მედიცინა

როგორ ვუმკურნალოთ სურდოს

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.11

სურდო
დაკოპირებულია

მდოგვის საფენი

როგორც კი სურდოს პირველი ნიშნები გამოგაჩნდებათ, მაშინვე დაიდეთ ქუსლებზე მდოგვის საფენი და მჭიდროდ შეიხვიეთ. ზემოდან ამოიცვით თბილი, უმჯობესია, შალის წინდები და 1-2 საათით მაინც გაიჩერეთ. ჯობს, ეს პროცედურა ძილის წინ ჩაიტაროთ – დილით სურდო აღარ შეგაწუხებთ.

მარილწყალი

სურდოს საწყის სტადიაზე სასარგებლოა ცხვირის ღრუს მარილწყლით გამორეცხვა. ხსნარი ასე მზადდება: ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი და 5 წვეთი იოდი. ცხვირი დღეში 4-5-ჯერ გამოირეცხეთ. ამ დროს ცხვირის ღრუ მექანიკურად იწმინდება ლორწოსა და მიკროორგანიზმებისაგან, რაც გამოჯანმრთელებას აჩქარებს.

კალანჰოე

სურდოს დროს დღეში 2-3-ჯერ გამოისვით ცხვირის ღრუში კალანჰოეს წვენი ან ჩაიწვეთეთ 3-5 წვეთი თითოეულ ნესტოში.

ალოე

კარგია ალოეს წვენის ჩაწვეთებაც, ოღონდ ხანდაზმული (3-5 წლის) ფოთლებიდან უნდა გამოწუროთ, თანაც უმჯობესია, გამოწურვამდე ფოთლები რამდენიმე დღე საყინულეში გააჩეროთ. რასაკვირველია, არც ახალმოწყვეტილი ფოთლის წვენია ურიგო, მაგრამ ეფექტი შედარებით ნაკლები აქვს.

მენთოლის ზეთი

მენთოლის ზეთით დაიზილეთ შუბლი, ცხვირი და საფეთქლები. ამავე მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მენთოლისა და ქაფურის ზეთების ნარევი, თანაფარდობით 1:1 – ეფექტი უკეთესი იქნება. მწვავე და ქრონიკული სურდოს დროს ძალიან კარგია 0,5 გრამი ქაფურის, 0,5 გრამი მენთოლის, 3 გრამი 7%-იანი იოდის სპირტხსნარისა და გლიცერინის ნაზავი. კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და შეიზილეთ ცხვირის ღრუში დღეში 3-4-ჯერ.

კვერცხი

სურდოს დროს რეკომენდებულია ცხვირის ორივე მხარეს მდებარე ჰაიმორის ღრუების გახურება. ამისთვის მოხარშული კვერცხი გამოგადგებათ. თბილი კვერცხი გაახვიეთ დოლბანდში, მიიდეთ ჰაიმორის ღრუზე და გაგრილებამდე დაიტოვეთ. გაითვალისწინეთ: ეს პროცედურა უკუნაჩვენებია ჩირქოვანი ჰაიმორიტის დროს, ამიტომ მის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

მენთოლი და პიტნა

ამ ნივთიერებების შემცველი აბები დროებით მაინც გაგათავისუფლებთ სურდოსგან, იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი შეხვედრა გაქვთ.

აბაზანა

38-39 გრადუს ცხელ წყალში გახსენით 4 კოლოფი სუფრის მარილი (მსხვილი) და ჩაწექით აბაზანაში 30-40 წუთით. მუდმივად ამატეთ ცხელი წყალი. ასეთი აბაზანა გაგათბობთ, ხელს უწყობს ნოტიო ჰაერის ინჰალაციას და ამცირებს სურდოს. ღამით საწოლში მეორე ბალიშიც დაიდეთ, რითაც შეამცირებთ ცხვირის „გაჭედვასა” და გამონადენს.

ნიშადურის სპირტი

მწვავე სურდოს დროს შეგიძლიათ, ნახევარ საათში ერთხელ ხან ერთი, ხან მეორე ნესტოთი შეისუნთქოთ ნიშადურის სპირტი, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ – შესაძლოა, გაგიღიზიანოთ თვალის ლორწოვანი გარსი და დამწვრობაც კი გამოიწვიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა