მედიცინა

როგორ ვუმკურნალოთ ხმის ჩახლეჩას

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.01, 2021 წელი

ხმის ჩახლეჩვა
დაკოპირებულია

ხორხის პათოლოგიები მეტწილად 40-იდან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ ადამიანებს აწუხებთ. თუმცა მსგავსი პრობლემები შესაძლოა, ბავშვსაც შეექმნას და ის შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსის ფონზე ან ძლიერი ყვირილის დროს მიკროსისხლჩაქცევის შედეგად ხმის დაკარგვით. ხმის ჩახლეჩის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირად მამაკაცებში გვხვდება. 

თუ ხმა ხმამაღლა და ემოციურად ლაპარაკის გამო ჩაგეხლიჩათ, შეგიძლიათ, ამ პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ. მიირთვით ცხელი ჩაი, უკეთესი და უფრო სწრაფი ეფექტისთვის კი თაფლი და ლიმონი დაუმატეთ. თუ რძის მოყვარული ბრძანდებით, სვით თბილი რძე მთელი დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხმის ჩახლეჩის მიზეზი გაციებაა, პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი ნაყენი: ერთ სუფრის კოვზ გვირილას დაასხით ერთ ჭიქა თბილი წყალი და მიღებული ნაყენი გამოივლეთ ყელში ნელ-ნელა ერთი საათის განმავლობაში. ამ პერიოდში არაფერი დალიოთ, არც შეჭამოთ.
ასევე, შეგიძლიათ, გაიკეთოთ ინჰალაცია: მოხარშეთ კარტოფილი, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და ისუნთქეთ მისი ორთქლი. ეს მეთოდი ხსნის ყელს, ეფექტურად აღადგენს ჩახლეჩილ ხმას.
ამ დროს ასევე, კარგია თაფლი მცირედი ულუფებით, ნელ-ნელა.

თუ პროფესიით მომღერალი ხართ და ხმას განსაკუთრებულად უფრთხილდებით, მაშინ ჩახლეჩილი ხმის აღსადგენად ახალი უმი კვერცხი გამოიყენეთ. შეგიძლიათ, მისი შიგთავსი პირდაპირ დალიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ მეთოდის ხშირი გამოყენება არ არის სასურველი. ის შესაძლოა, ორგანიზმისთვის ზიანის მომტანიც გახდეს.
აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ტუხტის ფესვი, სელის თესლი, გვირილის ყვავილი და ვირისტერფას ფოთოლი. აიღეთ ორი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ ათი წუთი. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ ორი საათი და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში ოთხჯერ ერთი მეოთხედი ჭიქის ოდენობით.

ამ პრობლემების ერთ–ერთი მთავარი გამომწვევი არის ნიკოტინი. სიგარეტის ცხელი ბოლი, რომელიც ხვდება სახმო იოგებზე, დაავადების პირდაპირი მაპროვოცირებელია. ამიტომ გახსოვდეთ, რომ თამბაქოს მოწევით სახმო იოგებსაც დიდ ზიანს აყენებთ. თუ მწეველთან ერთად იმყოფებით, ხშირად გაანიავეთ ოთახი. მათზე, ასევე, ნეგატიურად მოქმედებს, ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღება. ამიტომ, აქაც ზომიერება გმართებთ. თავისთავად, მოერიდეთ, ხმამაღლა ყვირილს, მოულოდნელ წამოყვირებებს, რაც აგრეთვე იოგების ტრავმის მიზეზი შეიძლება, გახდეს.

საყურადღებოა კვების რაციონიც. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, მოერიდეთ ცხარე, მჟავე, მწარე და მლაშე კერძებს. ისევე, როგორც მეტისმეტად ცივ ან ცხელ საკვებს. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით გაზიანი სასმლის მიღებაზე. თავი აარიდეთ მზესუმზირის, ნიგვზისა და მსგავსი სასუსნავების ჭამას.

ეცადეთ, ილაპარაკოთ ცოტა და მშვიდ ტონალობაში. გაუფრთხილდით ხმის იოგებს. თუმცა, მოერიდეთ ჩურჩულს, ის ყვირილზე მეტად საზიანოა. თუმცა, რატომღაც ბევრს პირიქით ჰგონია.

ხმის ჩახლეჩა განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ის ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. ასეთ შემთხვევაში, მიზეზის დასადგენად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი