მედიცინა

თმის ცვენის მიზეზები

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

თმის ცვენა
დაკოპირებულია

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა ბავშვის გაჩენიდან, დაახლოებით, სამ თვეში იწყება და ექვს თვემდე გრძელდება და მას ბევრი ახალნამშობიარები ქალი უჩივის. თმის ცვენა მშობიარობის თანმხლები ნორმალური მოვლენაა. გავა რამდენიმე თვე და თმა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის მიზეზი ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია.

თმა კანის მცირე ფორებიდან – ფოლიკულებიდან იზრდება და მუდმივად გადის ზრდისა და ცვენის ციკლს. თმის ზრდის ციკლს აქვს სამი ფაზა, რომლებიც მუდმივად მეორდება:

* ანაგენური ფაზა – ეს არის თმის აქტიური ზრდის ფაზა, რომელიც ორიდან ექვს წლამდე გრძელდება. თმის 85-90% ზრდის ამ ფაზაში იმყოფება;

* კატაგენური ფაზა – ეს არის ხანმოკლე გარდამავალი ფაზა, რომლის დროსაც თმის ფოლიკულები იკუმშება;

* ტელოგენური ფაზა – ერთგვარი მოსვენების ფაზა, რომელიც დაახლოებით, სამი თვე გრძელდება. ამ ფაზის შემდეგ ფოლიკული თმის ღერს ათავისუფლებს და თმა ცვივა.

თითოეულ ქალს თავზე აქვს 80.000-დან 120.000-მდე თმის ღერი, საიდანაც დღის განმავლობაში, დაახლოებით, 100-მდე ღერს კარგავს. ორსულობისას ჰორმონები იწვევს ზრდის (ანაგენურ) ფაზაში მყოფი ღერების სწრაფ გადასვლას მოსვენების (ტელოგენურ) ფაზაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი ეს ღერები ცვენას იწყებს. მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა, დაახლოებით, ექვს თვეს ან უფრო ნაკლებ ხანს გრძელდება. წესისამებრ, ქალის თმა ბავშვის პირველ დაბადების დღემდე უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას. მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა საკმაოდ ხშირი მოვლენაა. რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. თავდაპირველად ქალი ამჩნევს ჩვეულებრივზე მეტ თმას სავარცხელზე, ბალიშზე ან საშხაპეში, ტანსაცმელზე, იატაკზე. თავზე თმა შეთხელდება. მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას იწვევს ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჰორმონ ესტროგენის დონის ცვლილება. ორსულობის მესამე ტრიმესტრში ესტროგენის დონე საგრძნობლად იმატებს, რაც ხელს უშლის თმის ბუნებრივ ცვენას. ამ დროს შესაძლოა, შეამჩნიოთ, რომ თქვენი თმა ჩვეულებრივზე მეტად გახშირდა და გასქელდა. მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როდესაც ესტროგენის დონე იკლებს, ბევრი თმის ღერი უეცრად გადადის მოსვენების ფაზაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი ცვენას იწყებს. თუ მშობიარობის შემდგომ პერიოდში თმის ჭარბი ცვენა შეამჩნიეთ, მიმართეთ თერაპევტს, რომელიც სიტუაციას შეაფასებს და დიაგნოზს დასვამს.

მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს, თუმცა რამდენიმე ზოგადი რჩევა სიტუაციის უკეთ მართვაში დაგეხმარებათ:

* შეარჩიეთ ისეთი შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც თმას მოცულობას მატებს.

* ფრთხილად დაიბანეთ თავი და დაივარცხნეთ, რათა თმის ძირები არ დააზიანოთ.. ფაქიზად გამოიყენეთ ფენი და თმის უთო, რომ თმა ზედმეტად არ დაიჭიმოს და არ გადახურდეს. ერიდეთ მჭიდროდ დაწვნას და შეკვრას;

* მოსინჯეთ განსხვავებული ვარცხნილობა: მოკლედ შეჭრამ შესაძლოა, თმა გამოაცოცხლოს. თუ თმა შუბლის არეში გცვივათ და ეს გაშფოთებთ, იდეალური ვარიანტია წინამო. გარდა ამისა, მოკლე თმის მოვლა გაცილებით ადვილია;

* ეცადეთ, რაციონი ისე შეადგინოთ, რომ თმის ზრდისთვის საჭირო ყველა საკვები ნივთიერება მიიღოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი