შვიტას სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.06, 2023 წელი

შვიტა შეიცავს მჟაუნის, ვაშლის, სილიციუმის მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ექვიზეტრინის საპონინებს, კაროტინს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, სიტოსტერინს, ალკალოიდებს.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება გულის მანკის, გულის ქრონიკული უკმარისობის, შეშუპების, შარდსადენი გზების დაავადებების სამკურნალოდ.
შვიტას ნაყენები და ნახარშები გამოიყენება საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, ბუასილისა და საშვილოსნოდან სისხლისდენის, ტყვიით მწვავე და ქრონიკული მოწამვლის დროს.
შვიტას ნახარშს აქვს მადეზინციფიცირებელი თვისება, ამიტომ მის საფენებს იყენებენ ძნელად შესახორცებელი წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. შვიტა გამოიყენება კომპლექსურად სხვა სამკურნალო ბალახებთან ერთად.
შვიტას ნახარშსა და ნაყენს იყენებენ არამარტო როგორც შარდმდენ, არამედ როგორც სისხლის აღმდგენ საშუალებას თირკმლისა და ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს. შვიტას ნაყენი გამოიყენება პირის ღრუში გამოსავლებად სტომატიტისა და ტონზილიტის დროს.
მედიცინაში გამოიყენება შვიტას ვეგეტატიური ღერო და ფოთლები. შვიტას პრეპარატები არასაკმაო სისხლის მიმოქცევით გამოწვეული შეშუპების დროს შარდმდენ საშუალებად იხმარება, აგრეთვე, საშარდე ბუშტისა და შარდსადინარების ანთებითი პროცესებისა და პლევრიტის სამკურნალოდ.
შვიტას წვენი და ნაყენი მიჩნეულია, როგორც დიურეტული საშუალება. წვენს, 15 მილილიტრს – დღეში სამჯერ, უნიშნავენ ავადმყოფებს, რომელთაც გულის უკმარისობის ნიადაგზე გამოწვეული შეშუპება ჰქონდათ, რის შედეგადაც იმატებს დიურეზი.
არამც და არამც არ მივიღოთ შვიტას შემცველი პრეპარატი, თუ გულის ან თირკმელების უკმარისობას ვუჩივით. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვთ, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად და შეშუპების დასაცხრობად მოამზადეთ ასეთი ნაყენი:
1-2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს, დაასხით 250 მილილიტრი ცივი წყალი და 12 საათი გააჩერეთ ან დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარ საათში გაფილტრეთ. სვით დღეში 3 ჭიქა დიდი ხნის განმავლობაში.
ხველის დასაცხრობად და გაციების პროფილაქტიკისთვის შემდეგი ნაყენის დამზადებას გირჩევთ:
აიღეთ 2-2 წილი შვიტა, ცაცხვის ყვავილი და მრავალძარღვა, დაუმატეთ ერთი წილი კამის ფესვი. 2 სადილის კოვზ ასეთ ნარევს დაასხით 250 მილიგრამი მდუღარე, გააჩერეთ 15 წუთი და გაფილტრეთ. დალიეთ დღეში 2-3 ჭიქა. თუ შაქრიანი დიაბეტი არ გაქვთ, შეგიძლიათ, დაატკბოთ, უმჯობესია, თაფლით.
გარდა ამისა, შვიტას ნაყენი უხდება:
შარდკენჭოვან დაავადებას – 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, ერთი საათით გააჩერეთ და გაფილტრეთ. სვით მეოთხედი ჭიქა დღეში 4-ჯერ.
რევმატიზმს – 4 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ორი საათით დააყენეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 5-6-ჯერ.
ქერტლს – 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი და გაფილტრეთ. შეიზილეთ თმის ძირებში დღეგამოშვებით, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან