სეზონური ალერგიები და სიმპტომების თავიდან აცილება
ავტორი: სოფი ლორია 13:00 06.04, 2021 წელი

გაზაფხული წლის მშვენიერი დროა, თუმცა ამ სეზონს თან ახლავს ალერგიული დაავადებების გამწვავებები. სეზონური ალერგიები, სწორედ ადრეული გაზაფხულის პერიოდიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ალერგიული რეაქციები აერთიანებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა, დერმატიტი, კვებითი ალერგია, ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია. ალერგია ოცდამეერთე საუკუნის თანმხლები დაავადებაა. ის განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული განვითარებულ ქვეყნებში. სტატისტიკური მონაცემებით, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობის 60-70%-ს ალერგია აწუხებს. საქართველოში მისი მაჩვენებელი თითქმის 40%-ია.
ალერგია – ეს არის ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული მგრძნობელობა ჩვეულებრივ, უსაფრთხო ნივთიერებების მიმართ. ამ დროს იმუნური სისტემა უვნებელ ნივთიერებას აღიქვამს, როგორც ორგანიზმისთვის საშიშს და მის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.
ორგანიზმში ამ უჩვეულო რეაქციის გამომწვევ ანტიგენებს ალერგენები ეწოდება. ალერგენები არის ყველგან: საცხოვრებელ სახლებში, სამუშაო ადგილზე, ქუჩაში, ბუნებაში. ესენია: ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფრინველების ბუმბული, მწერების შხამი, მცენარეების მტვერი, ობის სოკო, სხვადასხვა საკვები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ქიმიური ნივთიერებები, პარფიუმერია, საღებავები, სარეცხი საშუალებები და სხვა.
ალერგენების გავრცელების მიხედვით ცნობილია სრულწლიანი და სეზონური ალერგიული დაავადებები. სეზონური ალერგიები, სწორედ გაზაფხულიდან, ყვავილობის პერიოდიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ტრადიციულად, ადრეულ გაზაფხულზე ჯერ ხემცენარეები ყვავილობს, შემდეგ მას მოსდევს მარცვლოვანები, ბალახები და სარეველა მცენარეები.
სეზონური ალერგიის გამომწვევ ძირითად მიზეზს მცენარის მტვერი წარმოადგენს. მას მცენარეები გასამრავლებლად წარმოქმნიან. მცენარის მტვერი ჰაერში ქარისა და მწერების საშუალებით ვრცელდება. მცენარეული მტვერი შედგება უმცირესი ზომის მარცვლებისგან. ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს. ჩასუნთქვისას აღნიშნული მიკრონაწილაკები ორგანიზმში ხვდება. შესაბამისად, ალერგიულ პაციენტებში, შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის არაადეკვატური რეაქცია, რომელიც სეზონური ალერგიის სახით ვლინდება. მცენარეული მტვერი იწვევს ტიპურ ალერგიას, ეგრეთ წოდებულ, პოლინოზს, რაც გამოიხატება სურდოთი, ცემინებით, თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით – ალერგიული კონიუნქტივიტით. ჩვენს რეგიონში სეზონურ ალერგიას განსაკუთრებით იწვევს: მურყანი, ჭადარი, იფანი, წიფელი, არყი, კედარი, თელა, ზეთისხილი, მუხა, ტირიფი, ვერხვი, ასევე, რამდენიმე ტიპის ბალახი.
სეზონური ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით: თივის ცხელებით, ალერგიული რინიტით, ბრონქული ასთმით, კანის ალერგიული დაავადებებით (ურტიკარია, ჭინჭრის ციება) და სხვა.
სეზონური ალერგიის ამოსაცნობად დავაკვირდეთ მის სიმპტომებს. თვალების ქავილი, ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, ცემინება, ხველა, გამონადენი ცხვირიდან, ცხვირ-ხახის ქავილი, ცხვირის გაჭედილობა, სუნთქვის გაძნელება, კანის ქავილი და სიმშრალე, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი – სწორედ, ალერგიაზე მიუთითებს.
სეზონური ალერგიის პრევენციისათვის სპეციალისტები გვირჩევენ: დაიცვათ პირადი ჰიგიენა, ხშირად გამოირეცხოთ ცხვირი მარილიანი წყლით, ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე ჩამოიბანოთ თვალები, ყურები და ცხვირი, მოიწესრიგოთ ძილის ფიზიოლოგია – დაიძინოთ ადრე, სახლის დალაგებისას აუცილებლად გამოიყენოთ მტვერსასრუტი (უმჯობესია ფილტრით), ავეჯის დასუფთავებისთვის გამოიყენოთ სველი საშუალებები, ხშირად გამოცვალოთ თეთრეული, რადგან იქ შეიძლება ბუდობდნენ ალერგენები, ატაროთ ნიღაბი გარე სამუშაოს შესრულების დროს, მოერიდოთ გარეთ აქტიურ ყოფნას მცენარეთა ყვავილობის პერიოდში, თავი შეიკავოთ ალკოჰოლისგან.
მიუხედავად საპროფილაქტიკო ღონისძიებებისა, სეზონური ალერგიის გავრცელების პერიოდში საჭირო ხდება მედიკამენტოზური საშუალებების გამოყენება. სწორედ, ერთ-ერთ ასეთ გამორჩეულ, მაღალი ხარისხის ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს ლორანექსი.
ლორანექსი ახალი თაობის, ევროპული ნედლეულით დამზადებული ანტიჰისტამინური საშუალებაა. პრეპარატი მიიღება ტაბლეტის ან ხსნარის სახით და ხანგრძლივი მოქმედებით გამოირჩევა. ის ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას და სწრაფად ხსნის მის სიმპტომებს. ლორანექსი გამოირჩევა მაღალი სელექტიურობით H1-რეცეპტორების მიმართ და ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა. ის კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მოქმედებას იწყებს მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე.
ლორანექსი არ იწვევს ძილიანობას, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია ავტომობილის მართვის დროსაც. ალკოჰოლის მიღება არ ცვლის ლორანექსის მოქმედების ეფექტს. ლორანექსი მიიღება დღეში ერთხელ, ტაბლეტის ან ხსნარის სახით. პრეპარატი ბავშვებში, 1 წლიდან, სპეციალურად მოსახერხებელი დოზირებით ინიშნება.
მიღების წესი და დოზირება:
ლორანექსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1,25 მგ;
6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მგ;
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში – 5 მგ.
ლორანექსის ხსნარი მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ.
1-5 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მლ;
6-11 წლამდე ასაკის ბავშვები – 5 მლ;
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში – 10 მლ.
პრეპარატი ლორანექსი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან