შოუბიზნესი

ლაშა გელაშვილი: ჩემი პროფესიის ადამიანებს მატყუარებად აღიქვამენ

№49

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:11 07.12, 2020 წელი

ნიჭიერი 2020
დაკოპირებულია

„ნიჭიერი 2020-ის“ გამარჯვებული ილუზიონისტი ლაშა გელაშვილი გახდა, რომელიც მაყურებელმა ამავე პროექტით გაიცნო ოთხი წლის წინ. 

ლაშა გელაშვილი: ჩემი აზრით, კონკურსის ყველა მონაწილე გამარჯვებაზე უნდა ფიქრობდეს, სხვა შემთხვევაში წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება. სიმართლე გითხრათ, გამარჯვების მოლოდინი მქონდა, რადგან მაყურებლისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. თუმცა, ვერ ვიტყვი, ამაში დარწმუნებული ვიყავი-მეთქი,. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვების გამო და ჩემი სიხარულის მთავარი საფუძველი ისაა, რომ „ნიჭიერში“ პირველად გაიმარჯვა ილუზიონისტმა და მიხარია, რომ ეს მე ვარ. დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება დიდ გავლენას მოახდენს საილუზიო სფეროს განვითარებაზე და მისდამი ინტერესი საგრძნობლად გაიზრდება, რადგან ეს მნიშვნელოვანი მოტავაციაა.

– პრიზებიც ხომ ძალიან დიდი სტიმულია ამ ბრძოლაში?

– ჩემთვის მთავარი პრიზი „ნიჭიერი 2020-ის“ ტიტულია. ხალხის რჩეული რომ ხდები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბინას, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი საფასურია იმისთვის, რაც მე ამ პროექტისთვის გავიღე და ასევე, მივიღე ათასლარიანი დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში. სხვა კონკურსანტებთან მიმართებაში ჩემი პლუსი გამოცდილება იყო. შედეგად გაცილებით უკეთ ორგანიზებული ვიყავი, ამაში ძალიან დამეხმარა ჩემი ძმა, რისთვისაც დიდი მადლობა გიორგის.

– ბევრმა გაიზიარა შენი წარმატება, თუმცა ზოგს დაუმსახურებლად მიაჩნია. როგორ რეაგირებ მსგავს გამოხმაურებაზე?

– რა თქმა უნდა, კომენტარებს ყურადღებას ვაქცევ, იმიტომ რომ იქ ხალხის აზრი ჩანს და ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან ცოტა კრიტიკული კომენტარი მხვდება. თუმცა სულ რომ არ იყოს, ის უფრო გასაკვირი იქნება. რაც უნდა ღირსეული გამარჯვებული ჰყავდეს პროექტს, ყველას ერთი ადამიანი ვერ მოეწონება. თითოეულ კონკურსანტს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, ძალიან დიდი კონკურენცია იყო და დარწმუნებული ვარ, ჩემი გამარჯვებით ვიღაცებს გული დასწყდათ, რადგან მათი ფავორიტი სხვა იყო.

– როდის დაინტერესდი ილუზიონისტობით და როგორ განავითარე საკუთარი თავი?

– დაახლოებით, ათი წლის წინ დავინტერესდი. რამდენიმე წელი ეს ჩემი ჰობი იყო, რომელსაც გასართობად ვიყენებდი, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, რაღაც გამოცდილება დავაგროვე და უკვე ბევრი მიბიძგებდა, რომ „ნიჭიერში“ მიმეღო მონაწილეობა. ახლა პანდემიის გამო ძალიან გართულდა ამ პროექტის ჩატარება, მაგრამ მაშინ ძალიან აქტუალური იყო და პირველად იმ დროს გადავწყვიტე, „ნიჭიერში“ მეცადა ბედი. ეს იყო 2016 წელს და მას შემდეგ ამ საქმეს ძალიან სერიოზულად ვუდგები. დღეს ეს ჩემი მეორე პროფესიაა და ყოველდღე ვცდილობ, განვვითარდე. სულ თავიდან ძალიან მარტივი ფოკუსის ახსნა ვნახე ინტერნეტში და მისი გაკეთება ვცადე. პირველად მარცხი განვიცადე, რამაც უფრო მეტი მოტივაცია მომცა და მერე და მერე ძალიან შევყევი.

– როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ, სერიოზულად აღიქვამენ?

– საქართველოში ეს სფერო არ არის განვითარებული. სიმღერასა და ცეკვას თუ შევადარებთ, გაცილებით ნაკლები პერსპექტივა აქვს. მისდამი მაყურებლის დამოკიდებულებაც საკმაოდ სკეპტიკურია, რადგან აღიქვამენ, როგორც ტყუილს და არა როგორც სანახაობას, რომლისგანაც სიამოვნება უნდა მიიღონ.
მე მაქვს ჩემი „იუთუბარხი“, რომლის დახმარებითაც ვცდილობ, ადამიანები ამ საქმით დავაინტერესო. ჩემი მიზანი ამ სფეროს განვითარებაა და მგონია, რომ მაყურებელიც უკვე მომწიფდა საიმისოდ, ფოკუზი აღიქვას, როგორც გასაოცარი სანახაობა და არა როგორც ტყუილი.
„ნიჭიერში“ გამარჯვება კი ამ ამბის დაგვირგვინება მგონია. ხალხის მხარდაჭერით ილუზიონისტის გამარჯვება ნიშნავს, რომ მაყურებელმა რადიკალურად შეიცალა ამ პროფესიისადმი დამოკიდებულება და ძალიან მიხარია, რომ ამაში გარკვეული წვლილი მე მიმიძღვის.

– პროექტში ბედის მეორედ ცდა ემოციების ჭიდილს არ უკავშირდებოდა?

– 2016 წელს ძალიან წარმატებული გამოსვლა მქონდა. მანამდე ილუზიონისტის გამარჯვება წარმოუდგენელი იყო, მაგრამ იმ წელს ფინალში ორი ილუზიონისტი მოვხვდით და იყო მოლოდინი, რომ რომელიმე ჩვენგანი გამარჯვებას შეძლებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და წელს გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო. ძნელია, საკუთარ თავს აჯობო. პირველ ცდაზე ფინალში გავედი და საკუთარ თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაჯობებდი, თუ გავიმარჯვებდი. მადლობა ღმერთს, ასე მოხდა. ფინალში რომ ვერ გავსულიყავი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი რეგრესი იქნებოდა, თუმცა არც ფინალისტობა იქნებოდა სასურველი შედეგი, წინ ვერ წავიდოდი. ასე რომ, ეს დიდი რისკი იყო, რომელმაც ნამდვილად გაამართლა.

– რა არის შენი მთავარი პროფესია?

– ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ჩემი პროფესიით ვმუშაობ მარკეტინგის დეპარტამენტში, ვარ მარკეტერი და ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა. ამ ორ პროფესიას თანაბარი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. აგრეთვე, ვარ იუთუბერი და ესეც პროფესიად ითვლება, რადგან საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროა.

– 2016 წელს, როცა მაყურებელმა გაგიცნო, შეყვარებული იყავი. ახლა უკვე ოჯახი გაქვს.

– დიახ. პროექტის დამთავრების შემდეგ ძალიან მალე დავოჯახდით. უკვე ოთხი წელია, ერთად ვართ და ორი შვილი გვყავს – სამი წლის ნიცა და 13 დღის დემეტრე. ნიცას ძალიან მოსწონს ჩემი ფოკუსების ყურება და ასევე, ძალიან უყვარს, როცა მამას ტელევიზორში ხედავს. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მეუღლეა.

– არ ეჭვიანობს თაყვანისმცემელ გოგონებზე?

– თავიდან, როცა შეყვარებულები ვიყავით და ამის შესახებ ეკრანზე არ მქონდა გაჟღერებული, ჩემდამი გოგონების ინტერესი მეტი იყო. მაგრამ მენდობოდა და ამის გამო არასდროს გაღიზიანებულა. ახლა მაყურებელი გარკვეულწილად მიცნობს, იციან ჩემი ოჯახური მდგომარეობის შესახებ და ამიტომ ისეთი ინტენსივობით აღარ არიან, მაგრამ როცა იყო მსგავსი მომენტები, ჩემი მეუღლე მათ ძალიან მშვიდად ხვდებოდა, რადგან ამის გამოცდილება უკვე ჰქონდა.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– კურსელები ვიყავით. თავიდან ვმეგობრობდით, მაგრამ მალევე შევატყვეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა. ჩვენი სიყვარული ყოველდღიურად იზრდება და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით. ორი ანგელოზივით შვილი გვყავს – ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც დიდი სიყვარულით ვეკიდებით. ვეცდები, ორივეს საუკეთესო მამობა გავუწიო, რაშიც ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე და მადლობა უფალს, რომ ასეთი ოჯახი მაქვს. ვცდილობ, ძალიან კარგი მამა და მეუღლე ვიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა