მედიცინა

ვინ ავადდება ცისტიტით და როგორია პრევენციის გზები

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.09, 2023 წელი

ცისტიტი
დაკოპირებულია

ცისტიტი, ანუ შარდის ბუშტის ანთება, ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ამ დაავადებისადმი მიდრეკილება უფრო ქალებს აქვთ, რადგან ქალის შარდსადინარი უფრო მოკლე და განიერია. მამაკაცებში ცისტიტი ვითარდება, როდესაც პროსტატიტის ან პროსტატის ადენომის ფონზე შარდის შეკავება აღინიშნება.

ცისტიტის გამომწვევი მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაცივებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც შესაძლოა, ინფექციის მიზეზად იქცეს. ცისტიტს ხშირად იწვევს ნაწლავის ჩხირი, ქლამიდია, უროპლაზმა, მიკოპლაზმა, ასევე – პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ჰორმონების, ანტიბიოტიკების გამოყენება, იმუნიტეტის დაქვეითება.

არაბაქტერიული ცისტიტის მიზეზი უცნობია.

ცისტიტით ავადობა გოგონებში 3-ჯერ მეტია, ვიდრე ბიჭებში. ქალების, დაახლოებით, 20-25 პროცენტი სიცოცხლეში ერთხელ მაინც ავადდება ცისტიტის ამა თუ იმ ფორმით. 10% თითქმის მუდმივად გრძნობენ ცისტიტის ნიშნებს (ქრონიკული ცისტიტი).

მწვავე ცისტიტის დროს ადამიანი განიცდის დისკომფორტს და უჩივის:

• შარდის ბუშტის საპროექციო (გასასინჯ) არეში ტკივილს, რომელიც ძლიერდება მოშარდვის წინ ან/და შემდეგ;

• შესაძლოა, შარდის უკანასკნელ წვეთებს მოჰყვეს სისხლი;

• ტკივილი ჭინთვითი ხასიათისაა;

• დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ;

• მღვრიე შარდი, რაც გამოწვეულია მასში დიდი რაოდენობით ლეიკოციტების, ერითროციტების, ბაქტერიებისა და ეპითელიუმის უჯრედების არსებობით;

• იშვიათად – სხეულის ტემპერატურის მატება.

ქრონიკული ცისტიტი იშვიათადაა დამოუკიდებელი დაავადება, ხშირად ის მეორეულია. მისთვის დამახასიათებელია შარდის ბუშტის არეში ზომიერი ტკივილი, რომელიც ხელით გასინჯვისას ძლიერდება. ქრონიკული ცისტიტის დროს შარდის ბუშტის კედელში მოსალოდნელია ღრმა სტრუქტურული ცვლილებების განვითარება. ანთებითი პროცესი შესაძლოა, კუნთოვან შრეზე გავრცელდეს, გამოიწვიოს მისი ატროფია და დანაწიბურება. ამ დროს შარდის ბუშტი კარგავს ელასტიკურობას და მისი ტევადობა მცირდება. ამ მდგომარეობას მიკროცისტიტი ეწოდება.

მწვავე ცისტიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გართულებაა პარაცისტიტი, შარდის ბუშტის ირგვლივ მდებარე ფაშარი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება. მის ადრეულ პერიოდში პაციენტს ენიშნება წოლითი რეჟიმი და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო თუ ჩირქგროვა შეწოვისადმი ტენდენციას არ ამჟღავნებს, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა, რაც დრენირებას გულისხმობს.

ცისტიტის პრევენცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი დროული მკურნალობა. ცისტიტის განვითარების რისკის შესამცირებლად ექიმის ძირითადი რჩევები ამგვარია:

* შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყლის დალევით;

* მოშარდეთ რეგულარულად და ყოველ ჯერზე სრულად დაცალეთ შარდის ბუშტი;

* ტუალეტის გამოყენების შემდეგ საწმენდი საშუალება გამოიყენეთ წინიდან უკან, რათა ბაქტერიები ანუსიდან ურეთრაში არ გადავიდეს;

* მოერიდეთ უხეშ საპონს ან სხვა პოტენციურ გამღიზიანებლის გამოყენებას სასქესო ორგანოზე;

* ატარეთ ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი საცვალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა