მედიცინა

თათული აბზიანიძე: ზუსტად ისეთი გულისყურით ვუსმენ ჩემს პაციენტებს, როგორც ამას მამა აკეთებდა და თითოეული მათგანის ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის

№47

ავტორი: ნინო საყვარელიძე 14:36 24.11, 2021 წელი

თათული აბზიანიძე
დაკოპირებულია

ყველასთვის კარგად ცნობილი სისხლძარღვთა ქირურგისა და ანგიოლოგის, ბატონ გიორგი აბზიანიძის ქალიშვილი, ასევე წარმატებული ანგიოლოგი, ქალბატონი თათული აბზიანიძე ღირსეულად განაგრძობს მამის საქმიანობას და სათავეში უდგას გიორგი აბზიანიძის დაარსებულ ანგიოლოგია–ანგიოქირურგიის აკადემიურ კლინიკას. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ქალბატონი თათული ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. რა გზა გაიარა წარმატებამდე, რაში დაეხმარა მამის გამოცდილება და როგორ ახერხებს ერთდროულად ექიმობასა და კლინიკის ხელმძღვანელობას – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ქალბატონმა თათულიმ თავად გვიპასუხა.

თათული აბზიანიძე: მყარ ოჯახში, ძლიერი და წარმატებული ოჯახის წევრების გარემოცვაში გავიზარდე და ლაღი ბავშვობა მქონდა. მამა ყველასთვის კარგად ცნობილი სისხლძარღვთა ქირურგი გიორგი აბზიანიძე გახლდათ. მამის მხრიდან ბებიაც და ბაბუაც – ქალბატონი ერა ახვლედიანი და ბატონი კაკო აბზიანიძე ცნობილი და წარმატებული ექიმები იყვნენ. ჩემი ბავშვობის პერიოდში მიღებული იყო ექიმთან ბინაზე ვიზიტი და მახსოვს, ოთახის კარს ამოფარებული, როგორ ვისმენდი მამასთან მოსული პაციენტების ჩივილებს. მამა დიდი გულისყურითა და მოთმინებით უსმენდა თითოეულ მათგანს, რამდენადაც გრძელი არ უნდა ყოფილიყო მათი ისტორია, სიტყვას არასდროს აწვეტინებდა და მხოლოდ ამის მერე იწყებდა თავად საუბარს. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. ეს გამოცდილება ახლაც ძალიან მეხმარება ჩემს პრაქტიკაში. დღეს მე ზუსტად ისეთი გულისყურით ვუსმენ ჩემს პაციენტებს, როგორც ამას მამა აკეთებდა და თითოეული მათგანის ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ? ალბათ, მამას უნდოდა, რომ თქვენც ექიმი გამხდარიყავით.

– არავის უბიძგებია, რომ ექიმი გავმხდარიყავი. სხვა პროფესიაში წასვლა არც მიფიქრია, ეს თავისთავად მოხდა. მოგვიანებით, როდესაც უკვე კონკრეტული სპეციალობის არჩევის დრო დადგა ჩემსა და მამას შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო, ანგიოლოგიაში არ მინდოდა მუშაობა, რადგან ვფიქრობდი, მკაცრი ხელი მჭირდებოდა, რაც მამისგან არ მექნებოდა, ის ჩემ მიმართ ლოიალობას გამოიჩენდა. მამა მარწმუნებდა, რომ თუ მასთან ვიმუშავებდი, ბევრ რამეს მასწავლიდა და შემძენდა, რაც, რა თქმა უნდა, უკეთეს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დამეხმარებოდა. საბოლოოდ ეს ჭიდილი ჩემი გამარჯვებით დასრულდა და წავედი ზოგად ქირურგიაში, სადაც მთელი 2 წელი დავყავი, ორწლიანი საკუთარ თავთან ჭიდილის შემდეგ მივხვდი, რომ ქირურგიის ძალა არ მქონდა, ეს მიმართულება 24-საათიან ფიზიკურ შრომას ითხოვდა, რაც მე არ აღმომაჩნდა. ამიტომ თავი დავანებე ქირურგიას, მივედი მამასთან, ვუთხარი, შენ გაიმარჯვე-მეთქი და ანგიოლოგიაში გადავედი. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, 2008 წელს იყო ანგიოლოგიის, როგორც ცალკე დარგის, სპეციალისტების პირველი გამოშვება და პირველი ლიცენზირებული ანგიოლოგიც გავხდი.

– რამდენ ხანს გქონდათ მამასთან ერთად მუშაობის ბედნიერება?

– 2000-დან 2008 წლის ჩათვლით მამასთან ერთად ვმუშაობდი. მისგან მიღებულ უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას დღემდე წარმატებით ვიყენებ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.

– რაიმე განსაკუთრებული პროფესიული რჩევა თუ გახსოვთ მისგან?

– ასეთი უამრავია, მისი ყველა შენიშვნა და რჩევა დღემდე მახსოვს. მითხრა, რომ შეხედავ პაციენტს და ზუსტად იცი, რომ შენი დაავადება არ სჭირს ან, ზოგადად, ჯანმრთელია, აუცილებლად მოჰკიდე ხელი ფეხზე, შეხება ნიშნავს, რომ შენ მასთან ერთად ხარო. ამასაც დღემდე ვითვალისწინებ და პრაქტიკაში მივხვდი, რომ ეს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის.

– მამას სახელი და აღიარება ქართულ სამედიცინო წრეებში, ალბათ, გიმარტივებდათ ამ პროფესიაში თავის დამკვიდრების პროცესს.

– გზა ექიმობამდე მარტივი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან ლიცენზირებული ექიმი ვარ, ძალიან დიდხანს გამიჭირდა იმის აღიარება საკუთარ თავთან, რომ მე ექიმი ვარ. მამას ფაქტორი, რა თქმა უნდა, ბევრ რამეში მეხმარებოდა და გზას მიკვალავდა, ამის უარყოფა არ შეიძლება, პირიქით, მეამაყება და ყოველთვის მადლიერი ვარ ამისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი შვილობა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იყო და ყოველთვის მეტს მოითხოვდნენ ჩემგან.

– გიორგი აბზიანიძის სახელობის ანგიოლოგია-ანგიოქირურგიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელი ხართ, რამდენად რთულია, იყო ექიმი და პარალელურად, კარგი მენეჯერი?

– მამას ჰქონდა თავისი პატარა კლინიკა, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ მე ჩავუდექი სათავეში, გავხდი კლინიკის დირექტორი და ეს ექიმობაზე რთული აღმოჩნდა. მონოპროფილური კლინიკაა, დიდი გუნდი არ ვართ, მაგრამ, ვინც ამ კლინიკაშია, მათი სრული უმრავლესობა მამას კადრია და თავის დროზე მამას უერთგულესი და დღეს ჩემი დიდი დასაყრდენი ძალაა. ამ ადამიანებმა მომცეს მოტივაცია, აქ ვყოფილიყავი და ეს საქმე გამეგრძელებინა, ჩვენმა კლინიკამ წლების განმავლობაში ბევრ გამოწვევასა და სირთულეს გაუძლო და დღემდე მყარად დგას ფეხზე საკმაოდ კონკურენტულ გარემოში, რაც ვფიქრობ, ასევე, ჩვენი პროფესიონალების დამსახურებაა.

– რა სამედიცინო მომსახურებების მიღებაა შესაძლებელი თქვენს კლინიკაში?

– დიაგნოსტიკა – სისხლძარღვების დუპლექსსულტრასონოგრაფია, ანგიოლოგის მომსახურება, სისხლძარღვთა ქირურგია – ფლებოლოგია, დაავადებების ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია წესით, ისე ლაზერული აბლაციებით, ასევე, დიდი წილი უჭირავს სკლეროთერაპიებს, რომელსაც დიდი წარმატებით აკეთებს ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, ბატონი იგორ მიქაძე. ასევე, გვაქვს ენდოკრინოლოგიური მომსახურება. ენდოკრინოლოგია ჩვენი მომიჯნავე სპეციალობაა, იმ კუთხით, რომ ხშირია დიაბეტური ტერფის მქონე პაციენტების მომართვიანობა, ამიტომ სისხლძაღვთა ექიმებისა და ენდოკრინოლოგის კომბინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ლაბორატორიული მომსახურება, რაც სრული დატვირთვით მუშაობს.

– როგორია თქვენი კლინიკის ტექნოლოგიური აღჭურვილება?

– თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გვაქვს, თავად ვაკეთებ სისხლძარღვების დუპლექსსულტრასონოგრაფიას, ეს ჩემი სუბსპეციალობაა და ის მომსახურება, რასაც პაციენტი ჩემთან იღებს, ძალიან კომფორტულია იმ მხრივ, რომ მას ერდთდროულად აქვს ანგიოლოგის კონსულტაცია, ასევე, დიაგნოსტირების კარგი საშუალება და არ უწევს განმეორებით რიგში დგომა სხვა სპეციალისტთან.

– მნიშვნელოვანი და მოსალოცი სიახლე გაქვთ, ცოტა ხნის წინ ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტად აგირჩიეს, სიმბოლურია, რომ მამაც, ბატონი გიორგიც, იკავებდა ამ პოსტს გარდაცვალებამდე...

– დიახ და ეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ამ მიმართულებით, ბევრს ვმუშაობთ და საინტერესო გეგმები გვაქვს.

– თქვენი შვილი თუ აგრძელებს თქვენს ოჯახურ ტრადიციას და ბატონი გიორგის გაცნობის ბედნიერება თუ ჰქონდა?

– ჩემი შვილი, ლუკა, 2004 წელს დაიბადა და მამას მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე, ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა სახლში, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა ლუკასთან. ეს სამი წელი – ლუკას დაბადებიდან მამას გარდაცვალებამდე, უბედნიერესი პერიოდი იყო მამასთვის. ლუკა ახლა უკვე დიდი ბიჭია, აბიტურიენტია, სულ სხვა ინტერესები აქვს და კატეგორიულ უარს აცხადებს სამედიცინო სფეროზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი