წნევა ორსულებში – რა უნდა ვიცოდეთ პატარების ჯანმრთელობისთვის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.03

წნევა აუცილებელია, რათა ძარღვებში სისხლმა იდინოს. საკმარისია, წნევამ მოიმატოს, რომ ორგანოების სისხლით მომარაგება ირღვევა. დაზარალებულ ორგანოთა შორის არის პლაცენტაც, რომელიც დედისა და ნაყოფის დამაკავშირებელი რგოლი გახლავთ. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს წყალობით მიეწოდება სისხლი საშვილოსნოში მობინადრე პატარა არსებას. ამის კვალობაზე, თუ სისხლმომარაგების დარღვევას მუდმივი ხასიათი ექნება, ნაყოფის ზრდა-განვითარებას შესაძლოა, საფრთხე შეექმნას. არსებობს მოსაზრებაც, რომ მაღალი არტერიული წნევის გამო იზრდება პლაცენტის აშრევების, ანუ, საშვილოსნოს კედლიდან მოცილების რისკი. ამდენად, არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად შესაძლოა, მშობიარობა დროზე ადრე დაიწყოს ან ბავშვი წონის დეფიციტით დაიბადოს.
არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ფეხმძიმობისას იჩენს თავს, ძირითადად, სამი სახისაა: ქრონიკული, გესტაციური და პრეეკლამფსია. მათ შორის ყველაზე საშიში პრეეკლამფსია გახლავთ. ის შეიძლება, თანდათანობითაც განვითარდეს და უეცრადაც. მთავარი ნიშნებია ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, შარდის ოდენობის შემცირება, წონის სწრაფი მატება. პრეეკლამფსიას ხშირად თან სდევს შეშუპება, თუმცა ამგვარი ცვლილება ორსულობისას სხვა მიზეზებითაც არის განპირობებული.
პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობა იზრდება, თუ:
* ქალს ჰიპერტენზია ან სიმსუქნე ორსულობამდეც აღენიშნებოდა;
* ქალს პრეეკლამფსია წინა ორსულობისას განუვითარდა;
* ორსული 20 წლამდე ასაკისაა ან გადაცილებულია 40 წელს;
* ნაყოფი ტყუპია;
* ორსულს შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების პათოლოგია, რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა ან სკლეროდერმია აქვს.
ყველა ორსული სათუთი მოსავლელია, მით უმეტეს, როდესაც ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემა აქვს. ჰიპერტენზია სწორედ იმ პათოლოგიათაგანია, რომლებიც რეგულარულ ყურადღებასა და კონტროლს მოითხოვს. თუ ორსულად ბრძანდებით და არტერიული წნევის თამაში დაგჩემდათ, ასე მოიქეცით:
* მიმართეთ სპეციალისტს. მაგრამ თუ მკურნალობის ფონზე ჰიპერტენზიისგან გათავისუფლდით, ყურადღებას მაინც ნუ მოადუნებთ. პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით პერიოდულად ეწვიეთ ექიმს. სასურველია, არტერიული წნევის მაჩვენებელი პერიოდულად თვითონვე აკონტროლოთ;
* თვითნებურად არ მიიღოთ ანტჰიპერტენზიული საშუალება. სვით მხოლოდ სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტები. ნუ შეწყვეტთ მკურნალობას თვითნებურად;
* შეძლებისდაგვარად ხშირად დაისვენეთ. გახსოვდეთ: ფეხმძიმობა თქვენი ცხოვრების ის ბედნიერი პერიოდია, როდესაც მხარ-თეძოზე კოტრიალის გამო არავინ გისაყვედურებთ. ასე რომ, შეიმუშავეთ მუშაობისა და დასვენების თქვენთვის ხელსაყრელი რეჟიმი ან, უბრალოდ, დაიცავით რეჟიმი/ სახელად – „სრულყოფილი დასვენების 9 თვე“.
* მიირთვით ჯანსაღი საკვები. ეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ მარილის ოდენობა. მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ვიტამინების კომპლექსი;
* აკონტროლეთ წონა. ორი კაცის სამყოფის ჭამა, ისევე, როგორც მკაცრი დიეტა, ფეხმძიმობისას დაუშვებელია, მით უმეტეს, როდესაც არტერიული ჰიპერტენზია გაწუხებთ;
* უარი თქვით მავნე ჩვევებზე. გახსოვდეთ, რომ მოწევა უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან