რომანი და დეტექტივი

72 საათი

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 13.07

72 საათი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #26 (1226)

შეთანხმებისამებრ, უკვე პავლოვები უნდა მწვეოდნენ სახლში და ამ შეხვედრას მოუთმენლად ველოდი. ორი კვირის შემდეგ სტუმრობა შედგა. პავლოვებს ჩემი მშობლები ძალიან მოეწონათ და მეორე დღიდან მე და სვეტა ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. როგორც კი სამსახური დამიმთავრდებოდა, სვეტას ვურეკავდი. პავლოვისა და გურამიშვილის ქუჩების კუთხეში გავრბოდი და ჩემი საყვარელი გოგონა იქ მხვდებოდა. ზოგჯერ კინოში ან თეატრში მივდიოდით. უფრო ხშირად კი ფეხით ვსეირნობდით ან პატარა კაფეში ვისხედით და ერთმანეთით ვტკბებოდით. სულ რაღაც ოთხი კვირის შემდეგ პავლოვებს სახლში დედ-მამასთან ერთად ვეწვიე. მის მშობლებს მათი ქალიშვილის ხელი ვთხოვე. ლიდა პეტროვნა და ლუკიჩი სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს. სვეტას ნიშნობის ბეჭედი გავუკეთე თითზე და სასეირნოდ წავედით. მშობლები კი სუფრასთან დარჩნენ და ჩვენი ქორწილის დეტალებზე თათბირობდნენ. უკან რომ დავბრუნდით, ჩვენმა მშობლებმა თავიანთი გადაწყვეტილება გაგვაცნეს და ივან ლუკიჩმა საზეიმოდ გამოგვიცხადა:

– ჩემო შვილებო, გადავწყვიტეთ, რომ თქვენი ქორწილი სამ კვირაში დავნიშნოთ. ყველა დეტალი განვიხილეთ და ყველაფრის მომზადებას ვასწრებთ. ვფიქრობ, რომ მანამდე ლუდაც იმშობიარებს და ისინიც შეძლებენ ჩამოსვლას.

ქორწილამდე დარჩენილი დრო ძალიან ნელა გადიოდა. არა მარტო მე, სვეტასაც ძალიან უნდოდა, რომ ერთობლივი ცხოვრება დაგვეწყო. ამის საწინააღმდეგო არც ჩვენს მშობლებს ექნებოდათ რაიმე, მაგრამ მიღებულ წესს არ გადავუხვიეთ და მოთმინებით ველოდით ქორწილის დღეს. სტუმრების სია რომ შევადგინეთ, ლუკიჩმა მითხრა:

– მალხაზ, ვახოს მე დავურეკავ და დავპატიჟებ.

– ძალიან გაუხარდება, – ვთქვი მე და დავამატე, – საჩუქრის ყიდვა არ დაგვავიწყდეს. ბავშვი რომ შეეძინება, ხომ უნდა მივულოცოთ.

როგორც იქნა, ქორწილამდე დარჩენილი დღეები თითქმის მიილია. ოთხი დღე მაშორებდა ამ ბედნიერებას. პარასკევი საღამო იყო. სამსახურიდან დავბრუნდი. გამოვიცვალე და სვეტასთან მივდიოდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და ვუპასუხე:

– გისმენთ.

– მალხაზ, მალხაზ, – შემომესმა ლუკიჩის ძალიან უცნაური, წყვეტილი ხმა.

– გისმენ ლუკიჩ, გისმენ.

– მალხაზ, მალხაზ, – იმეორებდა ლუკიჩი და ენა ებმოდა.

– გისმენ, ლუკიჩ, ხომ მშვიდობაა? რა დაგემართა, რა ხმა გაქვს? – პირველად მივმართე შენობით ლუკიჩს.

– უბედურება მოხდა, – დაიწყო ლუკიჩმა. მაგრამ სიტყვა გავაწყვეტინე:

– რა უბედურება სვეტა ხომ კარგადაა და ლიდა პეტროვნა?

– კი, კარგად არიან. ნუ გეშინია, – ხმა გამოუსწორდა ლუკიჩს და დააყოლა, – ლუდა და ბავშვი დაიღუპნენ.

– ეს რა მითხარით, როგორ? – ვიღრიალე მე.

– ლუდას ერთი კვირის წინ გაუჩენია ბავშვი. სახლში წინა დღეს გამოუწერიათ. ვახო აფთიაქში ყოფილა იმ მომენტში გასული. მაგათ მეზობელს კი გაზი ჰქონია დარჩენილი და აფეთქებულა. ტალღას მხოლოდ ზედა ბინა დაუნგრევია. ცეცხლი გაჩენილა და საბრალო დედა-შვილი დანახშირებულან. ვახოს შეგნებულად არ შეუტყობინებია ჩვენთვის შვილის დაბადება. ქორწილში ხომ დაპატიჟებული გვყავდა და თურმე, სიურპრიზის მოწყობა უნდოდა და ცოლ-შვილთან ერთად აპირებდა თბილისში ჩამოსვლას. გუშინ მთელი დღე ვურეკე და რომ არავინ მიპასუხა, ჩემს მეგობარს დავურეკე და ვთხოვე, ვახოს შეხმიანებოდა და მისგან შევიტყვე ეს ამბავი. საბრალო ვახო, თურმე, შოკშია. გაუნძრევლად ზის ერთ ადგილზე და იმეორებს, – ღმერთმა დამსაჯა, ის ბავშვი რომ მოვკალიო... მოკლედ, ძალიან დიდი უბედურებაა და აუცილებლად უნდა ჩავიდეთ მოსკოვში და ოდნავ მაინც ვანუგეშოთ ის საბრალო. ხომ წამოხვალ?

– რა თქმა უნდა, როდის გავფრინდეთ?

– დღესვე. ახლა მე სალაროდან სამხედრო ჯავშანს მოვხსნი და ორ ბილეთს ავიღებ. მოსკოვში თვითმფრინავი ორ საათში მიფრინავს. ვიცი, რომ სვეტას უნდა შეხვედროდი, მაგრამ უკვე იცის ეს ამბავი... შენ პირდაპირ აეროპორტში მიდი. მეც მალე მოვალ.

ამ საუბრიდან 5 საათი იყო გასული, რომ მე და ლუკიჩი ვახო ცერცვაძის საცხოვრებელ კორპუსს მივადექით. ბინაში რომ ავედით, იქაურობა ავიადაბომბილ ადგილს ჰგავდა. დიდ ოთახში ორი კუბო იდგა. ვახო მათ წინ იჯდა და იმეორებდა:

ღმერთმა დამსაჯა, რომ ის პატარა ბიჭი მოვკალიო... რომ დაგვინახა, ატირდა და ვერც ჩვენ შევიკავეთ ცრემლები.

დედა-შვილი მეორე დღეს დავასაფლავეთ. ვახოს ცრემლი აღარ გადმოუგდია. აღარც ხმას იღებდა. გაშტერებული გაჰყურებდა სივრცეს და აბსოლუტურად არაფერს ჭამდა. მე და ლუკიჩმა ერთკვირიანი შვებულება ავიღეთ. ტელეფონით დავრეკეთ ჩვენს სამსახურებში და მდგომარეობა ავუხსენით. ერთი კვირის მერე კი გამხმარ-ჩამომდნარმა ვახომ ხმა ამოიღო და გვითხრა:

– დიდი მადლობა თანადგომისთვის. თბილისში დაბრუნდით. მე კი ბერად უნდა აღვიკვეცო და ჩემი ცოლ-შვილის სულისთვის ვილოცო.

თბილისში განადგურებულები დავბრუნდით. რაღა გვექორწილებოდა. მხოლოდ ხელი მოვაწერეთ. ოჯახური სუფრა გავშალეთ და მხოლოდ მეჯვარეები დაესწრნენ.

დედა-შვილის დაღუპვის მეორმოცე დღეს მე და ჩემი სიმამრი კვლავ მოსკოვში ჩავედით. ვახო მშვიდად გამოიყურებოდა და ორივეს გადაგვეხვია. მას მორჩილის სამოსი ეცვა და გვითხრა:

– ბერობისთვის ვემზადები, ღვთისმშობლის ეკლესიაში ვმსახურობ და ხვალიდან ძალიან შორს, ერთ-ერთ მამათა მონასტერში უნდა გავემგზავროო...

სასაფლაოზე გავედით. შემდეგ სამარხვო სუფრას მივუსხედით. წესისამებრ რამდენიმე ჭიქა შევსვით. დამსწრეები წავიდ-წამოვიდნენ. მე და ლუკაჩიც რომ წასასვლელად გავემზადეთ, ვახომ გვითხრა:

– დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ხვალიდან მხოლოდ უფლის სამსახურში ვიდგები. მშვიდობით, ჩემო კეთილებო და თუ ღმერთი ინებებს, იმქვეყნად კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.

ვახო სათითაოდ გადაგვეხვია. წამოსვლის წინ ლუკიჩმა მას უთხრა:

– რა იცი, ჩემო კარგო, იქნებ ამქვეყნადაც კი შევხვდეთ ერთმანეთს...

მე და ჩემი სიმამრი თბილისში დავბრუნდით და ცხოვრება გაგრძელდა. გავიდა წლები. მსოფლიოში რადიკალური ცვლილებები მოხდა. დაიშალა საბჭოთა კავშირი და საბჭოთა არმიამ საქართველო დატოვა. ლუკიჩს მოსკოვში სთავაზობდნენ დიდ თანამდებობას, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა და სამუდამოდ საქართველოში დარჩა. სვეტამ 4 შვილი გამიჩინა – 2 ვაჟი და 2 გოგონა. მე კი უშიშროებაში მუშაობას თავი დავანებე და ბიზნესი წამოვიწყე. ვახო კი უგზო-უკვლოდ გაქრა და რამდენიც არ ვეცადეთ, მასზე რაიმე შეგვეტყო, ვერაფერი გავიგეთ. ვფიქრობდით, რომ ვინაობა გამოიცვალა და უზარმაზარი რუსეთის რომელიმე მონასტერში მოღვაწეობსო.

ჩემი და სვეტას დაქორწინებიდან 16 წელი იყო გასული. იმ დღეს ჩემი უფროსი ვაჟის 15 და ლუკიჩის დაბადების 55 წლისთავი იყო. ამ თარიღებისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით და ბაბუასა და შვილიშვილისთვის სუფრას ვამზადებდით. ჩემთან უნდა გვექეიფა და ქალები ციბრუტივით ტრიალებდნენ. დედაჩემმა, ლიდა პეტროვნამ და სვეტამ მთელი ღამე კერძების კეთებაში გაატარეს. შუადღეზე ყველაფერი მზად იყო და საღამოს ზღაპრული სუფრა გაიშალა. სტუმრებიც მოვიდნენ და ქეიფიც გაჩაღდა. ღამის ათი საათი სრულდებოდა, როდესაც ჩემი ბინის ტელეფონმა დარეკა. გამიკვირდა კიდეც, რადგან უკვე მობილურების ხანა იყო და ტელეფონი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავიტოვეთ, რომ ჩემი მშობლები, ისევე როგორც ჩემი სიდედრ-სიმამრი, მიჩვეული იყვნენ ამას.

– მალხაზ, შენ გკითხულობენ, – მითხრა სვეტამ და ამან კიდევ უფრო მეტად გამაოცა, რადგან მეექვსე წელი იყო, რაც ჩემთვის სახლის ტელეფონზე არავის დაურეკავს.

სტუმრებთან მოვიბოდიშე. გვერდზე ოთახში გავედი და ვუპასუხე:

– გისმენთ.

– გამარჯობა, მახო, – მომესმა მამაკაცის ხმა და საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.

– ვახო, შენ?!

– კი. მე ვარ. ბოდიში, რომ ასე გვიან გაწუხებ. შენთან საქმე მაქვს და გცალია?

– რას მებოდიშები. თბილისში ხარ?

– „საბაჩი პერეულოკთან“ რომ ტელეფონია, იქიდან გირეკავ.

– აქვე ყოფილხარ, ამოდი.

– ჯობია, შენ ჩამოხვიდე. გცალია?

– მივდივარ, – ვთქვი მე. ტელეფონის ყურმილი დავკიდე. დერეფანში მდგომი სვეტა მოვიხმე და ვუთხარი:

– უნდა გავიდე და მალე მოვალ.

– ხომ მშვიდობაა?

– კი. არ ინერვიულო. წავედი!

ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ადგილზე ვიყავი. ვახო არაეკლესიურად იყო გამოწყობილი და წვერი გაპარსული, თმა კი შეკრეჭილი ჰქონდა. მას ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ახლდა. მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალიან დადარდიანებული, ნამტირალევი იყო, თვალები დასიებული ჰქონდა. მე და ვახო ერთმანეთს გადავეხვიეთ და ქალს მივესალმე.

– ეს ელენაა, – გამაცნო თავისი თანმხლები ვახომ.

– რა ქუჩაში ვდგავართ. ჩემთან ავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, – ვუთხარი ვახოს.

– შენთან არა. აქვე ბინა გვაქვს ნაქირავები და იქ მოგიყვები ყველაფერს, – მითხრა ვახომ და ნაქირავებ ბინაში ავედით.

სკამებზე დავსხედით და ვახომ თქვა:

– ელენა და მისი ვაჟი, 10 წლის ანდრიუშა, ჩემი მრევლი იყო ეკატერინბურგში. მე მოსკოვის საპატრიარქომ იქ გამამწესა მოძღვრად. ელენა ქართველია, მაგრამ თავის ვაჟთან ერთად იმალებოდა და იქ გადმოიხვეწა. ელენას ქმარი ფინანსისტი იყო. მსხვილ საბანკო მაქინაციებში გაება და კრიმინალებმა მოკლეს. 10 მილიონ დოლარს სთხოვდნენ, რომელიც მათი თქმით, უცხოეთის რომელიღაც ქვეყნის ბანკში გადაუმალავს. ეს ამბავი 2 წლის წინ მოხდა და სწორედ მაშინ გადმოიხვეწა ელენა, ანდრიუშასთან ერთად ეკატერინბურგში და ჩემი მრევლი გახდნენ. ამ ერთი კვირის წინ კი იმ ხალხმა ანდრიუშა გაიტაცეს და ბავშვის მოკვლით იმუქრებიან, თუკი ან 10 მილიონ დოლარს არ მიუტანს მათ, ან იმ ფულის ადგილმდებარეობასა და კოდს არ ეტყვის. ელენას კი არც ფული აქვს და არც იმ ფულის ადგილმდებარეობა და კოდი იცის. იმაშიც კი ეჭვი ეპარება ყოველივე ეს მართალია თუ ტყუილი. ათდღიანი ვადა აქვს მიცემული და 72 საათია დარჩენილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ ანდრიუშა სამხრეთ ოსეთში ჰყავთ გადამალული და ვინმე ვალერი კოკოევის ტელეფონის ნომერი გვაქვს, ვისაც უნდა დავურეკოთ, რომ ფულის სანაცვლოდ ბავშვი მოგვიყვანოს. პოლიციას რომ მივმართოთ აზრი არ აქვს და არც დრო გვაქვს. აქ კი იმიტომ ჩამოვედი, რომ იქნებ ივან ლუკიჩმა შეძლოს რაიმეს გაგება და ჩვენი დახმარება. იქ ხომ რუსეთის ჯარი დგას. ლუკიჩი კი ძველი პოდპოლკოვნიკია და იქნებ ვინმეს იცნობდეს და რაიმე მოგვიხერხოს. წესით, არც გაპარსვის უფლება მქონდა და არც ბერის სამოსის გახდის, მაგრამ ამაზე ღვთისნიერ საქმეს ვერ გავაკეთებ და რჯულის კანონიც ამიტომ დავარღვიე.

სანამ ვახო ლაპარაკობდა, მობილური ტელეფონი გამორთული მქონდა. როგორც კი ჩავრთე, მაშინვე ლუკიჩმა დარეკა და რომ ვუპასუხე, მითხრა:

– მადლობა ღმერთს, რა გულები გაგვიხეთქე. რა ხდება?

– სტუმრები წავიდნენ?

– ახლახან.

– ლუკიჩ, ამ მისამართზე მოდი, აქვეა, ხუთი წუთის სავალზე.

– კარგი. მოვდივარ, – ჩემმა სიმამრმა ტელეფონი გათიშა და ათი წუთის შემდეგ უკვე ჩვენთან იყო.

კარი მე გავუღე და შუა ოთახში მდგომი ვახო რომ დაინახა, სახე გაებადრა და სანამ ჩაეხუტებოდა, უთხრა:

– ხომ გითხარი, ამქვეყნად კიდევ შევხვდებით-მეთქი ერთმანეთს.

ლუკიჩმა რომ ელენას ისტორია მოისმინა, ჩაფიქრდა და თქვა:

– ცხინვალის ბაზის მეთაური გენერალი სოროკინია. სანამ შენ და მახო ავღანეთში ჩამოხვიდოდით, ჩემი მოადგილე იყო და იქიდან დაწინაურებით დააბრუნეს რიაზანში. მართალია, თითქმის 20 წელია, არ მინახავს, მაგრამ არ შეიძლება, რომ არ ვახსოვდე. კარგი ოფიცერი და ვაჟკაცი ბიჭი იყო. ვეცდები, დავუკავშირდე და დახმარება ვთხოვო, – ლუკიჩმა საათს დახედა და დაამატა, – 72 საათზე ნაკლებია დარჩენილი და უნდა ვიჩქაროთ. მახო, მიდი, მანქანა მოიყვანე და წავედით. ვახო და ელენა კი ჩვენთან დავტოვოთ.

– მეც თქვენთან ერთად მოვდივარ, – მტკიცედ თქვა ვახომ.

მე სახლში გავვარდი და მანქანით დავბრუნდი. ლუკიჩმა ელენა ქალებთან დატოვა, გვერდით მომიჯდა და ცხინვალისკენ გავქანდით. რომ დავიძარით, ღამის 4 საათი იყო და ცხინვალის შესასვლელთან რომ მივედით, ექვსის ნახევარი სრულდებოდა. მანქანა შლაგბაუმთან გავაჩერეთ. ლუკიჩი და მე გადავედით და ჩემმა სიმამრმა ავტომატმომარჯვებულს უთხრა:

– გენერალი პავლე სოროკინის ნახვა მინდა.

– თქვენ ვინ ხართ?

– მისი ყოფილი უფროსი. გადაეცით, ივან ლუკიჩ პავლოვი გკითხულობსო და სწრაფად ქენით, დრო არ ითმენს!

– ამხანაგ გენერალს შეიძლება, ეძინოს, – გაუბედავად თქვა ჯარისკაცმა.

– რა დროს ძილია. ჯარისკაცი სულ ფხიზლად უნდა იყოს. სასწრაფო საქმე მაქვს. სწრაფად მოძებნეთ და დამაკავშირეთ.

ლუკიჩის სიტყვებმა რუს ჯარისკაცზე მაგიურად იმოქმედა. ის სამორიგეო ჯიხურში გაიქცა, ხუთიოდე წუთის შემდეგ კი იქიდან კაპიტანი გამოვიდა და ლუკიჩს უთხრა:

– მობრძანდით. ამხანაგი გენერალი ხაზზეა.

ლუკიჩი სამორიგეო ჯიხურში შევიდა. ორიოდე წუთის შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა და მითხრა:

– დაქოქე, ცხინველში მივდივართ!

გენერალი სოროკინი გულთბილად შეგვხვდა. ლუკიჩს გადაეხვია და მიუხედავად იმისა, რომ მასზე მაღალი წოდება ჰქონდა, მაინც ამხანაგ მეთაურს ეძახდა. ელენას ისტორია რომ მოისმინა, თავი გააქნია და თქვა:

– დარდი ნუ გაქვთ, ივან ლუკიჩ, ჩემს ბიჭებს თავდაყირა დავაყენებინებ აქაურობას და თქვენს პატარა ბიჭს საღ-სალამათს დაგიბრუნებთ, – შემდეგ თავისი მოადგილე საწოლიდან წამოაგდო და უთხრა:

– სევა, ვალერა კოკოევის ბანდა აყარეთ და ხელ-ფეხბორკილდადებულები ჩაყარეთ ციხეში. კოკოევი კი აქ მომითრიეთ. სწრაფად იმოქმედეთ. დრო არ ითმენს!

ულტიმატუმის ამოწურვამდე 12 საათი იყო დარჩენილი. ზაფხულის მშვენიერი დილა თენდებოდა, როდესაც ცხინვალის შტაბში პატარა ანდრიუშა მოიყვანეს. ვახომ ბავშვი გულში ჩაიხუტა და ატირდა. შემდეგ ყველანი მანქანაში ჩავსხედით და სანამ თბილისისკენ ავიღებდით გეზს, სოროკინს მადლობა გადავუხადეთ. მან კი მიიხედ-მოიხედა და გვითხრა, – ომებს პოლიტიკოსები აჩაღებენ, ჩვენ კი მათ ბინძურ საქმეებს ვასრულებთ. კოკოევი და მდიდრული კაბინეტებში გამოჭიმული მმართველები ერთი და იგივე ნაძირლების ბანდაა სიამოვნებით გამოვყრიდი მათ კაბინეტებიდან და დილეგში მივუჩენდი ადგილს. ახლა კი მშვიდობით. კეთილი გზა გქონდეთ!

გენერალი სოროკინი, სამაჩაბლოს ომის დაწყებამდე 3 თვით ადრე მოხსნეს თანამდებობიდან, რადგან ის შემრიგებლურ პოზიციებზე იდგა და ყოველმხრივ ცდილობდა პროვოკაციების თავიდან აცილებას...

ჩვენ კი მშვიდობიანად დავბრუნდით თბილისში და მიუხედავად იმისა, რომ ბერის სტატუსი სიცოცხლის ბოლომდე ნარჩუნდება და შესაბამისი აკრძალვებიც ძალაში რჩება, ვახომ ელენაზე იქორწინა, ანდრიუშა იშვილა და რუსეთში აღარ დაბრუნებულა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა