მედიცინა

ზაფრანის სამკურნალო შესაძლებლობები

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.03

ზაფრანა
დაკოპირებულია

ზაფრანას დამწვრობის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ავიცენას დროს იყენებდნენ. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანადგურებს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ასაკთან ერთად უფრო და უფრო მრავლად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში. ზაფრანის მცირე რაოდენობით გამოყენება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხალხური მედიცინა ზაფრანას იყენებს როგორც ტკივილგამაყუჩებელ, შარდმდენ, ოფლმდენ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და საგულე საშუალებას. რეკომენდებულია მადის გასაუმჯობესებლად, ღვიძლისა და კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ, ძლიერი ხველის შეტევების მოსახსნელად. გარდა ამისა, ზაფრანას ახასიათებს მატონიზებელი თვისება, კვებავს ორგანიზმის უჯრედებს, ძირითადად – სისხლს, წმენდს შარდის ბუშტსა და თირკმელებს, აუმჯობესებს სახის ფერს, ამაგრებს გულის კუნთს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასუნთქ და ნერვულ სისტემებზე. ამაღლებს გუნება-განწყობას, ხალისსა და სასიცოცხლო ტონუსს მატებს ადამიანს. მისი საფენები კარგია თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ, თაფლთან ერთად მას თირკმელებსა და შარდის ბუშტში არსებული კენჭების დასაშლელად იყენებენ, ცხელ რძესთან კომბინაციაში კი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, მეხსიერებისა და მგრძნობელობის გაუმჯობესებას. ზაფრანა, ასევე, უწყობს ხელს მხედველობის შენარჩუნებას. ის აძლიერებს თვალის უჯრედების დაცვით ფუნქციას და ხელს უშლის თვალის კუნთების ატროფიას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზაფრანას შემადგენლობაში შემავალ აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის - პროტეინებს, აქვთ თვალის უჯრედების გამაახალგაზრდავებელი უნიკალური თვისება.

ზაფრანა ეფექტურია ანთებითი პროცესების, გაციების, ასთმისა და მენსტრუალური ტკივილების დროს. ასევე, ზაფრანის მეშვეობით შეიძლება, გათავისუფლდეთ უძილობისა და დეპრესიული განწყობისგან.

ზაფრანა შეიცავს ისეთ მინერალურ ნივთიერებებს, როგორებიცაა: კალციუმი, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენი. ყოველი ელემენტი ასრულებს თავის სამკურნალო როლს ორგანიზმში. კალიუმი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, რკინა კი სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმში ერითროციტების გამომუშავებაზე.

ზაფრანის სასარგებლო თვისებები ამით არ შემოიფარგლება. მის შემადგენლობაში არის ასევე, A, C და B - ჯგუფის ვიტამინები. ის სასიკეთოდ მოქმედებს სისხლძარღვების გამაგრების პროცესზე, წნევის დარეგულირებასა და სტენოკარდიის საწყის სტადიაზე, ათეროსკლეროზსა და გულის იშემიურ დაავადებებზე.

საყურადღებოა, რომ ზაფრანის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში, რადგან შესაძლოა, აბორტის პროვოცირება გამოიწვიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა