მედიცინა

როგორ ვუმკურნალოთ მშრალ თვალს

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.02, 2023 წელი

მშრალი თვალი
დაკოპირებულია

მშრალი თვალის სინდრომი ცრემლის აპკში განვითარებული ცვლილების გამო ყალიბდება – აღარ გამომუშავდება საკმარისი ოდენობის ცრემლი, შეცვლილია მისი ხარისხი ან ხდება ცრემლის დიდი რაოდენობით აორთქლება. აორთქლების მიზეზი შესაძლოა, იყოს მეიბომიის ჯირკვლების (მდებარეობს ქუთუთოების კიდეებზე), დაავადება, ქუთუთოს აპერტურის დარღვევა, თვალის ხამხამის დაბალი სიხშირე და სხვა.

მშრალი თვალის გამომწვევი რისკფაქტორები:

👉ასაკობრივი ცვლილებები საცრემლე სითხის წარმოქმნასა და შემადგენლობაში;

👉გარკვეული სისტემური დაავადებები (სიოგრენის სინდრომი, რევმატოიდული ართრიტი, ვიტამინ A-ს დეფიციტი, თირეოიდიტი ან დიაბეტი);

👉ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების, სედატიური და ფსიქოტროპული საშუალებების, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, დიურეტიკებისა და ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება;

👉გარემო პირობები, როგორებიცაა: მშრალი ჰაერი შენობებში, კონდიცირება, მტვერი, ელექტრომოწყობილობები, ქარი, ყინვა, მზე;

👉კომპიუტერის მონიტორთან მუშაობა (თვალების ხამხამის სიხშირის შემცირების გამო);

👉კონტაქტური ლინზების გამოყენება.

როგორ მივხვდეთ, რომ მშრალი თვალის სინდრომი გვიყალიბდება?

👉ხშირად გვიწითლდება თვალი;

👉 თვალში ვგრძნობთ ჩხვლეტასა და უცხო სხეულის არსებობას;

👉 გვაწუხებს თვალის ქავილი;

👉მომატებული გვაქვს მგრძნობელობა სინათლის მიმართ;

👉თვალი ხშირად გვეღლება ან გვტკივა;

👉 აღგვენიშნება ცრემლდენა;

👉 გვებინდება მხედეველობა.

თვალის სიმშრალის სამკურნალოდ, ძირითადად, გამოიყენება ხელოვნური ცრემლის მედიკამენტი, რასაც ბუნებრივი ცრემლის თვისებები აქვს. პრეპარატის ჩაწვეთება რეკომენდებულია დღეში რამდენჯერმე თვალის ზედაპირის დასატენიანებლად. იმ შემთხვევაში, თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს ან მგრძნობიარე ხართ კონსერვანტების მიმართ და მუდმივად გჭირდებად ხელოვნური ცრემლის გამოყენება, საჭიროა, გამოიყენოთ კონსერვანტებისგან თავისუფალი წვეთოვანი მედიკამენტები.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

1. დალიეთ საჭირო რაოდენობის წყალი. წყალი ხელს უწყობს ცრემლის წარმოქმნას და ამცირებს თვალის სიმშრალეს.

2. შაქრის მოხმარება შეზღუდეთ. დღეში 10 ჩაის კოვზზე მეტი შაქრის მოხმარება მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას იწვევს. ამ უსიამოვნების დროს ადამიანის ორგანიზმი ნაკლებ ცრემლს გამოიმუშავებს და თვალის ზედაპირი საკმარისად დატენიანებული არაა. ეს კი შემდეგში სიწითლესა და მხედველობის დაბინდვას იწვევს. ყველა ეს სიმპტომი შეიძლება, სისხლში შაქრის მაღალმა დონემ გამოიწვიოს. დიაბეტის მქონე ადამიანების 50 პროცენტზე მეტს მშრალი თვალის სინდრომი აქვს.

3. ჭამეთ რაც შეიძლება მეტი მწვანილი, ბოსტნეული და ხილი. ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, ასევე, ხილი და ბოსტნეული ღია ფერის კანით ისეთი ანტიოქსინდატების წყაროა, როგორიცაა ასტაკსანთინი, ლუთეინი და ზეაქსანტინი. ეს ნაერთები საგრძნობლად აუმჯობესებენ თვალის მდგომარეობასა და ხედვის ხარისხს.

4. მიირთვით ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა. კვლევამ აჩვენა, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დიდი რაოდენობით მოხმარება ამცირებს მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომებს, აუმჯობესებს ცრემლის წარმოებას და ამცირებს ანთებას. თვალის ჯანმრთელობისთვის, ასევე, სასარგებლოა ცხიმიანი თევზი, ავოკადო, სელის ზეთი და თესლი.

5. მეთოდი „მოუჭირეთ და გაუშვით“ – თქვენს ტელეფონზე დააყენეთ მაღვიძარა, რომელიც დღეში რამდენჯერმე ამუშავდება და ვარჯიშის – „მოუჭირეთ და გაუშვით“ – შესრულებას შეგახსენებთ:

👉თვალები დახუჭეთ, შემდეგ კი ძალიან ძლიერად მოუჭირეთ;

👉ქუთუთოები ბოლომდე ჩამოუშვით და თვალები მოადუნეთ;

👉 გაახილეთ თვალები.

ვარჯიში გაიმეორეთ, მინიმუმ, 5-ჯერ.

6. გაიკეთეთ თბილი კომპრესი დღეში 2-ჯერ.

თვალზე სუფთა, სველი ხელსახოცის თბილი კომპრესი ქუთუთოებში ცხიმოვან ჯირკვლებს გახსნის. ასე თვალი ბუნებრივ საპოხ მასალას მიიღებს, რომელიც ცრემლის აორთქლებას შეამცირებს და თვალის სიმშრალით გამოწვეულ დისკომფორტს (ეკრანთან დიდხანს დროის გატარება ან თვალის კონტაქტური ლინზის ტარება) შეამსუბუქებს. თუ თვალის სიმშრალე გაწუხებთ, მაშინ კარგი იქნება დღეში 2-3-ჯერ 10 წუთით თბილი კომპრესის თვალზე გაკეთება.

მეორე ვარიანტი: შხაპის მიღების დროს ზედა და ქვედა ქუთუთო ნაზად დაიმასაჟეთ, ასევე ცრემლის ჯირკვლების სტიმულირებას შეძლებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა