მედიცინა

თუ ბავშვს ჭამა არ უყვარს…

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.07

ბავშვის ჭამა
დაკოპირებულია

ის, რასაც ბავშვი დაბადებიდან ადრეულ ასაკში ჭამს და სვამს, განსაზღვრავს მის ჯანმრთელობას მთელი მომავალი ცხოვრების განმავლობაში.

ზოგადი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება სწორედ პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ჯანსაღი კვების წახალისება და დანერგვა. ძალდატანებითი კვება დაუშვებელია, ასე ბავშვს უფრო მეტად შეაძულებთ იმ საკვებს, რომლის ჭამაზე ისედაც უარს ამბობს. დაძალების მაგივრად არჩევანი მიეცით – ბავშვებს ძალიან მოსწონთ იმის განცდა, რომ გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ და არა მშობლები. „გვაქვს ბრიუსელის კომბოსტო და ბროკოლი. რომელი გირჩევნია?“ როდესაც არჩეულ ბოსტნეულს კარგად შეჭამს, სიურპრიზად საყვარელი დესერტი მიართვით, ოღონდ სასურველია, ეს იყოს ხილი, ჩირი ან რომელიმე სხვა ჯანსაღი სასუსნავი და არა შოკოლადი თუ სხვა ტკბილეული. დაელოდეთ, რომ კარგად მოშივდეს, მერე კი ჯანსაღი კერძი შესთავაზეთ. როდესაც დაინახავს, რომ სხვა გზა არ არის, კერძს გასინჯავს. პარალელურად, არ მოუმზადოთ სხვა, ისეთი საჭმელი, რომელსაც მადიანად შეექცევა, მაგალითად, შემწვარი კარტოფილი. თუ ბავშვს ეცოდინება, რომ ალტერნატივა არსებობს, თქვენ მიერ შეთავაზებულ ჯანსაღ კერძს პირს არ დააკარებს. თუ კერძზე მაინც უარი თქვა, დაელოდეთ, სანამ მართლა ძალიან მოშივდება – როცა სხვა საკვებს ვერ იპოვის, ადრე თუ გვიან შეჭამს იმას, რასაც სთავაზობთ. დარწმუნდება, რომ გოგრა და ორაგული გემრიელია და დამატებასაც მოისურვებს, მომავალში კი ახალი კერძის გასინჯვაზე უფრო ადვილად დაიყოლიებთ. თუ ხედავთ, რომ ბავშვი კერძს ჭამს, მაგრამ მართლა არ მოსწონს, უბრალოდ, პროტესტს არ გამოთქვამს, უთხარით, რომ გესმით მისი – ყველას არ უყვარს თევზი. ამიტომ, მომავალში ამგვარად მომზადებულს აღარ შესთავაზებთ, რამე სხვას მოიფიქრებთ. ოღონდ თვითონაც უნდა დაგპირდეთ, რომ გენდობათ და ახლებურად მომზადებულ კერძს გასინჯავს. არ დააძალოთ ბავშვს ჭამა, როცა უარს ამბობს მის მიღებაზე. მაქსიმალურად მშვიდად და საყვედურების გარეშე გადადეთ კერძი გვერდით და არ შესთავაზოთ სხვა, ალტერნატიული საკვები, ვიდრე მომდევნო კვების დრო არ მოვა. ჭამამდე გარკვეული პერიოდი (სასურველია, მინიმუმ 90 წუთი) არ მისცეთ წახემსების საშუალება ტკბილეულით ან სხვა ნებისმიერი ხემსით. ასევე, არ მისცეთ სასმელი, რადგან მისი მიღება კუჭის სისავსის შეგრძნებას გამოიწვევს და შიმშილს დათრგუნავს, შედეგად კი, იზრდება ალბათობა, რომ ჭამაზე უარს იტყვის. თუ ბავშვის ასაკი შესაბამისია, მიეცით არჩევანის საშუალება და წინასწარ შეეკითხეთ, თუ ორი სხვადასხვა კერძიდან რომელი ურჩევნია, რომ სადილად მომზადდეს. შეეცადეთ მისცეთ მაგალითი და ხშირად ჭამოთ მასთან ერთად იგივე საკვები, რასაც მას სთავაზობთ. შესთავაზეთ საკვები მცირე ულუფებით და შექება არ დაიშუროთ იმ შემთხვევაშიც, თუ მცირე რაოდენობით შეჭამს. შესაძლოა, ბავშვი ნელი მჭამელია, რაც მშობლის მხრიდან მოთმინებას მოითხოვს. ნუ გამოიყენებთ ტკბილეულს, როგორც ჯილდოს კვების შემდეგ. ამან შესაძლოა ისეთი შეხედულება ჩამოაყალიბოს, რომ თუ ტკბილეული ჯილდოა, ბოსტნეულის ჭამა სასჯელი გამოდის. ტკბილეულის ნაცვლად, შეგიძლიათ შესთავაზოთ სკვერში გასეირნება, ერთად თამაში, გაფერადება ან სხვა ისეთი აქტივობა, რაც მას ძალიან უყვარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული