მედიცინა

წითელი ლაქა თვალში

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.02

თვალი
დაკოპირებულია

თვალში წითელი ლაქა მაშინ ჩნდება, როდესაც სისხლჩაქცევების გამო სისხლი კონიუნქტივის ქვეშ გროვდება.

კონიუნქტივა არის გამჭვირვალე გარსი, რომელიც თვალის ზედაპირს ფარავს. ის შეიცავს პატარა სისხლძარღვებს, რომლებიდანაც, წნევის უეცარი მომატების შედეგად, სისხლი გამოჟონავს.

სხვა ბევრი მიზეზის გარდა, თვალში წითელი სისხლჩაქცევები შეიძლება, დიაბეტურმა რეტინოპათიამაც გამოიწვიოს. ამ დროს, შაქრის მაღალი დონის გამო, სისხლძარღვები წყდება. ადამიანებმა შესაძლოა, ვერ გაათვითცნობიერონ, რომ დიაბეტური რეტინოპათია აქვთ, სანამ ეს მათ მხედველობაზე გავლენას არ მოახდენს.

დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომებია:

• ბუნდოვანი მხედველობა;

• ღამით მხედველობის გაუარესება;

• ადამიანი საგნებს ჩამქრალი ფერებით ხედავს.

რეტინოპათიის განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია სისხლში შაქრის დონისა და წნევის კონტროლით.

კონიუნქტივაში სისხლჩაქცევები სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს. ისინი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდში თავისით გაიწოვება. ეს დამოკიდებულია ლაქის ზომასა და ადგილზე. გაღიზიანების ან სიმშრალის შესამცირებლად შეგიძლიათ, ხელოვნური ცრემლი გამოიყენოთ.

თუ წითელი ლაქა ბაქტერიული ინფექციის შედეგია, ექიმი ანტიბიოტიკურ თვალის წვეთებს ნიშნავს.

არ შეგეშინდეთ, თუ წითელი ლაქა ფერს იცვლის, ყვითელი ან ნარინჯისფერი ხდება – ეს მანიშნებელია, რომ სისხლჩაქცევა იკურნება და სამედიცინო ჩარევის გარეშე სისხლჩაქცევა თავად გაქრება.

არასასიამოვნო სიმპტომების შესამცირებლად და გაწოვის დასაჩქარებლად შეგიძლიათ სცადოთ:

• თბილი კომპრესი – გაღიზიანების შესამცირებლად;

• ცივი კომპრესი – შეშუპების შესამცირებლად;

• სისხლჩაქცევის ალაგების დასაჩქარებლად არ გამოიყენოთ ლინზები;

• ხელოვნური ცრემლი სიმშრალესა და დაჭიმულობას მოგიხსნით;

• არ მოისრისოთ თვალები.

თუ წითელ ლაქას თან ერთვის საყურადღებო სიმპტომები, სჯობს ექიმს გაესაუბროთ.

ეს სიმპტომებია:

• დაზიანებული თვალის ტკივილი;

• თავის ტკივილი;

• გამონადენი თვალიდან;

• მრავლობითი სისხლჩაქცევა;

• მხედველობის ცვლილებები.

არ აგერიოთ წითელი ლაქა ჰიფემაში, რომელიც ჰგავს მას, თუმცა დამატებითი სიმპტომები აქვს, როგორებიცაა თავის ტკივილი და სინათლეზე მგრძნობელობა. ის სისხლჩაქცევაა თვალის წინა, თხევად ნაწილში, რომელიც მხედველობის გაუარესებას იწვევს და ასეთ დროს ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული