მედიცინა

საშიში პარაზიტები

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.08, 2024 წელი

პარაზიტები
დაკოპირებულია

მუნი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი და უამრავი სხვა დაავადება ადამიანმა შესაძლოა, სწორედ პარაზიტებისგან შეიძინოს. ტკიპისმიერი ენცეფალიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებას, იწვევს პარეზსა და პლეგიას.

ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევია ვირუსი, რომელიც ტკიპას გადააქვს. დასნებოვნება კბენისას ხდება. დადგენილია, აგრეთვე, ინფიცირება საკვებისმიერი გზით – იმ შინაური ცხოველის აუდუღარი რძით, რომელიც ტკიპამ დაკბინა. რძეში ვირუსის გამძლეობა იმატებს.

ვირუსი შეღწევის ადგილას (კანი, კანქვეშა ქსოვილი, ნაწლავის ლორწოვანი გარსი) მრავლდება და გროვდება, მერე კი სისხლის მეშვეობით სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში აღწევს. ინკუბაციური პერიოდი (ანუ დრო კბენიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე) სამიდან 25-მდე (საშუალოდ 7-14) დღეს მოიცავს.

დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის უცაბედი მომატებით 39-40 გრადუსამდე. ვითარდება ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სახის, კისრის, გულ-მკერდის ზედა ნაწილის, პირ-ხახისა და თვალების (კერძოდ, კონიუნქტივების) გაწითლება, კუნთების ძლიერი ტკივილი, მოსალოდნელია ცნობიერების დაკარგვა და გულყრაც. ენცეფალიტი შესაძლოა, სიკვდილით დასრულდეს. ნარჩენი მოვლენების სახით ხშირია დამბლა, კუნთების ატროფია, ინტელექტის დაქვეითება, ეპილეფსია. აღდგენა-რეაბილიტაცია წლობით მიმდინარეობს. სრული გამოჯანმრთელება იშვიათია.

როგორ მოვიქცეთ, რომ კბენა თავიდან ავიცილოთ

• ჩაიცვით გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, რომელსაც მოჭერილი საყელო და მანჟეტები ექნება. შარვლის ტოტები მაღალყელიანი ჩექმის ყელის კიდემდე უნდა ეშვებოდეს. სასურველია, სახელოებსა და შარვლის ტოტებს ჰქონდეს მომჭერი რეზინი ან სპეციალური შესაკრავი. აუცილებელია ქუდის ან სხვა თავსაბურავის გამოყენება;

• გამოიყენეთ ტკიპისა თუ სხვა მწერების საწინააღმდეგო სითხეები, აეროზოლები და საცხები;

• მოერიდეთ ბუჩქნარსა და მაღალ ბალახს, რომელიც ტკიპების საყვარელი სამალავია;

• ტყიდან თუ ლაშქრობიდან დაბრუნებისთანავე ყურადღებით დაათვალიერეთ სხეული, განსაკუთრებით ის ადგილები, რომლებიც ტკიპის საყვარელ უბნებს წარმოადგენს – თავის თმიანი ნაწილი, კანის ბუნებრივი ნაკეცების (იღლიის, დუნდულას) არეები;

• ნუ დაგავიწყდებათ, რომ ტკიპა არა მხოლოდ სხეულზე, არამედ ტანსაცმელზეც შეიძლება იყოს მიკრული. მიმაგრებამდე ის ერთხანს კანზე დაცოცავს. თუ ტანსაცმელსა და სხეულს ყოველ ნახევარ საათში გულდასმით დაითვალიერებთ, შესაძლოა, ტკიპები დაკბენამდე ჩამოიბერტყოთ კიდეც. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ტკიპა შესაძლოა, ძალიან პატარა და ძნელად შესამჩნევი იყოს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ლაშქრობისას ტკიპამ გიკბინათ

ტკიპა ფრთხილად უნდა მოიცილოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაჭყლეტა – ენცეფალიტის გამომწვევ ვირუსს, ისევე როგორც სხვა პათოგენურ მიკროოგანიზმებს, მის შიგნეულობაში უდევს ბინა. ნუ მოიგლეჯთ ტკიპას ძალით, რადგან ვირუსი მის სანერწყვე ჯირკვლებში, ანუ თავში კონცენტრირდება, რომელიც მოგლეჯისას ხშირად ჭრილობაში რჩება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკიპის მოწყვეტა კბილებით – შესაძლოა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჭრილობიდან ვირუსი ორგანიზმში შეიჭრას. მიმაგრებულ ტკიპას ძაფი მოაბით (ხორთუმთან რაც შეიძლება ახლოს), მისი ბოლოები გაჭიმეთ და ფრთხილად, ფაქიზად, ქაჩეთ, ვიდრე ტკიპას არ ამოიყვანთ.

ტკიპის ამოყვანა ასეც შეიძლება – დაიჭირეთ პინცეტით, რამდენიმე ფენად გაკეცილი დოლბანდით ან რეზინის ხელთათმანით, პირის ღრუსთან რაც შეიძლება ახლოს და აბრუნეთ თავისი ღერძის გარშემო, კბენის ადგილიდან მკაცრად პერპენდიკულარული მიმართულებით, რათა მთლიანად მოსცილდეს სხეულს და მისი ნაწილი კანში არ ჩარჩეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა