტიკოს აღზრდა იყო და ისიც თავის შვილიშვილს თავს ევლებოდა. ძალიან განიცდიდა მომხდარს და საკუთარ თავს აბრალებდა. ამბობდა, ყურადღება მოვადუნეო. კოტემ და მისი ოჯახის წევრებმა 48 საათი ფეხზე მდგომებმა გაატარეს კლინიკაში და თვალიც არ მოუხუჭავთ. მართალია, კრიზისი დავძლიეთ და ბავშვის მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა, მაგრამ, პატარა კოტიკო კომაში იყო და როდის გამოვიდოდა ამ მდგომარეობიდან, არ ვიცოდით. საჭირო იყო, ბავშვს თვალები გაეხილა, ეს მისი გამოჯანმრთელების უტყუარი ნიშანი იქნებოდა და ამ მომენტს მოუთმენლად ველოდებოდით. ერთი კვირა რომ გავიდა, კოტე პოლიციის უფროსს შეეხმიანა, მაგრამ მან ბუნდოვანი პასუხი გასცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ საქმეში წინსვლა არ იყო.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა