მედიცინა

როგორ ვუშველოთ წელის ტკივილს

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

წელის ტკივილი
დაკოპირებულია

ბევრი ორსული უჩივის წელის ტკივილს. ბუნებრივიცაა, იმატებთ წონას, იცვლება სხეულის სიმძიმის ცენტრი, ორსულობის ჰორმონები კი სახსრის იოგებს ასუსტებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხრა თვე უნდა ითმინოთ – წელის ტკივილის მოხსნა ან შემსუბუქება, უმეტესად, სავსებით შესაძლებელია.

ორსულობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის წელის ტკივილის აღმოცენებისთვის. ზოგიერთ ქალს ხერხემლის ტკივილი ორსულობის პირველივე კვირებიდან აწუხებს. უფრო – მათ, ვინც დაორსულებამდეც უჩიოდა წელის ტკივილს ან აქვს ჭარბი წონა. უმეტესად კი ტკივილი მოგვიანებით ეტაპზე იჩენს თავს – მაშინ, როდესაც ნაყოფი უკვე საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, მძიმეც. ზოგჯერ წელის ტკივილი საკმაოდ აქვეითებს შრომის უნარს და ცხოვრების ხარისხს. ისეც ხდება, რომ ორსული იძულებულია, თითქმის გაუნძრევლად იწვეს. წელის ტკივილი სხვადასხვანაირია: ზოგჯერ შეტევითი ხასიათისაა, ზოგჯერ – მუდმივი და ყრუ. შესაძლოა, გადაეცემოდეს ფეხს, ძლიერდებოდეს სიარულის, სიმძიმის აწევის, დგომის, დახრისა თუ გამართვის დროს; თან ახლდეს დაბუჟება, სიფითრე, ერთი ან ორივე კიდურის სისუსტე, ფეხების ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, კოჭლობა, კიდურების უნებლიე მოძრაობა.

* ორსულობის დროს გამომუშავებული ჰორმონები მცირე მენჯის იოგებს ასუსტებს. ამით სხეული მშობიარობისთვის ემზადება – ამ გზებში ხომ ნაყოფმა უნდა გაიაროს! თუმცა ეს საკომპენსაციო მექანიზმი შესაძლოა, წელის არეში ტკივილის მიზეზადაც იქცეს;

* საშვილოსნოსა და ნაყოფის ზრდასთან ერთად სხეულის სიმძიმის ცენტრი წინ გადმოინაცვლებს. წონასწორობის შესანარჩუნებლად ქალი უკან გადაიდრიკება. სწორედ ამ „საკომპენსაციო“ მექანიზმის შედეგია ორსულთა დამახასიათებელი პოზა, სიარულისა და დგომის მანერა. უკან გადადრეკის გამო წელის ქვედა ნაწილის კუნთები იჭიმება და წელის მიდამოში ტკივილი აღმოცენდება;

* ორსულობის დროს წონის მატება ჩვეულებრივი ამბავია. მართალია, 10-15 კილოგრამის მომატება ორსულისთვის საგანგაშოდ არ მიიჩნევა, მაგრამ ხერხემლისთვის ეს სერიოზული დატვირთვაა. სულ რამდენიმე თვეში წონის ასეთი ცვლილება ხერხემლისთვის დიდი გამოცდაა, ყოველი დამატებითი კილოგრამი კი მას უფრო მეტ პრობლემას უქმნის;

* დიდხანს დგომა, ჯდომის, წოლისა და დგომის არასწორი მანერა წელის ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებს.

წელის ტკივილის სრული კუპირება შესაძლოა, ვერ მოხერხდეს, მაგრამ რამდენიმე რჩევა ტკივილის სიმძიმისა და სიხშირის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

1. სწორი პოზა – იდექით გამართული, ეცადეთ, უკან არ გადაიდრიკოთ. თუ დიდხანს დგომა გიწევთ, დაბალ ტაბურეტზე შემოდგით ჯერ ცალი ფეხი, მერე – მეორე. ეს საგრძნობლად შეამცირებს წელზე დაწოლას. დასაჯდომად ისეთი სკამი შეარჩიეთ, რომლის საზურგეც წელის ფორმას იმეორებს. შვებას მოგგვრით წელის ქვეშ ამოდებული პატარა ბალიშიც. ხშირად დაისვენეთ, არ გადაიტვირთოთ, არ გადაიღალოთ. დასვენების დროს ფეხები ზემოთ ასწიეთ.

2. სწორი ფეხსაცმელი – ეცადეთ, გეცვათ დაბალქუსლიანი, მაგრამ არა ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი კარგი, გამოკვეთილი თაღით. მაღალი ქუსლები უფრო მეტად ცვლის სიმძიმის ცენტრს და წონასწორობის შენარჩუნებას ართულებს.

3. ორსულის ქამარი – ორსულთა ქამრის ეფექტიანობა მეცნიერულად არ შეუსწავლიათ, თუმცა ბევრი აღნიშნავს, რომ მისი ტარება მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს.

4. სიმძიმის სწორად აწევა – ეცადეთ, წელში არ მოიხაროთ. თუ პატარა ნივთის აღება გინდათ, ჩაიცუცქეთ და ისე აიღეთ. იცოდეთ ზღვარიც. ბევრ დედას ორსულობის პერიოდშიც კი ხელით დაჰყავს უფროსი შვილი, არც სხვა მძიმე სამუშაოს ერიდება. ასე არ შეიძლება – ორსულისთვის სიმძიმის აწევა, მით უმეტეს, წელის ტკივილის დროს, აკრძალულია!

5. სწორ პოზაში ძილი – ზურგზე მწოლიარე ნუ დაიძინებთ. დაწექით რომელიმე გვერდზე. უფრო სასურველია მარცხენა გვერდზე წოლა. წოლის დროს ცალი ან ორივე ფეხი მუხლში მოხარეთ. სწორი პოზის მიღებაში ორსულის ბალიში დაგეხმარებათ. თუ არ გაქვთ, ჩვეულებრივი ბალიში მუხლებს შორის, მუცლის ქვეშ ან წელთან მოათავსეთ და ასე მოძებნეთ კომფორტული პოზა.

6. სითბო, სიცივე, მასაჟი – მოსინჯეთ წელის ნაზი მასაჟი, ცხელი ან ცივი საფენი. მათი ეფექტიანობა კვლევებით ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ ზოგიერთს ნამდვილად ჰგვრის შვებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა