მედიცინა

ზარმაცი თვალი – რისკები და მკურნალობა

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.10

თვალი
დაკოპირებულია

ზარმაცი თვალი (ამბლიოპია) ჩვილობის ან ადრეული ბავშვობის პერიოდში მხედველობის არასწორი განვითარებით გამოწვეული მდგომარეობაა, რომლის დროსაც შემცირებულია ერთ თვალში მხედველობა. სუსტი, ზარმაცი თვალი ხშირად მოძრაობს უკონტროლოდ შიდა ან გარე მიმართულებით.

ზარმაც თვალს ხშირად სიელმეს უწოდებენ. სიელმე და ამბლიოპია ხშირად ერთად გვხვდება, მაგრამ ერთი და იგივე ნამდვილად არ არის. ზოგჯერ სიელმე იწვევს ამბლიოპიას, ზოგჯერ – პირიქით. ამბლიოპია შეიძლება, სიელმის გარეშეც იყოს. სიელმესაც, ამბლიოპიის მსგავსად, მრავალი მიზეზი აქვს. ფაქტობრივად, ყველა პათოლოგია, რომელიც კი მხედველობის დაქვეითებას იწვევს, შესაძლოა სიელმის მიზეზადაც იქცეს.

ცალკე უნდა გამოვყოთ პარალიზური სიელმე. ამ დროს თვალის მამოძრავებელი კუნთების ერთი ან რამდენიმე ნერვია დაზიანებული. ასე რომ, სიელმის დროს თვალის პათოლოგიაც გამოსარიცხია და ნევროლოგიურიც.

პირველ თვეებში, ვიდრე თვალი ფიქსაციას დაიწყებს, სიელმე შეიძლება, ნორმის ვარიანტად ჩაითვალოს, ოღონდ ეს ოფთალმოლოგის დასადგენია. იგნორირება და ლოდინი, თუნდაც ერთ წლამდე, არ შეიძლება, რადგან სიელმეს ზოგჯერ ორგანული პათოლოგიაც იწვევს.

მკურნალობას რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უფრო ეფექტური იქნება შედეგი.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ამბლიოპიისა და სიელმის მკურნალობა სკოლამდელ ასაკში უნდა ჩატარდეს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ კი, თვეები, ზოგჯერ კი წლებიც გვჭირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, სუსტ თვალს მუშაობა „ვაიძულოთ“. წინააღმდეგ შემთხვევაში თვალი მხედველობის უნარს საერთოდ დაკარგავს. ბავშვისთვისაც შეიძლება გასაგები ენით მეთოდის მნიშვნელობის ახსნა. ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ, დღეში რამდენიმე საათით მეკობრეობანა ითამაშოთ. ამბლიოპიისა და სიელმის მკურნალობის წარმატება დიდწილად მშობლებზეა დამოკიდებული.

ზარმაცი თვალის შემოწმება სახლის პირობებში

ითამაშეთ მეკობრეობანა. ერთ-ერთ თვალზე ააფარეთ სახვევი, მის წინ დაიჭირეთ მისთვის ნაცნობი საგანი და დააკვირდით, თუ აყოლებს თვალს ობიექტს ზემოდან ქვემოთ და გვერდით. თუ მან უკვე იცის ლაპარაკი, სთხოვეთ საგნის დეტალების აღწერა. შემდეგ იგივე ექსპერიმენტი მეორე თვალზეც სცადეთ.

ცოტა რთულია ბავშვის ტესტირება სახლის პირობებში, რადგან მან შეიძლება, დაკარგოს ინტერესი ან სხვა რამეზე გადაიტანოს ყურადღება. მაგრამ თუ ერთი თვალი უფრო სუსტი ჩანს, მეორე ჯერზე მეორე თვალით დაიწყეთ. თუ ყოველ კვლევაზე ერთი თვალით უკეთ ხედავს, ჰკითხეთ პედიატრს, ხომ არ არის საჭირო ოფთალმოლოგთან ვიზიტი.

ზოგჯერ ზარმაცი თვალი გამოკვლევის გარეშე არ ჩანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა