თავის მოვლა გულის ოპერაციის შემდეგ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.07
კარდიორეაბილიტაცია სპეციალურად შედგენილი გეგმაა, რომელიც პოსტოპერაციულ პერიოდში უნდა დავიცვათ. ასეთ გეგმას ყველა პაციენტს ინდივიდუალურად უდგენენ. თუმცა, არსებობს ზოგადი წესები და პრინციპები, რაც ყველასთვის საერთოა:
• მედიკამენტური მკურნალობა;
• ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრება;
• სტრესის მართვა და ფსიქოლოგიური ეფექტების შემცირება;
• ფსიქოსოციალური სტატუსის დაბრუნება.
ოპერაციის გაკეთება არ ნიშნავს, რომ ამ გზით სამუდამოდ ვთავისუფლდებით წამლებისა და მკურნალობისგან. როცა საქმე გულს ეხება, ჩვენ ვალდებული ვართ, მასზე მთელი სიცოცხლე ვიზრუნოთ. რეაბილიტაციის პერიოდში მედიკამენტების მიღება აუცილებელია. ამ გზით გულს ვეხმარებით, უკეთ იმუშაოს და აღიდგინოს ყველა ფუნქცია.
ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრება ყველა ადამიანისთვისაა საჭირო, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. გულის მუშაობა გავლენას ახდენს მთელ სხეულზე. ჩვენი ცხოვრების წესი და ემოციური მდგომარეობა კი გულზე აისახება. აქედან გამომდინარე, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა გვეხმარება გულის ჯანსაღად შენარჩუნებაში.
პოსტოპერაციულ პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას, ფეხით სეირნობას სუფთა ჰაერზე, მცირე ვარჯიშებს, ეს დაგეხმარებათ ჟანგბადის ეფექტურად ათვისებასა და გულის კუნთის სისხლით მომარაგებაში. თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა, გახსოვდეთ, რეაბილიტაციის პერიოდში ერიდეთ:
• ფიზიკური აქტივობისას გულის რითმის აჩქარებას;
• მძიმე საგნების აწევას;
• არამდგრად ამინდში სეირნობას;
• ჭამის დასრულებისთანავე გარეთ გასვლას;
• მოერიდეთ მანქანის მართვას და კიბეებზე ასვლას ოპერაციიდან ერთი თვის განმავლობაში;
• სტრესი და ემოციური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს გულზე. ამიტომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში აუცილებელია სტრესისგან თავდაცვა. გულს დიდ დარტყმას აყენებს მოულოდნელი უსიამოვნო სიურპრიზები. ეს კი რეაბილიტაციის პერიოდში ნამდვილად არაა სასურველი.
სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ორგანიზმის მომზადებას ყოველდღიური ცხოვრებისთვის, სტრესის გამკლავებისთვის, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერობისთვის. რეაბილიტაციის შემდეგ სამსახურში დაბრუნება უკვე 6 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი.
გახსოვდეთ, რომ ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, გულის ჯანმრთელად შენარჩუნებისთვის აუცილებელია:
* სიგარეტზე უარის თქმა;
• ჯანსაღი კვება;
• მჯდომარე ცხოვრების წესზე უარის თქმა;
• ზომიერი ფიზიკური დატვირთვა;
• დასვენება და სრულფასოვანი ძილი;
• დადებითი ემოციებით დატვირთვა;
• დასაშვებია ალკოჰოლის მიღება, მხოლოდ მცირე რაოდენობით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან