ზაფრანა – ჩვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.04, 2022 წელი

უნიკალური არომატისა და გემოს გარდა, ზაფრანას ნამდვილად აქვს ორგანიზმისთვის სამკურნალო თვისებები.
ზაფრანა ეფექტურია ანთებითი პროცესების, გაციების, ასთმისა და მენსტრუალური ტკივილების დროს. ზაფრანის მეშვეობით, ასევე, შეიძლება, გათავისუფლდეთ უძილობისა და დეპრესიული განწყობისგან.
ზაფრანა შეიცავს კალციუმს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, მანგანუმს, სელენს, ყველა მათგანი აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. კალიუმი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, რკინა კი სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმში ერითროციტების გამომუშავებაზე.
ზაფრანის სასარგებლო თვისებები ვრცელდება კანზეც, განსაკუთრებით ეს ეხება მშრალ კანს, რომელიც უფრო ზამთრის პერიოდში შრება. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ზაფრანის ნიღაბი, რომლის წყალობით, კანი იღებს ძლიერ ვიტამინურ მუხტს და ხდება ნაზი და ხავერდოვანი.
1 სავსე სადილის კოვზ ზაფრანას დაასხით იმ რაოდენობის თბილი ანადუღარი წყალი, რომ ფაფისებური კონსისტენციის გამოვიდეს. დაიდეთ სახეზე 30 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღბის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ზაფრანას დამწვრობის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ავიცენას დროს იყენებდნენ. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანადგურებს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ასაკთან ერთად უფრო და უფრო მრავლად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში. ზაფრანის მცირე რაოდენობით გამოყენება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხალხური მედიცინა ზაფრანას იყენებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელ, შარდმდენ, ოფლმდენ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და საგულე საშუალებას. რეკომენდებულია მადის გასაუმჯობესებლად, ღვიძლისა და კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ, ძლიერი ხველის შეტევების მოსახსნელად.
გარდა ამისა, ზაფრანას ახასიათებს მატონიზებელი თვისება, კვებავს ორგანიზმის უჯრედებს, ძირითადად - სისხლს. წმენდს შარდის ბუშტსა და თირკმელებს, აუმჯობესებს სახის ფერს, ამაგრებს გულის კუნთს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასუნთქ და ნერვულ სისტემებზე. ამაღლებს გუნება-განწყობას, ხალისსა და სასიცოცხლო ტონუსს მატებს ადამიანს. მისი საფენები კარგია თავის ტკივილისაგან თავდასაღწევად, თაფლთან ერთად მას თირკმელებსა და შარდის ბუშტში არსებული კენჭების დასაშლელად იყენებენ. ცხელ რძესთან კომბინაციაში კი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, მეხსიერებისა და მგრძნობელობის გაუმჯობესებას.
ფარმაცევტულ წარმოებაში ზაფრანა ტინქტურების (ნაყენების), ექსტრაქტებისა და თვალის წვეთების დასამზადებლად გამოიყენება.
ზაფრანის გამოყენება აკრძალულია ორსულობის პერიოდში – შესაძლოა, აბორტი გამოიწვიოს!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან