მედიცინა

როგორ ვიზრუნოთ ახალშობილის კანზე

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.06

ახალშობილის კანი
დაკოპირებულია

ახალშობილის კანი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია. ის ხუთჯერ უფრო თხელია, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა, ვერც მისი რქოვანა (სულ ზემოთა) შრე უზრუნველყოფს სათანადო დაცვას, ამიტომ ახალშობილის კანი გაცილებით მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი მოვლაც სჭირდება.

ჩვილის კანის მოვლა გულისხმობს მის დაცვას გამონაყოფებთან (შარდსა და განავლოვან მასებთან) ხანგრძლივი კონტაქტისგან, მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისგან, ხანგრძლივი სისველისგან, ხახუნისგან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნაკეცებს, საზარდულისა და დუნდულების მიდამოს.

ყოველდღიური ჰიგიენა, რომლის ზედმიწევნით დაცვაც აუცილებელია, გულისხმობს რეგულარულ დაბანას/ჩაბანას, კანის სათანადო დამუშავებას (ახალშობილობის პერიოდში ამას ემატება ჭიპის მოვლაც), გარემო ტემპერატურის შესაბამისად ჩაცმას.

ჩვილების ყველაზე გავრცელებული პრობლემა საფენისმიერი დერმატიტია, რომელიც შესაძლოა, საშიში ინფექციით გართულდეს. საფენის ხშირი ცვლა, ყოველი გამოცვლისას ჩაბანა და საფენქვეშა მალამოს წასმა კანის დაცვის საუკეთესო გზაა. კარგი იქნება, დროდადრო პატარა რამდენიმე წუთით უსაფენოდაც გააჩეროთ. სასქესო ორგანოს ინფიცირების თავიდან ასაცილებლად გოგონები ჩაბანეთ წინიდან უკან. ჩაბანის შემდეგ კანი ფაქიზად, მაგრამ გულდასმით გაამშრალეთ ბამბის რბილი პირსახოცით. არ გამოგრჩეთ ნაკეცები.

ჭიპის შეხორცების შემდეგ ჩვილის დაბანა ყოველდღე შეიძლება, თუმცა დღეგამოშვებითაც საკმარისია, დანარჩენ დღეებში კი შეგიძლიათ, რბილი ფლანელის ნაჭერი დაასველოთ და იმით გაუწმინდოთ სახე, ყელი და საზარდულის ნაკეცები.

ახალშობილთა აკნეს იწვევს ჰორმონები, რომლებსაც ახალშობილი მუცლად ყოფნის პერიოდში დედისგან იღებს. წითელი და თეთრი ფერიმჭამელები ყველაზე ხშირად ლოყებზე ჩნდება, თუმცა შუბლზე, ნიკაპზე, გულმკერდსა და ზურგზეც შეიძლება ვნახოთ. ახალშობილთა აკნეს სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება, რამდენიმე კვირაში თავისთავად გაივლის.

ნასიცხი-ჩახუთული კანის სინდრომი სხვა ასაკშიც შეიძლება, განვითარდეს, მაგრამ ჩვილებთან ყველაზე ხშირია, რადგან ჩვილის საოფლე ჯირკვლები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ნასიცხს მკურნალობა უმეტესად არ სჭირდება, მცირედი დახმარებით თავისთავად ჩაცხრება. ჩვეულებრივ, ის ჩნდება სახეზე, კისერზე, მკლავებზე, ფეხებზე, მკერდზე, ხშირად თან ახლავს გამაღიზიანებელი ქავილი.

• კანის დასამშვიდებლად და გასაგრილებლად ბავშვი დაბანეთ ნელთბილი წყლით;

• ერიდეთ ლოსიონებსა და პუდრებს;

• ხშირად გააშიშვლეთ პატარა ჰაერის აბაზანის მისაღებად. და ნასიცხის თავიდან ასაცილებლად;

• ჩააცვით პატარას, რაც შეიძლება, ხალვათად;

• სიცხეში გარეთ დიდხანს ნუ გეყოლებათ;

• ცხელ დღეს, მანქანით მგზავრობისას ჩართეთ კონდიციონერი;

• კარგად გაანიავეთ ბავშვის საძინებელი, შეინარჩუნეთ სიგრილე;

* გირჩევთ, ზაფხულის ცხელ დღეებში მზეზე მხოლოდ დილა-საღამოს გახვიდეთ, მაშინ, როდესაც მზის სხივები ვერტიკალურად არ ეცემა (დილის 11 საათამდე ან საღამოს 17 საათის შემდეგ);

• შინიდან გასვლამდე აუცილებლად წაუსვით ბავშვს სპეციალური კრემი ან ლოსიონი, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავს. დამცავის შეძენისას დააკვირდით, უზრუნველყოფს თუ არა ის ფართო სპექტრის (UVA/UVB) დაცვას. გაითვალისწინეთ ბავშვის კანის ფოტოტიპი: რაც უფრო ბაცია კანი, დაცვის მით უფრო მაღალი ინდექსი დასჭირდება (ჩვეულებრივ, 50+ SPF);

• აუცილებელია ქუდი და მზის სათვალეც. სათვალეს პატარები ხშირად არ იჩერებენ. გამოსავალია პანამა – ფარფლებიანი ტილოს ქუდი;

• ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს ბეტა კაროტინის შემცველი საკვებიც – სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, გოგრა და ისპანახი.

და ბოლოს, პატარას ხშირად ასვათ წყალი, განსაკუთრებით – ზაფხულის ცხელ დღეებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა