მედიცინა

ჟოლოს სასარგებლო თვისებები

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.09

ჟოლა
დაკოპირებულია

ჟოლოს ნაყოფი გემრიელია და სპეციფიკური სასიამოვნო არომატი აქვს. ეს კენკრა კლავს წყურვილს, აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს. ჟოლოს ჩართვა რაციონში მნიშვნელოვნად აჩქარებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადების მკურნალობას, რადგან ახასიათებს ღებინების, ასევე, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ცოცხალი ნაყოფი ასევე გამოიყენება ალკოჰოლით თრობის დროს, როგორც „გამოსაფხიზლებელი“ საშუალება.

ჟოლო, ტრადიციულად, გამოიყენება გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების, სახსრების ტკივილის, რადიკულიტისა და სხვა დაავადებების დროს. არის სიცხის დამწევი ეფექტური საშუალება.

ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს სპილენძს, რაც ანტიდეპრესანტების უმრავლესობის შემადგენლობაშია. ამიტომ ის სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრებაში საგრძნობია ნერვული დაძაბულობა.

ჟოლოს აქვს სისხლის აღდგენის უნარი, გამოირჩევა ანტიტოქსიკური ეფექტით, აუმჯობესებს მადას. ჟოლო, ვიტამინების წყალობით, დადებითად მოქმედებს კანის ტონუსსა და ფერზე.

ჟოლოს ოფლმდენი ეფექტი სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ჰიპერტონიას ებრძვის: ოფლთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის მარილები, რის შედეგად მცირდება არტერიული წნევა.

ოფლმდენ ჟოლოს ჩაის ამგვარად ამზადებენ: 5-6 სადილის კოვზ მშრალ კენკრას ასხამენ 3 ჭიქა მდუღარე წყალს. გაციებისა და მაღალი სიცხის დროს მას 2–3 ჭიქის ოდენობით ერთი საათის განმავლობაში სვამენ. ამ დროს, სჯობს, ავადმყოფი იწვეს და თბილად ეხუროს. მაღალი წნევის დროს ჟოლოს ჩაის სვამენ ნახევარ–ნახევარი ჭიქის ოდენობით.

ჟოლო კარგი საშუალებაა სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, გულის რიტმის დარღვევების დროს, თირკმელების ავადმყოფობის დროს. ჟოლოს შემადგენლობაშია ფიტოსტერინები, რომლებიც აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას. ჟოლო აძლიერებს კაპილარებს, ხელს უწყობს შინაგანი სისხლდენის შეჩერებას. კენკრა ელასტიკურს ხდის სისხლძარღვებს, აძლიერებს მის კედლებს და აუმჯობესებს სისხლის გამტარობას.

ჟოლოს ფიტონციდები ებრძვის ოქროსფერ სტაფილოკოკს, სოკოს.

სხვა კენკროვანებისგან განსხვავებით, ჟოლო არ კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს თერმული დამუშავების დროს. ყველასთვის ცნობილია ჟოლოს მურაბის ეფექტი გაციებისა და მაღალი სიცხის დროს.

ჟოლოს ფოთლები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ასტიმულირებს ნაწლავების, საშვილოსნოს კუნთებს. ფოთლების ნახარში რეკომენდებულია ხანგრძლივი ფაღარათის, სისხლდენის დროს. გარეგანად ის გამოიყენება პირისა და ყელის სავლებად ანთებითი დაავადებების დროს და ლოსიონის სახით – კანის ანთებითი დაავადებების დროს. ფოთლების ნაყენი ამაღლებს იმუნიტეტს.

ჟოლოს მიღება არ შეიძლება, თუ:

ადამიანს აწუხებს თირკმელები, შარდსასქესო ორგანოებში აქვს კენჭები. ასევე, კენკრამ შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგია. მის მიღებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც აქვს გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (მათთვის შეიძლება, მხოლოდ წყალში გახსნილი ახალი ჟოლოს წვენი).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა