რომანი და დეტექტივი

72 საათი

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 06.07

72 საათი
დაკოპირებულია

ავღანეთიდან ოთხი თვის შემდეგ გამოვედით და ეს ჩვენი ბოლო ოპერაცია იყო. ჯერ კიდევ ბნელოდა. გათენებამდე ერთი საათი იყო დარჩენილი. გვეძინა. ყაზარმაში მაიორი პავლოვი შემოვარდა, განგაშით წამოგვყარა და იღრიალა:

– ხუთ წუთში სრული აღჭურვილობით გელოდებით პლაცზე. დაუჩქარეთ, ბიჭებო!

მე და ვახო ცერცვაძე საგანგებო-ოპერატიული რაზმის მებრძოლები ვიყავით და უმცროსი ოფიცრების, ლეიტენანტის ჩინი გვქონდა. ჩვენი ნაწილი ქაბულთან ახლოს იყო დისლოცირებული, საგანგებო დავალებებს ვასრულებდით და რაზმის შემადგენლობა 120 უმცროსი ოფიცრისგან შედგებოდა. ჩვენი პროფილიდან გამომდინარე, ყოველი ოპერაციისთვის წინასწარ გვამზადებდნენ. თუნდაც 2-3 საათით ადრე მის დაწყებამდე. სასწრაფო განგაშს კი არ ვიყავით ჩვეულები. მივხვდი, რომ რაღაც ძალიან საგანგებო ხდებოდა და ვახოს ვუთხარი:

– ალბათ, რაღაც დიდი „ჩეპე“ მოხდა, თორემ ასეთი განგაშით არ წარმოგვყრიდნენ.

– როგორც ჩანს, – დამიდასტურა ვახომ.

ხუთი წუთის შემდეგ პლაცზე კბილებამდე შეიარაღებული 120 უმცროსი ოფიცერი ვიყავით ჩამწკრივებული, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. საავიაციო მინდორზე კი 12 ძრავაჩართული, ასაფრენად გამზადებული „კრაკაძილი“ – ვერტმფრენი „მი-24“ გველოდა. მაიორმა პავლოვმა შეგვათვალიერა და თქვა: ერთი საათის წინ შეთანხმების პირობები უხეშად დაირღვა. ალი ჰოსეინის რაზმი მუხანათურად დაესხა თავს სანიტარიულ ნაწილს და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა გააჩაღა. ხელმძვანელობისგან მივიღე ბრძანება, რომ მათი რაზმი ალყაში მოვაქციოთ და გავანადგუროთ. დაჭრილები და ტყვეები არ ავიყვანოთ, მხოლოდ გავანადგუროთ! ახლა კი „ვერტუშკებში“ დაიკავეთ ადგილები და წავედით.

ვახო ჩემ გვერდით იდგა და მას მალულად ვაკვირდებოდი. საქმე ის იყო, რომ სანიტარიულ ნაწილში, რომელიც ჩვენი ბაზიდან 20 კილომეტრში იდგა, ვახოს ცოლი ლიუდმილა მსახურობდა. ულამაზესი გოგონა ვახოს პირველივე ნახვისას შეუყვარდა. ლიუდმილამაც იმავე გრძნობით უპასუხა ჩემს ძმაკაცს და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დამყარდა. მათი ამბავი ორი თვის შემდეგ გამჟღავნდა. წყვილმა საველე პირობებში იქორწინა. ახლა გოგონა 4 თვის ფეხმძიმე იყო და დღე დღეზე საბჭოთა კავშირში უნდა გაეგზავნათ დემობილიზებულ სამხედროებთან ერთად.

პავლოვმა რომ სიტყვა დაასრულა და ყველანი „ვერტუშკებისკენ“ დაიძრნენ, მაიორი ვახოს მიუახლოვდა და უთხრა:

– გაოცებული ვარ შენი თავდაჭერით. სანიტარიული ნაწილი ბლოკირებულია. იქ სამხედრო პროკურატურა მუშაობს. მსხვერპლის რაოდენობა და ვინაობები დგინდება. შენ კი ოპერაციიდან გათავისუფლებ და შეგიძლია, ჩემი მანქანა წაიყვანო და იქ გაემგზავრო. იმედია, რომ ლიუდოჩკა უვნებელი გადარჩა.

ვახოს ცარცისფერი ედო სახეზე. მან თავი გააქნია და პავლოვს უპასუხა:

– არა, ამხანაგო მაიორო. მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. წავედით!

ვახო ჩვენთვის განკუთვნილი ვერტმფრენისკენ გაემართა. პავლოვმა შემომხედა. თავი გააქნია და მითხრა:

– სიტყვები არ მყოფნის. წავედით!

მაიორი პავლოვი ჩვენს ჯგუფთან ერთად გამოფრინდა და ცენტრალური შტაბიდან გამოგზავნილ ინფორმაციებს ვერტმფრენში იღებდა. შემდგომ კი ყველა ჯგუფის ხელმძღვანელს რაციით აძლევდა მითითებებს. შეგვატყობინეს, რომ ალი ჰოსეინის 60-კაციანი რაზმი ერთ-ერთ ძნელად მისადგომ აულში იმყოფებოდა. პავლოვმა რუკა გაშალა. კოორდინატები მოხაზა და შესაბამისი განკარგულებები გასცა. ვერტმფრენები აულის პერიმეტრზე დაეკიდნენ. სწრაფად გადმოვსხედით და იქაურობა ორმაგ ალყაში მოვაქციეთ. დავიკავეთ საბრძოლო პოზიციები და „კრაკაძილებს“ ვაკვირდებოდით. მათ აულის თავზე აამუშავეს დაზგური ტყვიამფრქვევები. რეაქტიული რაკეტები არ გამოუყენებიათ, რადგან უამრავი მსხვერპლი მოჰყვებოდა მშვიდობიან მოსახლეობაში. ასე კი მათ შანსი ეძლეოდათ, რომ დამალულიყვნენ. გეგმის მიხედვით, როგორც კი ტყვიამფრქვევები დადუმდნენ, ალყის პირველმა ხაზმა დაიწყო მარყუჟის შეკვრა. მე და ვახო პირველ ხაზში ვიყავით და პავლოვიც ჩვენთან ერთად მოქმედებდა. მეტყვიამფრქვევეებს ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდათ, მაგრამ მაინც დიდ წინააღმდეგობას შევხვდით. ალი ჰოსეინი და მისი მებრძოლები სახლებიდან გვესროდნენ. ქალებსა და ბავშვებს ეფარებოდნენ. ამიტომ ძალიან ფრთხილად და მეთოდურად ვმოქმედებდით. მარყუჟის შეკვრას 5 საათი დასჭირდა და როგორც იქნა, სახლებში შეღწევა დავიწყეთ. პავლოვი ჩემთან და ვახოსთან ერთად მიიწევდა წინ. აული თითქმის გაწმენდილი იყო. ქოხებში დახოცილების ცხედრები ეყარა. სულ რაღაც ხუთიოდე სახლი იყო დარჩენილი და ერთ-ერთში რომ შევდიოდით, პავლოვმა გაგვაფრთხილა:

– საეჭვო სიჩუმეა. ფრთხილად, ყურადღებით ვიყოთ. დამაზღვიეთ!

მაიორი პირველი შევიდა ქოხში. მე და ვახო უკან მივყევით. უცებ, ავტომატის გასროლის ხმა გაისმა და ჩაბნელებული ქოხი ცეცხლმა გაანათა. გამოჩნდა ლულა. მსროლელის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი ვახომ გახსნა და სროლა შეწყდა. მაიორი იატაკზე ეგდო. მარცხენა ფეხში იყო დაჭრილი და თქვა:

– არაფერია, ფრთხილად იყავით!

მე პავლოვთან ჩავიჩოქე, რომ ჭრილობა მენახა. ვახომ კი ქოხის სიღრმეში წაიწია. სპეციალური ასანთი აანთო და ყმუილისაგვარი ხმა გამოსცა. თავდაპირველად ვიფიქრე, დანა ხომ არ გაუყარა ჩასაფრებულმა-მეთქი. მაგრამ მან ყმუილით წამოიძახა:

– ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინე, ბავშვი მოვკალიო...

ქოხის იატაკზე 10-11 წლის ავღანელი ბიჭუნა ეგდო. ხელში ისევ ეკავა ავტომატი, რომლიდანაც მაიორი პავლოვი დაჭრა.

ამ ამბავმა ვახოზე ისეთი ცუდი გავლენა მოახდინა და იმხელა სტრესი გამოიწვია, რომ ჩვენი დისლოკაციის ადგილზე გათიშული მივიდა.

საბედნიეროდ, ლუდა უვნებელი გადაურჩა ალი ჰოსეინის მუხანათურ თავდასხმას. მეორე დღეს თავად ჩამოვიდა ჩვენთან და თავისი მეუღლე რომ ასეთ დღეში იხილა, უთხრა:

– ცოცხლები ვართ, საყვარელო. დამშვიდდი. ზეგ სამშობლოში გვაბრუნებენ, – ლიუდამ გაბერილი მუცელი მიადო ყურზე ვახოს და დაამატა, – აი, მოუსმინე, როგორ მოძრაობს შენი ბიჭი. ალბათ, ძალიან ცელქი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ვაჟი გვეყოლება.

– გუშინ პატარა ბიჭი შემომაკვდა ოპერაციის დროს, – თქვა ვახომ.

ვახოს ბავშვი რომ დაენახა, არ ესროდა. უბრალოდ, წინ აეფარებოდა მას, მე და პავლოვს გადაგვარჩენდა, თვითონ კი დაიღუპებოდა.

ორი დღის შემდეგ მე და ვახომ ლუდა გავაცილეთ. ის თვითმფრინავით მოსკოვში უნდა ჩაფრენილიყო და ოთხი თვის შემდეგ ვახოც იქ ჩავიდოდა. მშობიარობის მერე კი, როდესაც ჩვილი წამოიზრდებოდა, ჩემს ძმაკაცს ცოლ-შვილი თბილისში უნდა ჩამოეყვანა. სამშობლოში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა სამსახური. მე და ვახოს წინასწარ გვქონდა დაჯავშნილი ადგილები და უშიშროების კომიტეტის სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელები უნდა გავმხდარიყავით.

ოთხმა თვემ მშვიდობიანად ჩაიარა და არამც თუ „ჩეპე“, ერთი მცირე ინციდენტიც კი არ მომხდარა. ვახოც ნელ-ნელა დამშვიდდა. თუმცა, ზოგჯერ განმარტოვდებოდა ხოლმე. თვალი დაუშტერდებოდა და დიდი ხნის განმავლობაში გათიშული იჯდა ერთ ადგილზე. ვიცოდი, რომ ამ დროს ვახო იმ ბავშვზე ფიქრობდა და ძალიან განიცდიდა. პავლოვის ჭრილობა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და მას რის ვაი-ვაგლახით შეუნარჩუნეს მარცხენა ფეხი. თუმცა მაიორი დაკოჭლდა. შეეძლო, ინვალიდობის პენსია მიეღო. მაგრამ უარი განაცხადა და სამსახური განაგრძო. დაბრუნებამდე სამი დღით ადრე კი ჩემთან და ვახოსთან მოვიდა და გვითხრა:

– ბიჭებო, საქართვლეოში მივიღე დანიშვნა. თბილისში ვიმუშავებ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. მე ჩვენი პროფილით მინდოდა სამსახურის გაგრძელება, მაგრამ ეს ოხერი ფეხი მიშლის ხელს. ამიტომ, წვევამდელებთან ვიმუშავებ. ასე რომ, კვლავ ხშირად მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა და იმედია, თქვენს ლამაზ ქვეყანას გამაცნობთ.

– რა თქმა უნდა, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო (პავლოვს ჩინი მოუმატეს, ისევე, როგორც მე და ვახოს და უფროსი ლეიტენატობა მოგვანიჭეს) საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს მოგატარებთ, – ვუთხარი პავლოვს და ვახოს გავხედე.

– აუცილებლად, – დამიდასტურა ვახომ და დაამატა, – ერთ თვეში ლუდამ უნდა იმშობიაროს და ეს პერიოდი მოსკოვში გავჩერდები. შემდგომ ახალ სამსახურში გამოვცხადდები. 3-4 თვეში კი ცოლ-შვილსაც ჩამოვიყვან.

– ჩემი ცოლ-შვილი კი უკვე თბილისშია. ჩემმა მეუღლემ მომწერა და გაოცებულია საქართველოთი. სამოთახიანი ბინა მოგვცეს საბურთალოზე, – თქვა პავლოვმა.

– საბურთალოზე, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო? თბილისის ერთ-ერთი უბანია და თქვენს სამსახურთან ახლოს მდებარეობს, – სიცილით ვუთხარი პავლოვს და დავამატე, – რამდენი შვილი გყავთ?

– ერთი. 19 წლის ქალიშვილი. ორი წელია, არ მინახავს. ძალიან მომენატრა. ახლა უფრო დამშვენებული იქნება. საბუთებიც იქ გადმოუტანია, სამედიცინო ინსტიტუტში. მოსკოვში სწავლობდა პედიატრიულზე. აი, გაიცნობთ და ნახავთ, რა გოგო მყავს, – სიამაყით თქვა პავლოვმა.

აბა, რას ვიფიქრებდი, რომ სვეტლანა პავლოვა სულ მალე ჩემი მეუღლე გახდებოდა და მაშინ ჩემს მომავალ სიმამრს ველაპარაკებოდი. თუმცა, რატომღაც მენიშნა ჩვენი მეთაურის სიტყვები და პავლოვს ვუთხარი:

– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ჩვენთან ლამაზ ახალგაზრდა გოგონებს დიდხანს არ აჩერებენ გაუთხოვარს და შეიძლება, დაქორწინებული ან დანიშნული დაგხვდეთ.

– უჩემოდ ეს არ მოხდება. ჩემი ლიდაჩკა ძალიან მკაცრი დედაა და ქალიშვილს წამით არ აცილებს თვალს, – მითხრა პოდპოლკოვნიკმა. შემომხედა და დაამატა, – ისე კი, სულაც არ ვარ წინააღმდეგი. კარგ ქართველ სიძეზე ნამდვილად არ ვიტყვი უარს.

სამი დღის შემდეგ ყველა საჭირო საბუთი მზად იყო. მე და პოდპოლკოვნიკმა ვახო მოსკოვში გავაცილეთ. 40 წუთის შემდეგ კი სხვა თვითმფრინავით ერთად გადავფრინდით ბაქოში. იქიდან კი საქართვლეოს დედაქალაქში მანქანით გამოვემგზავრეთ. მე პლეხანოვზე ვცხოვრობდი. პავლოვს კი პავლოვის ქუჩაზე ჰქონდა მიღებული ბინა. ახალი სამსახურიდან ძალიან ახლოს. მან, რა თქმა უნდა, არ იცოდა, როგორ უნდა მისულიყო იქ და გავყევი. მანქანა რომ მის საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერდა, სახლში დამპატიჟა. მე კი მას ჩემი ბინის ტელეფონის ნომერი ვუკარნახე და ვუთხარი:

– ახლა არა, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო. აი, ჩემი ტელეფონი. დამირეკეთ. შეხვედრაზე შევთანხმდეთ და ან ჩემთან მობრძანდით თქვენებთან ერთად, ან მე გეწვევით.

– ჯერ შენ მეწვიე. „ნოვოსელიე“ აღვნიშნოთ. აბა, დროებით, შეხვედრამდე! – მითხრა ჩემმა მომავალმა სიმამრმა ივან ლუკიჩ პავლოვმა. ხელი მაგრად ჩამომართვა და მანქანიდან გადავიდა.

სახლში რომ მივედი, არავინ მელოდა. ჩემები წინასწარ არ გამიფრთხილებია და რომ დამინახეს, მთელი ეზო დამეხვია თავს. სუფრა ეზოში გაშალეს და მთელი ღამე ვქეიფობდით.

პოდპოლკოვნიკმა სამი დღის შემდეგ დამირეკა. თავისი ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა და მითხრა:

– როგორ ხარ, მალხაზ. რა ქენი, იყავი უკვე ახალ სამსახურში?

– დიახ, ივან ლუკიჩ. ახლახან დავბრუნდი სახლში.

– მერე?

– ორშაბათიდან უნდა შევუდგე მუშაობას.

– ესე იგი, სამი დღე თავისუფალი ხარ. დღეს ხუთშაბათია. მეც ორშაბათს უნდა გავიდე სამსახურში. მოდი, ასე ვქნათ: ხვალ ჩემთან გეპატიჟები და ჩემს ცოლ-შვილს გაგაცნობ, თან, „ნოვოსელიეც“ აღვნიშნოთ.

– ივან ლუკიჩ, შემხვედრი წინადადება მაქვს. იქნებ, თქვენი ცოლ-შვილით ჯერ თქვენ მეწვიოთ და შემდეგ დამპატიჟოთ თქვენთან?

– შენთან კიდევ ბევრჯერ მოვალთ. ახლა კი ჩემთან გელოდები. ხვალ საღამოს 7 საათზე. იცოდე, არ დაიგვიანო. აბა, შეხვედრამდე!

– შეხვედრამდე, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო.

– შეხვედრამდე, ამხანაგო უფროსო ლეიტენანტო, – თქვა ჩემმა მომავალმა სიმამრმა და დაამატა, – მოუთმენლად გელოდებით, შვილო!

პავლოვებთან, რომ იტყვიან, ფრანტივით გამოწკეპილი მივედი. კარი სვეტამ გამიღო და რომ დამინახა, დაიბნა. მოგვიანებით, უკვე ჩემი ცოლი რომ გახდა, ეს მომენტი ასე ამიწერა:

– მამისგან ვიცოდი, რომ ახალგაზრდა სამხედრო უნდა გვწვეოდა. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ფორმით მოხვიდოდი და ამიტომ დავიბენი.

სვეტა საუცხოო საღამოს კაბაში იყო გამოწყობილი. თეთრი ფერის შავბაფთიანი თხელი კაბა უზადოდ მოერგო წერწეტა ტანზე. ფეხზე კი თეთრი ფერის „შპილკები“ ეცვა.

– ვინ გნებავთ? – მკითხა ჩემმა მომავალმა ცოლმა.

არანაკლებ დაბნეული ვიყავი მეც, რადგან ამ მშვენიერი გოგონას სილამაზემ თვალი მომჭრა და ვთქვი:

– ივან ლუკიჩ პავლოვი აქ ცხოვრობს თუ ბინა შემეშალა?

– თქვენ მალხაზ კოკაია ხომ არ ხართ, უფროსი ლეიტენანტი?

– დიახ. მე გახლავართ.

– მობრძანდით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენთან, – გამიღიმა სვეტამ. გვერდით გაიწია და ბინაში ხელით შემიპატიჟა.

რომ შევედი, დერეფანში ჩემი მომავალი სიდედრი, ლიდა პეტროვნა და ივანე ლუკიჩი გამოვიდნენ. ლიდა პეტროვნა სვეტაზე არანაკლებ მშვენიერი და ტანადი ქალი იყო და ისიც საუცხოოდ გამოწყობილი. ლუკიჩი ცოლის უკან იდგა და სამხედრო პოდპოლკოვნიკის სააღლუმო ფორმა ემოსა. მკერდი კი ორდენებითა და მედლებით ჰქონდა დამშვენებული. ლიდა პეტროვნა მომხიბვლელად მიღიმოდა. შევატყვე, რომ მოვეწონე. ლუკიჩი კი გაოცებული მათვალიერებდა, რადგან პირველად მხედავდა ასეთ ფორმაში და უკვირდა. სვეტა უხმოდ გვადევნებდა თვალს. სასმელებით სავსე წითელი მუყაოს ყუთი იატაკზე დავდე და ზედ ბონბონერი დავადე. ლიდა პეტროვნას ხელზე ვეამბორე. ვარდების თაიგული მივეცი და ვთქვი: ეს – თქვენ... შემდეგ ბონბონერი ავიღე, სვეტასაც ხელზე ვეამბორე და მასაც ვუთხარი: ეს კი – თქვენ. ბოლოს სასმელებით სავსე ყუთი ავიღე. ლუკიჩს მაგრად ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი: ეს კი – ჩვენ, ივან ლუკიჩ...

– რას ვდგავართ. ოთახში შევიდეთ. მობრძანდით, მალხაზ, – თქვა სასიდედრომ და სასტუმრო ოთახისკენ გაგვიძღვა.

სასტუმრო ოთახში გემოვნებით იყო გაშლილი რუსული ყაიდის სუფრა და დიასახლისმა მაგიდასთან მიგვიწვია. თავად კი ჩემ მიერ მირთმეული თაიგული უზარმაზარ ლარნაკში ჩადო, დაყნოსა და თქვა, – შესანიშნავია, სამხრეთი მაინც სულ სხვაა. მოსკოვშიც იყიდება ვარდები, მაგრამ ასეთი საუცხოო სურნელის არა.

მე და ივან ლუკიჩი მოგრძო მაგიდასთან გვერდიგვერდ დავსხედით, სვეტა და ლიდა პეტროვნა კი – ჩვენ პირდაპირ. ჩემს მომავალ მეუღლეს ჩემ მიერ მირთმეული ბონბონერი ხელში ეკავა და დაბნეულად იღიმებოდა. აშკარა იყო, რომ მოვეწონე. ეს მისმა მშობლებმაც შენიშნეს და ეღიმებოდათ. ლიდა პეტროვნამ ქალიშვილს უთხრა:

– სვეტოჩკა, გაგვასინჯებ მაგ ბონბონერს თუ უნდა შეინახო?

სვეტა გაწითლდა. წამოდგა. ბონბონერი გახსნა. თავსახური გადახადა, გამომიწოდა და მითხრა:

– მიირთვით, მალხაზ, ძალიან გემრიელია.

– გმადლობთ. ლიდა პეტროვნას მიართვით. მე და ივან ლუკიჩი კი სასმელს გავსინჯავთ, – ვუთხარი სვეტას და ლუკიჩს ვკითხე:

– რა დაგისხათ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო?

– წოდებები – სამსახურში. აქ კი ამის გარეშეც იოლად გავალთ. აბა, ერთი „ნაპოლეონი“ ჩამოასხი, შვილო. ქალებმა კი შამპანური გასინჯონ, – მითხრა სასიმამრომ.

მე ჯერ შამპანური ჩამოვუსხი ქალებს. შემდეგ ჩვენი ჭიქები შევავსე კონიაკით და ოჯახის უფროსს ვუთხარი:

– შეიძლება, ერთი სადღეგრძელო ვთქვა?

– რა თქმა უნდა, – მითხრა ლუკიჩმა.

ფეხზე წამოვდექი. კონიაკით სავსე ჭიქა ავწიე და ვთქვი:

– კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ლამაზ ოჯახში. ოჯახს დაგილოცავთ, ივან ლუკიჩ, თქვენს მშვენიერ მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, გაგიმარჯოთ და ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე და ბედნიერება მოგცეთ!

კიდევ ორიოდე ჭიქა რომ შევსვით და ოდნავ შევქეიფიანდით, სუფრა გამხიარულდა და უშუალო სიტუაცია სუფევდა. ლიდა პეტროვნა და ლუკიჩი თავის ძველ ისტორიებს ყვებოდნენ. სვეტას სრულიად გაუქრა დაბნეულობა. აღარ წითლდებოდა და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მელაპარაკებოდა. დრო ძალიან სწრაფად გადიოდა და კედლის საათს რომ შევხედე, უკვე ღამის პირველი საათი სრულდებოდა. მართალია, იქიდან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ბოლო სადღეგრძელო შევსვი. ქალებს ხელებზე ვეამბორე, ლუკიჩს მაგრად ჩამოვართვი ხელი და წამოვედი. სვეტამ დრო იხელთა და რომ მაცილებდა კარებთან მითხრა:

– მალხაზ, ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და იმედია, ხშირად გვესტუმრები.

– ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო აქ სტუმრობა. ახლა თქვენ მესტუმრეთ. ნახვამდის! შეხვედრამდე, სვეტაჩკა! – ვთქვი მე და პავლოვებისგან წამოვედი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა