რომანი და დეტექტივი

40+ სიყვარული

№52

ავტორი: ნინო წულუკიძე 20:00 02.01, 2021 წელი

40 + სიყვარული
დაკოპირებულია

გაგრძელება. (დასაწყისი იხ. „თბილისელები“ #51(1042).

📖 📖 📖

გაანჩხლებულმა გოგომ ფინჯანს ხელი სტაცა და იატაკზე დაანარცხა. თხელი ფაიფური უწვრილეს ნატეხებად მიმოიფანტა ფილაქანზე. კაცმა მშვიდად ჩაილაპარაკა.
– ბებიაჩემის მზითვის ფინჯანი გატეხე... ძალიან მიყვარდა. ძევლისძველი ჩინური ფაიფურია.
– ფეხებზე მკიდია! – დაიწივლა თიკომ, – ამ ლანგარსაც გავტეხავ, ამ საშაქრესაც, საკარაქესაც...
– მერე, ამით რას მიაღწევ? გიჟი რომ ხარ, ისედაც ვიცი.
– აჰა, ახლა ვარ გიჟი? შენზე ვგიჟდებიო, რომ მიმტკიცებდი, მაშინ ხომ არ ვიყავი გიჟი?!
– მაშინაც გატყობდი რაღაცას, მაგრამ ასე ნამეტანი თუ გადაირეოდი, როგორ წარმოვიდგენდი. თან, რომ ვერც ვხვდები, რა გინდა?
– ძალიან კარგად იცი. არ მოგცემ უფლებას, ისე მომექცე, როგორც ვიღაც პირველივე შემხვედრს. ამას არ დავუშვებ.
– თიკო, ძალიან დავიღალე. მე შენ არაფერს დაგპირებივარ, საერთოდ არაფერს.
– აჰა, ხელწერილი უნდა ჩამომერთმია, რომ ცოლად შემირთავდი. ასე, ხომ?
– არა, – ამოიოხრა კაცმა, – ეგეც არაფერს შეცვლიდა. თიკო, რამდენჯერ აგიხსენი, ცოლქმრობა ისეთი რამეა, ორივეს უნდა უნდოდეს – ქალსაც და კაცსაც.
– აჰა, ესე იგი, შენ არ გინდა.
– ჰო, არ მინდა და რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ არც შენ გინდა. უბრალოდ, აიხირე, ჯორზე შეჯექი და ახლა ჩამოსვლა აღარ გინდა. აბა, წარმოიდგინე – ჩემი მოვლისთვის მზად ხარ? იცი, როგორი აუტანელი ხასიათი მაქვს?
– არა უშავს, არც მე მაქვს იდეალური. მოვრიგდებით როგორმე.
– არა. მე შენ ცოლად არ მოგიყვან, – გადაჭრით გადააქნია თავი კაცმა.
– რატომ, რატომ, რატომ?! – ისტერიულად აწივლდა თიკო.
– იმიტომ, თიკო, რომ არ მიყვარხარ. არც შენნაირი ცოლი მინდა. ახლა გაიგე?
გოგო გაშრა. თვალები გაუფართოვდა და გაფითრდა.
დიმამ ამოიოხრა. სამზარეულოში გავიდა და წყალი მიუტანა, მაგრამ გოგომ ხელი ჰკრა.
– შენ მე ახლა ისეთი შეურაცხყოფა მომაყენე, ისე დამამცირე, რომ ამას არასოდეს გაპატიებ. ძალიან მაგრად ინანებ და გვიან იქნება.
– კაცმა მხრები აიჩეჩა.
– როგორც გინდა. შენი ნებაა. თუმცა, გულწრფელად ვერ ვხვდები, რა გაგიჟებს.
– ასე ნუ მელაპარაკები, ასე ნუ მელაპარაკები-მეთქი! – დაემუქრა თიკო.
– ჭურჭელი უკვე დაამტვრიე, თავში თუ ჩამარტყამ ახლა რამეს. ისე არ მიყვარს „ისტერიჩკა“ ქალები, მით უმეტეს, ლამაზი გოგონები. აი, რა გატირებს ახლა. მოვა დრო და მადლობას მეტყვი, სისულელე რომ არ გაგაკეთებინე. ზუსტად ექვს თვეში მიხვდებოდი, რა შარში გაყავი თავი.
– გმადლობ ჩემზე ზრუნვისთვის, – გამოსცრა გოგომ, – ვერ გიტან და გისურვებ, ჩამოვარდეს თვითმფრინავი, როცა ჰაერში იქნები.
– ნწ, ნწ, ნწ... თიკო, აბა, რას ამბობ... ისედაც როგორი რთული ვითარებაა, პანდემია, ვირუსი, მე კი ვალდებული ვარ, წავიდე.
– ფეხებზე მკიდია ვირუსიც, პანდემიაც, შენც და მთელი სამყაროც. თიკომ ჩანთაში ჩაყარა თავისი ნივთები და ცრემლით სველი თვალები ხელისგულებით მოიწმინდა.
– თიკო, გინდა, დარჩი აქ, დამშვიდდი და მერე წადი. რამდენი დღეც გენდომება, იმდენი დღისას გადავიხდი. აუზი, პარკი... მასაჟი მოგიხდება.
– წადი, შენი! – შეუღრინა გოგომ, – ვინმე სხვას გაუკეთე მათხოვრული საჩუქრები. წავედი. არ გაბედო და აღარ დამირეკო.
– არც ვაპირებ, – ერთბაშად წამოენთო დიმა, – მშვიდობით.
– ჰმ, ასე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან და მალე ნახავ...
– თიკო, თიკო, შე ბრაზიანო გოგო, შენა... მე კი ყოველთვის კარგად და თბილად გამახსენდები.
– დეგენერატო! – თიკომ ჩანთას ხელი სტაცა, ნომრიდან უკანმოუხედავად გავარდა და კარი გაიჯახუნა. დიმამ საწოლზე შემთხვევით დარჩენილი თიკოს თმის სამაგრი აიღო და იქვე, ურნაში ჩაუძახა.

📖 📖 📖

ნუცამ იგრძნო, როგორი მოხიბლული შეჰყურებდა კაცი და გაუღიმა. დიმას ანთებულმა თვალებმა ის დრო გაახსენა, როცა მასზე უზომოდ შეყვარებული ვახტანგი თვალმოუშორებლად შესციცინებდა და წუთით არ ტოვებდა მარტო.
– თუ ჭამას არ დაიწყებთ, ყველაფერი გაგიცივდებათ, – უთხრა კაცს და სალათა ნაზად ჩაიდო პირში, – სხვათა შორის, აქ ძალიან გემრიელად ამზადებენ.
– როგორც მივხვდი, აქაურობა თქვენთვის საკმაოდ ნაცნობია.
– დიახ. მიყვარს ეს სასტუმრო. ყველაფერი მომწონს, კარგი სერვისი აქვთ, კომფორტი. ორი-სამი დღე ყოველთვის ვრჩები. ჩემს მეუღლესაც მოსწონს. საერთო მოგონებებიც გვაკავშირებს და... მოკლედ, თუ ექსკურსიამძღოლი გჭირდებათ, არ დაგზარდებით.
– დიდხანს რჩებით?
– ზეგ წავალ.. ან შეიძლება, კიდევ ერთი დღეც დავრჩე.
– ძალიან გთხოვთ, დარჩით. გაითვალისწინეთ, ოთხჯერ კარანტინში ნამყოფი ადამიანი გთხოვთ ამას.
– ხომ დამპირდით, რომ მომიყვებოდით, როგორ მოხვდით ოთხჯერ კარანტინში... ძალიან მოგინდომებიათ.
– დიახ, ოთხჯერ, თან ზედიზედ. ჩამოვედი ავსტრიიდან – საქმიანი ვიზიტით ვიყავი და რა თქმა უნდა, ვიცოდი, თორმეტი დღე კარანტინში რომ უნდა გამეტარებინა. კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. მშვიდად ვასრულებ რეკომენდაციებსაც. არ მოვყვები, როგორი იყო ეს თორმეტი დღე, მაგრამ ნამდვილად არავინ შემიწუხებია. ტესტის პასუხი მეცამეტე დღის ნაცვლად მეთოთხმეტე დღეს მოვიდა და გამომიშვეს. იმავე საღამოს მეგობარმა დამირეკა, ბავშვს ვნათლავ და შენ გელოდებოდიო. წავედი. ორი დღის მერე ვირუსი დაუდასტურდა... მე, როგორც კონტაქტში მყოფი პირი, თორმეტი დღით ისევ წავედი კარანტინში.
ნუცას გაეცინა.
– რატომ თვითიზოლაციაში არა?
დიმამ მხრები აიჩეჩა.
– როგორ გითხრათ, რისკენაც მთავრობამ მომიწოდა, შევასრულე. ისევ დავბრუნდი კარანტინში და თქვენ წარმოიდგინეთ, იმავე სასტუმროსა და იმავე ოთახში.
ნუცამ ხმამაღლა გადაიკისკისა.
– მატყუებთ.
– არა, არანაირად. გეფიცებით. ერთ სიტყვასაც არ ვუმატებ.
– კარგი, კარგი. ეს ორი კარანტინი... მესამე და მეოთხე.?
– ო, მესამე და მეოთხე ჩვეულებრივი ბესტსელერია. მართლა გაინტერესებთ?
– რა თქმა უნდა.
– მესამე კარანტინი ზუსტად მეორე კარანტინის დასრულების მეორე დღეს ავიკიდე. სახლში მისვლაც კი ვერ მოვასწარი. კოვიდიანმა ლაბორატორიის თანამშრომელმა მამცნო, თქვენი ტესტის პასუხი უარყოფითია და როგორც მასთან კონტაქტი, ისევ კარანტინში გამამწესეს. ამჯერად, სხვა სასტუმროში. ბათუმის ნაცვლად, კახეთში გამიშვეს.
– ძალიან ცუდად ვარ, – გადაიკისკისა ნუცამ, – კახეთიო...
– უკვე აღარც ვნერვიულობდი. მესამე კარანტინი ყველაზე მშვიდი და ჰარმონიული იყო ჩემს ოთხ კარანტინს შორის.
– მეოთხეს ამბავიც უნდა მითხრათ.
– მეოთხე ყავას დავაყოლოთ. კონიაკზე რას იტყვით?
– მაგარ სასმელს არ ვსვამ.
– მაშ თქვენთვის შოკოლადის ლიქიორს შევუკვეთავ, ვანილის არომატით მოგეწონებათ.
– კი, ბატონო, – ნუცა ძალიან გაერთო. თავს არ უტყდებოდა იმაში, რომ მოსწონდა ეს კაცი. რაღაცნაირი უშუალო იყო, ლაღი და ხალისიანი. არანაირი ყალბი ინტონაცია, არანაირი თამაში და ხელოვნური მცდელობა ქალის სიმპათიის მოპოვებისა. ნუცა თავს ისე კარგად გრძნობდა, რომ ყველა კუნთი მოეშვა, მოუდუნდა და ყოველი წუთით სიამოვნებას იღებდა.
– მეოთხე კარანტინში მოსვლის ამბავიც მოვყვე? იქნებ ყავითა და ლიქიორით დავკმაყოფილდეთ.
– არა, არა, უნდა მოყვეთ.
– კარგი. ძმაკაცმა „გამიჩალიჩა“. ვთხოვე, ჩამომაკითხე და წამომიყვანე-მეთქი. რა ძალა მადგა... მეორე დღეს საღამოს დამირეკა... აუ, არ გაგიტყდეს, მაგრამ დამიდასტურდა და კარანტინში უნდა წავიდეო. გაუჩერებლად ვიცინოდი, კინაღამ ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობაც ეჭვის ქვეშ დადგა.
– დიდი ხანია, ამდენი არ მიცინია, – სული მოითქვა ნუცამ, – ანუ, სულ რამდენი დღე გამოგივიდათ კარანტინი?
– ოთხჯერ თორმეტი – ორმოცდარვა და პლუს ორი დღე. ანუ, სულ ორმოცდაათი. გეუბნებით, ლამის შევიშალე. თუმცა, ვაღიარებ, არც ისეთი ცუდი იყო, მით უმეტეს, რომ ფინალში ასეთი ჯილდო მელოდა – თქვენთან შეხვედრა.
– ო, აი, ეს უკვე ზედმეტი იყო.
– რატომ?
– იმიტომ, რომ აქამდე ბუნებრივი იყავით. თანაც, რა იცით, რომ მეხუთე კარანტინი არ გემუქრებათ?
– ანუ? – ჩაიცინა დიმამ, – რისი თქმა გინდათ?
– აი, მე რომ დამიდასტურდეს ხვალ ან ზეგ, გარანტირებული გაქვთ კიდევ ერთი კარანტინი.
– დიდი სიხარულით შევხვდები ამ ამბავს, მით უფრო, თუკი გვერდით ნომერში თქვენ იქნებით და აივანზე შეხვედრის საშუალება გვექნება.
– ოჰო, აივანზე შეხვედრების ამბავი ჯერ არ მოგიყოლიათ.
კაცმა გაიცინა.
– არა, არა, ჩემ შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა. თუმცა, მოწმე ვიყავი მშვენიერი, რომანტიკული პანდემია-პაემნების.
ნუცამ შუბლზე ჩამოშლილი თმა შეისწორა.
– კარგად გამართეთ. იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც ასე პოზიტიურად მოყვებოდა ორმოცდარვადღიანი კარანტინის ამბავს.
– თქვენ განმაწყვეთ ასე...
ნუცამ გაიღიმა და საათზე დაიხედა.
– უკვე გვიანია, წავალ მე...
დიმამ თავი გააქნია.
– ასე ადრე ვერ გაგიშვებთ. სანაპიროზე გავისეირნოთ. ისეთი თბილი საღამოა, ამ შანსს ხელიდან ნუ გავუშვებთ.
ნუცა შეყოყმანდა, კაცი მაშინვე მიუხვდა მიზეზს.
– მხოლოდ გავისეირნებთ. არ არის საჭირო ამაში სერიოზული აზრის ჩადება. თუ გინდათ, ხმას საერთოდ არ ამოვიღებ.
ქალს გაეცინა კაცის გულწრფელობაზე.
– გგონიათ, ყველაფერს ხვდებით, რასაც ვფიქრობ?
– არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. რას ვხვდები და რისი ნიჭი მაქვს მომავალში გამოჩნდება, თუ ურთიერთობას გავაგრძელებთ. ჰო, ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნახეთ? – თქვენობით გელაპარაკებით, იმიტომ რომ ასე მოითხოვეთ.
ნუცამ ჭიქაში ჩარჩენილი ლიქიორი მოსვა. გასეირნებით მართლა არაფერს დავაშავებთ, ფიქრობდა ქალი. სიამოვნებდა მისთვის ასეთი უჩვეულო მდგომარეობა. თავდაჯერებულობას მატებდა. ქალში პრანჭია არსებამ გაიღვიძა. რამდენი წელი არ ჰქონია შესაძლებლობა, გაპრანჭვოდა საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, თანაც, სიმპათიურს და მისით მოხიბლულს.
– კარგი. მხოლოდ ავალ, ჟაკეტს ავიღებ.
– იშვიათად შეხვდები ქალს, რომელსაც უბრალო შორტი და მაისური უფრო უხდება, ვიდრე ძვირფასი საღამოს კაბა, – თქვა კაცმა. იმედია, არ მიწყენთ გულწრფელად გამოხატული ემოციის გამო.
ნუცამ უხერხულად გაუღიმა.

📖 📖 📖

ვახტანგმა ადუღებული წყალი ფინჯანში ჩაასხა და ისევ მობილურს მიუბრუნდა. ნუცამ კიდევ არ უპასუხა.
– მარიამ! მარიამ, შეგიძლია, ერთი წუთით მოხვიდე? – გასძახა შვილს.
რამდენიმე წუთში სამზარეულოში ცხრამეტიოდე წლის, მაღალი გამხდარი, მხიარულად მოციმციმე მომწვანო-მონაცრისფერო თვალებიანი გოგო შევიდა.
– რამე სასწრაფოა? თიკოა ჩემთან, ვლაპარაკობდით.
– დედაშენს ვერ ვუკავშირდები, მთელი დღეა, ვურეკავ და არ იღებს ან გამორთული აქვს. მესიჯებზეც არ მიპასუხა.
– დილით ვესაუბრე, – მხრები აიჩეჩა მარიამმა და მერე გაიცინა, – ვერ ძლებ, ხომ, მის გარეშე. ვაცადოთ, დაისვენოს.
– დაისვენოს, მაგრამ ძალიან არ ჰგავს მის საქციელს. სულ რეკავს ხოლმე, სულ საქმის კურსშია, აქ რა ხდება...
– ჰოდა, ეტყობა, გადაწყვიტა, ცოტა ხანი ნებაზე მიგვიშვას. ჰო, მართლა, სადილი მიკროტალღურ ღუმელშია. მარიკამ კატლეტი მოამზადა და ვაშლის ღვეზელიც გამოაცხო.
– არ მშია. ჩაის დავლევ და ცოტას წავიმუშავებ. იცი, რა ვიფიქრე. მოდი, ხვალ ყველა ერთად წავიდეთ დედასთან.
მარიამმა თავი გააქნია.
– არ მომწონს ეგ იდეა. ჯერ ერთი, ამ უქმეებზე სხვა გეგმები მაქვს, მეგობრები კახეთში ვაპირებთ წასვლას, სანამ ჯერ კიდევ თბილი ამინდებია. აუზზე გავერთობით. არავინ იცის, კიდევ რა მოხდება, თუ ხელახლა გამოგვკეტავენ D ვიტამინის მარაგი მაინც დავაგროვო. შენ წადი და ბაჩოც წაიყვანე.
– ბაჩოს კალათბურთის მატჩი აქვს.
– ჰო? ძალიანაც კარგი. ბაჩოსაც რა უნდა იქ. შენ წადი. არ იდარდო, მარიკა მოგვხედავს ორივეს. ან რა მოხედვა გვინდა, არ დავიკარგებით.
– კარგი, მე წავალ. დილით ოფისში შევივლი, მერე კი წავალ.
– არ დაურეკო ნუცას და არ უთხრა, რომ ჩადიხარ. სიურპრიზი გაუკეთე.
ვახტანგი შეიჭმუხნა.
– არ მიყვარს ასეთი სიურპრიზები. დავრეკავ და ვეტყვი საქმიანად და ცივილიზებულად.
– მამა, – გადაიკისკისა მარიამმა და მოეხვია, – ხომ არ დაბერდი, ამას რატომ ამბობ? დამიჯერე, დედას ეს მოეწონება.
– ვითომ? – დაეჭვდა კაცი.
– მოეწონება, მოეწონება, – გაიცინა მარიამმა და მამას ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.

📖 📖 📖

ოთახში შემოსულმა მარიამმა მეგობარი მოიკითხა. თიკო აივანზე მოაჯირს დაყრდნობილი სიგარეტს ეწეოდა.
– ყავას არ დალევ? – ჰკითხა მარიამმა.
– ჰმ, მეგონა, ყავაზე იყავი გასული.
– არა, მამაჩემს ველაპარაკებოდი.
– ჰო? საინტერესოა, რაზე ლაპარაკობთ ხოლმე, – გაიცინა თიკომ.
– რას ნიშნავს, რაზე ველაპარაკები. შენ არ ელაპარაკები შენს მშობლებს.
– არა, რა თქმა უნდა. მაინც არასოდეს ესმით ჩემი.
– ჰო, რა თქმა უნდა, ვერ გაგიგებენ შენს ურთიერთობას ოცი წლით უფროს მამაკაცთან.
– ცხრამეტი, ცხრამეტი წლით არის უფროსი და ეგ საერთოდაც რა შუაშია, ვერ ვხვდები. სრულწლოვანი ვარ და თავად გადავწყეტ, ვისთან მქონდეს ურთიერთობა.
მარიამს გაეღიმა.
– რა გაცინებს?
– წარმოვიდგინე ჩემი მშობლების რეაქცია, მე რომ ოცი წლით უფროსი შემიყვარდეს.
– ცხრამეტით-მეთქი.
– კარგი. იყოს ცხრამეტი, თუ ერთი წელი რამეს ცვლის. უჰ, გაგიჟდებიან.
– ეგ მათი პრობლემაა და კიდევ შენი, – სიგარეტი მოქაჩა თიკომ და გააბოლა, – ჩემი პრობლემა კი ის არის, რომ იმ იდიოტს არ ვუყვარვარ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი