მედიცინა

თავის ტკივილის მიზეზები ბავშვებში და მასთან გამკლავების გზები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 11.03, 2023 წელი

თავის ტკივილი
დაკოპირებულია

თავის ტკივილი ბავშვთა ასაკში საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. უმეტეს შემთხვევაში ის არ არის სერიოზულ პათოლოგიის გამოვლინება. მოზრდილთა მსგავსად, ბავშვთა ასაკშიც სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილი გვხვდება, მაგალითად: შაკიკი, სტრესთან დაკავშირებული /დაძაბულობის/ თავის ტკივილი, ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილი და სხვა. თავის ტკივილი შესაძლოა, გამოწვეული იყოს ინფექციით, სტრესით, თავის მცირე ტრავმით.

შაკიკი ბავშვთა ასაკში ხასიათდება:

• ძლიერი, მოპულსირე თავის ტკივილით;

• ტკივილი ძლიერდება დაძაბვასთან ერთად;

• ბავშვს აქვს ფოტოფობია, არის ძლიერ მგრძნობიარე ხმაურის მიმართ;

• ბავშვს შესაძლოა, ჰქონდეს გულის რევა, ღებინება, მუცლის ტკივილი.

შაკიკი შესაძლოა განვითარდეს მცირე ასაკშიც კი, ჩვილობის ასაკის ჩათვლით. პატარა ასაკში თავის ტკივილის დროს ბავშვი წუხს, ტირის, ამ დროს, ზოგჯერ, ბავშვს თავი ხელებით უჭირავს.

დაძაბულობის თავის ტკივილი ვლინდება:

• მოჭერითი ხასიათის ტკივილით თავის ან კისრის არეში;

• არამოპულსირე თავის ტკივილით;

• ტკივილი უარესდება ფიზიკური აქტივობის დროს;

• ტკივილს არ ახლავს გულის რევა და ღებინება.

დაძაბულობის თავის ტკივილი შესაძლოა, გრძელდებოდაეს 30 წუთიდან რამდენიმე დღემდეც კი. ამ დროს ბავშვი მოწყენილია, წუხს, უარს ამბობს თამაშზე და ჩვეულ აქტივობაზე.

ქრონიკულად ითვლება თავის ტკივილი, რომელიც ვითარდება თვეში 15 დღის განმავლობაში მაინც. ქრონიკული თავის ტკივილი შესაძლოა, გამოწვეული იყოს ინფექციით, თავის მცირე ტრავმით, სხვადასხვა მედიკამენტით.

ბავშვთა ასაკში განვითარებულ თავის ტკივილთა უმრავლესობა არ არის საშიში.

საყურადღებოა შემდეგი ნიშნები:

• თუ ტკივილის სიხშირე და ინტენსივობა დროთა განმავლობაში იმატებს;

• ტკივილი აღვიძებს ბავშვს ღამით;

• ტკივილი იმდენად ინტენსიურია, რომ ბავშვს ეცვლება განწყობა, ხასიათი;

• ტკივილი ვითარდება ტრავმის ფონზე;

• თანხლებულია გულისრევითა და ღებინებით, მხედველობის გაუარესებით;

• ტკივილს თან ახლავს ცხელება, კისრის რიგიდობა.

როგორ მოვიქცეთ თავის ტკივილის დროს?

მსუბუქი თავის ტკივილის მართვა შეიძლება სახლის პირობებში:

• მიეცით ტკივილგამაყუჩებელი საშუალება - პარაცეტამოლი ან იბუპროფენი;

• ცხელების დროს განვითარებული თავის ტკივილის დროს საუკეთესო საშუალებაა ტემპერატურის დაწევა;

• დაალევინეთ ხილის წვენი ან მიეცით საკვები იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მშიერია, განსაკუთრებით თუ მან ბოლოს ჭამა 4 საათზე მეტი ხნის წინ;

• დააწვინეთ მშვიდ გარემოში;

• მოათავსეთ ცივ წყალში დასველებული საფენი შუბლზე 20 წუთის განმავლობაში;

• დაუზილეთ კისრის დაჭიმული კუნთები.

როგორ მოვიქცეთ დაძაბვის თავის ტკივილის დროს:

• ეცადეთ ბავშვს გადაატანინოთ ყურადღება საუბრით;

• შეასვენეთ და მიეცით საშუალება, მოდუნდეს თუ ის დაკავებულია მეცადინეობით;

• იზრუნეთ მის სრულფასოვან ძილზე.

როგორ მოვიქცეთ შაკიკის შეტევის დროს:

• დარწმუნდით, რომ თავის ტკივილის შეტევა ისეთივე ინტენსივობისაა, როგორც ადრე;

• მიეცით ბავშვს ექიმის მიერ დანიშნული შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატი შეტევის დაწყებისთანავე, რაც შეიძლება მალე;

• თუ მედიკამენტი დანიშნული არ არის, მიეცით იბუპროფენი, რაც შეიძლება მალე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ 6 საათის შემდეგ;

• დააწვინეთ ბავშვი წყნარ და ბნელ ოთახში და ეცადეთ დაიძინოს;

• დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე;

• არ გამოატოვებინოთ კვება, მიეცით საკვები დროულად;

• ეცადეთ, ბავშვმა თავის დროზე დაიძინოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი