სიმინდის სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.08, 2023 წელი

სიმინდი სხვა მარცვლეულის შესანიშნავი ალტერნატივაა. მისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება, რომლებიც არა მარტო ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით იქნება მდიდარი, არამედ ძალიან გემრიელიც.
სიმინდის შემადგენლობაში შედის გლუტამინის მჟავა, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლას და შესაბამისდ, მეხსიერებასაც. სიმინდის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც დიდ როლს ასრულებს სასქესო ჰორმონების ცვლაში. მას სიბერის საწინააღმდეგო ვიტამინსაც უწოდებენ. სიმინდი აძლიერებს პერისტალტიკას, აჩქარებს მოუნელებელი საკვების გამოდევნას და ამით ხელს უშლის ყაბზობის ჩამოყალიბებას.
თუმცა მოხარშული სიმინდი ყველასთვის სასარგებლო როდია. მისი მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ თრომბოზი ან აღენიშნებათ მადის დარღვევა. ჯანმრთელ ადამიანს კი მოხარშული სიმინდი ზიანს მიაყენებს მხოლოდ რეგულარული და დიდი რაოდენობით მიღებისას.
მიუხედავად შედარებით დაბალკალორიულობისა, მოხარშული სიმინდი საკმაო ნოყიერებით გამოირჩევა. მოხარშული სიმინდის კალორიულობის საშუალო მაჩვენებელია 123 კკალ/100გ. აქედან გამომდინარე, ის კვების დიეტურ რაციონშიც გამოიყენება.
მოხარშული სიმინდის მარცვლები კარგად წმენდს ნაწლავებს.
სიმინდი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი პროდუქტებიდან, რომელიც არ იცვლის თვისებებს ხარშვისას, კონსერვირებისას თუ სხვა თერმული დამუშავებისას.
სიმინდის მიღება შეუძლიათ ორსულებსა და მეძუძურ დედებსაც. ასევე, ძალზე სასარგებლოა ბავშვის ორგანიზმისთვის. მასში შემავალი კომპონენტები ხელს შეუწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდასა და აქტიურობას. როგორც წესი, ბავშვებს სიმინდი ძალიან უყვართ. სიმინდის მიცემა ბავშვებისთვის რეკომენდებულია 3-4 წლიდან.
ჭყინტი სიმინდი ხელს უწყობს თირკმელებში კენჭების იოლად დაშლას. მისი ნახარში ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებთან ბრძოლას, ხოლო თუ მას 1 ჭიქის ოდენობით ყოველდღე, რეგულარულად მიიღებთ, მოიწესრიგებთ ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. სიმინდში შემავალი სასარგებლო კომპონენტები ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების გაძლიერებას.
სიმინდის მარცვლებიდან მიღებულ ზეთს იყენებენ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორც სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემამცირებელ საშუალებას. ამ მიზნით საჭმელი უნდა დაამზადოთ ზეთზე, განსაკუთრებით სალათები.
სიმინდის ულვაში შეიცავს ცხიმს, C, K ვიტამინებს, საპონინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. გამოიყენება როგორც შარდმდენი შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის ბუშტის სადინარებისა და ღვიძლის დაავადების დროს. აქვს სისხლდენის შეჩერების უნარი.
ნაყენის მოსამზადებლად წვრილად დაჭრილ 1 ჩაის კოვზ სიმინდის ულვაშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და სვით, როგორც ჩაი, თითო სადილის კოვზი დღეში 4-6-ჯერ და შარდის გამოყოფა მკვეთრად გაძლიერდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან