როგორ ვუმკურნალოთ წელის ტკივილს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.01, 2023 წელი

თანამედროვე ცხოვრებისეული რიტმიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ოფისებში მომუშავე ადამიანებისთვის წელის ტკივილი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.
იშვიათია ადამიანი, წელის ტკივილი ერთხელ მაინც არ გამოეცადოს. ავადმყოფურ მდგომარეობათა ჩამონათვალში ეს პრობლემა მეორე ადგილს იკავებს გაციების შემდეგ და ბოლო ოცი წელია, მსოფლიოში შრომისუუნაროდ გატარებული წლების მთავარ მიზეზად რჩება.
როგორ უნდა გაუმკლავდეთ სახლის პირობებში წელის ტკივილს და როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს:
წელის ტკივილის სახეები
წელის ტკივილს ახასიათებს მექანიკური და ანთებითი ხასიათი.
მექანიკური ტკივილია, როდესაც მჯდომარე ცხოვრების წესი თქვენი რუტინაა, ან გაწუხებთ ჭარბი წონა ან არასწორი ფიზიკური დატვირთვა მოხდა.
ანთებითი რიტმის წელის ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში განსაკუთრებით შემაწუხებელია და მოძრაობასთან ერთად შედარებით უმჯობესდება.
წელის ტკივილი შეიძლება იყოს მწვავეც და ყრუც, შემომგარსველიც და ერთ წერტილში ლოკალიზებულიც - წესისამებრ, ხერხემლის მიდამოში ან მის მახლობლად, ერთ ან ორივე მხარეს. წელის ტკივილი უმეტესად საფრთხეს არ უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, მაგრამ ძლიერ შემაწუხებელია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი მისი მიზეზის დადგენა და მიზანმიმართული მკურნალობა.
წელის ტკივილის მკურნალობისას შესვენება და აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რჩევა იყო, თუმცა დღესდღეობით უფრო სასარგებლო რჩევად იქცა – აქტიურობა. ხანგრძლივი დასვენება აუარესებს ტკივილს, ვარჯიში კი წელავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს. წელის კუნთების გაძლიერება კი, შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად. ამ დროს რეკომენდებულია ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშები, როგორიც არის ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული. ასევე, ეფექტურია წელის კორსეტებისა და ქამრების ტარება.
წელის არეში აღმოცენებული უეცარი ტკივილის ჩასახშობად ნებისმიერი უნივერსალური ტკივილგამაყუჩებლის მიღება შეიძლება. თბილი კომპრესებით ან მდოგვის საფენებით ამ მიდამოს გახურება რეკომენდებული არ არის. თუ ტკივილის მიზეზი გადაცივებაა, დაიხმარეთ საკუთარი სხეულის სითბო - ჩაიცვით სპეციალური შალის სარტყელი, რომელიც არა მარტო გამათბობელ ეფექტს მოახდენს, არამედ რეფლექტორულადაც მოადუნებს ხერხემლის სპაზმირებულ კუნთებს.
ხერხემალი და მის ახლოს მდებარე კუნთები ყველაზე უკეთ ეშვება, როცა მაგარ ლეიბზე წევხართ და მუხლებქვეშ პატარა ბალიში გიდევთ. ოღონდ წოლითი რეჟიმი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს - ეს მეტისმეტად ადუნებს ხერხემლის მიმდებარე კუნთებს და პრობლემას ამძიმებს. თვით ძლიერი ტკივილის დროსაც კი, სასურველია, ადამიანმა მცირედი ფიზიკური აქტიურობა მაინც შეინარჩუნოს.
თუ წელი გტკივათ წინა დღის ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, მაგრამ არც ტემპერატურა გაქვთ მომატებული, არც ტრავმა გადაგიტანიათ უახლოეს წარსულში, არც სიმსივნე გაქვთ, არც შიდსი, არც ფიზიკურად ხართ დასუსტებული, არც წონის კლებას უჩივით, პერიოდულად პროფილაქტიკურ კვლევებს იტარებთ და საკუთარ ჯანმრთელობაში დარწმუნებული ბრძანდებით, უპირველესად, წელზე ცხელი სათბური დაიდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ. თუ მაინც მოგინდათ დაწოლა, მხოლოდ რბილ და მოხერხებულ საწოლზე წამოწექით. მაგარზე წოლა აძლიერებს კუნთების სპაზმს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან