მედიცინა

სისხლდენა ქალებში

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.10

სისხლდენა
დაკოპირებულია

ვაგინალურ სისხლდენად მიიჩნევა საშოდან ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ არის დაკავშირებული ნორმალურ მენსტრუალურ ციკლთან.

ვაგინალური სისხლდენის მიზეზი შეიძლება, იყოს გინეკოლოგიური ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, შესაძლოა, რომელიმე მედიკამენტი. გინეკოლოგიურ პრობლემათაგან ყველაზე ხშირად გვხვდება საშვილოსნოს მიომა, პოლიპი, ადენომიოზი, საშვილოსნოს სიმსივნური წარმონაქმნი და ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.

საშვილოსნოს მიომა – მიომა საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. მას ფიბრომას ან ფიბრომიომასაც უწოდებენ. მიომის ზრდას ქალური სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, მომატებული სეკრეცია უწყობს ხელს, თუმცა მიომური კვანძი სისხლში შეიძლება, ესტროგენების ნორმალური შემცველობის დროსაც გაჩნდეს. კვანძი შეიძლება, იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმისა, ერთეული ან მრავლობითი. ზოგი მათგანი სწრაფად იზრდება და ირგვლივ მდებარე ორგანოებზე ზეწოლისას უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს, ზოგი კი ნელა, უსიმპტომოდ ვითარდება და პროფილაქტიკური დათვალიერებისას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე. მიომისთვის დამახასიათებელია გახანგრძლივებული მენსტრუაცია, ზოგჯერ – სიხლდენა აციკლურ პერიოდში. უხვი სისხლდენა ხშირად ანემიას იწვევს. თუ კვანძი დიდი ზომისაა, შესაძლოა, შარდის ბუშტს ან ნაწლავებს მიაწვეს და ტკივილი ან დისკომფორტი გამოწვიოს.

პოლიპი – საშვილოსნოს პოლიპი საშვილოსნოს ღრუში მდებარე კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც მისი ამომფენი ქსოვილისგან – ენდომეტრიუმისგან ვითარდება. თანამედროვე მედიცინაში პოლიპი კიბოსწინარე მდგომარეობად მიიჩნევა და დიაგნოსტირების შემთხვევაში მისი მოცილებაა რეკომენდებული. პოლიპი შეიძლება, გაჩნდეს როგორც საშვილოსნოს ღრუში, ისე ცერვიკალურ არხში და საშვილოსნოს ყელზეც.

პოლიპის ერთ-ერთი სახეობაა პლაცენტური პოლიპი. ის ხელოვნური აბორტის, მუცლის თვითნებური მოშლის, შეწყვეტილი ორსულობის ან მშობიარობის შემდეგ პლაცენტის არასრული გამოძევების შედეგად წარმოიშობა და პრაქტიკულად ისეთივე კლინიკური სიმპტომები ახასიათებს, როგორიც სხვა ტიპის პოლიპებს, უპირველეს ყოვლისა – სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა პოლიპის არსებობა უნდა ივარაუდონ, როდესაც მენსტრუაციის მეორე დღეს სისხლიანი გამონადენი უხვია, ურევია კოლტები და ციკლი 8-10 დღემდე გრძელდება ან შეინიშნება სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის, ხოლო მენოპაუზის პერიოდში ყოველგვარი სისხლიანი გამონადენი პოლიპის არსებობაზე ბადებს ეჭვს. პოლიპი ხშირად უშვილობის მიზეზიც არის.

საშვილოსნოს კიბო – საშვილოსნოს კიბო საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის უმთავრესად 40-დან 60 წლამდე ასაკში ვითარდება. საშვილოსნოს კიბო შესაძლოა, დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მისი სიმპტომები – თეთრად შლა, სისხლდენა და ტკივილი – სიმსივნის გვიანდელ სტადიაზე იჩენს თავს.

საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის ტიპური სიმპტომია კონტაქტური სისხლდენა – სისხლდენა სქესობრივი კონტაქტის, გამორეცხვის, საშვილოსნოს გამოკვლევის ან სიმძიმის აწევის შემდეგ. თუ ქალს მენსტრუაცია უკვე შეუწყდა, საშვილოსნოდან ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი ავთვისებიანი პროცესის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს. ამ დროს აუცილებელია გამოკვლევა.

ენდომეტრიოზი – ენდომეტრიოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი შრის, ენდომეტრიუმის, უჯრედები უჩვეულო ადგილას – მაგალითად, საშვილოსნოს კედელში, ფალოპის მილებზე, საკვერცხეებზე, პერიტონიუმზე – გადაინაცვლებს, წარმოქმნის ენდომეტრიოზის კერებს და თითქმის ისევე ფუნქციობს, როგორც ენდომეტრიუმი ანუ მენსტრუირებს. მენსტრუაციის დროს ჩამოთვლილი ორგანოებიდანაც ისევე დის სისხლი, როგორც საშვილოსნოდან.

საშვილოსნოს კუნთოვანი გარსის ენდომეტრიოზს ადენომიოზი ეწოდება. მისთვის დამახასიათებელია გახანგრძლივებული, ჭარბი მენსტრუაცია, ყავისფერი გამონადენი მენტრუაციის დასაწყისში და დასასრულს, ზოგჯერ – მტკივნეული მენსტრუაცია და ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს. ენდომეტრიოზიან ქალებს ხშირად უშვილობაც აწუხებთ.

დისფუნქციური სისხლდენა – შესაძლოა, ორგანიზმში ამა თუ იმ მიზეზით დაირღვეს ჰორმონული ბალანსი, რაც საკვერცხის ფუნქციის დარღვევამდე მიგვიყვანს. როგორც იცით, საკვერცხეებში კვერცხუჯრედები ციკლურად მწიფდება. ამასთან ერთად, გამომუშავდება სასქესო ჰორმონებიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობს მენსტრუალური ციკლის შენარჩუნებაში. ჰორმონული დისბალანსის დროს ციკლი ირღვევა, ხშირად ვითარდება საკვერცხის ცისტა, რასაც მოსდევს ენდომეტრიუმის გასქელება – ჰიპერპლაზია, ის კი, თავის მხრივ, შესაძლოა, საშვილოსნოდან სისხლდენის მიზეზად იქცეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა