შარდის შეუკავებლობა და პრობლემის პროფილაქტიკა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.12, 2022 წელი

შარდის შეუკავებლობა სხვადასხვანაირია:
👉ჭარბი ჭავლის შეუკავებლობა - ამ დროს ხშირად ჩნდება მოშარდვის სურვილი, მაგრამ მოშარდვა კმაყოფილებას არ გვგვრის: რჩება შეგრძნება, რომ საშარდე ბუშტი ბოლომდე არ დაცლილა. ამის მიზეზია ეგრეთ წოდებული მისკომუნიკაცია შარდის ბუშტსა და თავის ტვინს შორის (რასაც ნერვის დაზიანება განაპირობებს) და საშარდე მილის სანათურში შარდის გადაადგილების შეზღუდვა, რაც შარდის ბუშტის გადავსებას, მერე კი შარდის მსხვილი ჭავლით გამოდევნას და გამოჟონვას იწვევს.
👉სტრესულ შეუკავებლობა - ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ძირითადად ქალებში იჩენს თავს მშობიარობის ან მენოპაუზის შემდეგ. იშვიათად ასაკოვან მამაკაცებშიც ვლინდება პროსტატის გადიდების ფონზე. შარდი ჟონავს ცემინების, ხველების, სიცილის, ვარჯიშის, სქესობრივი კავშირის დროს. პრობლემის მიზეზი იმ კუნთების სისუსტეა, რომლებიც მცირე მენჯის ღრუს ფსკერზეა „ჩაფენილი” და შარდის ბუშტის სფინქტერის დახურვა-გაღებაში მონაწილეობს. როდესაც ეს კუნთები სუსტდება, შარდი მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი იპარება.
👉ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი - ამ დროს შარდის ბუშტი თვითნებურად იკუმშება, განურჩევლად იმისა, სავსეა თუ არა შარდით. მოშარდვის უეცარი სურვილი ჩნდება როგორც დილის, ისე ღამის საათებში და ამ დროს ადამიანი სულ რამდენიმე წვეთ შარდს გამოყოფს. ის, ვისაც ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი აქვს, ორგვარ დისკომფორტს განიცდის: პირველი – ჩაისველებს, რადგან მოშარდვის სურვილი ისე უეცრად ჩნდება და შარდის ბუშტი ისე სწრაფად იკუმშება, რომ ადამიანი საპირფარეშომდე მისვლას ვერ ასწრებს და მეორე – ხშირად უჩნდება მოშარდვის მოთხოვნილება, მაგრამ სულ ამაოდ – ცარიელი შარდის ბუშტი უბრალოდ „იტყუება”.
👉შერეული ტიპის შეუკავებლობა - ამ დროს თავს იჩენს ორივე ზემოაღნიშნული შეუკავებლობა, თუმცა, როგორც წესი, ერთ-ერთი მათგანი უფრო შემაწუხებელია.
👉რეფლექსური შეუკავებლობა - როცა ნერვული სისტემა საშარდე ბუშტზე ყოველგვარ კონტროლს კარგავს. ასეთი რამ უმეტესად ზურგის ტვინისა და ნერვების ტრავმის ან მათზე ქირურგიული ოპერაციის შედეგად იჩენს თავს. ამ დროს შარდი მცირე წვეთებად ან საკმაოდ დიდი ულუფებით ჟონავს, მაგრამ პაციენტი ამას ვერ გრძნობს.
ცისტიტის, საშარდე არხის ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომია ხშირად მოშარდვის სურვილი. ინფექცია უმეტესად ბაქტერიული წარმოშობისაა და ამის კვალობაზე, ანტიბიოტიკებით იკურნება. ანთებას, გარდა გახშირებული შარდვისა, ავლენს ტკივილისა და წვის შეგრძნება შარვის დროს და შარდის ჩვეულებრივზე მძაფრი სუნი.
შარდის შეუკავებლობას სხვადასხვა მიზეზი და მექანიზმი აქვს, კოფეინის ჭარბი მოხმარებიდან და უზომო ვარჯიშიდან დაწყებული, ტრავმითა და ქირურგიული ოპერაციით დამთავრებული. ყველაზე გავრცელებული მიზეზებიდან აღსანიშნავია:
👉ორსულობა - მცირე მენჯის ღრუს ამომფენი კუნთები შესაძლოა მოდუნდეს ან სულაც დაზიანდეს მშობიარობის დროს. ამ უსიამოვნებას შეიძლება გადავურჩეთ, თუ დაორსულებამდე კუნთებს სათანადოდ გავავარჯიშებთ. ვარჯიში შეიძლება ორსულობის დროსაც, თუმცა, ცხადია, მეტი სიფრთხილით.
👉ჰორმონული ცვლილება - რაც თან ახლავს მენოპაუზას. ის შესაძლოა მცირე მენჯის ღრუს კუნთების სისუსტის მიზეზად იქცეს.
👉ინფექცია - ცისტიტისა და საშარდე გზების სხვა ინფექციური დაავადებების დროს გახშირებული შარდვა, თავისთავად, შარდის შეუკავებლობაზე არ მიუთითებს, მაგრამ ხშირმა ინფექციამ შესაძლოა საშარდე ბუშტში იმგვარი ცვლილებები გამოიწვიოს, რომ საბოლოოდ, მისი ფუნქცია დაზიანდეს და უნებლიე შარდვა ჩამოყალიბდეს.
👉ბლოკირება - მარტივად რომ ვთქვათ, საშარდე მილში შარდის გადაადგილების შეზღუდვა ან შეუძლებლობა. ასეთი რამ ხდება საშარდე ბუშტში კენჭების ან სიმსივნური წარმონაქმნის არსებობისას.
დიეტა და ვარჯიში
იმის განსაზღვრა, რომელი საკვები რგებს თქვენს საშარდე ბუშტს, ძნელია. უმჯობესია, თავად დააკვირდეთ, რა გავლენას ახდენს თქვენზე ესა თუ ის პროდუქტი. ბევრი აღნიშნავს, რომ შტოშის წვენი შარდვის ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. შარდის შეუკავებლობის დროს არამც და არამც არ მოაკლოთ ორგანიზმს სითხე. თავი აარიდეთ ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველ სასმელებს.
შარდის შეუკავებლობას ხელს უწყობს სიგარეტის მოწევაც. მოწევა ხველას იწვევს, ხველა კი შეუკავებლობის დროს შარდის უნებლიე გამოყოფის მიზეზად იქცევა. კიდევ ერთი პრობლემაა ჭარბი წონა. ამ შემთხვევაში ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა და ვარჯიში აუცილებელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან