მედიცინა

როგორ ვმართოთ მაღალი სიცხე

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:00 02.12, 2023 წელი

სიცხე
დაკოპირებულია

მაღალი სიცხის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ინფექციაა. მას, ძირითადად, ისეთი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები იწვევს, როგორიცაა გაციება, გასტროენტერიტი, ყურის ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები და საშარდე გზების ინფექციები.

სამ თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვის ტემპერატურის ოდნავ მატების მიზეზი შეიძლება, უამრავ ტანსაცმელსა და საბნებში ჩაფუთვაც კი გახდეს. თუმცა, 38.5ºC-ზე მაღალი რექტალური ტემპერატურა არ შეიძლება იყოს გამოწვეული ზედმეტი ჩაფუთვით და მისი გამომწვევი მიზეზები აუცილებლად უნდა დადგინდეს.

სიცხის საწინააღმდეგო თერაპიას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მაღალი სიცხე ებრძვის ინფექციას, თუმცა, ის უსიამოვნოა ბავშვისთვის.

ბავშვის მაღალი ტემპერატურა არ არის ყოველთვის იმის მაჩვენებელი, რომ ბავშვს ესაჭიროება მკურნალობა ან სიცხის შემოწმება. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმას, თუ როგორ გამოიყურება და იქცევა ბავშვი.

ჩვეულებრივ, მაღალ სიცხეს ახლავს გარკვეული სიმპტომები. ზოგიერთი სიმპტომი უნდა შეამოწმოს ექიმმა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მაღალი სიცხე არ აღინიშნება, მათ შორის:

• ბავშვი არ რეაგირებს, უჭირს გაღვიძება, ან აღენიშნება სისუსტე;

• უჭირს სუნთქვა;

• გაულურჯდა ტუჩები, ენა ან ფრჩხილები;

• წინ იხრება და გამოყოფს ნერწყვს;

• აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი;

• აღენიშნება ძლიერი მუცლის ტკივილი;

• აღენიშნება გამონაყარი ან სისხლჩაქცევისმაგვარი მუქი წითელი ლაქები კანზე;

• უარს ამბობს რაიმის დალევაზე ან იმდენად დასუსტებულია, რომ ვერ სვამს;

• განუწყვეტლივ ტირის;

•ზედმეტად განერვიულებული და გაღიზიანებულია;

•აღენიშნება ყელის ან ყურის ტკივილი;

•აღენიშნება ტკივილი მოშარდვის დროს.

სამ თვემდე ასაკის ჩვილი, რომელსაც აღენიშნება რექტალური ტემპერატურა 38ºC ან მეტი, უნდა გასინჯოს ექიმმა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურება იგი. არ უნდა მიაღებინოთ სიცხის დამწევი მედიკამენტები ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მედიკამენტები – პირველი არჩევანი სიცხის საწინააღმდეგო პრეპარატებში არის პარაცეტამოლი ან იბუპროფენი, რომლებიც შეამსუბუქებს ბავშვის მდგომარეობას და დასწევს მის ტემპერატურას 1-1.5ºC-ით. ასპირინი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებისათვის, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს იშვიათი, მაგრამ მძიმე დაავადება, როგორიცაა რეის სინდრომი.

პარაცეტამოლის მიცემა შეიძლება 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაგრამ მაქსიმუმ, ხუთჯერ 24 საათის განმავლობაში. 3 თვემდე ასაკის ჩვილებში პარაცეტამოლის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია. პარაცეტამოლის დოზის გამოთვლა ხდება ბავშვის წონის მიხედვით და არა ასაკის.

იბუპროფენის მიცემა შეიძლება, ყოველ 6 საათში ერთხელ. იბუპროფენი დაუშვებელია, მიეცეს 3 თვემდე ასაკის ბავშვებს. იბუპროფენის დოზის გამოთვლაც ბავშვის წონის მიხედვით ხდება.

ბავშვებს სიცხის დამწევი მედიკამენტები უნდა მიეცეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მათი მიცემა უნდა შეწყდეს როგორც კი შემაწუხებელი სიმპტომები გაქრება.

მეტი სითხის მიცემა - მაღალი სიცხის შედეგად ხდება ბავშვის ორგანიზმის დეჰიდრატაცია (გაუწყლოება). ამგვარი რისკის შემცირების მიზნით მშობლებმა უნდა დაალევინონ ბავშვს სითხის ადეკვატური ოდენობა. მაღალი სიცხის დროს ბავშვებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ შიმშილის გრძნობა და არ არის აუცილებელი ჭამის დაძალება. თუმცა, მათ ხშირად უნდა დაალევინოთ სითხეები. თუ რამდენიმე საათის განმავლობაში ბავშვს არ სურს ან არ შეუძლია სითხის მიღება, მშობლებმა უნდა მიმართონ ექიმს.

დასვენება – მაღალი სიცხე ბავშვებში დაღლილობის გრძნობასა და სისუსტეს იწვევს. ამ პერიოდში მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ, ბავშვმა იმდენ ხანს დაისვენოს, რამდენიც უნდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული