მედიცინა

წარმატებული ექიმი-პროქტოლოგი გიორგი მერაბიშვილი – პაციენტების სამსახურში

№14

ავტორი: ინა სიმონია 15:00 12.04, 2021 წელი

გიორგი მერაბიშილი
დაკოპირებულია

წარმატებული ექიმი-პროქტოლოგი გიორგი მერაბიშვილი რამდენიმე კლინიკასთან თანამშრომლობს და მადლიერი პაციენტების არმია გულისხმიერ პიროვნებად და გამორჩეულ პროფესიონალად ასახელებს. მისი აზრით, პროფესიული თვისებების გარდა, ექიმისთვის მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტის მდგომარეობის გულთან ახლოს მიტანა, რის გარეშეც საკუთარი საქმიანობა ვერ წარმოუდგენია. ამ სტატიით გიორგი ექიმის კიდევ უფრო ახლოს გაცნობის საშუალება გექნებათ და გაიგებთ, ყველაზე ხშირად რა ჩივილებით ხვდებიან პაციენტები საიმედო პროქტოლოგის კაბინეტში.

– როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი?

– ამ არჩევნის გაკეთება რთული არ ყოფილა, იქიდან გამომდინარე რომ ბავშვობიდან ვიცოდი, რა პროფესიაშიც გავაგრძელებდი მოღვაწეობას, ექიმობა ჩემთვის ყოველთვის სასურველი პროფესია იყო, ალტერნატიულ ვარიანტზე არც მიფიქრია, ძალიან ვამაყობ ჩემი პროფესიით და ბედნიერი ვარ, როდესაც გამოჯანმრთელებულ, მადლიერ პაციენტს ვხედავ.

– სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი თუ გაქვთ?

– დედა – რუსუდან ნუცუბიძე, ფარმაცევტია და დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა თავის სფეროში. ჩემი მეუღლე – ია აღდგომელაშვილი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გახლავთ და მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრში ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსია. დეიდა, თინათინ ნუცუბიძე კარდიოლოგია და დღემდე მოღვაწეობს ამ სფეროში.

– რა გზა გაიარეთ წარმატებამდე?

– წარმატებამდე საკმაოდ რთული გზა მქონდა – სამედიცინო უნივერსიტეტის შემდგომ რეზიდენტურა გავიარე ზოგად ქირურგიაში, პარალელურად ვმონაწილეობდი კვლევებში, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდა. შემდგომ – სწავლება პროქტოლოგიაში, ონკოლოგიასა და ენდოსკოპიაში. ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

– ამჟამად რომელ კლინიკებში მუშაობთ?

– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვფლობ შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას ვიწრო სპეციალობებში, გარდა ზოგადი ქირურგიისა, დასაქმებული ვარ რამდენიმე კლინიკაში, მათ შორისაა აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის კლინიკა, „ევექსის“ კლინიკა, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“, კლინიკა „პინეო“. ასევე, ვარ მოწვეული პედაგოგი ქირურგიის კათედრაზე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

– ძირითადად, რა ჩივილებით მოდიან პაციენტები თქვენთან?

– პროფესიიდან გამომდინარე, პაციენტები მომმართავენ სხვადასხვა მწვავე და გეგმიური ქირურგიული პათოლოგიებით, პროქტოლოგიური დაავადებებით, როგორებიცაა ჰემოროიდული დაავადება, ანალური ნაპრალი, ფისტულა, პილონიდალური სინუსი, მწვავე პარაპროქტიტი. ასევე, ენდოსკოპიური კვლევისა და მანიპულაციებისთვის – გასტროსკოპიის ან კოლონოსკოპიისთვის.

– დაწვრილებით მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ?

– ჩემი საქმიანობა მოიცავს დაავადებების დიაგნოსტირებას ენდოსკოპიური მეთოდით (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია), ოპერაციებს როგორც ზოგადქირურგიული, ასევე პროქტოლოგიური დაავადებების შემთხვევაში. ჩვენთან, ასევე, დანერგილია მცირე ინვაზიური, უსისხლო პროცედურები.

– პროფესიონალიზმთან ერთად, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს კარგი ექიმი?

– კარგი ექიმი, გარდა პროფესიონალისა, უნდა იყოს შრომისმოყვარე და გულისხმიერი, უნდა უყვარდეს პაციენტი და განიცდიდეს მის პრობლემას, უნდა შეეძლოს, ავადმყოფს აუხსნას მდგომარეობა მისთვის გასაგები ენით.

– თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო ცენტრი, რომ მასთან თანამშრომლობა გადაწყვიტოთ?

– თანამშრომლობა რომ შევძლო, სამედიცინო ცენტრი უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი და დაკომპლექტებული, უნდა ზრუნავდეს პაცინტის კეთილდღეობაზე.

– ვინც ერთხელ მოხვედრილა თქვენთან, ყველა დადებითად გახასიათებთ, გამოგარჩევენ პაციენტთან განსაკუთრებული გულისხმიერი დამოკიდებულებით...

– დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ შეფასებისთვის, ყოველთვის ვცდილობ, პაციენტებს შევუმსუბუქო მდგომარეობა, ავუხსნა და დავანახო გამოსავალი, უკეთესის იმედი ჩავუსახო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა