ცნობილი კარდიოლოგის სოლომონ ზეიკიძის წარმატების ფორმულა
ავტორი: „თბილისელები“ 11:31 16.12, 2020 წელი

მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე მრავალმხრივი განათლებითა და პრაქტიკული გამოცდილების ღრმა ცოდნით გამოირჩევა, გულის მკურნალი მთელი გულით ეკიდება თითოეული პაციენტის გამოკვლევასა და მკურნალობას, შედეგიც სახეზეა – უამრავი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი. როგორ მოვუაროთ გულს და რა კარდილოგიური პრობლემებია დღეს აქტუალური? – ამ და სხვა საინტერესო თემებზე სოლომონ ზეიკიძე გვესაუბრა.
სოლომონ ზეიკიძე: კლინიკაში მუშაობა რომ დავიწყე, მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ჯერ სანიტრად ვმუშაობდი, მერე – ექთანად, ბოლოს კი ექიმი – რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გავხდი. საერთოდ, რეანიმაცია თავიდანვე მიზიდავდა, რადგან მიმაჩნია და ახლანდელმა მოვლენებმაც დაადასტურა, რომ ექიმი საჭირო და ექსტრემალურ კლინიკურ და პრაქტიკულ გამოცდილებას მხოლოდ რეანიმაციულ განყოფილებაში შეიძენს... როგორც დამოუკიდებელმა ექიმმა, მუშაობა შპს „ალსსში“ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად დავიწყე. სხვათა შორის, იმხანად ეს ერთ-ერთი პირველი კომერციული კლინიკა იყო. პარალელურად, მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში და სასწრაფო სამედიცინო დახმარება „კარდიოსერვისშიც“ ვმუშაობდი. საერთოდ, მაშინ დაბალი ანაზღაურება იყო და ამიტომ, ერთდროულად ოთხ სხვადასხვა კლინიკასთან ვთანამშრომლობდი. ხომ იცით, ზოგი ჭირი მარგებელიაო და მუშაობის ასეთმა რეჟიმმა ძალიან სერიოზული და დიდი გამოცდილება მომცა.
– ბატონო სოლომონ, კარდიოლოგობა რატომ გადაწყვიტეთ?
– რეანიმაციაში შემოსული პაციენტების უმრავლესობას კარდიოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ამ დარგის უფრო ღრმად შესწავლა დამჭირდა. ამიტომ, კვალიფიკაცია გავიარე და ეს სფერო ისე შემიყვარდა, რომ საბოლოოდ, კარდიოლოგიაში დავმკვიდრდი. და სანამ კარდიოლოგიის ინსტიტუტი ფუნქციონირებდა, სასწრაფო დახმარების გარდა, მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების ინტენსიურ თერაპიაშიც ვმუშაობდი. 2006 წელს გორში თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნა, სადაც მუშაობა კონკურსის გავლით დავიწყე.
– აგვისტოს ომის დროსაც გორის ჰოსპიტალში მუშაობდით?
– დიახ, 2008 წლის აგვისტოს უმძიმესი დღეები და ჩვენი, მართლაც, გმირი სამედიცინო პერსონალის თავგანწირული საქმიანობა ტრაგიკულად მახსოვს. 2012 წლიდან თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკაში ვმუშაობ, რომელიც ერთ-ერთი თანამედროვე და წარმატებული კარდიოლოგიური კლინიკაა, ასევე, ვკითხულობ ლექციებს საქართველოს დავით აღმაშენებლობის სახელობის უნივერსიტეტში.
– თქვენი სადისერტაციო თემა, როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო და საშიშ კარდიოლოგიურ პრობლემას ეხება.
– ჩემი სადისერტაციო თემა უსიმპტომო, ანუ, ეგრეთ წოდებულ, „ჩუმ“ („მუნჯ“) იშემიას ეხება, რომელსაც ინგლისურენოვან ლიტერატურაში silent ishemia-ს უწოდებენ. ეს საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, ის უსიმპტომოდ, ტკივილის გარეშე მიმდინარეობს და ექიმთან ვიზიტის დროს შეიძლება, სრულიად შემთხვევით ძალიან სერიოზული დარღვევები აღმოვაჩინოთ. ჩემი თემა 35-დან 55-წლამდე პაციენტებში ამ დაავადების გამოვლენის გზებსა და გულის სხვა პათოლოგიასთან მის კავშირს ეხება. ყველაფერი ეს ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგია. ძალიან საინტერესო თემაა, უცხოეთიდანაც გამომეხმაურნენ და ამ კვლევის შემდგომი გაღრმავების გეგმებიც გვაქვს.
– რა ტიპის პაციენტებს მკურნალობთ?
– კარდიოლოგიური პრობლემის თითქმის ყველა პროფილის ავადმყოფს ვმკურნალობ. საერთოდ, ჩვენს კლინიკაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანამედროვე კლინიკურ-ლაბორატორიული მრავალი სახის გამოკვლევა ტარდება, მათ შორის, ინტერვენციული, ქირურგიული, ფიზიოთერაპიული, კომპიუტერული და ასე შემდეგ. რადგან ექოკარდიოგრაფიაში ლიცენზირებული ვარ, ჩემს პაციენტებს თავად ვუწევ კონსულტაციას, ასევე, ვუტარებ ექოსკოპიურ გამოკვლევასა და ფიზიკური დატვირთის ტრედმილტესტს. რა თქმა უნდა, დანიშნულებასაც ვაძლევ.
– ბატონო სოლომონ, არის მოსაზრება, რომ კარდიოლოგიური პრობლემები „გაახალგაზრდავდა“. ასეა?
– გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მართლაც, „გაახალგაზრდავებულია“ და თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. განსაკუთრებით არტერიულ ჰიპერტენზიას გამოვყოფ, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ ადრეული ასაკიდან შეინიშნება. ამ დაავადებას ზოგჯერ ძალიან მარტივად უყურებენ, თუმცა ეს არასწორია, რადგან არტერიული ჰიპერტენზია მხოლოდ გულის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებას კი არა, ბევრ სხვა პრობლემასაც იწვევს. ამიტომ, მის დროულ მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– გულს რა არ უყვარს?
– გულს არ უყვარს უყურადღებობა, რადგან გული ის ორგანოა, რომელიც 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობს. ამიტომ ჩვენგან უყურადღებობა და დამატებითი სტრესის მიყენება მართებული არაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის შინაგან მდგომარეობას. მისი გული, ვინც სიკეთეს აკეთებს, ადამიანები, ცხოველები და მცენარეები უყვარს, შედარებით ჯანმრთელია. გამოთქმა „გულთბილი“ შემთხვევითი არაა. გირჩევთ, გაიღიმოთ, მეტი პოზიტივი, სითბო, სიყვარული და კეთილგანწყობა გასცეთ, მეტი დრო გაატაროთ იმ ადამიანებთან, რომელებიც გიყვართ.
– ცხოვრების წესი რა გავლენას ახდენს გულის პრობლემების განვითარებაზე?
– ცხოვრების მჯდომარე და უმოძრაო წესი, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარება, ხშირი სტრესი, ჭარბი კვება გულზე უარყოფითად აისახება. ადამიანებს, რომლებიც ბევრს მოძრაობენ, გულის პრობლემები ნაკლებად აწუხებთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ფეხით სიარული და სუფთა ჰაერზე გასეირნება გულისთვის ძალიან დიდი შვება და სტიმულია.
– თქვენმა შვილებმა რა პროფესია აირჩიეს?– უფროსმა – გიორგიმ, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა წარმატებით დაამთავრა და სწავლა თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ამჟამად კი ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კომპიუტერულ-კიბერუსაფრთხოებას ეუფლება. უმცროსი – ნიკოლოზი, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, რაც განსაკუთრებით მახარებს და იმედია, ღირსეული ექიმი დადგება.
– როგორც ვიცი, ბუნებასთან ურთიერთობა ძალიან გიყვართ და საინტერესო ჰობიც გაქვთ.
– მუხრანში საკმაოდ ლამაზი ბაღი მაქვს და იქ ყოფნა მიყვარს. რაც შეეხება ჰობის, კითხვა ჩემი სუსტი წერტილია. განსაკუთრებით ისტორია მიყვარს და ისტორიაში გაუხმაურებელ ფაქტებს მუდმივად ვიკვლევ და ვეძებ. ის ჰობი კი, რაზეც მკითხეთ, ღვინის დაყენებაა და ჩემი წინაპრებიდან მოდის. ყოველთვის მაინტერესებდა ღვინის დაყენების როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მეთოდები, შარშან, ქართლში გავრცელებული ჯიშებისგან – ჩინებული, „საფერავი“, „რქაწითელი“ და „თავკვერი“, ქვევრში დაყენებული ღვინის 4 სახეობა ჩამოვასხი და ჩემი წინაპრების პატივსაცემად, „ზეიკიძეების ზვარი“ დავარქვი. სხვათა შორის, ეს რეალური სახელია და იმ ტერიტორიას, რომელზეც ჩემს წინაპრებს ვაზი ჰქონდათ გაშენებული და საბჭოთა პერიოდში ჩამოართვეს, დღესაც ასე ეძახიან. ღვინოს არ ვყიდი, მხოლოდ მეგობრებს ვჩუქნი, როგორც სუვენირს, თუმცა არ გამოვრიცხავ, მომავალში უფრო დიდი მარანი გავაკეთო და ეს საქმიანობაც გავაფართოო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან