მედიცინა

სიმაღლეში ზრდის შეფერხების მიზეზები და პრევენცია

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.03

სიმაღლეში ზრდა
დაკოპირებულია

ზრდაზე ორი მთავარი ფაქტორი მოქმედებს: გენეტიკა და გარემო. გარემო ფაქტორებში იგულისხმება არა მარტო გარემოცვა, არამედ შინაგანად მიმდინარე პროცესები, რომელიც ჰორმონალური ბალანსის დარღვევით შეიძლება გამოიხატოს. მთავარი პრობლემა, რომელიც პუბერტატის პერიოდში გვაქვს და გარემო ფაქტორს მიეკუთვნება, ეს არის ძილ-ღვიძილის პერიოდი, რომელსაც ზრდასთან მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც ცნობილია, დაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ ზრდის ჰორმონის სინთეზი იწყება და ის გამონათქვამი, რომ „ბავშვი ძილის დროს იზრდება”, ნამდვილად სწორია, რადგან ამ პერიოდში გარკვეული პიკური მაჩვენებელი გვაქვს. თუ ჩვენი შვილი ღამის საათებში ინტერნეტზე, ტელეფონზე დამოკიდებულია და 4-5 საათზე იძინებს, შესაბამისად, ზრდის ჰორმონის სინთეზი ისე არ მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. აქედან გამომდინარე, ეს გარდატეხის პერიოდში ყველაზე დიდი ფაქტორია.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი საკვები პროდუქტებია, სადაც მიკროელემენტების, მინერალების შემცველობა, ადრინდელთან შედარებით, ძალიან შემცირებულია. ეს სხვადასხვა რამითაა განპირობებული. მათ შორის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებით, დიდი რაოდენობით სასუქებისა და ემულგატორების, ფერის, შემნახველების – უამრავი ქიმიური ნივთიერების გამოყენებით, რომლებიც ზრდასთან მიმართებით ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს.

მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად იკვებება ბავშვი და რამდენად ადეკვატურია დღის განმავლობაში მიღებული რაციონის შემადგენლობა ორგანიზმის მოთხოვნასთან მიმართებაში.

კალიციუმის, ცილებისა და ვიტამინების ნაკლებობა და ტკბილეულის მეტობა ნეგატიურად აისახება სიმაღლეში ზრდაზე. ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა, მაგრამ პატარას პროფესიული სპორტით დატვირთვამ შეიძლება, სიმაღლეში ზრდა შეაფერხოს. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორსაც, თუმცა, სიმაღლეში შეფერხება ხშირად ენდოკრინული სისტემის დარღვევისა და ზრდის ჰორმონის ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ასევე, შეიძლება მემკვიდრული იყოს. თუმცა ის დარღვევა, რაც ბაბუას აქვს, შეიძლება გამოუსწორდეს შვილიშვილს.

ასე რომ, გაითვალისწინეთ, ჯანმრთელი ბავშვის ოპტიმალური ზრდის უზრუნველსაყოფად აუცილებელია:

• სწორი კვება: კვების რაციონში ყოველდღიურად ოპტიმალური ოდენობის ხორცის, თევზის, რძის პროდუქტის, ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა;

• ფიზიკური აქტივობა: ყველა ბავშვი აუცილებელია ყოველდღიურად 1 საათი მაინც იყოს ფიზიკურად დატვირთული;

• ძილი: ჯანსაღი, სრულფასოვანი ძილი 9-10 საათის განმავლობაში ყოველდღიურად აუცილებელია ზრდის ჰორმონის გამოყოფის ფიზიოლოგიური რიტმისათვის;

• კალციუმის, D ვიტამინის, იოდისა და სხვა აუცილებელი მინერალების ასაკობრივი ნორმის მიღება ყოველდღიურად;

• ჯანსაღი ფსიქოემოციური, სტრესისგან თავისუფალი გარემო;

• ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრევენცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული