ცხოვრება ინსულტის შემდგომ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.10, 2023 წელი

ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციაში საკმაოდ დიდია ოჯახის როლი, ამიტომ სასურველია, მისდიოთ ექიმის რეკომენდაციებს, რომლებსაც გაწერისას აძლევენ პაციენტის მეურვეს. იგულისხმება არა მხოლოდ ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა, არამედ პაციენტის სწორი და ადეკვატური მოვლა სახლის პირობებში. კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტი რეაბილიტაციას სახლში განაგრძობს და ორ-სამ დღეში ერთხელ ხვდება ექიმ რეაბილიტოლოგს. დანარჩენ დროს კი ის შინ, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ატარებს. ამ დროის სწორად გამოყენება აუცილებელია. ოჯახის წევრები უნდა ეცადონ, რაც შეიძლება აქტიურად ჰყავდეთ პაციენტი, დაეხმარონ წამოჯდომაში, სიარულში, შეძლებისდაგვარად შეასრულებინონ ის ვარჯიშებიც, რომლებსაც პაციენტი რეაბილიტოლოგთან ერთად ასრულებს. ასევე მნიშვნელოვანია ნაწოლების პრევენციაც, რაც გულისხმობს:
* პოზის ხშირ – დაახლოებით საათში ერთხელ – ცვლას. ოჯახის წევრები ხშირ შემთხვევაში უფრთხიან პაციენტის ამოძრავებას. ეს მცდარი შეხედულებების შედეგია. ამით პაციენტს არ ავნებთ. პირიქით, ნაწოლების თავიდან ასაცილებლად პოზის ხშირი ცვლა აუცილებელია;
* შეძლებისდაგვარად, ნაწოლების საწინააღმდეგო სპეციალური ლეიბის გამოყენებას, რომელსაც ნებისმიერ ორთოპედიულ მაღაზიაში შეიძენთ. ლეიბის დანიშნულებაა ზეწოლის შემცირება სხეულზე, იმ ადგილას, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება ნაწოლები – კუდუსუნის, ქუსლისა და კეფის მიდამოებში.
რეაბილიტაციის დროს პაციენტი იწყებს ცხოვრებას ჯანსაღი წესით – სწორი კვების პრინციპებითა და სწორად ვარჯიშით. მონაცემები იმის შესახებ, რამდენად გვიცავს რეაბილიტაცია განმეორებითი ინსულტისგან, არ არსებობს, თუმცა ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლა პრევენციის არაპირდაპირი გზაა არა მხოლოდ ინსულტის, არამედ ბევრი სხვა მძიმე დაავადებისთვისაც.
რეაბილიტაციის შედეგი დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ხშირად, განსაკუთრებით – იშემიური ინსულტის შემდეგ, ფუნქციების სრული აღდგენა ვერ ხერხდება, მაგრამ დროული და სწორი რეაბილიტაციით შესაძლებელია, ისინი იმ დონემდე მაინც აღდგეს, რომ პაციენტმა შეძლოს სოციუმში რეინტეგრაცია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.
პირველი ექვსი თვე სწრაფი აღდგენის ფაზად მიიჩნევა და ამის შემდეგ დარჩენილი დეფიციტი: კიდურების სისუსტე, სახის ასიმეტრია და სხვა, უკვე ნარჩენ მოვლენებად მოიაზრება. გვიან დაწყებულ რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ისეთი შედეგი, როგორიც, მაგალითად, შეიძლება ჰქონდეს პირველ 24-48 საათში დაწყებულ ვარჯიშს, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება მაინც შესაძლებელია.
ინსულტის მკურნალობას მისი პრევენცია სჯობს. პირველი ინსულტის თავიდან ასაცილებლად ძირითადი მეთოდია მთავარი რისკფაქტორების გამოსწორება. აუცილებელია მაღალი არტერიული წნევისა და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა. ქოლესტერინის დონე უნდა გაიზომოს და თუ მაღალია, შემცირდეს, რათა ათეროსკლეროზის რისკიც ნაკლები იყოს. მოწევა, ამფეტამინების ან კოკაინის მოხმარება უნდა შეწყდეს, ალკოჰოლი კი უნდა შეიზღუდოს. მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტისა და ქოლესტერინის მომატებული დონის სამკურნალოდ ეფექტიანია რეგულარული ვარჯიში, ჭარბი წონის დაკლება. პროფილაქტიკური გასინჯვები ექიმს ეხმარება, გამოავლინოს ინსულტის რისკფაქტორები და მალევე დანიშნოს მკურნალობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან