მედიცინა

თავის ტვინის ტრავმა

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.01, 2023 წელი

თავის ტრავმა
დაკოპირებულია

თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მიზეზი უმეტესად დაცემა, შერყევა ან შეჯანჯღარებაა. მისი გამოწვევა ასევე შეუძლია ტვინის ქსოვილებში მოხვედრილ უცხო სხეულს, მაგალითად, ტყვიას ან თავის ქალას ძვლის ნამსხვრევს. მსუბუქი ტრავმის დროს ტვინის ქსოვილებსა და უჯრედებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები ადვილად ალაგდება, მაგრამ სერიოზულმა ტრავმამ შესაძლოა ტვინის შეშუპება, სისხლდენა და სხვა მძიმე გართულებები გამოიწვიოს, სიკვდილიც კი.

ტრავმის გავრცელებული მიზეზები:

* საწოლიდან გადმოვარდნა, კიბეზე დაგორება, აბაზანაში ფეხის აცურება, ხიდან ჩამოვარდნა;

* ავტომობილის, მოტოციკლის ან ველოსიპედის შეჯახება ფეხით მოსიარულესთან;

* ცემა - ბავშვის უხეში და ძლიერი შენჯღრევისას შესაძლოა თავის ტვინი დაზიანდეს.

* სპორტი, მაგალითად; ფეხბურთი, კრივი, ბეისბოლი, კრიკეტი, სკეიტბორდინგი, ჰოკეი და სხვა ინტენსიური და ექსტრემალური სახეობები.

* აფეთქება.

ტვინის მსუბუქი დაზიანების სიმპტომატიკა: გონების ხანმოკლე დაკარგვა, ბუნდოვანების, დეზორიენტაციის შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება; მოთენთილობა და დაღლილობა, მეტყველების გაძნელება, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა, თავბრუხვევა, ყურების შუილი, პირში ცუდი გემო, ყნოსვის შეცვლა, სინათლისა და ბგერების მიმართ მგრძნობელობის მომატება.

საშუალო და მძიმე დაზიანების დროს, აღნიშნულ სიმპტომებს შესაძლოა დაემატოს: ერთი ან ორივე თვალის გუგის გაფართოება; ცხვირიდან ან თვალებიდან გამჭვირვალე სითხის დენა; გამოღვიძების შეუძლებლობა; ხელისა და ფეხის თითების დაბუჟება ან დასუსტება; ძლიერი დაბნეულობა და გაურკვევლობა; აჟიტირება, ბრძოლისუნარიანობის მომატება ან სხვა უჩვეულო ქცევა; გაურკვეველი მეტყველება; ცნობიერების მოშლა, კომა.

ტვინის მძიმე დაზიანების დროს მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ადამიანს ხშირად ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. მას შესაძლოა ხელახლა მოუხდეს ისეთი საბაზისო უნარების ათვისება, როგორიცაა: სიარული და ლაპარაკი. რეაბილიტაციაში ჩართულნი უნდა იყვნენ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები: ფსიქიატრი, რეაბილიტოლოგი, ლოგოპედი, ნეიროფსიქოლოგი.

ტვინის ტრავმული დაზიანების რისკის შესამცირებლად:

* ავტომობილში ჯდომისას აუცილებლად შეიკარით ღვედი. მცირე ასაკის ბავშვები დასვით მანქანის უკანა სავარძელზე და საიმედოდ დააბით ღვედით ან სპეციალურ მოწყობილობაში - ქარსითში ჩასვით. ქარსითი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ზომასა და წონას.

* არავითარ შემთხვევაში არ მიუჯდეთ საჭეს ნასვამი. ავტომობილის მართვას თავი არიდეთ მაშინაც, თუ მიღებული გაქვთ ისეთი მედიკამენტი, რომელიც ძილიანობას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას იწვევს.

* აუცილებლად დაიხურეთ ჩაფხუტი ველოსიპედით, მოტოციკლით, სკეიტბორდით ან სხვა ღია ტრანსპორტით სარგებლობისას, ასევე – სპორტის ისეთ სახეობებში ვარჯიშისას, ტრავმის განსაკუთრებით მაღალი რისკი რომ ახლავს თან, როგორიცაა: თხილამურებით, ციგურებით, სნოუბორდით სრიალი, ჯირითი.

მოხუცების დასაცავად: კარგი იქნება, თუ სააბაზანოში ხელის მოსაკიდებლებს დაამონტაჟებთ. სააბაზანოს იატაკზე დაფინეთ საფენი, რომელიც არ სრიალებს. იატაკიდან აიღეთ მცირე ზომის ფარდაგები – მათი გასრიალების შანსი დიდია. აუცილებლად დაამონტაჟეთ სახელურები კიბის ორივე მხარეს. ეცადეთ, ყველა ოთახში გქონდეთ კარგი განათება. ხშირად შეუმოწმეთ მოხუცს მხედველობა და წაახალისეთ, რეგულარულად ივარჯიშოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი