რომანი და დეტექტივი

40+ სიყვარული

№51

ავტორი: ნინო წულუკიძე 20:00 25.12, 2020 წელი

40+სიყვარული
დაკოპირებულია

... ქვიშა ცხელი იყო... თბილი კი არა, ცხელი და მხურვალე. სცადა, ფრთხილად დაედგა ფეხი, მაგრამ ფეხის გულები აეწვა და სირბილით შევარდა ზღვაში. მთელი სხეულით მინებდა მონანავე ტალღებს. უცნაურმა სიმშვიდემ მოიცვა. ხელები გაშალა, აელვარებულ მზეს თვალი გაუსწორა და ნეტარებით ამოიოხრა. ასეთი სექტემბერი არ ახსოვდა. ასეთი, ანუ ცხელი და მზიანი. თანაც, სად – აჭარაში, რომელიც საზიზღარი, წვიმიანი ამინდების გამო არ უყვარდა. მზის გარეშე დასვენება კი არა, ცხოვრებაც ვერ წარმოედგინა. ეს იყო მიზეზი, რატომაც ერიდებოდა აჭარაში დასასვენებლად წასვლას, მით უფრო, მარტო, ოჯახის, მეგობრების გარეშე. ვიღაცები რომ „გაიპარებოდნენ“ რამდენიმე დღით და სრულიად მარტონი ისვენებდნენ – აი, მათი არასოდეს ესმოდა, რა აძლებინებთ ქმრისა და შვილების გარეშეო, ფიქრობდა.

მარტო არც არასოდეს წასულა სადმე. ყოველთვის ქმართან ერთად გეგმავდა დასვენებას. შეარჩევდნენ ხოლმე სასტუმროს, დროს და შვილებთან ერთად მიდიოდნენ. იმის საშუალებაც ჰქონდათ, უცხოეთის კურორტი შეერჩიათ. ძირითადად, ქმარი გეგმავდა, თუმცა მის აზრსაც ითვალისწინებდა. ნუცას რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა, შეიძლება, სასტუმროს არ ჰქონოდა ხუთი და შვიდი ვარსკვლავი, მაგრამ კომფორტი, რაც აუზში, დილის გემრიელ საუზმესა და ცოტა დამსვენებელში გამოიხატებოდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო. დიახ, ნუცას ატანა არ ჰქონდა ხალხმრავალი, რამდენიმეკორპუსიანი სასტუმროების. იმიტომ არა, რომ ადამიანები არ უყვარდა, უბრალოდ, დასვენების დროს სიმშვიდე ერჩივნა. ჰო, სასურველი იყო, ნაცნობებიც არ შეხვედროდნენ.

თვალები მოჭუტა და მზეს ისე შეხედა. მერე ტანზე დაიხედა. კრიტიკულად შეაფასა თავისი გარეგნობა. ორმოცდასამი წლის ქალის კვალობაზე შესაშურად გამოიყურებოდა. კანი ისევ გლუვი ჰქონდა, მკვრივი და გარუჯული. მკერდი – საშუალოზე ოდნავ დიდი და ლამაზი ფორმის. ყელსა და დეკოლტეზე დაკვირვებული თვალიც კი ვერ უპოვიდა ნაოჭს. უხაროდა, როცა მის ასაკს ვერ ხვდებოდნენ. მარიამიც დასავით ჰყავდა გვერდით. ახალგაზრდულად, თანამედროვედ იცვამდა. თავისი ფული ყოველთვის ჰქონდა. არც ქმარს უჭირდა, მაგრამ საკუთარი შემოსავალი მეტ თავისუფლებას ანიჭებდა და სიამოვნებით ხარჯავდა. მზე ისე აღარ წვავდა კანს, უფრო თბილად „უსვამდა ხელებს“. სიმშვიდისა და ბედნიერების განცდა დაეუფლა. უცებ ძალიან მოუნდა, ბედნიერება ვინმესთვის გაეზიარებინა. ტელეფონი მოიძია. იფიქრა, შვილისთვის დაერეკა და გაახსენდა, რომ ნომერში დატოვა. შეზლონგის მისაყრდენი წამოსწია, უფრო კომფორტულად მოკალათდა და ირგვლივ მიმოიხედა. აქა-იქ, კანტიკუნტად ჩანდნენ გვიანი დასვენების მოყვარულნი. ძირითადად, ასაკიანი წყვილები ან ბებიები – შვილიშვილებით, უფრო მცირეწლოვანი პატარებით, თუმცა, ნუცასგან საკმაოდ მოშორებით იყვნენ და ნუცას არ აწუხებდნენ. 
– შეიძლება, ეს შეზლონგი ავიღო?
ნუცა შეკრთა. სათვალე მოიხსნა და უცნობი გაოცებულმა შეათვალიერა. ოცდათხუთმეტიოდე წლის სიმპათიური, გარუჯული მამაკაცი უღიმოდა და ინტერესით აკვირდებოდა.
– მე მკითხეთ რამე?
– დიახ, შეზლონგი ხომ არ გჭირდებათ-მეთქი.
ნუცამ იდაყვზე წამოიწია და გარშემო მიმოიხედა. ოდნავ მოშორებით, ჩალით გადახურულ საჩრდილობელთან სასტუმროს ლოგოტიპით დამშვენებული შეზლონგების მთელი გროვა იყო აღმართული. იქვე იჯდა ბიჭიც, რომელიც შეზლონგს და ქოლგას ნებისმიერ ადგილს მოგიტანდა და გაგიმართავდა. ნუცას გაეღიმა. უცნობი პასუხს ელოდა. ნირშეუცვლელად იდგა და მზერაც ისევ ქალზე ჰქონდა მიპყრობილი.
– აუცილებლად ეს შეზლონგი გინდათ? ანუ, რომელზეც ვწევარ?
– ხუმრობა გყვარებიათ. მომწონს ქალები იუმორის გრძნობით და გულახდილი ვიქნები, თუ გეტყვით, რომ არც ისე ხშირად მხვდებიან.
– მე კი საკმაოდ ხშირად მხვდებიან თავხედი და მიუხვედრელი მამაკაცები, – გაიცინა ნუცამ და თითი უცერემონიოდ გაიშვირა შეზლონგების გროვისკენ, – აგერ იქ არის შეზლონგები.
– დიახ, ვიცი. გვერდით გამოვუარე, მაგრამ მე ის მირჩევნია, თქვენი შეზლონგის გვერდით რომ არის, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
ნუცამ მხრები აიჩეჩა.
– მადლობა, – მამაკაცმა შეზლონგი ცალი ხელით „დაითრია“, ოდნავ გვერდზე გააჩოჩა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ნუცას.
– ახლა მთლად ისე ნუ იზამთ, რეგულაციები დაარღვიოთ. ხომ არ დაგავიწყდათ, ქვეყანაში კოვიდია.
– არა. მაგას რა დამავიწყებს. სამჯერ ზედიზედ ვიჯექი თორმეტდღიან კარანტინში. სამი დღეა, რაც „პატიმრობიდან“ გავთავისუფლდი. არც კი მჯერა – მზე, ზღვა... საშინელებაა, როცა ამ ყველაფერს მხოლოდ ფანჯრიდან უყურებ.
ნუცამ დაუფარავი ცნობისმოყვარეობით შეხედა და უნებლიეთ გაეღიმა.
– ხუმრობთ?
კაცმა გაიცინა. ლამაზი კბილები ჰქონდა, სწორი და თეთრი. ღიმილის დროს თვალებს საყვარლად ჭუტავდა და სითბოთი ევსებოდა. ნუცა რაღაცნაირად დაინტიერესდა, მასა და უცნობ მამაკაცს შორის უხილავი ძაფები გაიბა.
– არა, ნამდვილად არ ვხუმრობ, – გაიცინა კაცმა, – ეს ისეთი შოკისმომგვრელი ამბავია, თავადაც არ მჯერა. ისე, ერთმანეთი ხომ არ გაგვეცნო? სახელს მეტყვით?
– ნუცა მქვია.
– გადასარევი სახელია. ბებიაჩემს ერქვა ნუცა და მას შემდეგ, რაც ის აღარ არის, ამ სახელის მქონე მეორე, მისნაირი მომხიბვლელი ქალი არ მინახავს.
– ეს კომპლიმენტია?
– არა. უბრალოდ, სიმართლე ვთქვი.
– აჰა, აი, თურმე რა ყოფილა. არ გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ ბაბუაჩემის სახელი გქვიათ.
კაცმა მრავალმნიშვნელოვნად მოჭუტა თვალები.
– კარგი სახელი მაინც ერქვა? თუ მომეწონება, თქვენი ხათრით დავირქმევ.
– დავითი... ბაბუაჩემს დავითი ჰქვია. სხვათა შორის, ცოცხალია.
– ოჰო, მშვენიერი გენეტიკა გქონიათ. დიმა მქვია, ანუ დიმიტრი. ცოტა ახლოს არის დავითთან, თუ შანსი არ მაქვს?
ნუცამ ირონიულად მოჭუტა თვალები.
– რისი შანსი? ვერ მივხვდი, რა იგულისხმეთ.
– იმის, რომ ბაბუას ხათრით ერთად ვივახშმებთ. ხომ ამ სასტუმროში ცხოვრობთ?
ნუცა შეყოყმანდა და უცნობი მამაკაცი ეჭვით შეათვალიერა. 
დიმას გაეცინა.
– რა საყვარელი ხარ, როცა ასე, პოლიციელივით მიყურებ.
– „ხარ“? ჩვენ უკვე ასე გავუშინაურდით ერთმანეთს?
დიმამ მეგობრულად გაუღიმა.
– ბოლოს მაინც დავუახლოვდებით ერთმანეთს. მხოლოდ დროის ამბავია და რას დავუცადო?
– მე ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი.
– რატომ? რა გვიშლის ხელს?
ნუცამ თვალები მოჭუტა და კაცს გამომცდელად შეხედა.
– აი, ისევ ისე მიყურებ. თან ამბობ, რომ არ დავუახლოვდებით. იცი, რას გეტყვი? ზუსტად ოთხჯერ თორმეტი დღე ვიყავი კარანტინში. ჯერ ლამის გავგიჟდი, მერე მივხვდი, რომ ეს დრო კარგად შემეძლო გამომეყენებინა. ყოველთვის ხომ არ გვეძლევა ასეთი შანსი.
– შანსი? კარანტინში ოთხჯერ იყავით და ეს კარგი იყო? ისე, საინტერესოა, როგორ მოახერხეთ, ოთხჯერ თორმეტი დღე გაგეტარებინათ კარანტინში.
– არ გჯერათ? არ მიცნობთ და იმიტომ. მე არასდროს ვტყუი.
– საინტერესოა.
– რა არის საინტერესო. ის, რომ ოთხჯერ ვიყავი კარანტინში, თუ არასდროს რომ არ ვიტყუები.
– ორივე.
დიმამ ხმამაღლა გაიცინა.
– მერე კიდევ იტყვით, რომ ჩვენ არ დავახლოვდებით. იმისთვის, რომ ინტერესი დაგიკმაყოფილოთ, დრო დამჭირდება. დასაწყისისთვის ერთად ვივახშმოთ. მით უმეტეს, რომ სადმე წასვლა არ დაგვჭირდება. უბრალოდ, ნება უნდა დამრთოთ, თქვენს მაგიდასთან დავჯდე.
ნუცამ მზეს გახედა, რომელიც უკვე ჩადიოდა. თითქმის ჩავიდა კიდეც და ოდნავ აგრილდა. ქალმა პატარა სკამიდან თხელი შემოსაცმელი აიღო.
– მიდიხარ?
– დიახ. სრულ სიჩუმეში მინდოდა მზის ჩასვლის ყურება, მაგრამ...
– ეს უკვე პროვოკაციაა. თუ პრობლემა მხოლოდ ამაშია, გავჩუმდები. ისე, მზის ჩასვლის ყურება მეც მიყვარს და...
– არა, წავალ.
– გამირბიხართ? ხომ არ შეგაშინეთ?
– არანაირად. ვახშმისთვის ხომ უნდა მოვემზადო?
კაცი გაიბადრა...

🔽🔽🔽


ნუცას დიდად არ უყვარდა ჩემოდნის გამოტენვა უსარგებლო ნივთებით. მინიმალური რაოდენობის ტანსაცმელს ჩაალაგებდა და ზუსტად იცოდა, როდის რა უნდა ჩაეცვა, თუმცა ერთი ლამაზი კაბა ყოველთვის ედო „მარაგში“. ნომერში ასული ჯერ სააბაზანოში შევიდა, შხაპი მიიღო. ხალათში გახვეულმა საცურაო კოსტიუმი აივანზე გადაფინა და საათს შეხედა. ვახშმის დაწყებამდე ზუსტად ორმოცი წუთი რჩებოდა.

უცნობზე ფიქრი აეკვიატა. ქორწინებაში გატარებული ოცი წელი ახლა აღიქვა სოლიდურ რიცხვად. აქამდე არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მდგარა ცდუნების წინაშე. გაეღიმა. პატარა ჩაიდანი ჩართო. როცა წყალი ადუღდა, ყავა მოამზადა და აივანზე მოწნულ სავარძელში მოკალათდა. ახლა შეეძლო, საღამოს შეხვედრა გაეანალიზებინა. ნეტავი, მისი ქმარი თუ მდგარა როდისმე ამ ცდუნების წინაშე ან პატარა სასიყვარულო ინტრიგა მაინც თუ ჰქონია. ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ძალიან კარგიც კი. ნუცას შეეძლო, მშვიდად ეცხოვრა და თავი არ აეტკივებინა იმაზე ფიქრით, ღალატობდა თუ არა ქმარი. მიუხედავად ამისა, არასოდეს ამტკიცებდა, რომ ჩემი ქმრის მსგავსი მამაკაცი  ქვეყნად არ დაბადებულაო. ასეთ ქალებზე ყოველთვის ეცინებოდა. რადგან მიაჩნდა, რომ სიტუაციური ღალატიც არსებობდა და ეს შეიძლებოდა, ნებისმიერს დამართნოდა. იქნებ ახლა თავად იყო ამ სიტუაციაში.

ყავა მოსვა და სათვალის შესანახი ფუტლარიდან გადამალული სიგარეტი ამოიღო. ზოგჯერ ეწეოდა კიდეც, ფიქრში ხელს უწყობდა და ამშვიდებდა. ნუცას ყოველთვის სჯეროდა, რომ უბრალო შემთხვევითობა არ არსებობდა. პირიქით, სწორედ, შემთხვევა ქმნის გარდაუვალ აუცილებლობასო. ამ სასტუმროშიც ხომ შემთხვევით აღმოჩნდა. უფრო სწორად, მარტო აღმოჩნდა შემთხვევით. ტრენინგზე მიიწვიეს და რადგან ამინდებიც კარგი ემთხვეოდა, გადაწყვიტა, სამი დღით დარჩენილიყო. ქმარიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ბოლო დროს საქმე გამოუჩნდა. ნომრის ფულს უკან არავინ დაუბრუნებდა, ამიტომაც დარჩა. შვილებმაც „ნება დართეს“, რამდენიმე დღე სრულ სიმშვიდეში გაეტარებინა. ეს ჩემი საზაფხულო არდადეგების მშვენიერი ფინალური აკორდი იქნებაო, თქვა და სრულად მიეცა ნეტარებას...

ეს ღამე და კიდევ ერთი დღე უწევდა დარჩენა. მერე მეგობარი გამოუვლიდა მანქანით. ქვეყანაში შექმნილი ისტერიის ფონზე, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, დასვენება იდეალურ გარემოში დიდი ფუფუნება იყო.
ტელეფონის ხმამ შეაკრთო. ახლაღა გაახსენდა მობილური და ისიც, რომ ოჯახის წევრებს არ შეხმიანებია. მესინჯერში რამდენიმე წერილიც დახვდა. ორი მარიამისგან, ერთი ქმრისგან. მარიამისგან ფოტო იყო – მოდური ფეხსაცმლის, ეკითხებოდა, ვიყიდო თუ არაო. რასაც რამდენიმე „გული“ მოჰყვებოდა და აბა, შენ იცი, კარგად დაისვენე, ბევრი ფოტო გადაიღე და მაჩვენეო. ქმარი ეკითხებოდა, ჩემი საშემოდგომო პიჯაკები სად მოვძებნოო და მერე იქვე კარგ დასვენებას უსურვებდა. ხუთი საათის წინ ჰქონდა მოწერილი. ალბათ, ჩაცმულ-დახურული ქმარი უკვე სამსახურში იყო და საღამოს თათბირს ატარებდა. დააპირა, ეპასუხა, მერე გადაიფიქრა, გვიან მივწერ ან დავურეკავო. ახლა უნდა გადაეწყვიტა, მიეცა თუ არა უფრო გაშინაურების უფლება დიმასთვის თუ ვახშმისას ყურადღება არ მიექცია.
ჩემოდანი გახსნა. ტანსაცმელი გადაათვალიერა. საკმაოდ თამამ კაბა-სარაფანს დაადგა თვალი, ყოველი შემთხვევისთვის რომ წამოიღო. იმ რომანტიკული ვახშმისთვის, ქმრის ჩამოსვლისთვის რომ ჩაიფიქრა. სარკესთან მივიდა და ტანზე მიიფარა. საოცრად უხდებოდა. ღრმა დეკოლტედან მკერდი ლამაზად მოუჩანდა. ზურგი კი მთლიანად ჰქონდა მოშიშვლებული. ჩაიცვა, თმა კეფაზე ცხენის კუდივით შეიკრა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა. ისევ მივიდა სარკესთან. მოეწონა ქალი, რომელიც დაინახა. ფეხზე ღია ფეხსაცმელი ამოიცვა და კარისკენ გაემართა. სახელურს ხელი მოჰკიდა და ერთბაშად შედგა. სწრაფად შებრუნდა ოთახში, კაბა გაიხადა, საწოლზე დააგდო, ჩემოდნიდან თეთრი შორტი და ზოლიანი მაისური ამოიღო, ფეხსაცმელი ბოტასით შეცვალა და ოთახიდან ისე გავიდა, რომ სარკეში აღარ ჩაუხედავს.

🔽🔽🔽



ვახტანგმა კარი თავისი გასაღებით გააღო. ბინაში სინათლე არ ენთო, მაგრამ მიხვდა, რომ სახლში ვიღაც იყო.
– მარიამ, ბაჩო, აქ ხართ? არავინ უპასუხა. ხელის ცეცებით მოძებნა ჩამრთველი. მკვეთრმა სინათლემ თვალი მოჭრა.
– მარიამ, ბაჩო! – დაიძახა ისევ. ჯერ ერთმა კარმა გაიჭრიალა, მერე მეორეც გაიღო და თხუთმეტიოდე წლის ბიჭის ბულულებიანი თავი გამოჩნდა.
– მამა, მოხვედი? კარი ვინ გაგიღო?
– თავად გავაღე. შენი და სად არის?
– მგონი, სახლში. არ ვიცი, არ მინახავს. არ მშიოდა და სამზარეულოში არ შევსულვარ.
– ანუ, რაც მოხვედი, ოთახიდან არ გამოსულხარ?
– არა. ჯერ ვმეცადინეობდი. ახლა ვთამაშობ. გავაგრძელებ, რა?
– კარგი, გააგრძელე, – ამოიოხრა კაცმა და გაიფიქრა: ამ ბავშვს თავისი კომპიუტერის მეტი არავინ და არაფერი სჭირდებაო. ნეტავ ის მაინც შეამჩნია, რომ მეორე დღეა, რაც დედამისი წასულია.
– მამა, დედა როდის ჩამოვა? – თითქოს მამის ფიქრების პასუხად ბაჩომ ისევ გამოყო თავი, – იქნებ წახვიდე და ჩამოიყვანო, თორემ სახლი ისეთი ცარიელია... თურმე, როგორ მჭირდება მისი საყვედურები. ძალიან მოვიწყინე. – პასუხს აღარ დალოდებია, ისე შებრუნდა ოთახში და კარიც მიხურა.
კაცმა იგრძნო, რომ ეს სიჩუმე მისთვისაც უჩვეულო იყო.
კაცი ტერასაზე გასასვლელ ღია კართან იჯდა. მისი მზერა შემოსასვლელისკენ იყო მიპყრობილი. წინ მხოლოდ ნახევრად დაცლილი წვენის ჭიქა ედგა და ნელა წრუპავდა. ქალი მაშინვე შენიშნა. სწრაფად წამოდგა და მისკენ გაემართა.
– შემეშინდა, რომ აღარ მოხვიდოდი.
– გეგონა, რომ ვახშმის გარეშე დავრჩებოდი? – ნუცამ გაიღიმა და მხრები აიჩეჩა, – რატომ?
– არ ვიცი, სანაპიროზე ისეთი მკაცრი და შეუვალი ჩანდი...
– ჰო. შეიძლება. მაგრამ ხომ მოვედი? რადგან მაგიდა უკვე შეგირჩევია, წავიდეთ, საკვები მოვიპოვოთ, – ქალმა გაიცინა და თვალები აუციმციმდა. კაცმა აღფრთოვანებით შეხედა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი