რომანი და დეტექტივი

40+ სიყვარული

№1

ავტორი: ნინო წულუკიძე 20:00 16.01, 2021 წელი

40 + სიყვარული
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #51-53(1044) 

 

მარიამმა გაოცებით შეხედა დედას და მერე ვახტანგს მიუბრუნდა – თქვენ რა, იჩხუბეთ? რატომ არის ეს ასეთ ცუდ გუნებაზე?
– მგზავრობამ დაღალა. აცადე, დაისვენოს, – გაუღიმა შვილს კაცმა და თმაზე გადაუსვა ხელი, – თქვენ როგორ იყავით აქ, უჩვენოდ.
– კარგად, ბაჩო ბებოსთან გადაბარგდა და სახლში ჯერაც არ დაბრუნებულა. კარგი იყო?
– კი. როგორც ყოველთვის, ეგ სასტუმრო იმ სტანდარტისაა, მე რომ მომწონს და მიყვარს.
– ეგ არ მიგულისხმია, – თვალები მოჭუტა მარიამმა, – კარგი ჩავთვალოთ, რომ არ შევიმჩნიეთ... წავალ, სუფრას გავშლი, ვახშამი მოგიმზადეთ. მარიამმა მამას თვალი ჩაუკრა.
***
ონკანი მოუშვა და წყლის ჭავლს სახე შეუშვირა. სიამოვნებდა ცხელი წყალი. სითბო აფორიაქებულ ფიქრებს ულაგებდა. ვახტანგის საქციელი ისეთი მოულოდნელი იყო. „ნუთუ რამე იგრძნო. კაცებს, საერთოდ, გააჩნიათ ინტუიცია?“ ქმრისთვის აქამდე მსგავსი არაფერი შეუმჩნევია. ვახტანგი პრაგმატული, მშვიდი და რაციონალური ადამიანი იყო. სპონტანურობა, მოულოდნელი გადაწყვეტილებები არ ახასიათებდა. მთელი ცხოვრება დაგეგმილი და გაწერილი ჰქონდა. მათი გაცნობის დღიდან ასე იყო და არაფერი შეცვლილა.
ონკანი დაკეტა. პირსახოცი შემოიხვია და მიაყურადა. სამზარეულოდან ქმრისა და შვილის მხიარული ჟრიამული ისმოდა. სარკეში ჩაიხედა, საკუთარ გამოსახულებას გაუსწორა თვალი და ვერ იცნო. სხვა ქალი უმზერდა, სხვანაირი გამოხედვით. ფენი ჩართო... კარზე დააკაკუნეს.
– დედა, მალე გამოხვალ? ვივახშმოთ, – მარიამი პასუხს დაელოდა.
– თმას შევიმშრალებ და გამოვალ. ნუ დამელოდებით. მოგვიანებით შემოგიერთდებით.
– დაგელოდებით. ასე ძალიანაც არ გვშია. დე, მერე ხომ მომიყვები, როგორ დაისვენეთ. იცი, მამას მე ვურჩიე, ჩამოსულიყო.
ნუცას გაეღიმა და გაიფიქრა: „რა თქმა უნდა, თავისით ამას ვერ მოიფიქრებდა“ და უცებ ძალიან გაბრაზდა ვახტანგზე. ორმოცდაათი წლის ასაკშიც რომ ვერ ისწავლა, ცოლისთვის სიურპრიზის მოწყობა. შვილის კარნახი სჭირდებოდა. ამოიოხრა და დიმასკენ გაექცა ფიქრი და საკუთარ თავსაც გაუწყრა: „არაფერს მოგცემს არარეალურზე თავის მტვრევა, დაივიწყე! ცხოვრება ჩვეულ რიტმში გააგრძელე... რამდენი წლის ხარ, რომ ასეთი ამჩატება გეპატიებოდეს...“ თუმცა, მაგიდასთან, ჩაის რომ სვამდა, უნებლიეთ, ისევ იმ მომენტზე ეფიქრებოდა, როცა დიმა პირველად გამოელაპარაკა.
– ძალიან მომენატრა სამსახური. ხვალიდან გავალ, – თქვა და ქმარს შეხედა – სახლიდან მუშაობა მთრგუნავს. თითქოს ვერ ვმობილიზდები. ისიც ვიფიქრე, რომ რამე ახალი დავიმატო.
ვახტანგმა ლუკმა გადაყლაპა და მხრები აიჩეჩა.
– არ მგონია, ახლა ამისთვის შესაფერისი დრო იყოს. ჯერ ისევ მძიმე სიტუაციაა. ამ სტატისტიკის ნუ გჯერა.
– ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ყველაზე შესაფერისი დროა, – არ დაეთანხმა ნუცა, – ხომ მიცნობ, ასეთ მომენტებში ადრენალინი და აზარტი მემატება ხოლმე. თანაც ფული ზედმეტი არასოდეს არის.
ვახტანგმა გაოცებით ასწია წარბები.
– ფულის ნაკლებობა გვაქვს? რამე გვაკლია?
– მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, იმდენიც არ გვაქვს, დამატებით შემოსავალზე უარი ვთქვა.
– უცნაურია, ისე ლაპარაკობ, თითქოს, თითქოს... – კაცი გაჩუმდა და ამოიოხრა.
– თითქოს რა... თქვი, რას გულისხმობდი – არ მოეშვა ქალი.
– მე ხომ არასდროს მითქვამს უარი, შენთვის თანხის მოცემაზე. არც ის მიკითხავს, რაში აპირებდი დახარჯვას.
– ეგ რა შუაშია. მინდა, რაღაც გავაკეთო, საინტერესო და ახალი. რატომ ნერვიულობ და რატომ აპროტესტებ, ვერ ვხდები.
– არ ვაპროტესტებ, ნუცა. მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენას ვცდილობ და შენც ამისკენ მოგიწოდებ. არ არის კარგი სიტუაცია. ბავშვებიც სახლში არიან.
– ძალიან გთხოვ, ჩვენ ნუ ჩაგვრევთ ამ ყველაფერში. მე სახლში ვარ თუ სხვაგან, საკუთარ თავს მივხედავ. მამა, ნუცას რომ ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია, ეს შენთვის ახალი ამბავია? სახლში დასვამ და ეგრევე ამბოხს მოგიწყობს. ამიტომ, დაე, აკეთოს ის, რაც უნდა, თუნდაც პანდემიის პირობებში. ვერ წარმომიდგენია, წინსაფრით გაზქურასთან მდგარი. მგონი, არც შენ გინდა ეს.
მარიამი დედისკენ შებრუნდა და თვალი ჩაუკრა.
ნუცამ გაიღიმა, ქალიშვილს ესმოდა მისი. რაღაცნაირად ჰგავდა კიდეც, პრინციპული, ჯიუტი ხასიათით. თუმცა, რამდენად გაიგებდა მარიამიც კი იმას, რაც ახლა ქალის თავში და გულში ხდებოდა, ამაზე პასუხი არ ჰქონდა.
– კარგი. რადგან ასეა, ჩემს აზრებს თავს აღარ მოგახვევთ, – ვახტანგი შეეცადა, უკმაყოფილება დაემალა, – მარიკას დავურეკავ, ხვალვე მოვიდეს, თორემ მთელი ოჯახი სადილის გარეშე დავრჩებით.
ნუცამ ქმარს შეხედა.
– ანუ, მე ცუდი ცოლი ვარ? ეს ამას ნიშნავს?
კაცი შეცბა. ნაძალადევად გაიღიმა. ცოლისკენ გადაიხარა და შუბლზე აკოცა.
– არა, ძვირფასო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოუცლელი და ძალიან საქმიანი ცოლი ხარ.
***
კაცმა იგრძნო, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო. უხალისოდ მივიდა კართან, აყოვნებდა გაღებას. გოგო უცერემონიოდ შემოიჭრა ოთახში.
– ამდენ ხანს რატომ არ მიღებდი, ვინმე გყავს? მარტო არ ხარ? – დააყარა შეკითხვები პრეტენზიული ტონით. დიმა მოიღუშა.
– თიკო, მე შენ რამდენჯერ გაგაფრთხილე, ასე ნუ იქცევი-მეთქი.
– როგორ „ასე“? – გამოაჯავრა გოგომ. დივანზე მოკალათდა და არც უცდია წარმოუდგენლად მოკლე ქვედაბოლოს გასწორება.
– რატომ მოხვედი? – უხეშად ჰკითხა კაცმა.
– მომენატრე.
– თიკო, არ გინდა. თავს ნუ ისულელებ. ხომ გასაგებად აგიხსენი ყველაფერი. ჩვენ არ ვართ წყვილი და არც ვიქნებით.
– ჰო? ეს შენ გგონია ასე. მე საერთოდ სხვანაირად ვფიქრობ.
– შენ ფიქრიც იცი, პატარავ? – დასცინა კაცმა. გოგომ იფეთქა:
– აბა, აბა... მეტისმეტი ნუ მოგივა. ახლა ვარ სულელი და უტვინო? ერთი თვის წინ ასე არ ლაპარაკობდი.
– ერთი თვის წინაც არ მითქვამს შენთვის, რომ მიყვარხარ ან შენთან სერიოზული ურთიერთობა მინდა. ამიტომ ახლა ადექი და წადი სახლში, არ მცალია და არც შემიძლია შენთან ენის მოჩლექით საუბარი.
– არც არავინ გთხოვს, შენგან ეს არ მჭირდება.
– ძალიან კარგი. მითხარი, რა გჭირდება და წადი.
თიკომ თვალები მოჭუტა.
– შენთან მინდა დარჩენა, – მიახალა თიკომ.
– რა? გამორიცხულია.
– რატომ? არგუმენტირებული პასუხი მჭირდება. ერთად კარგად ვიყავით. არ ეცადო, საპირისპიროში დამარწმუნო, მაინც არ დაგიჯერებ.
– თიკო, არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. ახლავე ადგები და წახვალ, – დიმამ ხმა გაიმკაცრა.
– ო, როგორ შემეშინდა, – ირონიულად გადააქნია თავი თიკომ და ხმამაღლა გადაიკისკისა. სიცილის დროს თავი უკან ჰქონდა გადაწეული. მაღალი, ლამაზი მკერდი ვნებიანად უთრთოდა, მაგრამ კაცზე აღარ „ჭრიდა“ მისი გავლენა. ნუცაზე უნდოდა ფიქრი და ეს უშნოდ „აჭიხვინებული“ გოგო ნერვებს უშლიდა.
– თიკო, ახლა წადი და გპირდები, ხვალ დაგირეკავ.
თიკომ თვალები მოჭუტა და კაცს გამომცდელად შეხედა.
– არ მჯერა, ჩემი თავიდან მოშორება გინდა.
დიმა ჯერ გაჩუმდა და გაჭირვეულებულ გოგოს მიაჩერდა. მერე დინჯად ამოიღო ჯიბიდან სიგარეტი. მოუკიდა და მშვიდად თქვა.
– მართალი ხარ. სხვა მიყვარს. აზრი არ აქვს შენს აქ ყოფნას. არც დაგირეკავ და აღარც შეგხვდები. დიდი გოგო ხარ და უნდა ხვდებოდე, რომ ძალით ასეთი რაღაცები არ გამოდის. პრინციპში, მე არც არასდროს მითქვამს, რომ ერთად ვიქნებოდით ან ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გვექნებოდა.
– როგორი სასტიკი და ცინიკური ხარ. ვინ არის?
– რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ შენ არ ხარ.
თიკო გაწითლდა. შეშლილივით წამოხტა ფეხზე და ყვირილით გავარდა კარისკენ.
– ეს ასე არ ჩაგივლის. ნახავ, აი ნახავ, სამაგიეროს გადაგიხდი, თანაც ძალიან მწარედ. ინანებ შენს საქციელს!
– ღმერთო, აი, რატომ არ მიყვარს ჭიჭყინა ბავშვებთან საქმის დაჭერა. ნერვები მოთოკე და დამშვიდდი. გაიგე, კი არ გიყვარვარ, მე შენი ახირება ვარ და გაგივლის.
– იდიოტი! – თიკომ კარი ისე გაიჯახუნა, ლამის ანჯამებიდან ჩამოაგდო.
დიმამ სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დასრისა, შემდეგ მობილური აიღო და დარეკა.
– ჰო, მე ვარ. აბა, რა ქენი, გამირკვიე, რაც გთხოვე?.. ო, ტყუილად არ მქონდა შენი იმედი. კიდევ რა გაიგე?.. კიდევ? მშვენიერია. ძალიან კარგია... რასაც დაგპირდი, მიიღებ. ანგარიშის ნომერი ხომ იგივე გაქვს?
***
ნუცამ პირბადე მოიხსნა და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი. მაკიაჟს, ჩვეულებისამებრ, მაინც იკეთებდა, მსუბუქს, მაგრამ საკმაოდ ეფექტურს. ნიღაბი ხან ტუჩის საცხით ესვრებოდა, ხან ტონალურით, მაგრამ მაკიაჟის გარეშე ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სახლიდან შიშველი გავიდა. საკუთარი თავის კმაყოფილი იყო. მისით მოიხიბლნენ და გადაწყვეტილებაც პირველივე თხუთმეტი წუთის განმავლობაში მიიღეს. ნუცას არასოდეს აკლდა თავდაჯერებულობა. წლების მატებასთან ერთად კი მისი პროფესიონალიზმი გამოცდილებით უფრო დაიხვეწა.
– გამარჯობა.
ნუცა შეკრთა. ხმა ეცნო, მაგრამ მაშინვე არ შებრუნდა, იდგა და შემცივნულივით თრთოდა.
– გამარჯობა, – გაიმეორა კაცმა, – ვიცი, არ გეგმავდი ჩემთან შეხვედრას. მაგრამ ვერ მოგატყუებ. უკვე ერთი თვეა, ვცდილობ შენს ნახვას.
ნუცამ ძლივს გაუსწორა თვალი და ღაწვები შეუვარდისფრდა, პირველი პაემნით დაბნეული თინეიჯერივით.
– როგორ მიხარია შენი ნახვა! წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ერთად ყავა რომ დავლიოთ.
– მე აქ... საქმეზე ვიყავი... შეხვედრა მქონდა...
– ვიცი, ჩემი კომპანიაა. ყველაფრის საქმის კურსში ვარ.
ნუცას თვალები გაუფართოვდა.
– მოიცა, ვერ გავიგე, რა იგულისხმე. რას ნიშნავს, შენი კომპანიაა ან ყველაფრის საქმის კურსში ვარ? მითვალთვალებ?
– წამოდი, ყავა დავლიოთ და ვილაპარაკოთ. მკლავზე ხელი მოჰკიდა კაცმა. ნუცამ ხელი გაითავისუფლა და წყენით შეხედა.
– ძალიან შეუფერებელი საქციელია სერიოზული მამაკაცისთვის. უარს ვამბობ თქვენ მიერ შემოთავაზებულ სამსახურზე. იმედი მაქვს, თავად მოახსენებთ ამის შესახებ იმ ადამიანებს, ცოტა ხნის წინ პატარა სპექტაკლი რომ მომიწყვეს. მშვიდობით და მეორედ იგივეს ნუღარ გააკეთებთ.
– ნუცა, სულ ტყუილად ცდილობ, ხელიდან დამისხლტე. ჯერ ერთი, სამსახური იმიტომ შემოგთავაზე, რომ ამ ადგილისთვის იდეალური ხარ, საუკეთესო... და მინდოდა, უფრო მეტი მცოდნოდა შენზე. ამისთვის დამსჯი?
– ხომ გთხოვე, იქ, სასტუმროში... – ნუცამ სწრაფად მოირგო სახეზე პირბადე და შემცბარმა მიმოიხედა.
– ნუ ნერვიულობ, ვერავინ დაგინახავს. ადამიანები ზედმეტად შეშინებულები არიან იმისთვის, რომ აინტერესებდეთ, ვინ ვის ხვდება.
– არა. მე ასე არ ვფიქრობ.
– მაშინ ყავაზე ნუ მეტყვი უარს და იქ ვერავინ დაგვინახავს.
– ღმერთო! – ამოიოხრა ნუცამ და გაფითრდა, – გამოსავალს, არჩევანს არ მიტოვებ.
– არჩევანი სულ არის. მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ. წამოხვალ? შენი მანქანა აქ დავტოვოთ. ზუსტად ორ საათში მოგიყვან უკან. მხოლოდ ყავა და საუბარი.
– ღმერთო... – ისევ აღმოხდა ქალს, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია. მორჩილად გაჰყვა მანქანისკენ...
***
ვახტანგმა კართანვე გაიხადა ფეხსაცმელები, ხელები სადეზიფენქციო ხსნარით დაიმუშავა და მხოლოდ ამის მერე შევიდა ოთახში.
დიდ და გემოვნებით მოწყობილ ოთახში არავინ იყო. სამზარეულოს მხრიდან რაღაც ხმა მოესმა და იქით გაეშურა. მარიკა გარეცხილ ჭურჭელს კარადაში აწყობდა. ფეხის ხმაზე შემობრუნდა.
– უკვე მოხვედი? კატლეტები ჯერ ისევ თბილია, ახლავე გავშლი სუფრას.
– ნუცა და ბავშვები სად არიან?
– ნუცა ჯერ არ დაბრუნებულა. მარიამი ერთი საათის წინ გავიდა სადღაც. იმ გოგომ გამოუარა, მაღალი, გამხდარი და ძალიან თამამი რომ არის, – ქალი უკმაყოფილოდ დაიღრიჯა.
– ჰო, მივხვდი – თიკო.
– დიახ, თიკო. ვერ ვხვდები, ჩვენს წყნარ და საყვარელ მარიამს რა შეიძლება, ჰქონდეს მასთან საერთო. თუმცა, ეს, ალბათ, ჩემი საქმე არ არის.
– მარიკა, ვიცი, რომ მარიამი გიყვარს, მაგრამ თიკო მისი თანაკურსელია და... ჰო, მართლა, არ მშია, არ იწვალო. მხოლოდ მაგარი ჩაი გამიკეთე და თუ არ შეწუხდები, კაბინეტში შემომიტანე, ნუცას მოსვლამდე ცოტას წავიმუშავებ.
– ნუცა ბევრს მუშაობს, ძალიან ბევრს. ორივე ბევრს მუშაობთ. როდისღა ცხოვრობთ? – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ქალმა და კიდევ რაღაც ჩაიბუტბუტა.
ვახტანგს გაეცინა.
– იმიტომ ვმუშაობთ, რომ ვიცხოვროთ, მარიკა.
– ჰო, – ცივად მიუგო ქალმა, – მაგდენს ვხვდები. ბაჩოა სახლში, თავის ოთახში. ვიღაც უხილავ არსებებს ელაპარაკება და ზოგჯერ მთელი ხმით ყვირის... ისიც, ალბათ, იმიტომ აკეთებს ამას, რომ ცხოვრობს.
– მარიკა, დღეს ძალიან სიღრმისეულ დასკვნებს აკეთებ, – ვახტანგს მეტი არაფერი უთქვამს. თავის კაბინეტში გავიდა, ტანსაცმელი გაიხადა, ხალათი ჩაიცვა და კომპიუტერს მიუჯდა. ეკრანს უყურებდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ნუცას ადრეც დაუგვიანია. იყო ისეთი დღეები, როცა სახლიდან დილით ადრე გადიოდა და მაშინ ბრუნდებოდა, როცა ქმარსა და შვილებს უკვე ეძინათ. მაგრამ ახლა ვახტანგი მოუსვენრობამ შეიპყრო. რაღაც აწუხებდა და ამ გრძნობას ახსნას ვერ უძებნიდა. ცოლს ენდობოდა და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. თუმცა იყო რაღაც, რაც სულს უფორიაქებდა. სახელს ვერ უძებნიდა, მაგრამ ძალიან არ მოსწონდა ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა იყო... „რა ვუთხრა, რომ აღარ იმუშაოს? რა მოტივით? სისულელეა“. ამით მხოლოდ საკუთარ სისუსტეს აჩვენებს და მერე საკუთარი თავის შერცხვება... კარი ფრთხილად გაიღო. მარიკამ ჩაი შემოიტანა და საიდუმლოსავით გაუმხილა:
– ნუცა მოვიდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი