თავიდან ავიცილოთ სიბრმავე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.05, 2021 წელი

დადგენილია, რომ სიბრმავის ძირითადი მიზეზი კატარაქტაა. საქართველოში ყველაზე ხშირად, სწორედ, კატარაქტის ოპერაციები კეთდება. როგორც ამბობენ, ეს არის ყველაზე ეფექტური ქირურგიული მანიპულაცია, რის შემდეგაც პაციენტს თითქმის სრულად უბრუნდება მხედველობა. რა უნდა ვიცოდეთ კატარაქტის შესახებ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს – ამ თემაზე „თბილისელებს“ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ანა დვალიშვილი ესაუბრება.
– რა არის კატარაქტა?
ანა დვალიშვილი: კატარაქტა, ანუ ბროლის შემღვრევა, სიბრმავის ძირითადი მიზეზია, რომლის დროსაც პაციენტის მხედველობა თანდათანობით, უმტკივნეულოდ უარესდება და საბოლოოდ სრულ სიბრმავემდე მიდის.
კატარაქტის დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა, მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრ ან რძისფერ შეფერილობას იძენს, იმღვრევა და შესაბამისად, ვეღარ ხდება გამოსახულების ბადურაზე ფოკუსირება, რაც მხედველობის მნიშვნელოვან (საბოლოოდ კი – სრულ) დაქვეითებას იწვევს.
– როგორ ვითარდება კატარაქტა?
– კატარაქტა შეიძლება, იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი კატარაქტა, როგორც წესი, განპირობებულია დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებებითა და სამშობიარო ტრავმით. ამ დროს ორივე თვალია დაზიანებული.
არსებობს კატარაქტის 4 სტადია:
• დაწყებითი;
• არამწიფე;
• მწიფე;
• გადამწიფებული.
– რა იწვევს შეძენილი კატარაქტების განვითარებას?
– აღსანიშნავია, რომ მოხუცებულობით გამოწვეული კატარაქტის ასაკი საკმაოდ გაახალგაზრდავდა და უკვე 35-40 წლიდან შეიმჩნევა.
გამომწვევი რისკ-ფაქტორების მიხედვით კატარაქტა შეიძლება იყოს:
• ასაკობრივი ცვილებებით გამოწვეული (მოხუცებულთა კატარაქტა);
• მექანიკური დაზიანებით განპირობებული (ტრავმული);
• ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი;
• დიაბეტური;
• რადიაციით გამოწვეული.
– რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ კატარაქტის განვითარების დასაწყისი არ გამოგვეპაროს?
– ამ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ყურადღებას, ხომ შეინიშნება დღის სინათლეზე მხედველობის გაუარესება, საღამოს კი, თითქოს, უფრო უკეთ ხედავს. ხშირად პაციენტები უჩივიან მხედველობის გაუარესებას როგორც ახლო, ასევე შორ მანძილზე. ასე მაგალითად, ადამიანი ამბობს, რომ საგნებს გაორებულად ან ბუნდოვნად ხედავს, უჭირს კონტურების გამოკვეთა, გაუარესებულია ფერების აღქმა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუკი შეამჩნევთ მხედველობის თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას.
– ვის შეიძლება, დაემართოს კატარაქტა?
– კატარაქტა შეიძლება, გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა, ძირითადად, ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს კატარაქტის განვითარებას:
* ასაკი 55 წლის შემდეგ;
* დიაბეტი;
* ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
* ულტრაიისფერი დასხივება (დიდი დოზით მზის ქვეშ ყოფნა);
* თვალის დაზიანება ან თვალის დაავადებები;
* ჭარბი წონა;
* თამბაქოს მოხმარება;
* ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
* კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.
– მართალია თუ არა, რომ კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური საშუალება ქირურგიაა?
– კატარაქტა მედიკამენტებით არ იკურნება და მისი მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა. ოპერაცია გულისხმობს მხედველობის სიმახვილის დაბრუნებას რამდენიმე წუთში, რომლის დროსაც ძველი, შემღვრეული ბროლი იცვლება ახალი, ხელოვნური ბროლით. ქირურგიული პროცესი უმტკივნეულოა, ოპერაციის მსვლელობისას გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია, ანუ ტკივილგამაყუჩებელი წვეთები. კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც გამოგვაქვს შემღვრეული ბროლი და მის ადგილზე ვსვამთ ახალ – ხელოვნურ ბროლს.
კატარაქტის ოპერაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია!
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების, მათ შორის, კატარაქტის ოპერაციის დაფინანსებას.
კონსულტაციაზე
ჩაწერა ხდება წინასწარ – 032-2-05-05-00.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან