წარმატებული ონკოქირურგი და თორაკოქირურგი ანზორ ლაგვილავა – თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში
ავტორი: ინა სიმონია 13:00 07.06, 2021 წელი

წარმატებული, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ონკოქირურგი და თორაკოქირურგი, ბატონი ანზორ ლაგვილავა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციის წევრია და ყოველდღიურად უამრავი ონკოლოგიური (და არა მხოლოდ) პათოლოგიის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. რა გზა გაიარა წარმატებამდე და რა მეთოდით აკეთებს ის ოპერაციებს, ამის შესახებ თავად ბატონი ანზორი გვესაუბრა.
ანზორ ლაგვილავა: ექიმების ოჯახში გავიზარდე. დედა – ანგელინა ჩალიგავა ექიმი-თერაპევტი გახლდათ, შემდეგ პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული. მამა – ლომერი ლაგვილავა ზუგდიდში ცნობილი ქირურგი იყო. მთელი ბავშვობა ვუყურებდი, რამდენს შრომობდნენ ჩემი მშობლები და როგორ უყვარდათ თავიანთი საქმე, შესაბამისად, მეც გადავწყვიტე, მათ გზას გავყოლოდი.
– რა გზა გაიარეთ პროფესიულ წარმატებამდე?
– 2000 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უფასო სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავაბარე, შემდეგ იყო რეზიდენტურა, რომელიც საქართველოში გავიარე და მეამაყება, რომ საკმაოდ ძლიერი, თანამედროვე მედიცინის მიმდევარი პედაგოგების ხელში მოვხვდი. სამი წელი ვიყავი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცი), იქ დავიწყე ქირურგია. შემდეგი 3 წელი ონკოცენტრში გავატარე. მერე ვმუშაობდი მედულაში, არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა და მათ მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მოგვიანებით კი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიყავი სხვადასხვა ქვეყნაში, მათ შორის ისრაელსა და რუსეთში. დამოუკიდებელად პირველი ოპერაცია 26 წლის ასაკში გავაკეთე. ბოლო ხუთი წელია, „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდის წევრი ვარ.
– სწავლის პროცესი ჯერ კიდევ არ დაგისრულებიათ...
– ეს პროფესია მუდმივ განვითარებას და ამისთვის საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს, ამიტომ სწავლას ვაგრძელებ. ამჟამად დოქტორანტი ვარ. პროფესორ დავით გიორგაძის ხელმძღვანელობით ვმუშაობ თემაზე – „მკერდუკანა სიმსივნის თანამედროვე მკურნალობა“.
– თანამედროვე მკურნალობაში რა იგულისხმება?
– ეს არის თანამეროვე მიდგომებით მკურნალობა, იქნება ეს თორექოსკოპია თუ მედიასტინესკოპია, ანუ მკურნალობის მინიინვაზიური მეთოდები თორაკალურ ქირურგიაში. ამ საკითხზე მე და ბატონი დავით გიორგაძე 2010 წლიდან ვმუშაობთ და საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა.
– არსებობს მოსაზრება, რომ ონკოლოგიური დაავადებები გაახალგაზრდავდა, თქვენი დაკვირვებით, ყველაზე ხშირად რა ასაკიდან მოდიან პაციენტები ამ დიაგნოზით?
– ონკოლოგიური პაციენტების ძირითადი ნაწილი 45 წელს ზემოთ ასაკისაა. თუმცა, გეთანხმებით, რომ გაახალგაზრდავდა სხვადასხვა დაავადება. მაგალითად, არც თუ ისე იშვიათად მოდიან 20-25 წლის პაციენტები ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეებით. შედარებით ადრეულ ასაკში შესამჩნევი გახდა სხვა ონკოლოგიური დაავადებებიც.
– რა ფაქტორები უწყობს ხელს ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირებას?
– გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ეს შეიძლება, იყოს გენეტიკიდან დაწყებული, გარემო პირობებითა და კვებით დამთავრებული. ჩემი დაკვირვებით, პაციენტები დასავლეთ საქართველოდან გამოირჩევიან კუჭ–ნაწლავის ონკოლოგიური პათოლოგიებით.
– როგორია მკურნალობის მეთოდები?
– კომპლექსური მკურნალობის მომხრეები ვართ და ჩვენი დევიზია, რომ მხოლოდ ქირურგია არ კურნავს პაციენტს, მას მკურნალობა მულტიდისციპლინური მიდგომით უნდა ჩაუტარდეს და რა თქმა უნდა, ამ პროცესში არა მხოლოდ ქირურგი, არამედ მთელი გუნდი მონაწილეობს, რომელშიც შედის ონკოქირურგი, თერაპევტი, კლინიკური ონკოლოგი, რადიოლოგი, კარდიოლოგი და ასე შემდეგ. ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩვენ ვიღებთ პაციენტის ოპტიმალური მკურნალობის გეგმას, ამერიკული, ევროპული და აზიური ქვეყნების გაიდლაინების გათვალისწინებით. ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე ბევრად ეფექტური და სასარგებლო მულტიდისციპლინარული მიდგომაა.
– ყველაზე რთული ოპერაციების გახსენება თუ შეგიძლიათ?
– ნებისმიერი სირთულის ოპერაციებს ვაკეთებ. მიჭირს გამოყოფა, თუმცა უპირატესობას ვანიჭებ თანამედროვე, ნაკლებტრავმული მიდგომებით ოპერაციებს, ეგრეთ წოდებულ, ,,უსისხლოს“, ვინაიდან მიუხედავად დაავადების სირთულისა და პაციენტის ასაკისა, დიდი ოპერაციების წარმოებისას, ვიდეოენდოსკოპიური მიდგომით გაკეთებული ოპერაციის შემდგომ პაციენტები მალევე დგებიან ფეხზე, რეაბილიტაციის პროცესიც ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ტრადიციული მეთოდების შემდეგ. განსაკუთრებით აღვნიშნავ ოპერაციებს მსხვილ ნაწლავზე სასწრაფო შემთხვევებშიც კი, რომლის პრაქტიკასაც ბოლო 2 წელია, საკმაოდ წარმატებით ვეწევი. როდესაც საქმე ეხება გეგმიურ ოპერაციას, ასეთ დროს წინასწარ კარგად ვარ მომზადებული, გარჩეულია თითოეული პაციენტის მდგომარეობა, რადიოლოგთან ერთად გავლილია ეს შემთხვევა და გათვლილია ყველა ნიუანსი და დეტალი, ამიტომ 99 პროცენტში ინტრაოპერაციულად არ გვიწევს ახალი არჩევნის გაკეთება და ვმუშაობთ გეგმის მიხედვით. რაც შეეხება გადაუდებელ ქირურგიას, რა თქმა უნდა, აქ ხშირად გვაქვს რთული შემთხვევები, რაც დაკავშირებულია მწვავე მუცელთან. ცოტა ხნის წინ მყავდა 86 წლის პაციენტი, რომელსაც აღმოაჩნდა მწვავე აპენდიციტი გენერალიზებული პერიტონიტით, რაც ძალიან იშვიათია ამ ასაკში და მეორე პაციენტი – 76 წლის ქალბატონს პანკრეასის თავის სიმსივნით. ჩავუტარე საკმაოდ დიდი ოპერაცია – პანკრეატოდუოდენალური რეზექცია, რაც ასაკიდან გამომდინარე, სახიფათო იყო, თუმცა თანამედროვე მკურნალობითა და მედპერსონალის მაღალი კვალიფიკაციის დამსახურებით წარმატებით ჩაიარა.
– თქვენი პროფესია უდიდეს დროსა და ენერგიას მოითხოვს, ალბათ, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა.
– ექიმის პროფესია არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც ძალიან რთული, დატვირთული და არაპროგნოზირებადია და რა თქმა უნდა, ამ დროს ოჯახის გვერდში დგომა ძალიან ძვირფასია. ჩემი მხრიდან ვცდილობ, მაქსიმალურად ჩართული ვიყო შვილების აღზრდის პროცესში და შეძლებისდაგვარად ყველა მნიშვნელოვან მომენტში მათ გვერდით ვიდგე.
–გაგვაცანით ოჯახი.
– მეუღლე – ვალინა მელუა ექიმი-გინეკოლოგია, ოთხი შვილი გვყავს, უფროსი გოგონა – ანა 13 წლისაა, გვყავს 11 წლის ლიზიკო, 8 წლის ლუკა და 4 წლის საბა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან